ურსულა კ. ლე გუინი – ბოლოსიტყვაობა “ზღვამიწეთის ჯადოქარისათვის

ურსულა კ. ლე გუინი არის ანარქისტი მწერალი, რომელიც ძირითადად ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი რამდენიმე წიგნი გამოცემულია ქართულად მათ შორის ” წყვდიადის მარცხენა ხელი” და The Dispossessed: An Ambiguous Utopia (განპყრობილები: ორაზროვანი უტოპია). ეს უკანასკნელი არის პირველი ანარქისტული უტოპია სამეცნიერო ფანსტასტიკის ჟანრში, დაფუძნებული პეტრე კროპოტკინისა და ანარქო-სინდიკალიზმის იდეებზე. აღნიშნულ ორივე წიგნს მოპოვებული აქვს ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ორივე უმაღლესი ჯილდო – „ჰიუგო“ და „ნებულა“. წინამდებარე ბოლოსიტყვაობა წიგნზე “ზღვამიწეთის ჯადოქარი” ასევე გამოცემულია ქართულად წიგნები ბათუმში მიერ.


* * *
ფენტეზი ახლა საგამომცემლო ინდუსტრიის ერთ-ერთი განშტოებაა მრავალი სატაურით, მრავალი სიქველით, გრანდიოზული წარმატების დიდი მოლოდინებითა და კინოადაპტაციებით. 1967 წელს ეს ჟანრი თითქმის დაკარგული იყო, მხოლოდ საბავშვო საკითხავად მიიჩნეოდა. დიდებისთვის განკუთვნილი ფენტეზი ჟანრის ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც ხალხს გაგონილი ქონდა, “ბეჭდების მბრძანებელი” იყო. სხვა წიგნებიც არსებობდა, ზოგიერთი მათგანი შესანიშნავიც კი, თუმცა ისინი ძირიტადად მეორეული წიგნების მაღაზიაში იმალებოდნენ კატებისა და ობის სუნში. ის მაღაზიები მენატრება – კატები, ობი, აღმოჩენისაგან მიღებული სიამოვნება. კონვეიერის პრინციპით გამოცემული, ფართო მოხმარების საქონლად ქცეული ფენტეზისადმი გულგრილი ვარ.

თუმცა მიხარია, როდესაც ის დაწერილი და აღიარებულია იმად, რაც არის – ლიტერატურად.

როდესაც “ზღვამიწეთის ჯადოქარი” გამოიცა, მისი მსგავსი წიგნი არ არსებობდა, ეს რაღაც ახალი იყო. თუმცა, იმავდროულად, მასში საკმარისი სტანდარტულობაც ერია, რომ მკითხველი არ დამფრთხალიყო. საზოგადოებამ კარგად მიიღო, რაშიც ბოსტონ გლოუბ-ჰორნის წიგნის პრემიაც დამეხმარა. ასევე ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ფენტეზი არის არა მხოლოდ გარკვეული ასაკისთვის გამიზნული ლიტერატურა, არამედ ყველასთვის, ვინც სიგნებს კითხულობს. ჩემი ჯადოქარი ბესტსელერების სიაში ერთხელაც არ მოხვედრილა, მაგრამ ის წლიდან წლამდე, უწყვეტად პოულობდა ახალ მკითხველს. წიგნის ბეჭდვა არასოდეს შეწყვეტილა.

თხრობის დაწყებისას და შემდგომი წერისას ძველებური, უკვე დამკვიდრებული და ჩემთვის კარგად ნაცნობი თარგით ვიხელმძღვანელე – ფანტასტიკური ამბებისა და გმირების იმ ტრადიციას მივყევი, რომელმაც მითების მაღალ მთებში სათავეაღებული მდინარესავით მოაღწია ჩვენამდე; ხალხურ თქმულებებსა და ზღაპრებს, კლასიკურ, შუა საუკუნეების, რენესანსის დროინდელ ეპიკურ ამბებს, აღმოსავლურ სატრფიალო, რომანტიკულ ბალადებს, ვიქტრორიანულ დაუჯერებელ მოთხრობებს, ტოლკინის დიდებულ წიგნსა თუ ტერენს ჰ. უაითის არტურის ციკლის მსგავს მეოცე საუკუნის ფანტასტიკურ თავგადასავლებს მივყევი. ამ გასაოცარი ლიტერატურის დიდი ნაწილი მოზრდილებისათვის შეიქმნა, მაგრამ თანამედროვე ლიტერატურულმა იდეოლოგიამ მსგავსი ამბები საბავშვო საკითხავად მიიჩნია. პატარებმაც, რადგან ასეთი შესაძლებლობა მიეცათ, მხრიარულად და თავისუფლად შეცურეს ფანტასტიკურ ზღვაში, თავს ისე გრძნობდნენ, როგორც თევზი წყალში, იქამდე მაინც, სანამ რომელიმე მასწავლებელი ან პროფესორი ნაპირისკენ არ უბიძგებდა, გაშრობასა და სამუდამოდ მოდერნიზმით სუნთქვას არ დააძალებდა.

ამგვარი ლიტერატურული ტრადიციის ნაწილს, რომელსაც მე კარგად ვიცნობდი, ინგლისსა და ჩრდილოეთ ევროპაში შექმნილი (ან მოგვიანებით ბავშვებისთვის გადაწერილი) ნაწარმოებებით ჩაეყარა საფუძველი. ძველ ამბებში მთავარი პერსონაჟი ყოველთვის კაცი იყო. თუკი მთხრობელი მის გმირობაზე ჰყვებოდა, მაშინ ეს კაცი აუცილებლად თეთრი უნდა ყოფილიყო. მუქკანიანი პერსონაჟები ან დაბალი რანგის გმირები იყვნენ, ან – ბოროტები. ამბავში თუ ქალი იყო გარეული, სურვილის პასიურ ობიექტად განიხილებოდა (მშვენიერი ოქროსთმიანი პრინცესა); აქტიური ქალი პერსონაჟები განადგურებასა და ტრაგედიას იწვევდნენ (ბოროტი ალქაჯები). ნაწარმოებში ქალები მონაწილეობდნენ, მაგრამ მთავარი ამბავი მათ შესახებ არ იყო შექმნილი, მხოლოდ კაცის თავგადასავალს მოგვითხრობდა – რა გააკეთა და რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი.

ამ მხრივ “ჯადოქარი” იდეალურად სტანდარტული წიგნი გამოვიდა. მთავარი გმირი ზუსტად იმას აკეთებს, რაც კაცმა უნდა გააკეთოს: ის იყენებს თავის ძალას, გამჭრიახობას და სიმამაცეს მოკრძალებული დასაწყისიდან დიდებისა და ძალაუფლების მისაღწევად კაცების სამყაროში, სადაც ქალებს მეორეხარისხოვანი როლი აქვთ. თუმცა, სხვა მიმართულებებში ჩემი წიგნი სულაც არ მისდევდა ტრადიციას. მისი არატრადიციული ელემენტები ნაკლებ ყურადღებას იქცევს, რაც ნამდვილად იმის დამსახურებაა, რომ ეს გადაცდომები წიგნში ეშმაკურად და მალულად შევაპარე. 1967 წელს თეთრკანიან მკითხველთა უმრავლესობა მზად არ იყო ყავისფერკანიანი გმირის მისაღებად. მაგრამ ასეთ პერსონაჟს არც არავინ ელოდა. ეს საკითხი წინა პლანზე არ წამომიწევია და როდესაც წიგნის კითხვისასსაკმაოდ წინ წახვალთ, მხოლოდ მაშინ ხვდებით, რომ მთავარი გმირი, სხვა პერსონაჟების უმეტესობის მსგავსად თეთრკანიანი არაა.

არქიპელაგელების კანი სპილენძისფრისა და ყავისფრის მრავალ ელფერს შორის მერყეობს და სამხრეთის და აღმოსავლეთის სარტყელების მცხოვრებლებში შავ ფერში გადადის. მათ შორის მცხოვრები ღIა ფერის კანის მქონე ადამიანები შორეული ჩრდილოეთის ხალხის, კარგიელების შთამომავლები არიან. პირველ თავში მოხსენიებული კარგიელი თავმდასხმელები თეთრები არიან. სერრეტი, რომელიც გედს ბავშვობაშიც და ზრდასრულობისასაც ღალატობს, ასევე თეთრია. გედს სპილენძისფერ-მოყავისფრო კანი აქვს, მის მეგობარ ვეჩს – შავი. ამით რასისტულ ტრადიციას წიხლს ვკრავდი, თამამი განცხადებით გამოვდიოდი, მაგრამ ყველაფერი ისე ჩუმად გავაკეთე , რომ თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა.

ვაი, რომ მაშინ საკმარისი ძალა არ მქონდა გამომცემლობების ყდების დეპარტამენტში მომუშავე იმ ხალხთან საბრძოლველად, რომლებიც მტკიცე უარზე იყვნენ, გარეკანზე ფერადკანიანი ადამიანი გამოესახათ. ამიტომ, ჩემთვის წიგნის ერთადერთი ნამდვილი გარეკანი ის იყო, რომელიც შემდომში შექმნილ მრავალ ქათქათა გედზე ადრე რუთ რობინსმა პირველი გამოცემისთვის შექმნა – სპილენძისფერ-მოყავისფრო კანის ახალგაზრდა კაცის სანდომიანი და ძლიერი პროფილი.

ჩემი დაწერილი ამბავი ტრადიციებისგან განსხვავებულ გზას დაადგა გმირებისა და ბოროტმოქმედების მხრივაც. გმირულ ამბებსა და ფენტეზი ჟანრის თავგადასავლებში სამართლიანი გმირი უსამართლო მტრებთან იმში ერთვება და იმარჯვებს. ეს ტრადიცია იმდენად დომინანტური იყო და არის, რომ მასზე არავინ დავობს – “რა თქმა უნდა”, საგმირო ფენტეზი კარგი ბიჭების ცუდ ბიჭებთან, სიკეთის ბოროტებასთან ბრძოლაა.

თუმცა, ზღვამიწეთში ომები არ ხდება. აქ არ გვხვდება ჯარისკაცები, არმიები, ბრძოლები. ზღვამიწეთში ვერ შეხვდებით მილიტარისტულ ტრადიციებს, რომლებიც არტურის საგამ და სხვა წყაროებმა გადმოგვცა და რომლებიც ამჟამად, ფენტეზი საომარი თამაშების გავლენით, ჟანრის ლამის სავალდებულო ნაწილად იქცა.

მე კი ასე არც მაშინ ვფიქრობდი და არც ახალ ვფიქრობ; ჩემი გონება ომების მიმართულებებით არ აზროვნებს. ჩემი წარმოსახვა უარს ამბობს, მხოლოდ ბრძოლის ველებით შემოსაზღვროს ყველა ის ელემენტი, რომელიც სათავგადასავლო ამბავს აღმაფრთოვანებელს ხდის – საფრთხე, რისკი, გამოწვევა, სიმამაცე. ჩემთვის უინტერესოა გმირი, რომლის გმირობაც ხალხის ხოცვაში გამოიხატება; ასევე მძულს ჩვენი ვიზუალური მედიის ჰორმონებმოჭარბებული საომარი ორგიები, შავკლანჭიანი, ყვითელკბილებანი და წითელთვალება დემონების მექანიკური ჟლეტა.

ომი, როგორც მორალური მეტაფორა, შეზღუდული, შემზღუდავი და საშიშია. როდესაც მოქმედების არჩევანი მხოლოდ რაღაცის წინააღმდეგ ომამდე დაიყავნება, სამყაროს ამით ვყოფთ ორ ნაწილად, “მე” ან “ჩვენ” და “ის” ან “ისინი”, ვაუფასურებთ ჩვენი ცხოვრების ეთიკურ მრავალფეროვნებას და მორალურ სიმდიდრეს მხოლოდ კი/არამდე, დადებით / უარყოფითამდე ვაკნინებთ. ეს ბავშვური, მცდარი და დამამცირებელი მიდგომაა, რომელიც ამბებში ძალადობის გარდა ყველანაირ გამოსავალს გვერდს უვლის და მკითხველის მხოლოდ ინფანტილური მეთოდებით დარწმუნებას ცდილობს. ძალიან ხშირად ასეთი ფენტეზის გმირები ზუსტად ბოროტმოქმედებივით იქცევიან და მათი ქმედებები უგონო ძალადობას ემყარება, მაგრამ გმირი “სწორ” მხარეს იბრძვის და ამიტომ უნდა გაიმარჯვოს. სიმართლე სიძლიერეს შობს.

თუ პირიქით, ძალა შობს სიმართლეს?

თუ ერთადერთი თამაში ომია, მაშინ დიახ, ძალა შობს სიმართლეს. სწორედ ამიტომ არ ვთმაშობ საომარ თამაშებს.

იმ კაცად რომ იქცეს, რაც უნდა იყოს, გედს უწევს გაარკვიოს, ვინ ან რა არის მისი ნამდვილი მტერი თავად მისთვის. ამას არა ომი, არამედ ძებნა და აღმოჩენა სჭირდება. ამ ძებნას ის სასიკვდილო განსაცდელებამდე, დანაკარგებამდე და ტანჯვამდე მიჰყავს, აღმოჩენას კი მისვის ისეთი გამარჯვება მოაქვს, რომელიც არა ბრძოლის დასასრული, არამედ სოცოცხლის დასაწყისია.