კარლო კაფიერო – 1846-1892

მოკლე ბიოგრაფია მომზადებულია რიჩარდ დრეიკის ნაშრომის: აპოსტოლები და აგიტატორები (2003) მიხედვით. თავი 2 – კარლო კაფიერო: ანარქო-კომუნიზმის წინასწარმეტყველი.

იტალიაში, მდიდარი მიწათმფლობელის ოჯახში გაზრდილი, ლამაზი გარეგნობის 25 წლის კარლო კაფიერო, რომელმაც უარი თქვა დიპლომატის წარმატებულ კარიერაზე და ჩაერთო მუშათა მოძრაობაში, 1870 წელს მიაშურა ინგლისს, სადაც შეხვდა კარლ მარქსა და ფრიდრიხ ენგელსს, რომლებიც აღფრთოვანებას არ მალავდნენ მისი ინტელექტის მიმართ და მალევე აირჩიეს ინტერნაციონალის წევრად. ვინაიდან იტალიაში მშრომელები ძირითადად იყვნენ რესპუბლიკელებისა და ანარქისტების გავლენის ქვეშ, მარქსმა და ენგელსმა შესთავაზეს მას იტალიაში დაბრუნება, რათა გაევრცელებინა მარქსიზმი ჯუზეპე მაძინისა და მიხეილ ბაკუნინის საპირწონედ. კაფიერო დათანხმდა, დიდი ენთუზიით გამსჭვალულმა დატოვა ლონდონი 12 მაისს და ჩავიდა ფლორენციაში იმ დროს, როცა პარიზის კომუნა დამარცხდა. შემდგომ გადავიდა ნეაპოლში და დაიწყო თავის საქმიანობასა და მიმდინარე მოვლენებზე ანგარიშების გაგზავნა უკან ლონდონში.

კაფიეროს მოხსენებები წარმოადგენს მისი საქმიანობის მთავარ დოკუმენტურ წყაროს იტალიაში მარქსიზმის დასაწყისის პერიოდზე. 1871 წლის 28 ივნისს ენგელსისადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: ”მთელი მასები იტანჯებიან ბარბაროსულ პირობებში, ყოველგვარ ადამიანურ პროგრესს მოკლებულებსა და უღელით დამძიმებულებს, სჯერათ, რომ მსახურებისთვის არიან დაბადებულები და ამქყვეყნიური ტანჯვით იმედოვნებენ, რომ შემდეგ ცხოვრებას გააგრძელებენ ღვთის წყალობით სამოთხეში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შუამავლობით და წმინდა მამების კურთხევით.” ის აგრძელებდა ცხოვრებას იტალიის სამხრეთით “ბარბაროსობის მდგომარეობაში”. მან უთხრა ენგელსს, რომ ესპანელებმა, ბურბონებმა და კათოლიკურმა ეკლესიამ შექმნეს სამხრეთის ტრაგედია; ახლა კი იტალიის მთავრობა მოვიდა ამაზრზენი მისიით, რომ არსებითად ხელშეუხებლად შეინარჩუნოს ეს საშინელი სტატუს-ქვო. კაფიერომ დამაჯერებლად იწინასწარმეტყველა, რომ კლასობრივი ბრძოლის დაუცხრომელი ძალა რევოლუციამდე მიიყვანდა ქვეყანას.

კლასობრივი ბრძოლა, რომელიც კაფიერომ მოიხსენია, არ იყო ის, რასაც მარქსი გულისხმობდა. ჩამორჩენილ იტალიას არ გააჩნდა ინდუსტრიული პროლეტარიატი, მაგრამ ის სავსე იყო ღარიბი ადამიანებით, ისევე როგორც დაუნდობელი ექსპლუატატორების კლასით. სიტუაცია ფეხმძიმედ იყო რევოლუციით, მაგრამ ვინ ამშობიარებდა მას: მარქსი, მაძინი, თუ ბაკუნინი? რევოლუციის ეს სამი დოქტორი ეპაექრებოდა ერთმანეთს იტალიელი მემარცხენეების გულის დაპყრობისათვის პარიზის კომუნის წლების შემდეგ. თავიდანვე, როგორც ინტერნაციონალის გენერალური საბჭოს სპეციალური წარმომადეგენლი იტალიაში, როგორც ჩანს კაფიერო მოწადინებული იყო მოეხდინა გარკვეული სახის შერწყმა მარქსიზმსა და ბაკუნინიზმს შორის. მაძინიანიზმი მან შეუბრალებლად გაანადგურა. ის დასცინოდა მაძინის ნაციონალისტურ დევიზს, “ღმერთი და ხალხი”, როგორც ობსკურანტულ სისულელეს. “საბრალო მოხუცს არ ესმის თანამედროვე სიტუაცია, ვერ ხვდება რომ მისი დრო გარდასულია”. ბაკუნინის შესახებ კი, კაფიეროს არაფერი კრიტიკული არ დაუწერია ლონდინისკენ გაგზავნილ პირველ ანგარიშში.

ენგელსმა მადლიერება გამოხატა კაფიეროოს მიერ იტალიაში არსებული სიტუაციის აღწერისათვის, თუმცა მას აწუხებდა კაფიეროს დუმილი ანარქიზმის შესახებ. ენგელსი განუწყვეტლივ ახსენებდა მას, რომ იტალიაში ჭეშმარიტი კომუნიზმის ერთადერთი მტერი მაძინი არ იყო. წერილებში ის ანარქისტებს სექტად მოიხსენიებდა და ლანძღავდა ბაკუნინს, რომ მას არ ესმოდა პოლიტიკური ვითარების ეკონომიკური საფუძვლები. ენგელსს სურდა, რომ კაფიეროს ისეთივე გულმოდგინება ეჩვენებინა ანარქისტებზე თავდასხმაში, როგორც ამას აკეთებდა მაძინის მომხრე რესპუბლიკელებზე.

კაფიერო ვერ ხედავდა ბაკუნინიზმს, როგორც მარქსიზმთან შეურიგებელ იდეოლოგიას. ის სიმპათიას გამოხატავდა ბაკუნინის მიმართ და ენგელსის წინააღმდეგობა რეალურ საფუძველს მოკლებულად მიაჩნდა. 1871 წლის 19 ნოემბერს ენგელსისადმი მიწერილ წერილში, რომელზეც პასუხად დუმილი მიიღო, კაფიერო აღნიშნავდა: “მე შემიძლია კატეგორიულად ვუარყო თითქოს ანარქისტები არიან სექტანტები, ნეაპოლში კი ბაკუნინი უყვართ იმათაც კი, ვინც არასოდეს შეხვედრია მას. ახალფორმირებული სახელმწიფო აწარმოებს პოლიციურ რეიდებს ყველა მემარცხენეს წინააღმდეგ, ხალხის უკმაყოფილება კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და სოციალური რევოლუცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს”. კაფიერომ ბაკუნინის ნაწერებში აღმოაჩინა “სიტყვები ღრმა პატივისცემისა მარქსისადმი”. (მარქსის ნაშრომი რუსულად პირველად ბაკუნინმა თარგმნა – მთარგმნელის შენიშვნა)

ამ წლებში კაფიერი მივიდა დაკსვნამდე, რომ ის ვერ გააგრძელებდა მარქსისა და ენგელსის სპეციალურ წარმომადგენლად ყოფნას. მართალია მისთვის მარქსიზმი რჩებოდა როგორც კაპიტალიზმის გაგების ძირითადად ჩარჩოდ, მაგრამ ვითარება იტალიაში იყო პრე-კაპიტალისტური და მარქსის იდეა ინდუსტრიულ პროლეტარიატზე არ მიესადაგებოდა XIX საუკუნის ნეაპოლს, ხოლო ბაკუნინის იდეა გლეხებისა და ლუმპენპროლეტარიატის რევოლუციური პოტენციალის შესახებ – შესაფერისი იყო. ნეაპოლელი ანარქისტის, ჯუზეპე ფანელის შუამავლობით ის შეხვდა ბაკუნინს შვეიცარიაში, 1872 წლის 20 მაისს. კაფიერო ისეთივე პატიცისცემით შეხვდა ბაკუნინს, როგორც 2 წლის წინ მარქსს, მაგრამ ამჯერად ის მონუსხული იყო მისი რევოლუციური ქარიზმით, რომელიც მარქსს არ ქონდა, ბაკუნინი ცხოვრობდა რევოლუციით, მარქსი კი მხოლოდ წერდა მასზე.

იტალიაში დაბრუნებულმა კაფიერომ გამოსათხოვებელი წერილი მისწერა ენგელსს. მან ბაკუნინთან შეხვედრის სიმართლე გაამჟღავნა: “რამდენიმე წუთის საუბრის შემდეგ ჩვენ მივხვდით, რომ ფუნდამენტურ პრინციპებზე სრულად ვთანხმდებოდით.” ბაკუნინთან ერთ თვიანი დისკუსიისა და საკუთარი გამოცდილების შედეგად მან დაინახა ის ჩაგვრის მხარე, რომელიც პროლეტარიატის დიქტატურის კონცეფციას ახლდა თან: “ახლა, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ნება მომეცი, რომ გულწრფელად გელაპარაკო. თქვენი კომუნისტური პროგრამა, პოზიტიურ ასპექტში ერთი დიდი რეაქციული აბსურდია”. კაფიერო აღიარებდა, რომ სახელმწიფოს საშინელება მოაქვს მის ყველა ფორმაში, მშრომელთა სახელმწიფოს ჩათვლით. თითქმის ერთი წლის დუმულის შემდეგ ენგელსმა სასტიკი წერილით უპასუხა. ის ადანაშაულებდა კაფიეროს თავისი წერილების ბაკუნინისათვის ჩვენებაში და ღალატში. კაფიეროს პასუხი არ დაუბრუნებია.

1873 წლის ზაფხულში კაფიეროს დახმარებით ძველი პროექტი რეალიზდა: შეიქმნა ინტერნაციონალური ცენტრი რევოლუციონერებისათვის. კაფიერომ გაყიდა მემკვიდრეობით მიღებული ყველა მიწა და იყიდა ფერმა შვეიცარიაში, სადაც ბაკუნინს შეეძლო ეცხოვრა. ეს სივრცე უნდა ყოფილიყო თავშესაფარი დევნილი რევოლუციონერებისათვის. 1875 წელს კაფიერო გადავიდა მილანში და შეუერთდა საგამომცემლო ჯგუფს, რომელიც ყოველდღიურ გაზეთს უშვებდა. 1977 წლის აპრილში კაფიერო, ერიკო მალატესტა, სერგეი სტეპნიაკი [1] და მათი 30 ამხანაგი აჯანყდნენ ბენევენტოს პროვინციაში. მათ აიღეს სოფლები შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე, ადგილობრივი მოსახლეობა მათ სიხარულით მიეგება. მოახდინეს იარაღისა და საწარმოო საშუალებების ექსპროპრიაცია და დაიწყეს მისი განაწილება, აგრეთვე გაანადგურეს არქივი, სახელმწიფო და სახაზინო დოკუმენტები და ტერიტორია თავისუფალ ზონად გამოაცხადეს. კაფიერო ეწეოდა განმანათებლურ საქმიანობას ანარქიზმზე, თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და საზოგადოებაზე სახელმწიფოს, მმართველების, მოსამსახურეების, პოლიციისა და მესაკუთრეეების გარეშე. მისმა პროკლამაციებმა ადგილობრივი მღვდელიც კი მოაქცია, რომელიც შემდეგ თავის მრევლს ქადაგების დროს უხსნიდა, რომ ინტერნაციონალისტი რევოლუციონერები ღმერთის ჭეშმარიტი მოციქულები იყვნენ. მომდევნო დასახლებული პუნქტის ასაღებად გადასული რევოლუციონერების ჯგუფი ალყაში მოაქცია სახელმწიფო ჯარმა. ყველა მათგანი დააპატიმრეს.

ბრალდება კაფიეროსა და მისი ამხანაგების მიმართ იყო საკმაოდ სერიოზული: სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება და შეიარაღებული გადატრიალების მოწყობა, ხანძრის გაჩენა, სახელმწიფო საკუთრების განადგურება, ძარცვა, კარაბინერების (პოლიცია) მკვლელობა. ეს სასიკვდილო განაჩენი იყო. თუმცა ანარქისტი პატიმრებისათვის სიტუაცია შეიცვალა იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელის სიკვდილის მერე. ბენევენტოს ჯანყი გადაკვალიფიცირდა როგორც პოლიტიკური კრიმინალი და დაექვემდებარა ამნისტიას, რომელსაც ხელი მოაწერა ახალმა მეფემ უმბერტომ [2]. 1878 წლის აგვისტოში ყველა ბრალდებული გაათავისუფლეს.

ციხეში ყოფნის განმავლობაში კაფიერომ დაწერა მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოები: მარქსის კაპიტალის მოკლე შინაარსი ( A Compendium of Das Kapital) რომელიც გამოქვეყნდა მილანში 1879 წელს. კაფიეროს სურდა კაპიტალის თეორია და ძირითადი პოსტულატები პოპულარულ ენაზე გადმოეცა სტუდენტების, მუშებისა და მცირე მესაკუთრეებისათვის. ტექსტი შედგებოდა 126 გვერდისაგან, რომელშიც ყუდადღება გამახვილებული იყო შემდეგ კონცეპტებზე: შრომის ღირებულების თეორია, ექსპლუატაცია, შრომის დანაწილება, კაპიტალის აკუმულაცია და გაუცხოება.

კაფიერომ Compendio-ს ორი ასლი გაუგზავნა მარქსს ლონდონში თანდართული წერილით, სადაც მწუხარებას გამოთქვამდა, რომ ვერ მოახერხა მანუსკრიპტის გაგზავნა მისთვის, რათა დაბეჭდვამდე გადაეხედა მარქსს. ის აგრეთვე იმედოვნებდა, რომ სწორად გადმოსცა “კაპიტალი”. მას არ აღუნიშნავს 1872 წლის უთხანხმოება. მარქსმა მაღალი შეფასება მისცა კაფიეროს წიგნს და გამოუგზავნა წერილი ფრანგულ ენაზე, მიუხედავად იმისა რომ მარქსმა ძალიან კარგად იცოდა იტალიური ენა. წერილში მარქსი წერდა, რომ ის ძირითადად იმედგაცრუებული იყო იმით, რომ მისი ნაშრომები არასწორად ესმოდათ და სხვა ინტერპრეტაციებს აძლევდნენ. მას მხოლოდ ერთი შენიშვნა ქონდა კაფიეროსადმი, რომ არ დაწერა ემანსიპაციისათვის საჭირო მატერიალური პირობების შესახებ, რომელიც იქმნება თავისთავად კაპიტალისტური ექსპლუატაციის განვითარებასთან ერთად. თავის მხრივ, მარქსმაც დააიგნორა 1872 წლის არასასიამოვნო პერიოდი და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

როგორც მილიტანტი ანარქისტის, კაფიეროს ცხოვრება უფრო და უფრო გართულდა, 1880 წლის სექტემბერში პოლიციამ მოახდინა მისი შრომების კონფისკაცია, მათ შორის დაუსრულებელი ნაწარმოების. მხოლოდ ნოემბერში შეძლო წარმატებით გამოექვეყნებინა მისი განახლებული ხედვა მარქსზე, ტექსტში “ანარქია და კომუნიზმი”, ანაქისტების კონგრესამდე ერთი წლით ადრე. ბაკუნინიზმისა და მარქსიზმის სინთეზი ერთ სოციალისტურ თეორიაში იქცა მისი ინტელექტის ორიგინალურ პროდუქტად. შეიძლება ითქვას რომ ანარქისტული კომუნიზმი დაიბადა იტალიაში. ის ანარქიზმსა და კომუნიზმს ხედავდა როგორც თავისუფლებისა და თანასწორობის სინონიმებს, იმ ფუნდამენტური ცნებების, რომლებიც არის “ჩვენი რევოლუციური იდეალი”. კომუნიზმს ჭირდებოდა ანარქისტული შესწორება. სახელმწიფოებრივი გადაწყვეტა პროლეტარიატის დიქტატურის ფორმაში კი რჩებოდა მარქსიზმის შავ ლაქად. ანარქისტული მიდგომა სრულყოფდა მარქსიზმს, ისევე როგორც კაპიტალი მისცემდა ანარქიზმს ეკონომიკური წყობის გაგებას. ანარქო-კომუნისტური სინთეზი, ადამიანს უხსნიდა თავისი ბუნების, როგორც კოლაბორაციული არსების, რეალიზაციის საშუალებას.

კაფიერი მიესალმებოდა ტექნოლოგიას ანარქო-კომუნისტურ მომავალში. კაპიტალისტები ტექნოლოგიას მხოლოდ მოგებისთვის იყენებენ. ხოლო როცა მოისპობა მოგების შესაძლებლობა, გაქრება ასეთი მოტივიც, ტექნოლოგიის დანიშნულება იქნება მთელი კაცობრიობის მრავალფეროვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

1878 წელს ანარქისტმა ჯოვანი პასანანტემ იტალიის მეფის, უმბერტო I მკვლელობა ცადა. ფაქტმა შეძრა მთელი ერი, რადგან ეს იყო პირველი თავდასხმა სამეფო დინასტიის წარმომამადგენელზე. სახელმწიფო ანარქისტული შეთქმულების პანიკამ მოიცვა და რეპრესიებმა სასტიკი ფორმები მიიღო. ამის გამო კაფიერო ვერ დაბრუნდა საფრანგეთიდან იტალიაში. ის ცხოვრობდა მარსელში და მუშაობდა ნავსადგურში როგორც მზარეული და მტვირთავი. იმავე წლის ოქტომბერში ის და მალატესტა დააპატიმრეს და შემდგომ დეპორტაცია მისცეს. კაფიერო ჩავიდა შვეიცარიაში, სადაც ის შეხვდა პეტრე კროპოტკინს, რომელმაც თავის მხრივ უარყო დიალექტიკა და ანარქო-კომუნიზმს მისცა ჭეშმარიტი მეცნიერული მეთოდი. კროპოტკინთან და ელიზე რეკლიუსთან თანამშრომლობით მათ მოახერხეს ბაკუნინის ცნობილი ტექსტის, “ღმერთი და სახელმწიფო”-ს გამოცემა. კაფიერო კვლავ დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს და ის 1881 წელს ჩავიდა ლონდონში, სადაც მას გამოუვლინდა უცხო ავადმყოფობა. გამუდმებითი შფოთვა და თვალთვალის შეგრძნება, მას ყველგან აგენტები ელანდებოდა და ეშინოდა ტელეფონის, რომელიც სწორედ იმ დროს გამოჩნდა პირველად მსოფლიოში. 1882 წელს იტალიაში დაბრუნებული კაფიერო 5 აპრილს სრულიად უმიზეზოდ დააპატიმრეს, 2 მაისს, პატიმრობისას მწვავე ფსიქიკური შეტევის მსხვერპლი გახდა და თვითმკვლელობა სცადა. ამ სკანდალის შედეგად ის გაანთავისუფლეს, მაგრამ შესთავაზეს ან მშობლიურ ქალაქში დაბრუნება ან გადასახლება შვეიცარიაში.

დასუსტებულმა და სიცხიანმა კაფიერომ დევნილობა არჩია, სადაც კიდევ ცადა თვითმკვლელობა. ის მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში. მალატესტა წერდა: “მისი გონება ავადაა, მაგრამ მისი გული კვლავ ჯანმრთელი რჩება”. 1892 წლის 17 ივლისს, კვირას ის გარდაიცვალა ფსიქიატრიულ კლინიკაში ტუბერკულიოზით, 45 წლის ასაკში.

შენიშვნები:

[1] სერგეი სტეპნიაკი – 1851-1895 – რუსი რევოლუციონერი, რომელმაც მოკლა 1878 წელს მოკლა რუსეთის საიდუმლო პოლიციის უფროსი ნიკოლაი მეზენცოვი.

[2] უმბერტო I – 1844-1900 – იტალიის მეფე 1878 წლიდან. სწორედ მისი მეფობის დროს დაიწყო იტალიამ აფრიკის კოლონიზაცია. ამიტომაც ის განსაკუთრებით ეზიზღებოდათ ანარქისტებს, რომლებაც ცადეს მისი მოკვლა გამეფების პირველივე წელში. ის იქნა მოკლული ისევ ანარქისტის, გაეტანო ბრეშის მიერ.