ალბერ კამიუ – არც მსხვერპლები, არც ჯალათები

დიახ, ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა. ჩვენ გადაგვიარა იმავე ისტორიული ლოგიკის ქარიშხალმა, რომლის თითოეული დეტალი ჩვენ მიერაა გამოჩარხული. ეს გამოძახილი არ არის წმინდა ემოციური ან ირაციონალური, რომელიც ლოგიკის ქსოვილს ცდება, პირიქით, – მისი მიზეზი ნიადაგშივე რაციონალურია. არ მინდა დავტოვო ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მომავლის რომელიმე უტოპიურ მოდელში ადამიანი იარსებებდა სიყვარულისა და გულისწყრომის გარეშე. კარგად ვიცი, რომ კაცობრიობის სტატიკური თვლემისაგან გათავისუფლებას – მოძრაობაში მოყვანას, ძლიერი მამოძრავებელი ძალა სჭირდება და ისიც, რომ ძნელია ისეთ ცნობიერებას მისცე ბიძგი ჩაებას ბრძოლაში, რომლის მიზნებიც ყველაზე მოკრძალებულია.

 ხოლო ბრძოლაში იმედი რეალობის რაციონალურ ბაზისს პირისპირ ეჯახება. თუმცა, გარედან მიცემული ბიძგის არარსებობა მთავარი პრობლემა არ არის, პირიქით – ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება – პრობლემა ისაა რამდენად შეუძლია ობიექტურ რეალობაში აკუმულირებულ მუხტს ინდივიდის ცნობიერების რაციონალური შრე მოიცვას – თითოეულს ნათლად ესმოდეს რას და რისთვის აკეთებს.

მამოძრავებელი ძალა ის ძალაა, რომელიც ათავისუფლებს მომავალს, ამავე დროს კი მსხვერპლსა და ენთუზიაზმს მოითხოვს, მთლიანად ფარავს ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ემოციურ რეფლექსიებს. საჭიროა არჩევანი: გავაღატაკოთ კაცობრიობა ჩვენი ვიწრო ინტერესების სისრულეში მოყვანის სანაცვლოდ, სფინქსის სიმშვიდით ვუყუროთ ძმათა ომებში დაღვრილი სისხლით გასვრილ მსოფლიოს, – თუ წინ აღვუდგეთ სისხლისღვრას, თითოეულ ჩვენგანში დავძლიოთ უიმედობა იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, იმისათვის, რომ მომავალ თაობას გადარჩენისა და პროგრესის შანსი ვაჩუქოთ?

ჩვენ გვაიძულებენ მოგვწონდეს ესა თუ ის ერი, ესა თუ ის ხალხი.ზოგიერთი ჩვენგანი კი ამ იძულებითი არჩევნის კატეგორიული წინააღმდეგია. მათ, ვისაც ნამდვილად უყვარს რუსი ხალხი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ერმა დაგვიტოვა სამყარო, რომელზეც ტოლსტოი და გორკი საუბრობენ, არ სურთ რუსეთში ძალადობრივი პოლიტიკის გაბატონება. იმავეს ვიტყვი ამერიკელ ხალხზე და უბედური ევროპის თუმცაღა, თანამედროვეობის ქარცეცხლში გახვეულები, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებასაც ვივიწყებთ.

დიახ, შიშით დათრგუნული სიჩუმეა ის, რასაც დღეს უნდა ვებრძოლოთ, ხოლო თანაზიარობა და საყოველთაო ურთიერთკავშირია ის, რაც უნდა დავიცვათ. მონობა, უსამართლობა და ტყუილი ანგრევს ამ კავშირს და კრძალავს თანაზიარობას. ამიტომ მათი უარყოფაა საჭირო. მაგრამ ეს ბოროტებები დღეს უკვე ისტორიის შემადგენელი ნივთიერებებია, როგორც ზოგიერთი თვლის, “აუცილებელი ბოროტებები“, ინდივიდის იმანენტური ნიშნები, რომელთა გამოვლინებებიც ისტორიას რეფრენად გასდევს. მართალია ის, რომ ჩვენ „ვერ გავექცევით ისტორიას“, რადგან მთლიანად მის კისერზე ვართ შემოხვეულნი, თუმცა საჭიროა ვიღაცამ გვიბიძგოს მასთან ბრძოლისაკენ, იმისათვის, რომ ამოვშალოთ ადამიანური მანკიერებები აწმყოშივე, მომავლის ისტორია კი მეტწილად ახლანდელი ბრძოლის შედეგებით იქნება დეტერმინირებული. აი, რისი თქმა მინდოდა მეტაფორულად. აქ ვუსვამ წერტილს ამ მეტაფორებს და შევაჯამებ სათქმელს უფრო კონკრეტულად:

თანამედროვე ნაციები ძალაუფლებისა და მბრძანებლობის პრინციპზე დამყარებული მექანიზმებით იმართება. არ ვამბობ, რომ ამ მექანიზმების გართულება და გაფართოება კაცობრიობას წინსვლაში დაეხმარება. თან არა მგონია, ამ საქმეში ჩვენი დახმარება დასჭირდეთ. ახლაც, ისინი დასცინიან უსუსურ მცდელობას, ხელი შევუშალოთ გაფართოების ერთი შეხედვით შეუქცევად პროცესს. მე ვსვამ მარტივ კითხვას: რა მოხდება, თუკი ეს მექანიკური მანქანებიც ისტორიის მტვრად იქცევა, რა მოხდება, მიუხედავად ორი მსოფლიო ომის, რამდენიმე თაობის, ღირებულებებისა და ფასეულობების მთელი სისტემის ბარბაროსული მსხვერპლშეწირვისა, – ჩვენი შვილიშვილები, – დავუშვათ რომ ისინი გადარჩებიან, – თავიანთ ადგილს ვეღარ იპოვიან მსოფლიო საზოგადოებაში? ასეთი გამოცდილების შემდეგ ხომ არ აღმოჩნდებიან ზედმეტად სუსტები, რომ თავიანთი ტანჯვის მიზეზებს ჩაწვდნენ?

მას შემდეგ, რაც ეს ძალები თანდათანობით ძლიერდებიან და ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდება, არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს მაშინ, როცა ჩვენს თვალწინ იშლება აპოკალიპტური ისტორიის ხედი, მოკრძალებული შინაარსი, რომელიც იმის მაგივრად, რომ შეეცადოს პრობლემის გადაჭრას, გამუდმებით ცდილობს შეამზადოს თავი იმისთვის, რომ ყოველდღიურ რუტინას მისცეს რაღაც აზრი. აუცილებელია, ადამიანებმა გონივრულად დააფასონ ის, რისი დათმობაც უწევთ.

რასაც მე ვითხოვ, ესაა თანხმობა ძალადობის საპასუხო რეფლექსიაზე და თავისუფალი არჩევანი, რომელიც გამყოფი ხაზი იქნება მათთვის, ვინც უნებურად მკვლელობის თანამონაწილე ხდება, მათთან, ვინც არჩევანს აქტიური წინააღმდეგობით გამოხატავს რადგან ეს ნიშნული რეალურად არსებობს, საჭიროა მისი მკაფიოდ წარმოჩენა. ყველგან, ხუთ კონტინენტზე, დღემდე მოსულ დაუსრულებელ ტანჯვასა და ბრძოლების შინაარსს ძალადობისა და სოლიდარობის ფუნდამენტები ასხვავებს. ბრძოლები, სადაც წინათ მხარეებს შორის გამოკვეთილი ძალთა უთანაბრობა რიცხობრივი უპირატესობით გამოიხატებოდა, დღეს სხვა მხრივაა მნიშვნელოვანი. საჭიროა ბრძოლის ახალი ნირი იდეურმა შეუპოვრობამ, ძმობამ და სამართლიანობამ დაამკვიდროს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის, ვინც ამტკიცებს, რომ ადამიანური ბუნება სულელი და ბრიყვია, მშიშარაა. ამიერიდან ერთადერთი სწორი გზა მერყევ ნიადაგზე, რისკზე დაფუძნებული გზაა: ეს სიტყვები კი უფრო ძლიერი და მძიმეა, ვიდრე სამხედრო აღჭურვილობა.