ემა გოლდმანი: პატრიოტიზმი – საფრთხე თავისუფლებისთვის

რა არის პატრიოტიზმი? იმ ადგილის სიყვარული, სადაც ადამიანი დაიბადა, გაიზარდა, რომელთანაც აკავშირებს ბავშვობის მოგონებები და ოცნებები, სადაც იწვა და უყურებდა ღრუბლებს, ითვლიდა ვარსკვლავებს, უსმენდა ჩიტების გალობას და ოცნებობდა თვითონაც ჰქონოდა ფრთები, იჯდა დედის მუხლებში და უსმენდა ლეგენდებსა და ზღაპრებს?

ეს რომ პატრიოტიზმი იყოს, დღესდღეობით ცოტა ამერიკელს თუ ექნებოდა იმის თქმის საშუალება, რომ პატრიოტია, რადგან ის ადგილი,სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, ქარხნებით, მაღაროებით და საპყრობილეებით გაივსო, ხოლო ჩიტების გალობის ხმა საწარმოების გუგუნმა შეცვალა. დღეს ვეღარც დიადი წარსულის ლეგენდებს ვუსმენთ,რადგან ჩვენი მშობლების ზღაპრები უკვე მწუხარებით, გლოვით და ცრემლებითაა სავსე.

მაშ, რა არის პატრიოტიზმი? „პატრიოტიზმი არის არამზადების თავშესაფარი“ – აღნიშნავს დოქტორი ჯონსონი. ლევ ტოლსტოი, ყველა დროის უდიდესი ანტი-პატრიოტი, პატრიოტიზმს უწოდებს პრინციპს, რომელიც ამართლებს ათასობით მკვლელის აღზრდას, საამქროს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტის ნაცვლად მკვლელებს აწარმოებს და პროფესიას, რომელსაც დიდი შემოსავალი მოაქვს.

გუსტავ ჰერვი, კიდევ ერთი დიდი ანტი-პატრიოტი, პატრიოტიზმს უბრალოდ ცრურწმენას უწოდებს, თვით რელიგიაზე საშიშ, არაჰუმანურ, დამღუპველ ცრურწმენას. რელიგიური ცრურწმენის ჩამოყალიბება ადამიანების გაუნათლებლობის შედეგი იყო – როდესაც ჩვენი წინაპრები ელვას ხედავდნენ, ფიქრობდნენ რომ ამ ბუნებრივი მოვლენის უკან მათზე გაცილებით ძლიერი ძალა იდგა.. ასევე ჩნდებოდა ცრურწმენები წვიმის თუ სხვა ბუნებრივი მოვლენების შესახებ. პატრიოტიზმი, თავის მხრივ, წარმოიშვა ხელოვნურად შექმნილი ტყუილების ქსელის საშუალებით. ესაა ცრურწმენა, რომელიც ადამიანს ართმევს კეთილშობილებას და სანაცვლოდ ავსებს ქედმაღლობით.

ქედმაღლობა, თავმომწონეობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა პატრიოტიზმის სამი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა. უკეთ აგიხსნით: პატრიოტიზმის მიხედვით, დედამიწა დაყოფილია პატარა ნაწილებად, რომლებსაც ერთმანეთისგან რკინის კედლები ყოფს. ის, ვისაც გაუმართლა და დაიბადა რომელიღაც ადგილზე, თავს მიიჩნევს სხვაგან დაბადებულზე უკეთესად, ძლიერად, ჭკვიანად.. და შემდეგ, რა თქმა უნდა, იწყებს ომს იმისთვის, რომ დაამტკიცოს თავისი უპირატესობა და გაბატონდეს სხვებზე.

საბოლოოდ, ვიღებთ შემდეგ სურათს: ყოველი ქვეყნის მცხოვრები, რომელსაც ბავშვობაშივე თავში უჭედავდნენ იმას, რომ მისი ერის წარმომადგენლები რჩეული ხალხია, მიიჩნევს, რომ თვითონაც ღვთის რჩეულია და მისი მოვალეობაა დაიცვას თავისი ქვეყანა უცხო ჯიშის ხალხისგან. სწორედ ამ მიზნით იქმნება უფრო და უფრო დიდი ჯარი და ფლოტი, საომარი მანქანები და შეიარაღება. სწორედ ამ მიზნით დახარჯა ამერიკამ ოთხასი მილიონი დროის მცირე მონაკვეთში. უბრალოდ დაფიქრდით – ოთხასი მილიონი დოლარი , რომელიც უბრალო მოქალაქეების ჯიბიდან ამოიღეს. დიახ, უბრალო მოქალაქეების ჯიბიდან, რადგან მდიდარი ხალხი პატრიოტიზმს ხარკს არ უხდის. ისინი კოსმოპოლიტანები არიან – საფრანგეთში ფრანგები ხდებიან, გერმანიაში-გერმანელები, ინგლისში – ინგლისელები.. პატრიოტიზმი არ აგზავნინებს ჩვენს პოლიტ-ელიტას თანაგრძნობის წერილებს ისეთ დესპოტებთან , როგორიც რუსეთის მეფეა?

პატრიოტიზმი არ ამოძრავებდა მკვლელ დიაზს, რომელმაც ათასობით სიცოცხლე იმსხვეპლა მექსიკაში? ან, როდესაც მექსიკელი რევოლუციონერების ამერიკულ ციხეებში უმიზეზოდ გამოკეტვაზე ზრუნავდა?

პატრიოტიზმი არ არსებობს მდიდარი და ძალაუფლების მქონეა ადამიანებისთვის. ის ჩვეულებრივ ხალხზეა გათვლილი. პატრიოტიზმი ყოველთვის მახსენებს ფრიდრიკ დიდის, ვოლტერის მეგობრის სიტყვებს: „რელიგია თაღლითობაა, თუმცა, ხალხისთვის საჭირო თაღლითობა.“

იმაში, რომ პატრიოტიზმი საკმაოდ ძვირად გვიჯდება, კარგად დარწმუნდებით შემდეგი სტატისტიკის გაცნობის შემდეგ. საუკუნის ბოლო მეოთხედში შეიარაღებისთვის დახარჯული თანხები ისე გაიზარდა, რომ ეკონომიკის დამწყები სპეციალისტიც კი შეძრწუნდება. ამ სურათს უკეთესად დაინახავთ, თუ დროს 1881 წლიდან 1905 წლამდე დავყოფთ ხუთწლიან პერიოდებად. სტატისტიკის მიხედვით, შეიარაღებულ ძალებზე დახარჯული თანხები შემდეგნაირად შეიცვალა: დიდ ბრიტანეთში $2,101,848,936დან – $4,143,226,885მდე, საფრანგეთში $3,324,500,000დან – $3,455,109,900მდე, გერმანიაში $725,000,200დან -$2,700,375,600მდე, აშშ-ში $1,275,500,750დან – $2,650,900,450მდე, რუსეთში $1,900,975,500დან$5,250,445,100დე, იტალიაში $1,600,975,750დან – $1,755,500,100მდე, იაპონიაში $182,900,500დან -$700,925,475მდე.

ამავე პერიოდში (1881-1905წწ), ჯარისთვის გამოყოფილი თანხები ბრიტანეთში გაოთხმაგდა, აშშ-ში გასამმაგდა, რუსეთში გაორმაგდა, გერმანიაში გაიზარდა 35%ით, საფრანგეთში – 15%ით, იაპონიაში კი 500%ით. თუ შევადარებთ არმიის დაფინანსების წილს საერთო ბიუჯეტს, მივიღებთ რომ თუ 1881 წელს ბრიტანეთში არმიის დაფინანსება იყო მთლიანი ბიუჯეტის 20%, 1905 წელს იგი შეადგენდა 37%ს. იგივე მაჩვენებელი აშშ-ში გაიზარდა 15%იდან 23%მდე, საფრანგეთში – 16%იდან 18%მდე, იტალიაში 12%იდან 15%მდე, იაპონიაში – 12%დან 14%მდე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გერმანიაში იგივე რიცხვი შემცირდა 58%დან 25%მდე, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ სახელმწიფომ სხვა სფეროებზე გადაიტანა აქცენტი.

საზღვაო ძალების დაფინანსების ზრდაც შესამჩნევია. 1905 წლისთვის, 1881 წელთან შედარებით, დაფინანსება დიდ ბრიტანეთში გაზრდილი იყო 300%ით, საფრანგეთში 60%ით, გერმანიაში 600%ით, აშშ-ში 525%ით, რუსეთში 300%ით, იტალიაში 250%ით, იაპონიაში კი 700%ით.

მილიტარისტული პოლიტიკის გამო ხარჯების მატება უკეთესად გამოჩნდება, თუ დავთვლით, თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი გადასახადებიდან რამდენი ფული იხარჯებოდა სამხედრო ძალების გაძლიერებისთვის. დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 18$იდან 52$მდე გაიზარდა, საფრანგეთში – 19$დან 23$მდე, გერმანიაში 10$დან 15$მდე, აშშ-ში 5$დან 13$მდე, რუსეთში 6$დან 8$მდე, იტალიაში 9$დან 11$მდე, იაპონიაში კი 86 ცენტიდან 3$მდე.

ამ უხეში სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს, რომ მილიტარიზმი საკმაოდ მძიმე ტვირთია საზოგადოებისთვის. სტატისტიკური მონაცამებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეიარაღებული ძალების ზრდა გაცილებით აჭარბებს მოსახლეობის ზრდას, შედეგად კი მივიღებთ იმას,რომ მილიტარიზმის ასეთი ტემპებით ზრდა საფრთხეს შეუქმნის როგორც მოსახლეობას, ასევე რესურსებს.

პატრიოტიზმის ეს საშინელი მოთხოვნები საკმარისი უნდა იყოს ადამიანების ამ მძიმე სენისგან განსაკუთრებულად. პატრიოტიზმი უფრო მეტსაც მოითხოვს – ხალხი იძულებულია, გამოიჩინოს პატრიოტიზმი არა მხოლოდ გადასახადების გადახდით და მათი ვითომდა „დამცველების“ მხარდაჭერით, არამედ საკუთარი შვილების შეწირვითაც. პატრიოტიზმი მოითხოვს დროშის ერთგულებას, რაც გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში მამის, დედის, ძმის თუ დის მკვლელობასაც კი.

როგორც წესი, შეიარაღებული ძალების არსებობას იმით ამართლებენ, რომ საჭიროა ქვეყნის დაცვა გარეშე მტრისგან. ყოველმა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ ეს მითი სულელებისთვის თვალის ასახვევადაა მოგონილი. ქვეყნების მმართველები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ერთმანეთის ინტერესების შესახებ, აღარ ფიქრობენ ერთმანეთის დაპყრობაზე, რადგან ხვდებიან, რომ საერთაშორისო სასამართლო უფრო მომგებიანი იქნება მათი დავების გადასაწყვეტად. თომას კარლეილმა თქვა, რომ „ომი არის დაპირისპირება ორ ყაჩაღს შორის, რომლებიც იმდენად მხდალები არიან, რომ ერთმანეთთან პირისპირ შებმის ეშინიათ, ამიტომაც იყვანენ ბიჭებს ორი სხვადასხვა სოფლიდან , აცმევენ ფორმებს, აძლევენ იარაღს და ერთმანეთთან აჩხუბებენ“.

დიდი სიბრძნე არაა საჭირო იმისთვის, რომ ყოველი ომის გამომწვევ მიზეზში კარლეილის ფრაზის ანალოგი დავინახოთ. მაგალითად ავიღოთ ესპანეთ-ამერიკის ომი, რომელიც ამერიკის ისტორიის დიად ეპიზოდად ითვლება. როგორ აღვშფოთდით სასტიკი ესპანელების საქციელით! მართალია, რომ ჩვენი აღშფოთება მალევე არ გამქრალა, რადგან მას რამდენიმე თვის განმავლობაში აღვივებდნენ გაზეთების საშუალებით, ამას დაემატა ისიც, რომ ყასაბმა ვეილერმა ათასობით კუბელი მოკლა. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ამერიკელი ხალხი მართლა აღშფოთდა და გმირულადაც იბრძოდა, თუმცა, მალევე დამთავრდა ომი, კვამლი გაიფანტა, მკვდრები დამარხეს და ომის საფასური ისევ ამერიკელებს დააწვა კისერზე, მომატებული გადასახადების სახით. მალევე აღმოჩნდა, რომ ამ ომის მიზეზი შაქრის ფასის გამო წარმოქმნილი უთანხმოება გახდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამერიკელი ხალხის სისხლი და ფული გამოიყენეს ამერიკელი კაპიტალისტების ინტერესების დასაცავად, რომლებსაც საფრთხეს ესპანეთის მთავრობა უქმნიდა. ეს ნათქვამი სულაც არაა გაზვიადებული ,არამედ ემყარება კონკრეტულ ფაქტებს. შეგვიძლია გავიხსენოთ ისიც,რომ როდესაც კუბა ამერიკის კლანჭებში იყო მოქცეული, ამერიკელ ჯარისკაცებს ნაბრძანები ჰქონდათ, სიგარების მწარმოებლების გაფიცვის დროს დაეხვრიტათ ყოველი გაფიცული მუშა.

ომის წამოწყების ასეთი სულელური მიზეზები მხოლოდ ამერიკის ისტორიაში არ მოგვეპოვება. გავიხსენოთ რუსეთ-იაპონიის ომი, რომელსაც არანაკლები სისხლი და ცრემლი მოჰყვა. ამ შემთხვევაშიც, ომის წამოწყების მთავარი მიზეზი კომერციალიზმის მძვინვარე ღმერთი იყო. ომი რუსეთის მეფისა და თავადებისთვის კორეაში ინვესტირებული თანხიდან სწრაფი მოგების მიღების საშუალება აღმოჩნდა.

იმის მტკიცება, რომ მუდმივი ჯარი და ფლოტი მშვიდობის შენარჩუნების გარანტიაა, ისევე ლოგიკურია, როგორც ის, რომ ყველაზე მშვიდობიანი მოქალაქე ისაა, ვინც საუკეთესოდაა შეიარაღებული. ყოველდღიური გამცდილება გვიჩვენებს, რომ შეიარაღებულ ადამიანს ერთი სული აქვს, დაამტკიცოს თავისი ძალა. ასევე ხდება სახელმწიფოების შემთხვევაშიც. ნამდვილად მშვიდობისმოყვარე ქვეყნები სულაც არ ხარჯავენ ფულს და ენერგიას ომისთვის მზადებაში იმ იმედით, რომ მშვიდობის შენარჩუნებას შეძლებენ.

მოკლედ, შეიარაღებული ძალების ზრდის მიზეზად გარე საფრთხე არ უნდა მივიჩნიოთ. ეს უფრო ხალხის მასებში უკმაყოფილების ზრდას უნდა მივაწეროთ. მთავრობისთვის მთავარი მოწინააღმდეგე ის ძალაა, რომელიც გაღვიძების შემთხვევაში ყველა გარე მტერზე ძლიერი იქნება – ეს ხალხია.

ძალამ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაკავებული იყო ხალხის დამონებით, ძალიან კარგად მოახერხა ადამიანთა ფსიქოლოგიის შესწავლა. მთავრობამ კარგად იცის, რომ ხალხი პატარა ბავშვივითაა, რომლის მწუხარების და ცრემლების გაქრობა ერთ პატარა სათამაშოსაც კი შეუძლია. რაც უფრო ლამაზად იქნება ჩაცმული სათამაშო, მით უფრო მოეწონება ის ამ მილიონთავიან ბავშვს. არმია და ფლოტი შეგვიძლია სწორედ სათამაშოსთან გავაიგივოთ. ასიათასობით დოლარი იხარჯება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მიმზიდველი გახადონ ეს სათამაშო ხალხისთვის. სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდა ამერიკის მთავრობას, როდესაც ფლოტი წყნარი ოკეანის სანაპიროსთან გაატარა, რათა ყოველი ამერიკელი მოქალაქე პატრიოტული სიამაყით გავსებულიყო. სან-ფრანცისკომ ასი ათასი დოლარი დახარჯა ფლოტის გართობაში. ფლოტის გართობაში? არა, რამდენიმე მაღალჩინოსნის გემრიელ სადილში, მაშინ როდესაც „მამაცი ბიჭები“ საკმარის საკვებსაც კი არ იღებდნენ. ორასსამოცი ათასი დოლარი დაიხაჯა ფეიერვერკებზე და წვეულებებზე, მაშინ როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი ადამიანი შიმშილობს და მზადაა, საკუთარი შრომა ნებისმიერ ფასად გაყიდოს.

ორასსამოცი ათასი დოლარი! რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა ამ ფასად! მაგრამ არა,თავშესაფრების აშენებისა და ხალხის დაპურების ნაცვლად ბავშვები ფლოტის დასათვალიერებლად წაიყვანეს. როგორც ერთ გაზეთში იყო აღნიშნული, ეს ხომ „ბავშვებს დიდხანს ემახსოვრებოდათ“. მშვენიერი რამაა დასამახსოვრებლად, რას იტყვით? თუ ბავშვის გონებას მსგავსი რაღაცებით მოწამლავენ, რა არის იმის ალბათობა, რომ მომავალში სიმშვიდე დაისადგურებს?

ამერიკელები თავს მშვიდობისმოყვარე ერად მიიჩნევენ. სძულთ სისხლისღვრა, ეწინააღმდეგებიან ძალადობას. თუმცა, სიხარულისგან სპაზმები ეწყებათ, როცა ხედავენ, როგორ ცვივა ბომბები სრულიად უდანაშაულო ადამიანების თავზე. მზად არიან ჩამოახრჩონ, ელექტროსკამზე დასვან ან თუნდაც ლინჩის წესით გაასამართლონ ვიღაც იმის გამო, რომ გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო თავს დაესხა გაქსუებულ მაგნატს. ამერიკელებს სიამაყით ევსებათ გული იმის გამო, რომ ამერიკა უძლიერესი ქვეყანა ხდება და საშუალება ექნება, თავისი რკინის ფეხებით დანარჩენ ქვეყნებს ნეკნები დაულეწოს.

აი, ასეთია პატრიოტიზმის ლოგიკა.

პატრიოტიზმის მიერ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის მოტანილი ზიანი არც კი შეიძლება შევადაროთ ჯარისკაცისთვის – ცრურწმენის საბრალო მსხვერპლისთვის მოტანილ ზიანს. მას, თავის ქვეყნის და ერის მცველს, რას აძლევს პატრიოტიზმი სანაცვლოდ? მონურ მორჩილებას ,საზოგადოებისგან მოშორებით ცხოვრებას მშვიდობიან პერიოდში და საშიშროებას, სიკვდილის რეალურ საფრთხეს ომის დროს.

არცთუ დიდი ხნის წინ სან-ფრანცისკოში ლექციებს ვკითხულობდი და ვესტუმრე პრეზიდიოს, ერთ-ერთი ულამაზეს ადგილს,საიდანაც გოლდენ-გეით პარკი ჩანდა. ამ პარკში პატარა ბავშვებისთვის გასართობი ცენტრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საუბედუროდ, იქ მხოლოდ მახინჯი ბარაკებია. ბარაკები, რომლებშიც მდიდარი ელიტის წარმომადგენლები თავიანთ ძაღლებსაც კი არ შეუშვებდნენ საცხოვრებლად. ამ მათხოვრულ თავშესაფრებში ცხოვრობენ ჯარისკაცები და თავიანთი ახალგაზრდობის წლებს უფროსობის ფეხსაცმლების წმენდაში ატარებენ. აქვე შეგიძლიათ ნახოთ კლასებად დაყოფის მშვენიერი მაგალითი – თავისუფალი რესპუბლიკის შეუპოვარი შვილები ჩამწკრივებულები დგნან და სამხედრო სალამს აძლევენ ყოველ არამზადა ლეიტენანტს. აი ესაა ამერიკული თანასწორობა – ადამიანობის დეგრადირება და ფორმის აღზევება!

ბარაკში ცხოვრება ასევე სექსუალურ პრობლემებსაც უქმნის ჯარისკაცებს. ჰევლოკ ელისმა, ცნობილმა სექსოპათოლოგმა, კარგად შეისწავლა ეს პრობლემა. აი ციტატა მისი ნაშრომიდან: „ზოგიერთი ბარაკი პროსტიტუციის ცენტრადაა ქცეული. ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც სხეულით ვაჭრობენ, იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ზაფხულობით, ჰაიდ პარკი სავსეა სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც მოურიდებლად ეწევიან პროსტიტუციას, დამატებითი ჯიბის ფულის საშოვნელად“. საბოლოოდ, ამას იქამდე მივყავართ, რომ გარნიზონებში არსებობს სპეციალური დაწესებულებები პროსტიტუციისთვის. ბატონ ჰევლოკს რომ ამერიკაც შეესწავლა, ალბათ აქაც ისეთივე სიტუაცია დახვდებოდა, როგორიც სხვა ქვეყნებშია. მუდმივი ჯარის ზრდა ხელს უწყობს სექსუალური გადახრების ჩამოყალიბებას. ბარაკები კი ინკუბატორების როლს ასრულებენ.

გარდა ამისა, ბარაკში ცხოვრება ჯარისკაცს საშუალებას უსპობს იპოვოს ნორმალური სამსახური. არცერთ დამსაქმებელს არ უჩნდება სურვილი, სამსახურში აიყვანოს ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც უსაქმურობასაა მიჩვეული. ასევე კრიმინალები, რომლებსაც თვითგადარჩენის თუ სხვა ინსტინქტი სამხედრო სამსახურის დაწყებისკენ უბიძგებს, ჯარიდან გათავისუფლების შემდეგ ისევ დანაშაულებრივ ცხოვრებას აგრძელებენ, ოღონდ უფრო სასტიკები და დაუნდობლები ხდებიან. ცნობილია ისიც, რომ ციხეებში უამრავი ყოფილი ჯარისკაცია, მეორე მხრივ კი არმია და ფლოტი ყოფილი დამნაშავეებითაა სავსე.

იმ შედეგებიდან , რომლებიც ზემოთ აღვწერე, არცერთი არ მგონია ისეთი საზიანო ადამიანისთვის, როგორი ზიანიც პატრიოტიზმმა რიგით უილიამ ბუვალდას მოუტანა. მას გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ შეეძლო ყოფილიყო ჯარისკაცი და ამავდროულად ესარგებლა ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებებით, ამის გამო კი მკაცრად დასაჯეს. გენერალი ფუნსტონი, რომელმაც ბუვალდას სასჯელი 3 წლამდე შეუმცირა, ამბობდა, რომ „ოფიცრის, და ყოველი ჯარისკაცის მოვალეობაა, უსიტყვოდ ემსახუროს მთავრობას, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს მთავრობა თუ არა“. ამ სიტყვებით ფუნსტონმა გამოაჩინა თავდადების და პატრიოტიზმის ნამდვილი სახე – მისი მიხედვით, არმიაში მსახურება ხაზს უსვამს დამოუკიდებლობის დეკლარაციის პრინციპებს.

რა უცნაური რამეა ეს პატრიოტიზმი – მოაზროვნე არსებას ერთგულ მონად აქცევს..

გენერალი ფუნსტონი, თავისი გადაწყვეტილების გასამართლებლად იმ არგუმენტს იშველიებს, რომ ბუვალდას საქციელი იყო „ღალატის ტოლფასი დანაშაული“. არ გაინტერესებთ, რა გააკეთა ბუვალდამ? ის იყო ერთ-ერთი იმ ხუთასი ადამიანიდან, რომელიც დაესწრო შეხვედრას სან-ფრანცისკოში და ჩამოართვა ხელი გამომსვლელ ემა გოლდმენს! აი ამ უბრალო შემთხვევას გენერალი „დიდ სამხედრო გადაცდომად, დეზერტირობაზე მძიმე დანაშაულად“ მიიჩნევს.

შეიძლება პატრიოტიზმს იმაზე მძიმე ბრალდება წავუყენოთ, ვიდრე ადამიანის კრიმინალად გამოცხადება, ციხეში ჩაგდება, 15 წლის განმავლობაში ქვეყნის ერთგული მსახურების უგულებელყოფა და დამსახურებების ჩამორთმევაა?

ბუვალდამ თავის ქვეყანას შესწირა ცხოვრების საუკეთესო წლები, მაგრამ ეს თურმე არაფერს ნიშნავდა. პატრიოტიზმი უმოწყალოა და როგორც ყველა სასტიკი მონსტრი,მოითხოვს ან ყველაფერს, ან არაფერს. ის ჯარისკაცებს სულაც არ მიიჩნევს ადამიანებად, რომლებსაც შეუძლიათ ჰქონდეთ თავიანთი პოზიცია, აზრი, შეხედულება.. ამის გაგება ბუვალდას საკმაოდ ძვირი დაუჯდა – როდესაც ის ციხიდან გამოუშვეს, არმიაში აღარ მიიღეს, თუმცა, საკუთარი თავის პატივისცემა დაუბრუნდა. რაც არ უნდა იყოს, სამწლიანი ტყვეობა ამისთვის მაინც ღირდა.

ამერიკელმა სამხედრო მიმომხილველმა თავის ერთ-ერთ სტატიაში თქვა, რომ გერმანიაში სამხედროებს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვთ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც სახელმწიფოს, რომ არ ჰქონოდა სხვა დანიშნულება, გარდა ყველა მოქალაქის თანასწორობის უზრუნველყოფა, მის არსებობას მაინც ექნებოდა აზრი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ავტორი ნამდვილად არ იყო კოლორადოში გენერალ ბელის პატრიოტული რეჟიმის პერიოდში.ის ნამდვილად შეიცვლიდა აზრს პატრიოტიზმის და რესპუბლიკის შესახებ, როცა დაინახავდა, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს. კოლორადოს ინციდენტი ნამდვილად არაა აშშ-ს გამალებული მილიტარიზაციის ერთადერთი შედეგი. თითქმის ყველა გაფიცვას თან სდევს პოლიციისა და სამხედროების მიერ მუშების დარბევა და სხვათაშორის, ამერიკელი სამხედროები კაიზერისფორმიანებზე არანაკლებ დაუნდობელნი არიან. ავტორს, სამწუხაროდ, ამის აღნიშვნა დაავიწყდა.

დღესდღეობით ავტორთა დიდი ნაწილის ნაკლი ისაა, რომ ისინი საერთოდ არანაირ ყურადღებას არ აქცევენ მიმდინარე მოვლენებს, ან, უარეს შემთხვევაში, არაპატიოსნად იქცევიან და არ ეხებიან აქტუალურ საკითხებს. სწორედ ამ უყურადღებობის გამო კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს, ჩვეულებრივი მოქალაქე სისხლსმოწყურებულ მკვლელად აქციოს, რომელიც იძულებული იქნება, დაიცვას ქვეყანა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დაიცვას ქვეყნის მმართველი პარტიის ინტერესები.

ზემოთ აღნიშნული მიმომხილველი წერს, რომ მილიტარიზმი აშშ-ში ისე არასდროს განვითარდება, როგორც ძველ მსოფლიოში, რადგან აშშ-ში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითია.პატივცემულ ავტორს ავიწყდება ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპაში სავალდებულო სამსახურის არსებობა ყველა სოციალურ ფენაში საკმაოდ დიდ პროტესტს იწვევს.ათასობით ახალწვეული უერთდება ამ პროტესტს და თუ ისინი მაინც მოხვდებიან არმიაში, ყველანაირად შეეცდებიან იქიდან გამოქცევას. მეორე, რაც გასათვალისწინებელია , არის ის, რომ მილიტარისტული პოლიტიკის აქტიურად გატარებამ გამოიწვია ანტი-მილიტარისტული მოძრაობის გაძლიერება, რომლისაც მთავრობებს ყველაზე მეტად ეშინიათ – სხვა თუ არაფერი, კაპიტალიზმის მთავარი დასაყრდენი ხომ მილიტარიზმია. როგორც კი მეორეს ძირი გამოეთხრება, პირველიც დაინგრევა. მართალია, რომ ჩვენთან, ამერიკაში სამხედრო სამსახური სავალდებულო არაა, მამაკაცებს არ აიძულებენ ჯარში წასვლას, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენთან არსებობს ჯარში წასვლის საჭიროება. ფაქტია,რომ ინდუსტრიული კრიზისის დროს ჯარში წამსვლელთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ვალდებულების მოხდა სასიამოვნო სულაც არაა, ქვეყნის მასშტაბით სამუშაოს საძებნელად ხეტიალს ,პურის რიგში დგომას და საერთო საცხოვრებელში ძილს ნამდვილად ჯობია- თვეში 30 დოლარს, დღეში 3ჯერ საკვებს და ნორმალური ძილის საშუალებას მაინც გაძლევენ. მიუხედავად ამისა ,საჭიროება მაინც არაა იმდენად ძლიერი ფაქტორი, რომ ხალხი ჯარს მიაწყდეს. სამხედრო ხელმძღვანელობა წუწუნებს, რომ საკმაოდ ცოტა ახალწვეული ჰყავთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკელ ხალხში ჯერ კიდევ არის იმდენი სიძლიერე და თავისუფლების სიყვარული, რომ შიმშილობის საფრთხეს არ უშინდებიან და ფორმას არ იცვამენ.

მსოფლიოს გონიერი ნაწილი უკვე აცნობიერებს, რომ პატრიოტიზმი მათ განვითარებას აბრკოლებს. ცენტრალიზებულმა მმართველობამ გააჩინა სოლიდარობა მსოფლიოს მშრომელ ხალხს შორის. სოლიდარობა, რომელიც ჰარმონიული ურთიერთობის საშუალებას აძლევს ხალხს. სოლიდარობა, რომელსაც არ ეშინია გარეშე მტრის, რადგან ის მოიცავს მთელ მსოფლიოს, აერთიანებს ყველა მუშას, როლებიც ერთ დღეს მიუბრუნდებიან კაპიტალისტებს და ეტყვიან „რაც გინდათ ის ქენით, თქვენთვის უკვე ისედაც ბევრი ვიმუშავეთ.“

ეს სოლიდარობა იღვიძებს ჯარისკაცებს შორისაც, რადგან ისინიც ადამიანთა დიდი საძმოს წევრები არიან. ამ სოლიდარობის გამოვლინება იყო, მაგალითად, პარიზის კომუნის არსებობის პერიოდში ჯარისკაცების მიერ თავიანთი თანამოძმეების დახვრეტაზე უარის თქმა. ეს იყო მაგალითი ყველა სამხედროსთვის.. საბოლოოდ, ეს მიგვიყვანს ჩაგრული ფენის წელში გამართვამდე და ექსპლუატატორების წინააღმდეგ აჯანყებამდე.

ევროპის პლორეტარიატმა გააცნობიერა სოლიდარობის უდიდესი ძალა და შედეგად დაიწყო ბრძოლა პატრიოტიზმის და მისი სისხლიანი თანამგზავრის, მილიტარიზმის წინააღმდეგ. ათასობით ადამიანი აღმოჩნდა გისოსებს მიღმა საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში, სკანდინავიის ქვეყნებში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გაბედეს და დაძლიეს ცრურწმენა, სახელად პატრიოტიზმი. ეს არაა მხოლოდ მუშათა კლასის მოძრაობა, ის მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას.

ამერიკა ევროპის კვალს უნდა გაჰყვეს. მილიტარიზმი უკვე საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან უფრო და უფრო მეტად აქცევს წნეხის ქვეშ თავიანთი უფლებებისთვის მებრძოლ ხალხს. რაც ყველაზე სახიფათოა, მილიტარიზმის პროპაგანდა უკვე სკოლებშიც დაიწყო. მთავრობა კარგად იყენებს პრინციპს „მომეცი ბავშვის გონება და მე მისგან გამოვძერწავ კაცს“. ბავშვებს ასწავლიან, რომ მილიტარისტული პოლიტიკის გატარების შედეგად ქვეყანა დიდებას მიაღწევს. მოკლედ, ბავშვების გონებას ისე ამახინჯებენ, როგორც მთავრობას სურს. შემდეგ, ახალგაზრდობას მოუწოდებენ, გაიარონ სამხედრო სამსახური. „მშვენიერი შანსი მსოფლიოს სანახავად!“ – გაჰკივის მთავრობის დაკვეთით დამზადებული პოსტერი. ასე წამლავენ პატარა ბავშვებს პატრიოტიზმით, ასე იპყრობს ომის ღმერთი მთელ ქვეყანას.

ამერიკელი ხალხი უკვე საკმაოდ დიდხანს იტანჯებოდა სამხედროების, სახელმწიფოს და მთავრობის ხელში. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ სისტემისთვის უბრალო ბრალდებების წაყენება საქმეს არ უშველის. საჭიროა ანტიპატრიოტული პროპაგანდა, რომელიც ჯარისკაცებს დაანახებს, რეალურად რა საშიშროების წინაშე დგანან და რა რისკზე მიდიან. პროპაგანდა, რომელიც დაანახებს , რეალურად ვის და რა ფასად ემსახურება. სწორედ ამის ეშინია მთავრობას. ისიც მართალია, რომ ხელისუფლება საკმაოდ მკაცრ სასჯელს დააწესებს თუნდაც ამ ბუკლეტების წაკითხვისთვის, მაგრამ ამით ახალს არაფერს იზამენ – მმართველები უხსოვარი დროიდან ებრძოდნენ პროგრესულ აზრს. თუმცა, საბოლოოდ, საქმე მაინც სოციალურ რევოლუციამდე მივა. მანამდე, ალბათ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უმჯობესია, ჯერ ბარაკების მცხოვრებლებამდე მივიტანოთ სიმართლე და შემდეგ – ქარხანაში მომუშავეებამდე,ხოლო მას შემდეგ, რაც შევძლებთ პატრიოტული ტყუილის გაქარწყლებას, გზა გაკვალული გვექნება იმ მიზნამდე, რომელსაც მთელი კაცობრიობის ერთ უნივერსალურ საძმოში გაერთიანება და ჭეშმარიტად თავისუფალი საზოგადოების აშენება ჰქვია.