რიკარდო ფლორეს მაგონი – ბოსების გარეშე

შეუძლებელია, გჭირდებოდეს უფროსი და ამავდროულად, გსურდეს თავისუფლება. არჩევნის გაკეთება გვიწევს ორ რაღაცას შორის: ვიყოთ სრულიად თავისუფლები და უარვყოთ ყველანაირი მართველი, ან ვიყოთ მუდამ დამონებულნი ვიღაცის მიერ.

უფროსი ან მთავრობა მხოლოდ ეკონომიკური უთანასწორობის დროსაა საჭირო. თუ მე უფრო მეტი მაქვს, ვიდრე პედროს, ბუნებრივია, შემეშინდება რომ პედრო ყელში ხელს წამიჭერს და წამართმევს იმას, რაც თვითონ არ აქვს და სჭირდება. ამ შემთხვევაში მე მჭირდება მთავრობა, რომელიც დამიცავს პედროს შესაძლო თავდასხმისგან. მაგრამ, თუ მე და პედრო ეკონომიკურად თანასწორნი ვართ, თუ ჩვენ გვაქვს თანაბარი შესაძლებლობა, ვისარგებლოთ ბუნებრივი რესურსებით – წყლით, მიწით, მაღაროებით, ტყეებით , ადამიანის მიერ შექმნილი რესურსებით: სახლებით, მანქანა-დანადგარებით, რკინიზგით, ქარხნებით.. ლოგიკურია, რომ პედროს და მე არ გვექნება მიზეზი ვიჩხუბოთ რესურსების განაწილებისათვის. შესაბამისად, არ იარსებებს უფროსის, მთავრობის საჭიროება.

ბევრი ამბობს, რომ ბოსების და მთავრობის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ასე მხოლოდ ბურჟუები ლაპარაკობენ, რადგან ეშინიათ, რომ ერთ დღესაც ღარიბი ხალხი კისერში წაავლებს ხელს და წაართმევს იმ ქონებას,რომელიც მუშების ოფლითაა მოპოვებული. მათ ნამდვილად სჭირდებათ მთავრობა,თუმცა რაში სჭირდებათ ის ღარიბებს? მექსიკაში გვქონია და გვაქვს არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანებს არ სჭირდებათ ბოსები და მთავრობა, თუ ისინი ეკონომიკურად თანასწორნი არიან. სოფლის მცხოვრებთ არასოდეს ჰქონიათ მართველობის არსებობის საჭიროება. მიწა, ტყე, წყალი და მინდვრები დღემდე ყველას განკარგულებაში იყო. როდესაც მათ მთავრობას უხსენებ, ეშინიათ, რადგან მათთვის მთავრობა ჯალათთან, ტირანთან ასოცირდება. ისინი ბედნიერად და თავისუფლად ცხოვრობენ და ხშირად არც კი იციან, ვინაა ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობის არსებობის შესახებ კი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლებს მამაკაცები ჯარში მიჰყავთ, ან გადასახადების ამკრეფები ადგებიან კარზე. სწორედ ამიტომაც, მთავრობა მათთვის ასოცირდება ტირანთან, რომელსაც კაცები სახლიდან მიჰყავს და ჯარისკაცებად აქცევს და უმოწყალო ექსპლუატატორთან, რომელიც მათ თავიანთ შრომის პროდუქტს ართმევს.

სჭირდება ამ მოსახლეობას მთავრობა? მათ ის არ სჭირდებოდათ და შეეძლოთ მის გარეშე ეცხოვრათ საუკუნეების განმავლობაში, სანამ ბუნებრივ სიმდიდრეებს მეზობელი მიწათმფლობელები არ წაართმევდნენ. კაპიტალისტების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მათ ერთმანეთის ჭამა არ დაუწყიათ. კაპიტალიზმი არის სისტემა, რომელშიც საკვების მოსაპოვებლად ყოველ ადამიანს უწევს დანარჩენების ჩაძირვა. კაპიტალისტურ ცივილიზაციაში პატიოსან ხალხზე ბატონობენ ზარმაცი, ხარბი და ცბიერი ადამიანები, მაშინ როდესაც ზემოთხსენებულ კომუნებში ყველა ყველას ეხმარებოდა და მათ არ სჭირდებოდათ მთავრობა ერთმანეთისგან თავდასაცავად. ამ მომენტში, რისთვის სჭირდებათ იაქუის, სამხრეთ მექსიკის და სხვა ტერიტორიების მაცხოვრებლებს მთავრობა? ისინი თანასწორებად მიიჩნევენ თავს, აქვთ ერთნაირი უფლებები რესურსებზე და არ სჭირდებათ მთავრობა, რომელიც პრივილეგირებულებს დაიცავს არაპრივილეგირებულებისგან. ისინი ყველანი პრივილეგირებულნი არიან.

გავახილოთ თვალები, პროლეტარებო: მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც ეკონომიკური უთანასწორობა არსებობს.