დგანან მარცხნიდან მარჯვნივ სანდრო გაბუნია, კომანდო გოგელია, ვარლამ ჩერქეზიშვილი, სხედან არჩილ ჯორჯაძე, მიხეილ წერეთელი, შუაში გიორგი დეკანოზიშვილი, ფოტოგრაფი დავით ერმაკოვი

კავკასიის ანარქისტული მოძრაობა XX საუკუნის დასაწყისში

ანარქია არის საზოგადოება სადაც ბუნებრივი რესურსები, შენობები, ტრანსპორტი, წარმოების საშუალებები, მეცნიერების მიღწევები, ხელოვნების ნიმუშები და ა.შ. ეკუთვნის ყველას. ანარქია არის საზოგადოება სადაც ყველა მუშაობს ყველასათვის შეძლებისდაგვარად და ყველა იღებს მოთხოვნილებისდაგვარად. რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი რასაც თქვენს გარშემო ხედავთ ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ. ანუ ადამიანის განვითარება მოხდა დაგროვებული ცოდნის გადაცემის შედეგად, ერთი ისწავლიდა რაღაცას, ასწავლიდა სხვას და ა.შ. არც ერთ ადამიანს არ შეუძლია სრულიად მარტომ, ყოველგვარი ცოდნის გარეშე გააკეთოს რაღაც. ასე მოქცევა შეუძლია მაგალითად ძაღლს, სხვისი დახმარების გარეშე გათხაროს სორო, ისე რომ ამას არავინ ასწავლის. ადამიანი კი მუშაობს შრომის იარაღებით რომლებიც ვიღაცამ შექმნა, და ის შრომის იარაღებიც კიდევ ვიღაცის შექმნილია სხვა შრომის იარაღებით, და ა.შ. შესაბამისად ყველა, ვინც ამ იარაღებს აკეთებდა პირდაპირ კავშირშია იმ საქმესთან, რომელსაც ადამიანი ვითომდა მარტო აკეთებს. იმისთვის რომ რამე გააკეთოს ადამიანმა ჯერ უნდა ისწავლოს ეს ვიღაცისგან, მისმა მასწავლებელმა კიდევ სხვისგან უნდა ისწავლოს და ა.შ. 

სხვა ადამიანების დახმარების გარეშე ადამიანი ლაპარაკსაც კი ვერ ისწავლიდა. შესაბამისად ყველაფერი რასაც ყველა ერთად აკეთებს უნდა ეკუთვნოდეს ყველას. 
რატომ მუშაობს ყოველი ადამიანი შეძლებისდაგვარად ? იმიტომ რომ ადამიანებს განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ. ადამიანი მუშაობს ისე როგორც შეუძლია, უკეთ ვერ იმუშავებს, უარესად კი არ იმუშავებს იმიტომ რომ ეს უკვე ტყუილი იქნება. რატომ იღებს ყველა მოთხოვნილების დაგვარად? რატომ არა შრომის მიხედვით ? იმიტომ რომ შეუძლებელია შევაფასოთ ცალკეული ადამიანის დამსახურება საერთო საქმეში. მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი: თუ ორ ადამიანს მიაქვს ფიცარი, ამ დროს ერთს სქელი ბოლო უჭირავს , მეორეს კი თხელი,იმაზე ფიქრს აზრი არა აქვს რომლის დამსახურება იქნება უფრო დიდი, იმიტომ რომ ვერც ერთი მათგანი ფიცარს მარტო ვერ წაიღებს. შესაბამისად ისინი ერთნაირად სჭირდებიან ერთმანეთს.

მაშინ რატომ არ მივცეთ ყველას თანაბრად? იმიტომ რომ ყველას სხვადასხვა სჭირდება. არ შეიძლება ახალშობილს ძეხვს აჭმევდე, ზრდასრულს კი დედის რძე მიართვა. იმიტომ რომ სათვალე მხოლოდ იმას სჭირდება ვისაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. იმიტომ რომ თბილი სახლი სჭირდება იმას ვინც ცივ ადგილას ცხოვრობს და ა.შ. და ა.შ. ამ ადამიანების შემთხვევაში თანაბარი მხოლოდ მათი უფლებაა დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები.

ანარქიის დროს არ არსებობს კერძო საკუთრება, სამაგიეროდ არსებობს პირდაპირი შესაძლებლობა მიიღო ის რაც გჭირდება.

რატომ სახელმწიფოს გარეშე? იმიტომ რომ სახელმწიფო სხვა არაფერია თუ არა ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანების იარაღი, რომელსაც ისინი იყენებენ იმისთვის რომ იბატონონ ჩვენზე. აქ საუბარი არაა სახელმწიფოს რიგით მუშაკებზე, საუბარია მათზე ვისაც ჩვენ საკუთარი ხელით ჩავაბარეთ უფლება მიიღონ ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებები – უკანასკნელი პოლიციელიდან, მინისტრამდე და პრეზიდენტამდე. სინამდვილეში ისინი ძალიან ცოტანი არიან იმათთან შედარებით ვისაც მართავენ, ანუ ჩვენთან შედარებით.

ყველაზე ჭკვიანი ადამიანიც კი მთელს საზოგადოებაზე ჭკვიანი ვერ იქნება, და თუ იქნება მაშინ როგორ მივაღწიოთ იმას რომ სწორედ მან მიიღოს გადაწყვეტილება? თუ საზოგადოებას ესმის რომ ვიღაცა კარგ რჩევას აძლევს, ის ამ რჩევას ისედაც მიიღებს. და თუ არ ესმის მაშინ სად არის გარანტია რომ ყველაზე კარგ რჩევას სწორედ უფროსი მისცემს ? სახელმწიფოსა და ანარქიას შორის განსხვავება შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ასე: ანარქიის დროს ადამიანს უსმენენ იმიტომ რომ პატივს სცემენ, სახელმწიფოს პირობებში კი ადამიანს პატივს სცემენ იმიტომ რომ თუ არ მოუსმენენ ამას ცუდი შედეგი მოჰყვება. ანარქიის დროს ადამიანები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით უსმენენ იმას ვისაც მეტად ენდობიან.

ეკონომიკა ანარქიის პირობებში

ოდესღაც ყოველი ადამიანი მუშაობდა საკუთარ თავზე, ან დამკვეთზე, რომელსაც პირადად იცნობდა. დღეს მშრომელმა არ იცის ვინ იცხოვრებს მის აშენებულ სახლში, ჩაიცვამს მის შეკერილ ტანსაცმელს, შეჭამს მის გამომცხვარ პურს, ივლის მისი აწყობილი მანქანით. მან ისიც კი არ იცის საერთოდ მოიხმარს ვინმე მისი შრომის ნაყოფს თუ ის სრულიად უსარგებლო იქნება. და სიმართლე რომ ვთქვათ მისთვის სულ ერთია, ფული გადაიხადონ და დანარჩენი არ მეხებაო. და აი, მშრომელები ამზადებენ ერთი და იგივე ნივთებს, შემდეგ კი სპეციალურად დაქირავებული თანამშრომლები არწმუნებენ მყიდველს რომ მან სწორედ ამა თუ იმ ფირმის პროდუქტი უნდა შეიძინოს და არა სხვისი. რასაც არ ყიდულობენ მიდის ნაგავში, ან გადამუშავებაზე. ჩვენ გვეუბნებიან რომ ამ გზით ჩვენ გვეძლევა საშუალება ავირჩიოთ ბევრი ნივთიდან საუკეთესო. მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ რომ პროდუქციის ხარისხი დღითიდღე უარესდება, იმიტომ რომ გაცილებით მარტივია შექმნა უხარისხო პროდუქცია და გაავსო ბაზარი ვიდრე შექმნა ხარისხიანი. ნადგურდება უზარმაზარი რაოდენობა პურის, ხორცის, სურსათის იმისთვის რომ არ დაეცნენ ფასები. ეს ხდება იმ დროს როდესაც ყოველ საათს მსოფლიოში შიმშილით კვდება 200 ადამიანი. ეკონომიკის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ თაღლითური წარმონაქმნები, ე.წ. ფინანსური პირამიდები და ა.შ. ფული რომელიც ბანკში დევს კაი ხანია იქცა ჩვეულებრივ ქაღალდად ან ციფრებად კომპიუტერის მონიტორზე. არაა გასაკვირი რომ დედამიწის ბუნება აღარ რეგენერირდება, ჩვენ «ვალად» ვცხოვრობთ. იმის ხარჯზე, რაც ჩვენს შთამომავლებს უნდა მიეღოთ, ისინი კი ჩვენზე მეტნი იქნებიან, დედამიწის მოსახლეობა იზრდება. ყოველივე ეს ხდება არა იმიტომ რომ ჩვენ არ გვყოფნის რესურსები ან სურსათი, არამედ იმიტომ ეკონომიკა მუშაობს ჩვენი უფროსებისთვის და არა ჩვენთვის. იმიტომ რომ ჩვენ ვაწარმოებთ არა იმას რაც გვჭირდება, არამედ იმას რაც კარგად გაიყიდება. ადამიანი აღარ მართავს ეკონომიკას, ეკონომიკა ბატონობს ადამიანზე.

ანარქიის პირობებში არ იქნება არანაირი ყიდვა-გაყიდვა, ყველაფრის წარმოებას განაპირობებს საჭიროება. მარტივად: ვის, რამდენი, რა სჭირდება. რაღაცა იქნება გამოყენებული როგორც საჭმელი, ტანსაცმელი, სამშენებლო მასალა, მარაგი «შავი დღისთვის» და ა.შ. , მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს რაღაც, ვინმეს უნდა სჭირდებოდეს. როგორ გავიგოთ ვის რა სჭირდება ? მარტივად. მივცეთ მას საშუალება თვითონ თქვას რა უნდა. ბევრი გვეტყვის: «მაშინ ყველას მოუნდება ზედმეტი». ჩვენ ვუპასუხებთ: «რატომ? ნუთუ როდესაც ადამიანს სტკივა კბილი, ის სთხოვს ექიმს, რომ მეორეც ამოუღოს ? თუ ადამიანს აქვს სახლი, რაში სჭირდება მეორე ? დღეს უმრავლესობა არაა დარწმუნებული ხვალინდელ დღეში, ამიტომაც მზადაა მარაგის სახით აიღოს. მაგრამ. თუ ადამიანმა იცის რომ ყოველთვის მიიღებს იმას რაც სჭირდება ის მარაგის გაკეთებას აღარ შეეცდება. ეს იგივეა რომ შეინახო ორცხობილა იმ დროს როდესაც ყოველდღე ახალგამომცხვარი პური მოგეწოდება. რა თქმა უნდა ცოტა მარაგი არავის აწყენს, მაგრამ ცოტა…» ჩვენ გვეტყვიან: «ბევრი აიღებს იმაზე გაცილებით მეტს ვიდრე სჭირდება, იმისთვის რომ საკუთარი სიმდიდრის დემონსტრირება მოახდინოს.» მაგრამ როდესაც ყველაფერი ყველას ეკუთნის, ასეთი დემონსტრაცია უბრალოდ უაზროა.

თანამედროვე ეკონომიკის პირობებში ნივთებს აწარმოებენ არა იქ სადაც მათი საჭიროება მეტია, არამედ იქ, სადაც უფრო იაფი სამუშაო ძალაა. შედეგად, თითქმის ყველგან, მანქანის ნაწილებს აწარმოებენ დედამიწის ერთ კუთხეში, მერე მიაქვთ მეორე კუთხეში, სადაც მათ აწყობენ, იქიდან მიაქვთ კიდე სხვაგან სადაც ბორბლებს უმაგრებენ და კიდე სხვაგან სადაც ღებავენ. საბოლოო ჯამში კი გამზადებული ავტომობილი იყიდება სულ სხვა ადგილას. იგივე გზით მზადდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვადასხვა მოწყობილობები. ანარქიის დროს ყველაფერი რისი წარმოებაც შესაძლებელი იქნება ერთ რაიონში, გამზადდება ერთ რაიონში.

ჩვენ გვეტყვიან: «ის რისი მიღწევაც გინდათ, სხვა არაფერია თუ არა ნატურალური მეურნეობა. ეს მოდელი განხორციელებული იყო დიდი ხნის წინ, მაგრამ ეხლა ადამიანები ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ საჭიროებებს მხოლოდ ერთი რეგიონის რესურსებით. ეკონომიკა გლობალური გახდება». ჩვენ ვუპასუხებთ: «დიახ, ნატურალური მეურნეობის არსებობა შეუძლებელია ერთი სოფლისა თუ რაიონის პირობებში, მაგრამ ეს შესაძლებელია თუ მთელი მსოფლიო იქცევა ნატურალურ მეურნეობად.» და ეს არ უარყოფს იმას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. საკუთარ ეზოში შატლის შექმნა უბრალოდ სისულელეა, მაგრამ არანაკლები სისულელეა დაუძახო ხელოსანს იმისთვის, რომ კარს სახელური მიამაგროს, იმის მაგივრად რომ ეს თვითონ გააკეთო. ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ყოველ დილას ვიხმოთ კბილების მწმენდავი, იმის მაგივრად რომ თვითონ მივხედოთ ჰიგიენას. ის რისი გაკეთება ადამიანს მარტოს შეეძლება, გააკეთებს მარტო. რასაც ჯგუფი სჭირდება, გააკეთებს ჯგუფი. ზოგ საქმეს სჭირდება მთლიანად წარმოება, ქარხანა, კომბინატი. მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი სჭირდება რომელიმე საქმეს, მით უფრო იშვიათია იგი. თავისთავად გასაგებია რომ დიდ მდინარეზე ხიდის აშენება გაცილებით უფრო იშვიათად გვჭირდება ვიდრე სახლის აშენება, რომ მატარებელი გვჭირდება გაცილებით ნაკლები ვიდრე ველოსიპედი, და კოსმოსური შატლი კი, კიდევ უფრო ნაკლები ვიდრე მატარებელი.

ინფორმაცია და გადაწყვეტილებების მიღება

ჩვენ შეგვეკითხებიან, როგორ გადაწყვეტენ ადამიანები რა და რანაირად აკეთონ ? როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს ანარქიის დროს? ჩვენ ვუპასუხებთ, რომ გადაწყვეტილებებს იღებენ კოლექტიურად და თანასწორუფლებიანად.
თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანები ასე ვთქვათ იზოლირებულები არიან. ქალაქის მცხოვრებლებმა ძალიან ხშირად ისიც კი არ იციან ვინ არის მათი მეზობელი. ყოველთვის ასე არ იყო, და ყოველთვის ასე არ იქნება. ადამიანი სოციალური არსებაა. მთელი ისტორიის განმავლობაში ადამიანები ერთიანდებოდნენ ტერიტორიული, იდეური ან სხვა ნიშნით. ანარქიის დროსაც ადამიანები გაერთიანდებიან საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საერთო ინტერესების მიხედვით, ერთი სიტყვით კაცობრიობა შედგება არა ცალკეული ინდივიდებისგან, არამედ სხვადასხვა კოლექტივებისგან. საკუთარი კოლექტივის ყველა საკითხს ადამიანები გადაწყვეტენ ლოკალურად, საერთო კრებაზე. იქ სადაც საქმე შეეხება რამდენიმე კოლექტივს ადამიანები გამართავენ სხვადასხვა კოლექტივების დელეგატთა კრებას, რომლებიც გაახმოვანებენ თავიანთი კოლექტივების პოზიციებს სხვადასხვა საკითხებზე. ეს იმას ნიშნავს რომ დელეგატების ფუნქცია არის მხოლოდ ის, რომ სხვებს ამცნონ საკუთარი კოლექტივების პოზიცია, და არა გადაწყვეტილება მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში დელეგატს უბრალოდ შეცვლიან. შედეგად გამოდის მდგომარეობა, როდესაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება ადგილობრივად და «ზემოთ» მას მხოლოდ ახმოვანებენ.

იმისთვის, რომ მოხდეს ამის ორგანიზება სულაც არაა საჭირო საერთო კრების გამართვა. თანამედროვე კავშირგაბმულობის პირობებში ეს მარტივად განხორციელებადია თუნდაც ინტერნეტის მეშვეობით. თუ ინგლისში და ახლო აღმოსავლეთში ადამიანები ახერხებდნენ ინტერნეტის მეშვეობით დიდი საპროტესტო აქციების დაგეგმვას და მოწყობას მაშინ რატომაა შეუძლებელი იგივე გზით ჩვეულებრივი საქმეების განხილვა ? თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ძალიან მარტივია შეგროვდეს და დამუშავდეს ინფორმაცია ადამიანების მოთხოვნილებების შესახებ, იმისათვის რომ შემდგომ მოხდეს არსებული რესურსების განაწილება.

ჩვენ გვეტყვიან: «თუ ადამიანები მუდმივად გამართავენ კრებებს, როდისღა უნდა იმუშაონ?» ჩვენ ვპასუხობთ: «თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი არაფერს არ აწარმოებს, მარტო უფროსობენ იმათზე ვინც მუშაობს და ბრძანებებს გასცემენ. მოხმარებით კი ეს ადამიანები, არა თუ ნაკლებს, არამედ გაცილებით მეტს მოიხმარენ ვიდრე სხვები. ძალიან ბევრი ადამიანი დაკავებულია უსარგებლო, ან მავნებელი სამსახურით. სხვადასხვა ფირმები აწარმოებენ ერთნაირ პროდუქციას და მერე მის რეკლამას ეწევიან. მატარებლებს მიყავთ მილიონობით ადამიანი სხვა ქვეყნებში, სახლიდან შორს იმიტომ რომ ისინი ეძებენ სამსახურს, რომელიც მათ ქვეყანაში უბრალოდ არ არის. მშენებლები აშენებენ ბანკებს და ციხეებს, იმის მაგივრად რომ ააშენონ სახლები, სკოლები და საავდმყოფოები. აშენებენ ავიამზიდებს, ტანკებს და ბომბდამშენებს. ერთდროულად ათასობით და მილიონობით ადამიანი ვერ შოულობს სამსახურს იმის მიუხედავდ რომ მზადაა იმუშაოს. სწორედ ამიტომ იმათ, ვინც მუშაობს უწევთ იმუშაონ დღეში 8, 10, და 12 საათიც კი. ხშირ შემთხვევაში დასვენების გარეშე. ძალიან ბევრს უწევს დიდი ხნის ლოდინი როდის გამოჩნდება სამსახური იმისთვის, რომ მერე იმუშაოს დასვენების გარეშე, დილიდან ღამემდე. თუ საზოგადოებაში არ არიან მოწოდებით უსაქმურები, თუ ადამიანები აკეთებენ მხოლოდ იმას რაც სჭირდებათ, თუ არავინ რჩება სამსახურის გარეშე, თვითონ სამსახური ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, წარმოება დაიკავებს გაცილებით უფრო ცოტა დროს ვიდრე ახლა. წარმოებაზე დაიხარჯება მაქსიმუმ 2-3 საათი დღეში, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანებს დრო დარჩებათ რომელსაც საკუთარი სურვილის მიხედვით დახარჯავენ შემოქმედებითი და საკუთრი გონებრივი თუ ფიზიკური განვითრების კუთხით.

ამაში არაფერი შეუძლებელი და წარმოუდგენელი არაა. ოდესღაც გლეხი ან მწყემსი სანამ ააშენებდა სახლს ან დათესავდა რამეს, თვითონ წყვეტდა რითი აეშენებინა სახლი, ან რა დაეთესა. მეტიც, ყოველ გლეხს შეეძლო სახლის აშენებაზეც ემუშავა, მიწაც დაემუშავებინა, და ამის გარდა ის შეიძლებოდა ყოფილიყო მჭედელი, ხელოსანი და ა.შ. ახლა ადამიანი მართავს მანქანას და წარმოდგენა არა აქვს როგორ არის ის აწყობილი, მუშაობს კომპიუტერზე და არაფერი ესმის მის სტრუქტურაში, აკეთებს სახლის პროექტს და აგური თვალით არ უნახავს. ვიღაცას მთელი ცხოვრება უწევს ათრიოს ყუთები, ან აჭიროს თითი კონვეერზე ერთი და იგივე ღილაკს. საბოლოო ჯამში თუ რაიმე სამსახურზე ვარდება მოთხოვნა ის, ვინც მას აკეთებს უმუშევარი რჩება. ერთფეროვანი სამსახური, რომელსაც არ სჭირდება აზროვნება და შემოქმედებითი მიდგომა სხვა არაფერია თუ არა რობოტისთვის განკუთვნილი სამუშაო, რაც ასულელებს ადამიანს და აქცევს მას პროფესიონალ კრეტინად. ანარქიის პირობებში ერთი ადამიანი გააკეთებს სხვადასხვა საქმეს, რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველ ადამიანს შეეძლება ყველაფერი, მაგრამ პროფესიონალ კრეტინად ის არ იქცევა, და მისი გაკეთებული საქმის ხარისხი არ დავარდება. თუ ექსკავატორის კონსტრუქტორს ეცოდინება რომ ერთ წელიწადში შეიძლება თვითონ დაიწყოს ამ ექსკავატორზე მუშაობა, ის ეცდება მაქსიმალურად კარგად გააკეთოს და შექმნას ოპტიმალური ვარიანტი რომ უფრო გაადვილოს სამუშაოს შესრულება. ეს იმას არ ნიშნავს რომ დღეს ყველა ადამიანი დაკავებული იქნება სახლის პროექტირებით, ხვალ კი ყველა ერთად გაიქცევა აგურის დასადებად, არა, უბრალოდ ადამიანები დრო და დრო შეცვლიან თავის სამსახურს. და თუ რომელიმე სამსახურის საჭიროება ნაკლები იქნება, მათი ნაწილი ვინც ამ საქმეს აკეთებდა შეიცვლიან პროფილს და სხვა საქმით დაკავდებიან.

თავდაცვა ანარქიის დროს
იმ შემთხვევაში თუ ანარქია განხორციელდება არაგლობალურად, არამედ კონკრეტულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე

ახლა ადამიანს სრულიად მარტოს უწევს საკუთარი თავის დაცვა. ბავშვობიდან მას თავში უდებენ რომ რამე რომ მოხდეს ჯერ მშობლებს უნდა უთხრას, მერე კი პოლიციას. რა გასაკვირია რომ რიგით პოლიციელს რიგითი მოქალაქეები ადამიანებად არ მიაჩნია? თანამედროვე საზოგადოებაში სახელმწიფო მოხელთა სრული მონოპოლიაა ძალადობაზე. რაც ავტომატურად ნიშნავს მონოპოლიას დაცვაზე.

ეს არანორმალურია. როდესაც ადამიანი გადასცემს ვინმეს მისი დაცვის ფუნქციას, ის «მცველის» მონად იქცევა. ტყუილად კი არ ეკრძალებოდათ მონებს იარაღის ტარება ძველ საზოგადოებაში, იმ დროს როდესაც თავისუფალი მოქალაქე ვალდებული იყო ეტარებინა იგი.

ანარქიის პირობებში სახელმწიფო დაცვას, პოლიციას თუ ჯარს, შეცვლის ხალხის საყოველთაო შეიარაღება. ჩვენ გვეტყვიან: «ყველას თუ მივეცით იარაღი, დაიწყება ომი ყველა ყველას წინააღმდეგ, ყველა დაიწყებს ერთმანეთის ძარცვას და ხოცვას» ჩვენ ვუპასუხებთ: «პირიქით, ისინი ვისაც ძარცვა და ხოცვა სურთ, ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას ასე მარტივად. დააკვირდით, დღეს ვინც ძარცვავს და კლავს შეიარაღებულია, ჩვეულებრივი ადამიანი კი დაუცველი. შესაბამისად ყაჩაღს და მკვლელს აქვს უპირატესობა ჩვეულებრივ მოქალაქესთან შედარებით. თუ პატიოსანი ადამიანებიც შეიარაღებულნი იქნებიან შანსები გათანაბრდება. არავის სურს ტყუილად გარისკვა.

ხალხის საყოველთაო შეიარაღება ფანტაზიის ნაყოფი არაა, ის არსებობდა ადრეც, არსებობს ეხლაც. მაგალითად შვეიცარიაში ყოველი მოქალაქე ვალდებულია იქონიოს იარაღი. თავისთავად გასაგებია რომ ასეთი ჯარით სხვის ქვეყანას ვერ დაიპყრობ, მაგრამ საკუთარი ქვეყნის დასაცავად ის იდეალურია. მას არ სჭირდება მობილიზაცია – თვითონ აღდგება, უკვე შეიარაღებული და გამზადებული ბრძოლისთვის. იმიტომ რომ მარტო ავტომატი კი არ უდევს ადამიანს სახლში, ან სათავსოს გასაღები, სადაც ტანკი უყენია, არამედ ყოველმა მოქალაქემ იცის რა უნდა ქნას მტრის შემოჭრის შემთხვევაში. ვარჯიში და წვრთნები ჩატარდება რეგულარულად.

როგორ მივაღწიოთ ყოველივე ამას?

ჩვენ გვეკითხებიან: „ვინ შექმნის ასეთ საზოგადოებას?“
ჩვენ ვპასუხობთ: „მხოლოდ ჩვენ თვითონ, ყველანი ერთად!“ სახელმწიფოს ძალებით მისი შექმნა ისევე შეუძლებელია როგორც შეუძლებელია ნიანგმა საკუთარი თავი შეჭამოს. ჩვენ გვეტყვიან, რომ ასეთი საზოგადოების შექმნის საშუალებას არავინ მოგვცემს. მაგრამ სახელმწიფო ძლიერია მანამ, სანამ მისი ეშინიათ. ის ვერ იარსებებს ჩვენ გარეშე, ჩვენი მუშაობის გარეშე – ის გვაიძულებს რომ შევინახოთ იგი. თუ ამის მაგივრად ჩვენ მის წინააღმდეგ ბრძოლას შევუდგებით, ის დიდ ხანს ვერ გაუძლებს. ჩვენ ბრძოლა მცირედიდან იწყება – საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა, ცხოვრების ნორმალური პირობების მიღწევა, ადამიანური უფლებების დაცვა და ა.შ. შემდგომ ჩვენ დავინახავთ როგორ დაიწევა საზოგადოებაში ეგოიზმის დონე, როგორ შეიქმნებიან ადგილობრივი კავშირები, რომლებსაც კოლექტიური მოქმედებები თავისუფლად შეეძლებათ. იგივე კავშირები გადაწყვეტენ სხვა საკითხებსაც, მაგალითად იმას, რაც ეხება საკუთარი უბნის კეთილმოწყობას, სასწავლო კურსების ორგანიზებას, საბავშვო ბაღების გახსნას, გაჭირვებაში მყოფი მეგობრების დახმარებას და სხვა. ამის გარდა ჩვენ დავინახავთ თუ როგორ შექმნიან დაქირავებული მშრომელები თავიანთ კავშირებს სხვადასხვა სამუშაო სფეროში და იბრძოლებენ უკეთესი მომავლისთვის. ყოველივე ამის გათვალისწინებით ადვილია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ადამიანები თანდათან დაკარგავენ სახელმწიფოს შიშს, და კონკურენციის, დამორჩილების თუ მორჩილების ურთიერთობებს ჩაანაცვლებენ თავისუფლების, სოლიდარობის და ურთიერთდახმარების პრინციპები. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ წინაპირობაა, შეუძლებელია ნაწილობრივ ან არასრულად თავისუფალი იყო. თავისუფლება რევოლუციური მუხტით მიიღწევა. შეხედეთ არაბულ ქვეყნებს, რა მალე დამარცხდნენ მათი რეჟიმები. სახელმწიფო მაშინაც ძლიერია როდესაც ჩვენ არ ვიცით რითი შევცვალოთ იგი და მხოლოდ ამიტომ ვითმენთ. იგივე არაბულ ქვეყნებში ადამიანები ამდენ ხანს მხოლოდ იმიტომ ითმენდნენ, რომ არ იცოდნენ, და სიმართლე რომ ვთქვათ არც დღეს იციან რითი შეცვალონ თავისი ხელისუფლება. მაგრამ ჩვენ ვიცით რით უნდა შევცვალოთ სახელმწიფო და აუცილებლად შევცვლით მას ანარქიული თვითმართველობით.

მაგალითები

ჩვენ გვეტყვიან: „თუ ეს ყველაფერი ასე მარტივია, ესე იგი თქვენამდეც მოსვლია ვინმეს თავში. მაგრამ იყო შემთხვევა რომ ვინმეს განეხორციელებინა ეს ან ეცადა მაინც ამის განხორციელება?“

რა თქმა უნდა იყო. და ამის მაგალითები მრავლად გვაქვს. ყველაზე უფრო ახლო მაგალითებია უზარმაზარი ტერიტორია უკრაინის სამხრეთ ნაწილში სადაც სრული თვითმართველობა იყო, ჩვენ იმ ადგილს ვგულისმობთ სადაც ნ. მახნოს სახალხო ჯარი მოქმედებდა. ეს არის კატალონია და არაგონი (ესპანეთის ჩრდილოეთი) სადაც 1936 წელს ნახევარი მილიონი ადამიანი კომუნებში ცხოვრობდა, სადაც კომუნების შიგნით საერთოდ არ იყენებდნენ ფულს და კომუნებს შორის თავისუფალი გაცვლა ხდებოდა მოთხოვნილებების მიხედვით. ძალიან ძლიერი ანარქისტული მოძრაობა არსებობდა არგენტინაში, იაპონიაში, შეერთებულ შტატებში. საკმაოდ ძლიერი ანარქისტული მოძრაობა იყო კავკასიაშიც.

საქართველო

XX საუკუნის დასაწყისში ანარქიზმის იდეები ფართოდ გავრცელდა საქართველოში. შემთხვევითი არ არის რომ თვით იოსებ სტალინმა დაუთმო ანარქიზმთან ბრძოლას მთელი რიგი სტატიები, რომლებიც დაწერა სწორედ პირველი რუსული რევოლუციის დროს. ეს საკმაოდ გასაკვირია რადგან 20 საუკუნემდე საქართველოში რევოლუციური მოძრაობა პრაქტიკულად არ არსებობდა. ცალკეული ქართველები იღებდნენ მონაწილეობას ხალხოსანთა მოძრაობაში, მაგრამ ეს რუსეთის ტერიტორიაზე ხდებოდა და არ ეხებოდა საქართველოს.

ტრადიციულად ქართველი არისტოკრატი ახალგაზრდები განათლებას რუსეთის კადეტთა კორპუსებში და სამხედრო სასწავლებლებში იღებდნენ. მხოლოდ 19-ე საუკუნის 50-60-იან წლებში ახალგაზრდა ქართველების პირველი ჯგუფები ხვდებიან სამოქალაქო სასწავლებლებში. მათი რიცხვი ძალიან მცირეა. 1860 წლისთვის პეტერბურგში უმაღლესი განათლება მხოლოდ 30 ქართველს ჰქონდა მიღებული.

მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ ქართველები რუსულ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ ბევრს ნიშნავს. ისინი ურთიერთობდნენ რუს თანატოლებთან, იგებდნენ მათგან რევოლუციურ იდეებს და მათ გვერდით იბრძოდნენ ცარიზმის წინააღმდეგ. 1861-1869 წლებში ქართველი სტუდენტები მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტურ გამოსვლებში პეტერბურგში. 1861 წელს სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის 13 ქართველი დააკავეს. 1869 წლის არეულობაში მონაწილეობის მიღებისთვის 3 ქართველი სტუდენტი – თადეოზ ბებურიშვილი, ბესარიონ ჯაფარიძე და ნიკოლოზ ორბელიანი დააკავეს, და სამშობლოში დააბრუნეს.

ჩერქეზიშვლი ვარლამი ასლანის ძე (1846-1925)

ვარლამ ჩერქეზიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი ანარქისტი იყო. ღარიბი თავადური ოჯახიდან გამოსულმა ანარქისტმა მოასწრო ნეჩაევის ჯგუფში მოღვაწეობა, 1876 წელს ციხიდან გაქცევა და საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასვლა. 1882 წლის ლიონის პროცესის შემდეგ, როდესაც პეტრე კროპოტკინი დააპატიმრეს საფრანგეთში, ვარლამი დროებით შეეშვა პოლიტიკურ საქმიანობას და აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობდა. მოგზაურობისას სხვადასხვა ადგილებში მუშაობით ირჩენდა თავს. 1885 წელს ავსტრია-უნგრეთისა და თურქეთის გავლით ის არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში და სოფელ მუხრანში, თავადი მუხრანსკის შვილების მასწავლებლად მუშაობდა. 1892 წელს ჩერქეზიშვილი იძულებული გახდა ისევ ემიგრაციაში წასულიყო და ამჯერად ლონდონში დასახლდა, სადაც ადგილობრივი ანარქისტული გაერთიანების მუშაობაში იღებდა მონაწილეობას.

გოგელია გიორგი ილიას ძე (1878-1924)

გიორგი გოგელია იყო უცხოეთში რუს ანარქო-კომუნისტთა პირველი ჯგუფის დამფუძნებელი.

გიორგი გოგელია წავიდა საზღვარგარეთ მას შემდეგ რაც იმედი გაუცრუვდა რელიგიურ კარიერაში, მან მიატოვა ქუთაისის სასულიერო გიმნაზია. ახალგაზრდა გიორგის ქიმია უფრო იზიდავდა ვიდრე თეოლოგია. მან ჩააბარა ლიონის აგრონომიულ სასწავლებელში და შემდგომ ჟენევის უნივერსიტეტში. 1900 წელს ის შეუერთდა ადგილობრივ ანარქისტთა ჯგუფს და გახდა 20-ე საუკუნის დასაწყისის რუსული და ქართული ანარქიზმის ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე. ის იყო ბრწყინვალე ორატორი, გამოიყურებოდა როგორც ნამდვილი მთიელი ჯიგიტი, როდესაც ტრიბუნიდან ამხელდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. მაგრამ მეგობრების წრეში ეს სიცხარე ქრებოდა და გიორგი სასიამოვნო ინტელიგენტ მოსაუბრედ გადაიქცეოდა. „თავშეკავებულად ანვითარებდა თავის აზრს, იჩენდა დიდ განათლებულობას, მშვიდად და ყურადღებით უსმენდა მოწინააღმდეგის აზრს.“

გოგელია, ისევე როგორც ჩერქეზიშვილი მხარს უჭერდა კროპოტკინის შეხედულებებს.

1902 წელს ლონდონში პ. ა. კროპოტკინის წიგნის „პური და თავისუფლება“-ს პრეზენტაცია მოხდა, ამის შემდეგ გოგელიამ თავის ცოლთან, ლიდია იკონიკოვასთან ერთად, 1903 წლის ზაფხულში ჟენევაში ანარქო-კომუნისტთა ჯგუფი „პური და თავისუფლება“ დააარსა.

ამის მიუხედავად, ისევე როგორც ადრე ქართველი რევოლუციონერების მოღვაწეობა სამშობლოდან შორს ხდებოდა. საქართველოში კი ოპოზიციურად განწყობილ ახალგაზრდებში პოპულარობით სოციალ-დემოკრატები სარგებლობდნენ.

1904 წლის აპრილში ჟენევაში გაზეთ „საქართველოს“ გამომცემლებმა მოიწვიეს ოპოზიციური ჯგუფების კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მაშინდელი ოპოზიციის მთელი სპექტრი – ავტონომისტები, ნაციონალისტები, სოციალ – დემოკრატები და 4 ანარქისტი. გიორგი გოგელია აღნიშნავდა, რომ სწორედ ამ კონფერენციიდან იწყება ქართული ანარქისტული მოძრაობის ისტორია. კონფერენციაზე ანარქისტებმა წარმოადგინეს რამდენიმე მოხსენება, ორი მათგანი, ორგეიანის „ახალი მიმდინარეობა მშრომელთა მოძრაობაში (სინდიკალიზმი)“ და თერგელის „რევოლუცია და რევოლუციური ტაქტიკა“ დაიბეჭდა და გაიგზავნა საქართველოში. მაგრამ რადგან საქართველოში იმ დროისთვის ანარქისტული ჯგუფები არ არსებობდნენ ამ ნაშრომებმა მხოლოდ ის მოახერხეს რომ ჩამოუყალიბეს ქართველ რადიკალ ახალგაზრდებს სწორი წარმოდგენა ანარქიზმზე. ანარქიზმს დადებითად გამოეხმაურა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია. ეს პარტია ჩამოუყალიბებელი იყო იდეოლოგიური თვალსაზრისით და საკუთარ თავს „მშრომელთა კლასობრივ პარტიას“ უწოდებდა, თუმცა ძირითადად სხვადასხვა შეხედულებების მქონე ახალგაზრდა ინტელიგენტებს აერთიანებდა.

1906 წლის ჩათვლით პარტიაში დიდ როლს თამაშობდნენ ანარქისტები, უპირველეს ყოვლისა ესენი იყვნენ ჩერქეზიშვილი, გოგელია, დეკანოზიშვილი, გაბუნია. ანარქისტების გავლენა პარტიაში იმდენად დიდი იყო რომ 1906 წლის ივლისში მეორე პარტიულმა ყრილობამ ჟენევაში, საერთო პროგრამის შესაქმნელად 2 ანარქისტისგან და 3 მაქსიმალისტისგან შემდგარი კომისია აირჩია. პროგრამის პროექტი შეიმუშავა გოგელიამ და მას დაეთანხმა პარტიის დიდი ნაწილი. ამის მიუხედავად პარტიის „ანარქიზაცია“ ვერ მოხერხდა და მათი გზები მალე გაიყო.

პირველი ანარქისტები საქართველოში გაჩდნენ ქალაქ ქუთაისში, მას შემდეგ რაც ევროპიდან ჩამოსული ამხანაგები დაუკავშირდნენ შალვა გოგელიას და დაიწყეს პროკლამაციების გამოშვება. ქუთაისი სუსტად განვითარებული ინდუსტრიის ქალაქი იყო, პროლეტარიატის ძირითად მასას აქ მსუბუქ წარმოებაში და სურსათის წარმოებაში დასაქმებული ადამიანები წარმოადგენდნენ. 1905 წელს პირალოვის თამბაქოს ქარხანაში და ლაღიძის წყლების საწარმოში შეიქმნენ ანარქისტული ჯგუფები, რომლებიც შემდგომ ქუთაისის ანარქო-კომუნისტთა ჯგუფ „კომუნა“-ში გაერთიანდნენ.

თავისი საქმიანობა ჯგუფმა საკუთარი სტამბის შექმნით დაიწყო. საჭირო დანადგარების ექსპროპრიაცია ადგილობრივი ბურჟუის სტამბიდან გაკეთდა. ჯგუფმა გამოუშვა 7 პროკლამაცია, სადაც მოუწოდებდა ქუთაისელ მშრომელებს ბრძოლისკენ. ამის გარდა გამოიცა რამდენიმე საინფორმაციო ფურცელი და რამდენიმე ბროშურა.

როგორც იხსენებდა გიორგი გოგელია, იმ დროს ქუთაისელმა ანარქისტებმა, უპირველეს ყოვლისა ვარალამ ჩერქეზიშვილმა, შალვა გოგელიამ და მიხაკო წერეთელმა მთელი სოციალ-დემოკრატიის თეორეტიკულ შეტევას გაუძლეს, რაც მისი თქმით საკმაოდ ადვილი იყო. სოციალ-დემოკრატებს არ გააჩნდათ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, მათ უმრავლესობას ყოფილი სემინარისტები შეადგენდნენ (მოგეხსენებათ სემინარისტი მომავალი „ბელადი“ ჯუღაშვილი -სტალინიც იყო). სახარების დაზეპირების ჩვევა, რომელიც სემინარიაში შეიძინეს მარტივად შეიცვალა მარქსიზმის კლასიკოსების ტექსტების დაზეპირებით. მათი თეორიული მომზადება დაზეპირებული ციტატების გამეორებაში გამოიხატებოდა. რა გასაკვირია, რომ თავისუფლად მოაზროვნე ანარქისტები დისკუსიებიდან გამარჯვებულები გამოდიოდნენ.

გამომცემლობითი მუშაობის გარდა ქუთაისელი ანარქისტები დრო და დრო საბრძოლო ოპერაციებსაც ატარებდნენ. ამ საქმიანობის შედეგად 4 კაპიტალისტი იქნა მოკლული, მათ შორის ქუთაისის უმსხვილესი კაპიტალისტები მუნჯიევი და კამულარი. აღსანიშნავია რომ ბრაუნინგებისა და მაუზერების გარდა ქუთაისელი ანარქისტების არსენალში ერთი ჰაუბიცაც (ზარბაზანი) იყო. 1905 წლის რევოლუციური გამოსვლების დროს, როდესაც ქუთაისს გარკვეული დროის მაძნილზე მშრომელები აკონტროლებდნენ, ანარქისტები რევოლუციური ქალაქის ერთერთ ბარიკადს იცავდნენ.

1905 წლის დეკემბრის აჯანყების შემდეგ ანარქისტული ორგანიზაციები თბილისშიც გაჩდნენ, როცა შვეიცარიიდან დაბრუნდა გიორგი გოგელია, ის იმ დროს ორგეიანის ფსევდონიმით იყო ცნობილი. ასევე თბილისში გადავიდა ქუთაისელი ანარქისტების დიდი ჯგუფი. 1906 წლის იანვრისთვის თბილისი ქართული ანარქიზმის ინტელექტუალურ ცენტრს წარმოადგენდა, თუმცა რაოდენობრივად ქუთაისი მაინც პირველ ადგილზე იყო. დედაქალაქში შეიქმნა ანარქო-კომუნსტთა ჯგუფი „ინტერნაციონალი“, რომლის წევრები აქტიურად მუშაობდნენ რკინიგზის დეპოში და სახელოსნოებში, ამის გარდა არც მონთაშევის და ადელხანოვის ქარხნებს აკლებდნენ ყურადღებას. სწორედ ამ საწარმოების მუშებისგან შეიქმნა თბილისელი ანარქისტების ძირითადი ბირთვი. შემდგომში ჯგუფ „ინტერნაციონალს“ სტამბის მუშებიც შეუერთდნენ, მათ დატოვეს სოციალ-დემოკრატული პარტია და ჯგუფის წევრები გახდნენ.

ქართველი ანარქისტების მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მხარეს პროლეტარიატისა და გლეხების ფართო მასების განათლება წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნით მათ დააფუძნეს გამომცემლობა რომელმაც ოცზე მეტი წიგნი გამოუშვა ქართულ და რუსულ ენებზე.

1906 წელს თბილისელი ანარქისტები საკუთარი ყოველკვირეული გაზეთის გამოშვებას შეუდგნენ. გაზეთს ერქვა „ნობათი“ და 1906 წლის 25 მარტიდან 2 მაისამდე „ნობათის“ 14 ნომერი გამოვიდა, რის შემდეგაც გამოცემა აიკრძალა ხელისუფლების მიერ. იგივე ბედი ეწია შემდეგ ბეჭვდით პროექტსაც სახელად „ხმა“. „ხმა“ 9 მაისიდან გამოდიოდა გიორგი და შალვა გოგელიას რედაქციით.
1906 წლის 6 ივნის დაიწყო ყოველდღიური გაზეთის გამოცემა. გაზეთს „მუშა“ ერქვა და მის რედაქციას იგივე ამხანაგები ახდენდნენ. თავიდანვე „მუშამ“ სოციალ-დემოკრატების განსაკუთრებული სიძულვილი გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა მათ მოითხოვეს გაზეთის სახელწოდების შეცვლა. გიორგი გოგელია როგორც იხსენებდა , მას შემდეგ, რაც სოციალ-დემოკრატებს ცენზურისთვის აუტანელი სიტყვებით ურჩიეს „ტყავში დატეულიყვნენ, ესდეკებმა სცადეს ანარქისტებისთვის მუშაობაში ხელი შეეშალათ. ისინი თავს ესხმოდნენ ადამიანებს, რომლებიც „მუშას“ კითხულობდნენ, ართმევდნენ და ხევდნენ გაზეთს. ამის მიუხედევად აგიტაცია საკმაოდ წარმატებულად მიდიოდა.

თბილისელმა ანარქისტებმა რამდენიმე საბრძოლო აქციაც ჩაატარეს, მათ შორის კაპიტალისტ გამრიკალოვის და რამდენიმე პოლიციელი ჩინოვნიკის მკვლელობა. რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე უმსხვილესი ექსპროპრიაცია 1907 წელს ქალაქ დუშეთში მოხდა. მაშინ ანარქისტებმა ხაზინიდან 250 000 რუბლი, იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა გაიტანეს.

ქუთაისის და თბილისის შემდეგ ანარქისტთა ჯგუფები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაჩდნენ. ხშირ შემთხვევაში ანარქისტები ხდებოდნენ ყოფილი ესერები, ესდეკები და სოციალ-ფედერალისტები, რომლებიც თავიანთ პარტიებზე უარს ამბობდნენ და ანარქიზმის იდეებს იზიარებდნენ. ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ნესტორ კალანდარიშვილი, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ის ციმბირელ პარტიზანებს ხელმძღვანელობდა, პირველი რუსული რევოლუციის დროს კი უბრალო ახალგაზრდა რევოლუციონერი იყო.
ძალიან გახმაურებული იყო იმ დროს გემ „ცესარევიჩზე“ მომხდარი ექსპროპრიაცია, რომელიც ქართველმა ანარქისტებმა ი.მდინარაძემ, ნ. ბებურიშვილმა, ს. თოფურიამ, გ. გობირახაშვილმა მოახდინეს.

კომუნა გურიაში

არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც ქართველი რევოლუციონერები იარაღით ხელში ებრძოდნენ უსამართლობას. მთელს საქართველოში გლეხები ახდენდენ აჯანყებებს. ისინი საბრძოლო დანაყოფებში ერთიანდებოდნენ და შიშის ზარს სცემდენ მიწათმფლობელებს და კაპიტალისტებს. ისინი უტევდნენ პოლიციის შენობებს, წვავდნენ სახელმწიფო დაწესებულებებს, ტერორის ქვეშ ყავდათ მდიდარი მიწათმფლობელი თავადები.

ქართული რევოლუციური მოძრაობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღსანიშნავი ადგილი გურიის სოფელ გულგულაში არსებული კომუნაა.

ამ სოფელში ანაქისტული იდეები ადგილობრივი თავადის, პეტრე ნაკაშიძის მიერ გავრცელდა. ის იზიარებდა ანარქიზმის იდეებს და ამის გამო უარი თქვა მიწაზე და პრივილეგიებზე. გლეხებმა განდევნეს სოფლიდან ჩინოვნიკები და გამოაცხადეს რომ არანაირ ხელისუფლებას არ ექვმდებარებოდნენ. მათ გაანადგურეს ღობეები და გააერთიანეს თავისი მიწები. მთელი სოფლის მიერ შეგროვებული ფულით შეიძინეს მიწის დამუშავებისთვის აუცილებელი იარაღები. ძალიან მოკლე დროში ერთობლივი ძალებით მათ ააშენეს დიდი საზოგადოებრივი სახლები, საცხობები, ბიბლიოთეკა და სკოლა. საზოგადოების საკუთრებაში არსებული პროდუქტები ნაწილდებოდნენ პრინციპით: „ყველას – მოთხოვნილების მიხედვით“. ადამიანებს მიეცათ საშუალება ემუშავათ მიწაზე არა მთელი დღე, არამედ მორიგეობით, თავისუფალი დრო კი დასვენებისთვის და განათლებისთვის დაეთმოთ.

კომუნაში სოფლის ყველა მცხოვრები შევიდა 12 მდიდარი მესაკუთრის გარდა, ისინი სხვადასხვა ხერხებით ცდილობდნენ ხელი შეეშალათ კომუნის მუშაობისთვის, ბოლოს იქამდეც კი მივიდნენ რომ კომუნის ერთერთი აქტიური წევრი მოკლეს. მაგრამ კომუნარებმა გადაწყვიტეს, რომ ძალადობაზე ძალადობით არ ეპასუხათ და მკვლელებს სრული ბოიკოტი გამოუცხადეს. ძალიან მალე მესაკუთრეებმა სთხოვეს კომუნარებს მიეღოთ ისინი კომუნაში.

ანარქისტულმა კომუნამ გულგულაში 9 თვე იარსება. მხოლოდ საჯარისო ნაწილებმა შეძლეს კომუნარების წინააღმდეგობის დაძლევა და სოფლის აღება. კომუნის განადგურების შემდეგ მისი აქტიური წევრები ციხეებში ჩაყარეს, საზოგადოებრივი სახლები კი კაზაკების ყაზარმებად აქციეს.

1905-1907 წწ. განმავლობაში მთიან საქართველოში ნამდვილი პარტიზანული ომი მიდიოდა არსებული წყობის წინააღმდეგ. პოლიცია და ჟანდარმერია ვერაფერს აკეთებდნენ და მეფის ხელისუფლებამ საქართველოში გენერალ-მაიორ ალიხანოვის ათიათასიანი კორპუსი გაუშვა. ალიხანოვის კორპუსმა სისხლში ჩაახრჩო ქართული სოფლები, და ათასობით მშვიდობიანი მოსახლე მოკლა. დამსჯელთა შეჭრას დასავლეთ საქართველოში სპარსი და თურქი დამპყრობლების შეჭრას ადარებდნენ.
თბილისში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში მასობრივი რეპრესიები დაიწყო. უამრავი ანარქისტი დააპატიმრეს და ზოგს დახვრეტა, ზოგს კი კატორღა ან ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს (გუგუშვილი, როსტომაშვილი, კველისიანი). მხოლოდ რამდენიმე ანარქისტმა შეძლო საზღვარგარეთ წასვლა (გოგელია).

1907 წლის პირველ რუსულ რევოლუციას და 1917 წლის თებერვლის რევოლუციას შორის გასულ 10 წელიწადს ხშირად რეაქციის ათწლეულს უწოდებენ. ამის მიუხედავად ქართველ ანარქისტებს არ შეუწყვეტიათ მუშაობა. რადგან საქართველოში რევოლუციურ მოძრაობას არნახული სისასტიკით გაუსწორდნენ, ძალიან ბევრი ქართველი ანარქისტი იძულებლი გახდა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ქართველები ტრადიციულად ბევრნი იყვნენ რუსეთის იმ რეგიონებში, რომლებიც საქართველოს ესაზღვრებოდნენ – ჩრდილოეთ კავკასია, დონი და კუბანი. ერთერთ ყველაზე უფრო აქტიურ ჩრდილოკავკასიურ ჯგუფში, რომელიც არმავირში მოქმედებდა მოღვაწეობდნენ ქართველები ა. გობეჯიშვილი, მ. მეტრეველი, დ. მოხნალიძე. ჯგუფის მუშაობას კოორდინაციას ასევე ქართველი ანარქისტი ანტონ მაჩაიძე ანხორციელებდა. შემდგომში ეკატერინოდარის პროცესზე მას სიკვდილი მიუსაჯეს.

აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკში და სხვა ციმბირის ქალაქებში გადასახლებული ქართველების მთელი კოლონიები იყო. ქართველი ანარქისტები იქაც კი არ ყრიდნენ ფარ-ხმალს და იატაკქვეშა მუშაობას აგრძელებდნენ. ეწეოდნენ აგიტაციას მუშებში, ავრცელებდნენ არალეგალურ ლიტარატურას.

კალანდარიშვილი ნესტორი ალექსანდრეს ძე (1876-1922)

ნესტორ კალანდარიშვილი დაიბადა ქუთაისის გუბერნიის, ოზურგეთის რაიონის სოფელ კვირკეთში ღარიბი აზნაურების ოჯახში. მას ჰყავდა ერთი ძმა და სამი და. 8 წლის ასაკში ის წავიდა სოფლის სკოლაში და ადგილობრივი მაწავლებლის რჩევით გადაიყვანეს ქუთაისის გიმნაზიაში, რადგან ბიჭს აშკარა ნიჭი და სწავლისკენ სწრაფვა გააჩნდა. გიმნაზიის დასრულების შემდეგ, მან ჩააბარა თბილისის სამასწავლებლო სემინარიაში საიდანაც 1895 წელს გაიწვიეს ჯარში 2 წლით. დემობილიზაციის შემდეგ ნესტორმა განაგრძო სწავლა და 1900 წელს სემინარიაში მოქმედი ესერების გავლენის ქვეშ მოექცა.

სავარაუდოდ პროფესიონალი რევოლუციონერის გზა ნესტორმა 1903 წელს აირჩია, როდეს ის გარიცხეს სემინარიიდან რევოლუციური საქმიანობისთვის. ამავე წელს ნესტორმა გაიარა ესერთა პარტიის არალეგალური სამხედრო კურსები. მან დატოვა თბილისი და წავიდა ბათუმში, სადაც ცოტა ხანი მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ კი როტშილდის ერთ-ერთ ქარხანაში მოეწყო.

1904 წელს ესერთა პარტიის ტაქტიკაში იმედგაცრუებული ნესტორი გადავიდა სოციალისტ-ფედრალისტებთან. როგორც საბრძოლო დანაყოფის წევრი, ის მონაწილეობდა 1905 წლის ბათუმის აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ კი დაპატიმრების საფრთხის გამო გადავიდა ქუთაისში, სადაც მუშაობდა მსახიობად ერთ-ერთ თეატრში. აქ კალანდარიშვილმა გაიცნო ანარქისტები და შეუერთდა მათ.
„დაიწყო ყველა ძველი რევოლუციონერისთვის კარგად ნაცნობი ცხოვრება: დამალვა, სროლა, სახურავებზე სირბილი და ა.შ.“ – იხსენებდა ის.

პატარა ანარქისტული რაზმი, რომელსაც კალანდარიშვილი მეთაურობდა თავს ესხმოდა ჟანდამებს, აწყობდა ექსპროპრიაციებს და ტერორისტულ აქტებს. საქართველოში რევოლუციური საქმიანობის პერიოდში ნესტორმა ყველა დიდი ქალაქის ციხე „მოიარა“ – ბათუმის, ქუთაისის, თბილისის და სოხუმის.

1907 წლის ბოლოს როდესაც მეფის ჯარებმა ქართული რევოლუციური მოძრაობა სისხლში ჩაახრჩეს, ნესტორმა დატოვა კავკასია. ის ვარაუდობდა იაპონიაში გადასვლას თუმცა ვერ მოახერხა ეს და დარჩა ირკუტსკში. აქ მან ცოლად მოიყვანა ქრისტინე მკერვალი, მაგრამ რადგან მათი ქორწინება ეკლესიაში არ იყო აღნიშნული ისინი ურთიერთობის აფიშირებას ერიდებოდნენ, და ქრისტინე თავს ნესტორის დას უწოდებდა. ირკუტსკში კალანდარიშვილმა ფოტოგრაფის ხელობა ისწავლა და ამავე დროს ადგილობრივ თეატრში მოეწყო სამუშაოდ.

მას შემდეგ, რაც ნესტორი ირკუტსკში არსებულ ვითარებას გაეცნო, მან დაუყონებლივ დაამყარა კავშირი გადასახლებულ ქართველ რევოლუციონერებთან. მისი ერთერთი თანამებრძოლი, ყოფილი ქუთაისელი გიმნაზიელი მ. ვ. წერეთელი რომელიც იმ დროს ჩერემხოვოში გადასახლებაში იმყოფებოდა, იხსენებდა, რომ ნესტორ კალანდარიშვილი აქტიურად ეწეოდა აგიტაციას ჩერემხოვოს მუშებთან და მაღაროელებთან. ჩერემხოვოს მაღაროებში ბევრი გადასახლებული ქართველი და ოსი მუშაობდა, რა გასაკვირია რომ ნესტორი ჩერემხოვოს ძალიან ხშირი სტუმარი იყო.

ირკუტსკში ყოფნის პერიოდში ნესტორს ხშირად აპატიმრებდნენ, მაგრამ მისი მუდმივი ადვოკატის ო. პატუშინსკის წყალობით ყოველთვის უშვებდნენ სამხილების არ არსებობის გამო. ბოლოს კალანდარიშვილი და მისი თანამებრძოლები: მაჭავარიანი, სოლომონ ორჯონიკიძე, გორგელაძე, ცეიტლინი, ტომაშევიჩი, ზავიალოვი და ბელოსლიუდცევი 1914 წელს გაასამართლეს, მაგრამ ისევე როგორც ადრე ვერაფერი დაუმტკიცეს და იძულებულნი იყვნენ გაეთავისუფლებინათ.

1917 წლის რევოლუციის პირველივე დღეებში ირკუტსკში მცხოვრები ქართველი ანარქისტები ჩაერთვნენ ბრძოლაში. მათ ჩამოაყალიბეს საბრძოლო დანაყოფი რომლის მეთაურად ნესტორ კალანდარიშვილი აირჩიეს. მისი უახლოეს თანაშემწეები გახდნენ მიხეილ ასათიანი – ბათუმის როტშილდის საწარმოს ყოფილი მუშა, გურიის აჯანყების მონაწილე იოსებ კიგურაძე, მეგრელი მწყემსი ვანო ხარჩილავა, ქუთაისელი გიმნაზიელი მიხეილ წერეთელი, გურული გლეხი გერასიმე ზოიძე და სხვა ქართველი რევოლუციონერები.

კალანდარიშვილის რაზმმა, რომელმაც შემდგომში პარტიზანული ჯარის მასშტაბამდე გაიზარდა, განსაკუთრებული როლი ითამაშა აღმოსავლეთ ციმბირის გათავისუფლებაში თეთგვარდიელების და ადგილობრივი ფეოდალების ბატონობისგან. სემიონოვის, კაპელის და უნგერნის თეთრგვარდიული დანაყოფების განადგურება დიდ წილად სწორედ კალანდარიშვილის პარტიზანების დამსახურებაა და არა წითელი არმიის, როგორც ამას ბოლშევიკები აცხადებდნენ.

ნესტორ კალანდარიშვილი დაიღუპა თეთგვარდიელებთან ბრძოლაში 1922 წელს.

მხოლოდ 1921 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ნესტორი დათანხმდა ბოლშევიკებთან თანამშრომლობას. ეს თანამშრომლობა იძულებითი იყო და ის უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ვიდრე რეალური ერთობლივი მოქმედებების. თუმცა ბოლშევიკებთან კავშირში გატარებული 1 წელიწადი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სახელგანთქმული რევოლუციონერის სიკვდილის შემდეგ ბოლშევიკებს მიეთვისებინათ მისი სახელი და ანარქიზმის შესახებ, როგორც „ახალგაზრდობის შეცდომის“ შესახებ ესაუბრათ.

ნესტორ კალანდარიშვილის სიკვდილის ადგილას ძეგლი დგას, მის სახელს რამდენიმე ქუჩა ატარებს. ყოველივე ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ლეგენდარული პარტიზანი „დროზე“ დაიღუპა. ადვილი წარმოსადგენია რა ბედი ეწეოდა ანარქისტს მისი გაცილებით უფრო ცნობილი თანამემამულის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ალბათ იგივე, რაც სხვა აღმოსავლეთციმბირული პარტიზანული რაზმის მეთაურს, ლატვიელ ანარქისტს ივან სტროდას, რომელიც სტალინის ჯალათებმა წამებით მოკლეს.

აზერბაიჯანი

20-ე საუკუნის დასაწყისში ბაქოს მიდამოებს ასობით ნავთობის მომპოვებელი ნაგებობა ფარავდა, ბაქო ნავთობის მოპოვების ცენტრი იყო მთელს რუსეთის იმპერიაში. აქ საზარელ პირობებში მუშაობდა ათიათასობით ადამიანი. მათი ეთნიკური წარმომავლობა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო (სპარსელები, სომხები, რუსები, აზერბაიჯანელები, ქართველები). 20-ე საუკუნის დასაწყისში გავრცელებული იყო სისხლისღვრა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის (როგორც ვხედავთ დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ.) ანარქისტები (მათი ყველაზე დიდი ჯგუფები იყვნენ „ანარქია“ და „ინტერნაციონალი“) თავიდანვე მოძრაობის ინტერნაციონალურ ხასიათზე აკეთებდნენ აქცენტს და თავიანთ პროკლამაციებს როგორც სომხურ, ისევე აზერბაიჯანულ ენაზე უშვებდნენ. ისინი ცდილობდნენ გაერთიანებინათ მშრომელები ერთი საერთო მტრის – ექსპლოატატორების წინააღმდეგ ბრძოლაში. ანარქისტები აქტიურად მოქმედნენ 1904 წლიდან, მაგრამ დიდი პოპულარობით არ სარგებლობდნენ.

მათმა აქტიურობამ პიკს 1906-1907 წლებში მიაღწია, როდესაც ბაქოში სხვადასხვა წყაროებით 13-დან 40-მდე ანარქისტული ორგანიზაცია მოქმედებდა. მხოლოდ 1906 წლის განმავლობაში ანარქისტების რიგებში 2 800 მუშა ჩადგა.

ბაქოს პროლეტარიატის მაგალითზე კარგად ჩანს ანარქიზმის სპეციფიკა 20-ე საუკუნის დასაწყისში. იმ დროის ჩვეულებრივი ანარქისტი არის დიდი საწარმოს ან სახელოსნოს მუშა, რომელიც იბრძვის საკუთარი მდგომარეობის გაუმჯებესებისთვის და საზოგადოებრივი წესრიგის შეცვლისთვის. მისი ბრძოლის მეთოდებში გაფიცვების გარდა ძალიან ხშირად პირდაპირი აჯანყება და ბურჟუაზიის წინააღმდეგ კონკრეტული მოქმდებაც იყო.

1905 წლისთვის არსებულ ორგანიზაციებს შორის ყველაზე უფრო შესამჩნევები იყვნენ: ბაქო – „ანარქია“, ბიბი-ეიბათი – „ბრძოლა“, ბალახანი – „აჯანყება“, – შავი ქალაქი – „ინტერნაციონალი“.

1906 წელს ჯგუფ „ანარქიას“ გამოეყო 2 ახალი ორგანიზაცია, რომლებიც თავს „წითელ ასეულს“ და „აზად“-ს უწოდებდნენ. (იმ დროს წითელი ზოგადი რევოლუციური ფერი იყო, და როგორც ანარქისტები ისევე კომუნისტები იყენებდნენ, იმის მიუხედავად რომ მათ შორის დაპირისპირები უკვე მაშინ ნათელი იყო). ამ ორგანიზაციებმა თავისი გამოყოფა „ბრძოლის უფრო რადიკალური მეთოდებისკენ“ სწრაფვით ახსნეს.

იმ დროის პოლიციური ანგარიშები იუწყებიან, რომ ანარქისტების ეთნიკურ უმრავლესობას რუსები წარმოადგენდნენ. თუმცა ეს ასე არ არის. ანარქისტულ ორგანიზაციებში უამრავი სომეხი, აზერბაიჯანელი და ებრაელი იყო. ასე მაგალითად „წითელ ასეულში“ რვა ქართველი შედიოდა. ანარქისტების საშუალო ასაკი 28-30 წელი იყო. (ყველაზე ახალგაზრდება 19 წლის იყვნენ, ყველაზე „ბებრები“ კი 35-ის)

ჯგუფი „ანარქიის“ მუშაობის კოორდინირებას ახდენდა ს. კალაშიანცი, რომელმაც 1906 წელს გამოსცა ბროშურა „ბრძოლა და ანარქია“ (მისი ლიტერატურული ფსევდონომია ა.სევუნი). 1906 წლის 5 სექტემბერს ს. კალაშიანცი იქნა მოკლული დაშნაკების მიერ. ეს იყო შურისძიების აქტი, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ანარქისტებმა მანთაშევის საწარმოს დირექტორი დოლუხანოვი (დაშნაკი) მოკლეს.
კალაშიანცის მკვლელობის შემდეგ ჯგუფის კოორდინირებას ფ. იაცენკო, ხ.ზახარიანცი და ა. ტერ-სარქისოვი შეუდგნენ.

„წითელი ასეულის“ მუშაობის კოორდინირებას ვ.ზეინცი და ა. შტერნი ახდენდნენ. ისინიც 1906 წლის სექტემბერში მოკლეს ციხიდან გაქცევის მცდელობის დროს.
ბაქოელი ანარქისტების მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბეჭვდითი პროპაგანდა და წიგნების დაბეჭვდა იყო. ამისთვის ისინი სტამბას იყენებდნენ. პროკლამაციებს, ბროშურებს და წიგნებს უშვებდნენ დიდი ანრქისტული ორგანიზაციები: „ბრძოლა“ (მისი მეთაური ვინმე „ვალერიანი“ იყო. ჩვენთვის ცნობილი წევრების სახელებია: ვ. გორბუნოვი, დ. კულიკოვი, კ. ლიუბომუდროვი, გ. კოსტინა, რ. პისჩიკი.) „ანარქია“ და „წითელი ასეული“ (რომელსაც ზეინცის მკვლელობის მერე მ. ზაიაჩენკოვი და პ. სტუდენევი მეთაურობდნენ).

1906 წლის 11 სექტემბერს ბაქოს რესტორანში „სევასტოპოლი“ ანარქისტების დიდი შეკრება მოხდა. კრებას უნდა განეხილა ერთ ორგანიზაციაში გაერთიანების და საერთო სტრატეგიის შემუშავების საკითხები. შენობას ალყა შემოარტყა პოლიციამ და საჯარისო შენაერთებმა. შეირაღებული შეტაკების შემდეგ პოლიციამ 38 ადამიანი დააპატიმრა. ბევრმა ანარქისტმა გაქცევა შეძლო, მათი ნაწილი ქალაქგარეთ დააკავეს. ჯამში 88 ადამიანი დააპატიმრეს. ანარქისტების ნაწილმა ბათუმში გადასვლა შეძლო, სადაც ადგილობრივ ჯგუფს შეუერთდა და ბათუმის ანარქო-კომუნისტ მუშათა კავშირი „ინტერნაციონალი“ ჩამოაყალიბეს. „ინტერნაციონალის“ მუშაობის კოორდინირებას ცნობილი ანარქისტი დავით როსტომაშვილი იგივე „შავი დათიკო“ ახდენდა. ადგილობრივი ესერების სტამბის გამოყენებით „ინტერნაციონალმა“ გამოუშვა მანიფესტი: „ამხანაგო რევოლუციონერებო!“. ეს მანიფესტი ამიერ კავკასიის ანარქისტების პროგრამულ დოკუმენტად იქცა, და ფართოდ ვრცელდებოდა ბაქოში.

„არასახელმწიფოებრივი კომუნიზმი როგორც მიზანი, სოციალური რევოლუცია როგორც გზა მიზნისკენ“ – ეწერა მანიფესტში. „მხოლოდ ამ თვალსაზრისის გაზიარებით შეიძლება განხორციელდეს თავისუფლების იდეა და წერტილი დაესვას დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მონობას. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება და ლიბერალები იმდენად ძლიერები აღმოჩნდებიან, რომ უფრო დახვეწილი მონობის სახეობას მოაბამენ ხალხს, ჩვენ ამას როგორც ისტორიულ გარდაუვალობას შევხედავთ და რევოლუციას დაუსრულებლად, ქრონიკულად გამოვაცხადებთ“

ა. შტერნის და ვ.ზეიცის ხსოვნას მიძღვნილი „ანარქიის“ პროკლამაციაში საუბარი იყო დაღუპული ამხანაგების გმირობაზე და მათ ანდერძზე: „განვაგრძოთ დიდი საქმე, გავავრცელოთ რევოლუციური ანარქიზმის ნათელი იდეები დაჩაგრულ ხალხში, რომელსაც გადაარჩენს საერთაშორისო რევოლუციური პროლეტარიატი თავისი ანარქისტული ცნობიერებით და ბრძოლის რადიკალური ფორმით.“
ანარქისტების მოქმედებები რათქმაუნდა არ შემოიფარგლებოდა მანიფესტებით და დისკუსიებით სოციალ-დემოკრატებთან. ძირითად ისინი ექსპროპრიაციების და პირდაპირი მოქმედების აქტების სახით გამოიხატებოდნენ.

ამ გზით მოპოვებული ფული მუშების დახმარებაზე იხარჯებოდა. ასე მაგალითად 1906 წელს ხელისუფლებამ შეტაკებებისგან დაზარალებულ ბაქოს მოსახლეობას 16 მილიონი რუბლი გამოუყო. ფულის განაწილებას მარგანეცის მწარმოებელთა აქციონერთა საზოგადოება ხელმძღვანელობდა, რომელმაც უარი განაცხადა მუშებისთვის ფულის გადაცემაში. მუშებმა 2 თვიანი გაფიცვა გამოაცხადეს რომლის დროსაც ჯგუფი „ანარქიას“ წევრები მათ აქტიურად ეხმარებოდნენ, მათ შორის ფულითაც. ამის გარდა ანარქისტებმა განახორციელეს ტერაქტი ინგლისური ქარხნის დირექტორზე (იგივე ვიცე-კონსული) ურკარტზე, და მოკლეს მონთაშევის ქარხნის დირექტორი დოლუხანოვი. ყოველივე ზემოთხსენებულმა აიძულა აქციონერები მუშებისთვის ფული გადაეცათ. როგორც უკვე ვახსენეთ დოლუხანოვის მკვლელობაზე დაშნაკებმა ს. კალაშიანცის მკვლელობით უპასუხეს. ანარქისტებმა გამოუცხადეს ომი პარტიას „დაშნაკცუტიუნ“, რომლის დროსაც 1906-07 წლები, 17 დაშნაკი და 11 ანარქისტი დაიღუპა. თუ თავიდან ომი მხოლოდ დაშნაკების წინააღმდეგ მიდიოდა, 1907 წლის შემდეგ ანარქისტებს ე. წ. „მწვანე ასეულთანაც“ მოუწია ბრძოლა. „მწვანე ასეული“ აზერბაიჯანელმა კაპიტალისტებმა მუშების წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნეს.

ანარქისტების ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი ინდივიდუალური ტერორისტული აქტები იყო. ყველაზე ბევრი ასეთი აქტი „წითელმა ასეულმა“ ჩაიდინა. 1906-დან 1908 წლამდე მათ მოკლეს პოლიცმეისტერის თანაშემწე ჟღენტი, ბადრაგები ზავგოროდნი და კუდრიაშოვი, პოლიციის აგენტები დოლჟნიკოვი და ლევინი, პოლიციის უფროსი რიხტერი, პოლიციელი პესტოვი, ფირმა „ნობელის“ მმართველი ეკლუნდი, იგივე ფირმის მთავარი ინჟინერი ტუასონი, გამომძიებელი რაჩკოვსკი და სხვ.

ანარქო-კომუნისტებმა ჯგუფიდან „ანარქია“ 1906 წელს მოკლეს ბიბი-ეიბათის ქარხნების მმართველები, მუშების მჩაგვრელები ურბანოვიჩი და სლავსკი, ასევე პროვოკატორი ტავმისიანცი.

მრავლად იყო შემთხვევა როდესაც ანარქისტები აიძულებდნენ კაპიტალისტებს დათმობაზე წასვლას ბომბების აფეთქებით, ნავთობის ცისტერნების დაწვით და ა.შ.
1908-1909 წლებში, პირველი რუსული რევოლუციის დამარცხების შემდეგ მთელი იმპერიის ტერიტორიაზე რეპრესიების ტალღა დაიწყო. მხოლოდ 1908 წლის მარტში „წითელი ასეულის“ 50 წევრი დააკავეს და გააციმბირეს. რეპრესიები 1909 წელსაც გაგრძელდა, ამ დროს დაპატიმრებული დ. ვესელოვის და ე. რუდენკოს სახლში ბომბები და ანარქისტული ლიტერატურა იპოვეს.

სამწუხაროდ 1908-1909 წლის რეპრესიების შემდეგ აზერბაიჯანის ანარქისტულმა მოძრაობამ შეწყვიტა თავისი არსებობა.

სომხეთი

XX საუკუნის დასაწყისში სომხეთი ორ იმპერიას ჰქონდა დაყოფილი. ერთის მხრივ ეს ოტომანთა იმპერია და მეორეს მხრივ რუსეთის იმპერია იყო. სომეხმა ანარქისტებმა თავიანთი საქმიანობით უკვე XIX საუკუნეში მიიპყრეს ოტომანთა იმპერიის ხელისუფლების ყურადღება. სომეხ ანარქისტთა შორის ყველაზე უფრო ცნობილია ალექსანდრე ატაბეკიანი, რომელსაც ფართო კონტაქტები ჰქონდა მსოფლიო ანარქისტულ მოძრაობასთან. ჯერ კიდევ ჟენევაში სწავლის დრო ის დაუმეგობრდა პეტრე კროპოტკინს, ელიზე რეკლიუს და ჟან გრავს. განსაკუთრებით დიდი მეგობრობა მას აკავშირებდა პეტრე კროპოტკინთან. ატაბეკიანმა თარგმნა სომხურ ენაზე რამდენიმე ანარქისტული ნაშრომი და ავრცელებდა ანარქისტულ ჟურნალს „თანამეგობრობა“ (ამაინაკ), რომელიც სომხურის გარდა სპარსულ ენაზეც გამოდიოდა.

ალექსანდრე ატაბეკიანს ჰქონდა სერიოზული მცდელობა მოერგო ანარქიზმი შუა აღმოსავლეთის პოლიტიკური ვითარებისთვის. ყველა მის ნაშრომში ჩანს, როგორც ოტომანთა იმპერიის წინააღმდეგ გამოსვლა, ისევე ევროპული ბატონობის მიუღებლობა მთლიანად რეგიონში. ასეთ იდეებს იზიარებდა სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტიუნ“ რომელიც თავდაპირველად ანარქისტების, ნაციონალისტების და სოციალისტების კოალიციას წარმოადგენდა. იმის მიუხედავად რომ „დაშნაკციუტუნის“ მანიფესტი რუსი ნიჰილისტების სტილში იყო დაწერილი დროთა განმავლობაში დაშნაკების ანარქიზმი მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებმა ჩაანაცვლეს. მაგრამ იმ დროს, როდესაც ბოლშევიზმი პოპულარობას იძენდა სომხეთში, ანარქიზმი პოპულარული ხდებოდა დასავლეთში, სომეხი ემიგრანტების დიასპორებში. ამაზე მეტყველებს ანარქისტული ჟურნალების რაოდენობა, რომლებიც შეერთებულ შტატებში სომხურ ენაზე გამოდიოდნენ (შტიობჰარდ). რაც შეეხება “დაშნაკციუტუნს“, დაშნაკების და ანარქისტების გზები რადიკალურად გაიყო მას შემდეგ, რაც პირველები „ეროვნულ“ ბურჟუაზიასთან შევიდნენ კავშირში, საქმე იქამდე მივიდა, რომ ანარქისტებსა და ნაციონალისტ-დაშნაკებს შორის სისხლიანი დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავი იყო.

სომეხი ანარქისტები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ კავკასიის ანარქისტული მოძრაობის განვითარებაში.

ჩრდილოეთ კავკასია

20 საუკუნის დაწყისში ჩრდილოეთ კავკასიაში ანარქისტები ყველაზე უფრო აქტიურები იყვნენ ეკატერინოდარში (კრასნოდარი) და არმავირში.

არმავირში 1906 წლის შემოდგომიდან მოქმედებდა „არმავირის ანარქო-კომუნისტთა ორგანიზაცია“, რომელიც ძირითადად რუსებისგან და სომხებისგან შედგებოდა (ეს ორი ეთნოსი ისტორიულად არმავირის მოსახლეობის დიდ პროცენტს შეადგენს). ორგანიზაცია თავის მოქმედებებში ფართოდ იყენებდა ექსპროპრიაციის მეთოდს.

1907-1908 წლებში ანარქისტებმა მუშაობა დაიწყეს ეკატერინოდარში, მაიკოპში და ნოვოროსიისკში (ამ უკანასკნელში ჯგუფმა „ანარქიამ“ მხოლოდ 1 წელიწადს იარსება და შემდგომ განადგურებული იქნა პოლიციის მიერ).
კუბანის ანარქისტული ჯგუფები ძირითადად მშრომელი და უმუშევარი ახალგაზრდობისგან შედგებოდნენ. ეკატერინოდარის ერთერთი ყველაზე ცნობილი ანარქისტი ალექსანდრე მოროზოვი (მოროზი) იყო. თავგანწირული რევოლუციონერი და პარტიზანი, მოროზი უამრავი ექსპროპრიაციის და ელიტის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო. დიდი ხნის განმავლობაში ის ხელიდან უსხლდებოდა პოლიციას, მაგრამ ბოლოს ჟანდარმებმა მაინც მოახერხეს მისი ალყაში აყვანა. ალექსანდრე დაიღუპა პოლიციასთან ბრძოლაში – ტყვეობას მან სიკვდილი ამჯობინა და ბოლო ვაზნით თავი მოიკლა.

მხოლოდ ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ, ამჯერად უკვე წითელმა ბელადებმა არნახული ტერორის გზით შეძლეს კავკასიაში ანარქიული ბრძოლის ხანძრის საბოლოო ჩაქრობა. ათასობით ანარქისტი გააციმბირეს, დახვრიტეს, ჩამოახრჩეს და წამებით მოკლეს ნკვდ-ს სარდაფებში.