ემა გოლდმანი – ათეიზმის ფილოსოფია

ათეიზმის ფილოსოფიის ადეკვატური აღწერისათვის აუცილებლად დამჭირდება დავუბრუნდე წარსულს და შევეხო იმ ისტორიულ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციებს, რაც რწმენამ განიცადა უძველესი დროიდან დღემდე. მართალია, ამ თემას მთლიანად ვერ მოვწყდებით, – რადგან ღმერთის,ზებუნებრივი ძალისა და სულის კონცეპტები დროისა და პროგრესის პარალელურად უფრო და უფრო ბუნდოვანი და მისტიკური გახდა – მაგრამ შევეცადოთ, ისტორიული პერიპეტიები და რწმენის ევოლუცია ამჯერად გვერდზე გადავდოთ.

ღმერთის იდეამ, უზენაესი ძალის ფეტიშმა მეტწილად ტრანსფორმაცია გაურკვეველი უკუპროპორციით განიცადა, მაშინ, როცა ადამიანური საზრისის ევოლუციის ვექტორი მეცნიერული პროგრესის – სოციალური და მეტაფიზიკური ფენომენების რაციონალური ანალიზისაკენაა მიმართული,ამრიგად მეცნიერებას თანდათან თანაფარდობაში მოჰყავს ადამიანი და სოციალური მოვლენა,როგორც ურთიერთქმედი ძალები.

ღმერთი დღეს აღარ წარმოადგენს იმ ძალას, რასაც მას თავდაპირველად მიაწერდნენ. არც ადამიანურ ბედისწერას, რომელიც თავდაპირველად ყოვლისშემძლე არსების რკინის ხელზე იყო დამოკიდებული.დღეს ის უფრო სპირიტუალისტურ სტიმულად იქცა, რომელიც ადამიანურ ახირებებსა და უცნაურობებს, ინდივიდთა სისუსტის აჩრდილებს კვებავს. ადამიანის განვითარების გზაზე ღვთის იდეას მოუწია შეგუებოდა ევოლუციის ყოველ ფაზას, რომელშიც ადამიანთაშორისი ურთიერთობების თვისობრივად ახალი ნირი ყალიბდებოდა, რაც სავსებით შეთავსებადია უშუალოდ იდეის სუბსტანციასთან.

ღმერთის პირვანდელ კონცეფციას დასაბამი შიშმა და ცნობისმოყვარეობამ მისცა. პრიმიტიულმა ადამიანმა, რომელსაც ბუნების მოვლენების ახსნა სურდა და ამავე დროს არ შეეძლო, – მათში რაღაც ავბედითი ძალა დაინახა, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მომართული. უცოდინრობა და შიში ნებისმიერი ცრურწმენის მშობელია, – ცნობისმოყვარეობით შეწუხებულმა ფანტაზიამ გამოძერწა ღვთის იდეა.

ცნობილი ანარქისტი, მიხეილ ბაკუნინი, მის ჩინებულ ნამუშევარში „ღმერთი და სახელმწიფო“ – აღნიშნავს: „ყველა ორგანიზებული რელიგია,მათი ღვთაებებიანად, ღმერთკაცები და წინასწარმეტყველები,მესიები და წმინდანები უცოდინარი ადამიანის შეწუხებული ცნობისმოყვარეობის ქმნილებებია. თავისთავად, სამოთხე არაფერია, თუ არა მირაჟი, რომელშიც ადამიანი, – რწმენითა და უცოდინრობით ეგზალტირებული – ხედავს საკუთარ განათებულ სილუეტს. მაშასადამე რელიგიების ისტორია, მათი დაბადება, ძალაუფლება, იმქვეყნიური ილუზიები,მათი უარყოფის ჩათვლით ადამიანთა გონებრივი განვითარების, მეცნიერული პროგრესისა და ფილოსოფიური მორალის განვითარების პირდაპირპროპორციულია. ანუ როცა აღმოაჩენდნენ ბუნების რაიმე თვისებას, – დეფექტს ან ძალას, – არსებობის საწყის ეტაპზე ადამიანები მათ ახსნას ღმერთის ატრიბუტებში ეძიებდნენ,რამაც „მოითხოვა“ ღმერთისათვის ყოვლისშემძლეობა,ყოვლისმცოდნეობა და წინასწარჭვრეტა მიეწერათ,როგორც ღვთაებრივი ძალის დამახასიათებელი ნიშნები. მეტაფიზიკოსების,რელიგიური იდეალისტების, ფილოსოფოსების, პოლიტიკოსებისა და პოეტების ჯეროვნად დაფასებით,იდეის კიდევ უფრო მძაფრი მისტიფიცირებით, ღმერთის არსებობა ლოგიკურად აღნიშნავდა რაციონალური საზრისისა და ადამიანური მორალისაგან განდგომას.ამ უარყოფის უარყოფა კი კაცობრიობის თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯია,რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს კაცობრიობის დამონებას – თეორიაშიც და პრაქტიკაშიც“.

ამგვარად,ღმერთის იდეა,დროის მოთხოვნილების შესაბამისად
გარდაქმნილი, განდიდებული თუ შევიწროებული, ყოველთვის არსებობდა და კვლავ იარსებებს იქამდე, სანამ ადამიანი საბოლოოდ ხელს არ აღმართავს მასზე. ადამიანის ცნობიერებისა და რაციონალური აზროვნების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად – თვითონ მართოს საკუთარი ბედი – თეიზმის მნიშვნელობა მცირდება.

უკვე სახეზეა ინდიკატორები იმისა, თუ როგორ ჩაანაცვლა თეიზმი – სპეკულაციის თეორია – ათეიზმმა – დამამტკიცებელი საბუთების მეცნიერებამ. პირველი მეტაფიზიკურ კვამლშია გახვეული,მეორეს კი მყარი მეცნიერული და ლოგიკური ნიადაგი აქვს.თეიზმის უარყოფა საინტერესო თემაა, რასაც თეისტებში გამოწვეული მღელვარება და აღშფოთება ადასტურებს.ისინი ხვდებიან,რომ მასები დღეს მეტად ანტირელიგიურები ხდებიან.ეს მოდერნული კულტურის პროდუქტიცაა – ინდივიდი უშუალოდ საკუთარ ეგზისტენციალურ პრობლემაზე ფიქრდება და არა სიცოცხლის ახალ ფორმაზე,რომელსაც სიკვდილის შემდეგ მოირგებს.

როგორ უნდა დავუბრუნოთ მასები ღვთის იდეას,სულიერებას და ა.შ – ეს თეისტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა.მართალია, მეტწილად მეტაფიზიკური,თუმცა საკმაოდ მყარი ფსიქიკური ბეგრაუნდის მქონე, – იმის გამო, რომ რელიგია, „ღვთაებრივი ჭეშმარიტება“, ჯილდო და სასჯელი ყველაზე კორუმპირებული და მავნე, ძლიერი და მომგებიანი ინდუსტრიის „სავაჭრო ნიშნებია“, არ აქვს მნიშვნელობა რას აწარმოებს ინდუსტრია,იარაღს თუ მანუფაქტურას.საჭიროება კანონს არ სცნობს. ამ პრინციპიდან თუ ამოვალთ, მივხვდებით, რატომაა თეისტების უმრავლესობა იძულებული პასუხისმგებლობა აიღოს ყველა სუბიექტზე, მაშინაც კი,როცა ვინმე არარელიგიურია და ღმერთის საჭიროებას არ სცნობს.გარდა ამისა ისინი გრძნობენ, რომ კაცობრიობა ნელ-ნელა იღლება ყოვლისშემძლე არსების კონცეფციის ათასნაირი ნაირსახეობით,რაც თავისთავად ათეისტების არგუმენტია თითოეული ორგანიზებული რელიგიის წინააღმდეგ.

თეისტების ტრანსფორმირებული ტოლერერანტობა უკვე მათივე სისუსტის ნაკარნახევია. გარდა ამისა იგი აქეზებს სხვადასხვა ძალისხმევას, – მაგალითად თეოლოგებისა და რელიგიური პირების მიერ კონფლიქტური თეისტური თეორიების ერთ კონფესიონალურ რწმენაში გაერთიანების მცდელობას.ამ მცდელობების ირიბი მიზანი მასებზე ათეისტური გავლენის შემცირებაა.

თეისტური ტოლერანტობისათვის დამახასიათებელი ნიშანი ისაა,რომ სინამდვილეში არავის ადარდებს,ვის რა სწამს,საკმარისია უბრალოდ გწამდეს,ანდა თავი მოიკატუნო,რომ გწამს.

შეგნებულად თუ შეუგნებლად, მორწმუნეთა ასბსოლუტური უმეტესობა ღმერთსა და სატანაში ხედავს სამოთხესა და ჯოჯოხეთს, ჯილდოს და სასჯელს, სიმშვიდეს და კმაყოფილებას.სიმართლე ისაა, რომ თეიზმი დიდი ხნის წინ დაკარგავდა საყრდენს,რომ არ შერწყმოდა სიმდიდრეს. მორწმუნეებმა ღმერთი სიყვარულისა და სიკეთის ხატად წარმოგვიდგინეს, თუმცა ათასწლოვანი ქადაგებების შემდეგაც ღმერთები ჩუმად არიან,მაშინ როცა კაცობრიობა აგონიაშია.ბუდა სიმშვიდესა და ფილოსოფიურ გულგრილობას ინარჩუნებს,მაშინ როცა ინდოეთში ხალხი შიმშილით იხოცება,იაჰვე მდუმარედ უსმენს ისრაელის მტანჯველ ტირილს,იესო კი უარს ამბობს მეორედ მოსვლაზე,როცა ქრისტიანები ერთმანეთს უმოწყალოდ ხოცავენ რელიგიურ ომებში.

ათეიზმის ფილოსოფია გამოხატავს ადამიანური გონის ექსპანსიასა და განვითარებას.თეისტური ფილოსოფია – თუკი მას შეგვიძლია ფილოსოფია ვუწოდოთ – სტატიკური და უცვლელია.მარტივი მცდელობაც კი,მეცნიერული ახსნა მოუძებნო მისტერიებს,თეისტური პოზიციიდან განიხილება როგორც ურწმუნოება, ღვთაებრივი ძლიერების უარყოფა. საბედნიეროდ, ადამიანური გონი არასდროს ყოფილა სტატიკური.პროგრესისა და შემეცნების არეალის გაფართოებისაკენ მიმართულმა შეუქცევადმა პროცესმა ადამიანი მიიყვანა სკეპტიციზმამდე.დღეს მისი წარმოდგენით სამყარო უნივერსალური გონის იდეის ხორცშესხმა არაა – იგი ცდილობს სამყაროს, ეგზისტენცს, საზოგადოებრივ თავისებურებებს რაციონალურ-მეცნიერული ახსნა მოუძებნოს.
ამრიგად,ათეისტური ფილოსოფია გამოხატავს ადამიანის ღირებულებათა სისტემას ნებისმიერი გონსმიღმობრივი, შეუცნობელი ღვთაებრივი ძალის გარეშე .ეს კონცეფცია მოიცავს რეალურ ცხოვრებას რეალურ სამყაროში, აქ და ახლა, გათავისუფლების,გაფართოებისა და გალამაზების შესაძლებლობით,როგორც არარეალური სამყაროს ანტიპოდს, თავისი სულებით, ორაკულებით – და ბრმა რწმენით,რომლის დაცლილი ლოგიკური შინაარსი ადამიანური გონის პროგრესს მუდმივად აფერხებდა.

შეიძლება პარადოქსად მოგვეჩვენოს,თუმცა უნდა ითქვას,რომ ეს პათეტიკური სიმართლეა: რეალურ,ხილულ სამყაროსა და ჩვენი ცხოვრებაზე მეტაფიზიკური სპეკულაციები უფრო ახდენდა გავლენას,ვიდრე ფიზიკური ძალები. ცხოვრება განიხილებოდა, როგორც გამოცდა, დროებითი მოვლენა,რომლის საზრისიც რელიგიური დოგმებისა და კანონების აღსრულებისათვის მიღებულ იმქვეყნიურ ჯილდოში იყო.იმ მომენტიდან კი,როცა ადამიანი შეეცადა სიცოცხლის საზრისის ასეთი ფორმულირების წარმომავლობა დაედგინა, რელიგიებმა განაცხადეს, რომ – „ეს მცდელობა ამაოა ადამიანური გონის სასრული შემეცნებისათვის“. ყოვლისშემძლე ძალის იდეის ქვეშ რაციონალური შემეცნება დაჩლუნგდა და მტვრად იქცა. ათეისტური აზროვნების გამარჯვება კი ღმერთების კოშმარებისაგან ადამიანური გონების გათავისუფლებაა.ეს ნიშნავს ქვეცნობიერში ფესვგადგმული ფანტომების გაქრობას.ათეიზმი,ერთი მხრივ,მისი ფილოსოფიური ასპექტით,ნებისმიერ ყოვლისშემძლე ძალას უარყოფს,მეორეს მხრივ კი უარს ამბობს ღვთის იდეისა და ორგანიზებული რელიგიების,თეისტური შეხედულებების მიერ ინსპირირებული წესრიგისადმი მორჩილებაზე.

ათეისტური ფილოსოფიის ფესვები სიცოცხლეშია,მისი მიზანი იუდეველების, ქრისტიანების, მუსლიმების, ბუდისტების, ინდუისტების ემანსიპაციაა ღვთის იდეისაგან. კაცობრიობამ ისედაც დიდი დრო დაახარჯა ღვთაებათა ხატების შექმნას.კიდევ ერთი პარადიგმა, რომელიც ათეისტურმა ფილოსოფიამ უნდა დაძლიოს – ადამიანის ფსიქიკის სამოთხისა და ჯოჯოხეთისადმი, სასჯელისა და ჯილდოსადმი მიჯაჭვულობისაგან გათავისუფლებაა.მხოლოდ ამის შემდეგ გააცნობიერებს ადამიანური გონი ამქვეყნიურ თავისუფლებასა და სილამაზეს.

თეისტები ამტკიცებენ, რომ არ არსებობს მორალი, სამართლიანობა, პატიოსნება და ერთგულება რწმენის გარეშე.რწმენა,რომლის ბაზისი შიში და ილუზიური იმედია,გაჟღენთილია ერთი მხრივ ფარისევლობით,მეორე მხრივ თვითნებობით.ამის საწინააღმდეგოდ, ათეისტები ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ და კვდებოდნენ სიმართლისათვის. მათ იცოდნენ, რომ სამართლიანობა, ჭეშმარიტება და ერთგულება შეპირებულ სამოთხეში კი არა, – ათასგვარი ტრანსფორმაციებით, – კაცობრიობის სოციალურ და მატერიალურ ცხოვრებაშია მოქცეული და ისინი მზა პროდუქტები კი არა – საძიებელი ობიექტები არიან.

მოაზროვნე ინდივიდი დღეს ხვდება,რომ რელიგიური ტერორის ქვეშ მოქცეული მორალური პრინციპები უბრალო სტერეოტიპებია, – მათ დაკარგეს სიცოცხლისუნარიანობა. გადაავლებს თვალს დღევანდელ ცხოვრებას და მის დეზინტეგრირებულ ხასიათს,რომლის მორალი კონფლიქტური ინტერესებით, კრიმინალით, სიხარბითა და ურთიერთსიძულვილითაა კონსტრუირებული და მაშინვე რწმუნდება ზნეობის თეისტური გაგების დროსა სიმართლესთან შეუსაბამობაში.

ადამიანებმა ახლიდან უნდა ისწავლონ ერთმანეთთან ურთიერთობა,კლდეზე მიჯაჭვული, სასიკვდილოდ განწირული პრომეთე კვლავ სვავებისაგან იტანჯება. გაუხსენით ბორკილები მას და გაფანტავთ სიბნელეს მის გარშემო.

ღვთის უარყოფით ათეიზმი ამავე დროს ინდივიდის ძალისხმევისა და აზროვნების უძლიერესი დამადასტურებელი და წამაქეზებელია,სამუდამო და მტკიცე „ჰო“,რომელსაც ცხოვრებას,მის სიურთულეებსა და სილამაზეს ვეუბნებით.