მოკლე ისტორიული ანგარიში ძალადობრივი კონფლიქტისა მუშებსა და დასავლეთ ვირჯინიის მაღაროების მფლობელებს შორის XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში, სადაც მუშებს უწევდათ ბრძოლა კერძო პოლიციასთან. პ.ს. ამ ისტორიულ ფაქტებზე გადაღებულია მხატვრული ფილმი Matewan (1987) რეჟისორი და სცენარისტი John Sayles.
1883 წლის 12 მარტს პოკაჰონტასიდან (თეიზველის ოლქი, ვირჯინია) ნორფოლკის და დასავლეთის რკინიგზის მიმართულებით გაგზავნეს ქვანახშირით დატვირთული პირველი ვაგონი. ამ ახალმა რკინიგზამ ხელმისაწვდომი გახადა დასავლეთ ვირჯინიის ხელშეუხებელი ქვანახშირის საბადოები და დააჩქარა მოსახლეობის ზრდის ტემპი ამ ტერიტორიაზე. რეგიონის აგრიკულტურული ეკონომიკა გადაიქცა ინდუსტრიულად და პრაქტიკულად ერთ ღამეში აშენდა ორი ახალი ქალაქი. მაღალმა ხელფასებმა და იაფფასიანმა საცხოვრებელმა დასავლეთ ვირჯინიაში მიიზიდა ათასობით ევროპელი იმიგრანტი. მათთან ერთად, აფრო-ამერიკელების დიდი რაოდენობა გადმოვიდა აქ სამხრეთი შტატებიდან. მაკდოველის ოლქის შავკანიანთა მოსახლეობა 1880-1910 წლებში 0.1 პროცენტიდან 30.7 პროცენტამდე გაიზარდა.
დასავლეთ ვირჯინიის ახალ მკვიდრთა უმეტესობა მალევე იქცა ქვანახშირის ინდუსტრიის მიერ კონტროლირებადი ეკონომიკური სისტემის ნაწილად. მაღაროელები მუშაობდნენ კომპანიის მაღაროებში, კომპანიის ინსტრუმენტებითა და აღჭურვილობით, რომლებსაც კომპანია იჯარით აძლევდა მუშებს. კომპანიის სახლების ქირა და კომპანიის მაღაზიაში ნაყიდი საქონის ფასი იქვითებოდა მაღაროელების ხელფასს. მაღაზიები, თავის მხრივ, თავის საქონელს ადებდნენ ძალიან დიდ ფასებს, რადგან საქონლის ყიდვის სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. ქვანახშირის კომპანიებმა, რათა დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ, რომ მაღაროელები მთელ ხელფასს მათ მაღაზიებში დახარჯავდნენ, შემოიღეს საკუთარი მონეტარული სისტემა. მაღაროელებს უხდიდნენ ტალონებით, რომლების გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ კომპანიის მაღაზიებში. მაშინაც კი, თუ ხელფასი მოიმატებდა, ქვანახშირის კომპანიები უბრალოდ ზრდიდნენ ფასებს საკუთარ მაღაზიებში და ამით ინაზღაურებდნენ დანაკარგს.
„Cribbing“-ის სახელით ცნობილი სისტემა იყო მაღაროელებისთის ხელფასის დაკლების კიდევ ერთი საშუალება. მუშებს უხდიდნენ მოპოვებული ქვანახშირის წონის შესაბამისად. ყოველ ვაგონეტს მაღაროდან ამოჰქონდა ქვანახშირის გარკვეული რაოდენობა, 2000 ფუნტი. თუმცა ვაგონეტები ფარულად გადააკეთეს, რათა მათში ჩასულიყო ამ რაოდენობაზე მეტი ქვანახშირი, ამის შედეგად მუშებს უხდიდნენ 2000 ფუნტის საფასურს, მათ კი სინამდვილეში ამოჰქონდათ 2500. ამასთან ერთად, მუშებს უმცირებდნენ ხელფასს ქვანახშირში გარეულ ფიქალსა და ქვების გამო. ხელფასის შემცირება დამოკიდებული იყო იმ პირზე, ვინც ქვანახშირს წონიდა, ამ გზით მაღაროელებს ძალიან ხშირად ატყუებდნენ.
სავალალო ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად, მაღაროების უსაფრთხოება წარმოადგენდა ძალიან დიდ პრობლემას. დასავლეთ ვირჯინია ჩამორჩებოდა ყველა ქვანახშირის მომპოვებელ შტატს უსაფრთხოების უზრუნველყოფით. 1890-1912 წლებში დასავლეთ ვირჯინიას მაღაროებში სიკვდილის რიცხვი აღემატებოდა ყველა სხვა შტატს. ამ მაღაროებში მოხდა უამრავი უბედური შემთხვევა, მათ შორის იყო ქვეყნის მასშტაბით ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი კატასროფა . 1907 წლის 6 დეკემბერს მარიონის ოლქში, ქალაქ მონონგაში, მდებარე ფეირმონტის ქვანახშირის კომპანიის მაღაროში მომხდარმა აფეთქებამ შეიწირა 361 ადამიანი. ერთი ისტორიკოსის ვარაუდით, პირველ მსოფლიო ომში ბრძოლისას ამერიკელ ჯარისკაცს, სტატისტიკურად, გადარჩენის უფრო დიდი შანსი ჰქონდა, ვიდრე დასავლეთ ვირჯინიელს ქვანახშირის მაღაროში მუშაობისას.
მე-19 საუკუნის დასაწყისში ცუდი პირობებისა და დაბალი ხელფასების გამო, ინდუსტრიათა დიდ ნაწილში მუშებმა ჩამოაყალიბეს პროფკავშირები. გაფიცვები უმეტესად ფოკუსირდებოდა ერთ კონკრეტულ პრობლემაზე, დიდხანს არ გრძელდებოდა და შემოიფარგლებოდა მცირე ტერიტორიული მასშტაბით. 1970-იან და 80-იან წლებში ქვანახშირის პროფკავშირების ერთ ნაციონალურ ორგანიზაციაში გაერთიანების რამდენიმე მცდელობას ჰქონდა ადგილი. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კოლუმბუსში, შტატ ოჰაიოში, 1890 წელს ჩამოყალიბდა ამერიკის მაღაროელთა გაერთიანება (United Mine Workers of America-UMWA). თავისი არსებობის პირველ 10 წელიწადში UMWA-მ წარმატებით მოახდინა პენსილვანიის, ოჰაიოს, ინდიანის და ილინოისის მაღაროელების ორგანიზება. დასავლეთ ვირჯინიაში ორგანიზების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა 1892, 1894, 1895 და 1897 წლებში.
1902 წელს UMWA-მ ბოლოს და ბოლოს შეძლო პატარა გამარჯვების მოპოვება კანავა-ნიუ რივერის მაღაროში. ეს იყო მისი პირველი წარმატება დასავლეთ ვირჯინიაში. პროფკავშირის წარმატების საპასუხოდ, მაღაროების მფლობელებმა 1903 წელს ჩამოაყალიბეს „მაღაროთა მფლობელების ასოციაცია“, ეს იყო პირველი ამგვარი ასოციაცია ამ შტატში. მათ მაღაროების მცველებად დაიქირავეს კერძო დეტექტივები ბლუფილდის ბალდვინ-ფელტსის საგამომძიებლო სააგენტოდან პროფკავშირების ორგანიზატორების შევიწროებისთვის. ამის გამო, UMWA-მ მოუწოდა თავის აქტივისტებს, აღარ ემუშავათ დასავლეთ ვირჯინიის სამხრეთ ნაწილში.
1912 წლისთვის პროფკავშირმა დაკარგა ძალაუფლება ნიუ რივერის მაღაროების დიდ ნაწილში. ამავე წელს UMWA-ს წევრმა მაღაროელებმა ფეინთ ქრიქში, კანოვას ოლქში, მოითხოვეს სხვა ოლქებში მდებარე მაღაროების მსგავსი ხელფასი. მაღაროს მფლობელებმა ამ მოთხოვნებზე უარი თქვეს, რის გამოც, 18 აპრილს მუშებმა შეწყვიტეს მუშაობა, რითიც დაიწყეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი გაფიცვა. ახლოს მდებარე ქეიბინ ქრიქში მომუშავე მაღაროელები, რომლებმაც არ ჰქონდათ საკუთარი პროფკავშირი, შეუერთდნენ ფეინთ ქრიქში გაფიცულ მაღაროელებს და მათთან ერთად მოითხოვეს:
ორგანიზების უფლება
კონსტიტუციით ბოძებული თავისუფალი სიტყვისა და შეკრების უფლებების აღიარება
პროფკავშირის წევრთა შავ სიებში წაჩერის შეწყვეტა
კომპანიების მაღაზიების ალტერნატივა
მაღაროების მცველების გამოყენების შეწყვეტა
„Cribbing“-ის აკრძალვა
ყველა მაღაროში სასწორების დადგმა
უფლება, პროფკავშირებს ქვანახშირის აწონვისთვის დაექირავებინათ თავიანთი ადამიანი, რათა კომპანიას მუშები არ მოეტყუებინა.
გაფიცვის დაწყების შემდეგ, მაღაროს მეპატრონეებმა დაიქირავეს ბალდვინ-ფელტსის სააგენტოს დეტექტივები მუშებისა და მათი ოჯახების გამოსასახლებლად კომპანიის სახლებიდან. გამოსახლებული მაღაროელები ცხოვრობდნენ კარვების კოლონებსა და სხვა ხელნაკეთ ნაგებობებში. მაღაროს მცველების მთავარი მოვალეობა იყო მაღაროელების ცხოვრება ექციათ ჯოჯოხეთად, რათა გაფიცვა მალე დამთავრებულიყო.
მაღაროების მცველთა მხრიდან შევიწროებამ იმატა, რის გამოც მუშათა მოძრაობის ლიდერებმა, მათ შორის „მაზერ ჯონსის“ ზედმეტსახელით ცნობლიმა მერი ჰარისმა, დაიწყეს დასავლეთ ვირჯინიაში ჩამოსვლა. ჯონსი, წარმოშობით ირლანდიიდან, 1897 წლის გაფიცვების დროს დასავლეთ ვირჯინიაში ჩამოსვლამდე უკვე წარმოადგენდა სერიოზულ ძალას ამერიკულ მშრომელთა მოძრაობაში. მიუხედავად იმისა, რომ მან თავის დაბადების თარიღად დაასახელა 1830 წელი, ახალი კვლევები გვიჩვენებს, რომ იგი დაიბადა 1845 წელს. იგი ხელმძღვანელობდა UMWA-ს დასავლეთ ვირჯინიის ორგანიზების ინიციატივას. ჯონსმა თავი გაითქვა სასტიკი (და ხშირად უხამსი) ვერბალური თავდასხმებით მაღაროების მფლობელებსა და პოლიტიკოსებზე.
UMWA ორატორების გარდა, მაღაროელებს უგზავნიდა იარაღისა და ამუნიციის დიდ რაოდენობასაც. 2 სექტემბერს გუბერნატორმა ვილიამ გლასკოკმა გამოაცხადა სამხედრო მგომარეობა და გაგზავნა 1200 ჯარისკაცი მაღაროელებისა და მაღაროების მცველების განსაიარაღებლად. გაფცვის მთელ პერიოდში, გლასკოკს სამჯერ მოუწია ჯარის გამოყენება.
ორივე მხარე მიმართავდა ძალადობრივ მოქმედებებს, რომელთაგან ყველაზე განთქმული მოხდა 1913 წლის 7 თებერველს. შეჯავშნული მატარებელი, სახელად “Bull Moose Special”, რომელსაც მართავდნენ მაღაროს მფლობელი – კვინ მორტონი და კანოვას ოლქის შერიფი – ბონერ ჰილი, შეიჭრა ფეინთ ქრიქზე მდებარე მაღაროელების კარვების კოლონაში. მაღაროელების მცველებმა მატარებლიდან ცეცხლი გაუხსნეს ხალხს და მოკლეს ერთ-ერთი გაფიცული მაღაროელი, სესკო ესტეპი. ამ ინციდენტის შემდეგ, მორტონს, სავარაუდოდ, უნდოდა „დაბრუნება და მეორე რაუნდის მოწყობა“, მაგრამ ჰილმა სხვებთან ერთად შეაჩერეს იგი. ამის საპასუხოდ, მაღაროელები თავს დაესხნენ მცველების ბანაკს მაკლოვში, დღევანდელ გალაჰერში. რამდენიმე საათიან ბრძოლას შეეწირა თექვსმეტი ადამიანი, უმეტესად მაღაროს მცველები.
13 თებერვალს მაზერ ჯონსს მიუსაჯეს შინაპატიმრობა აჯანყების წაქეზების ბრალდებით. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო 68 წლის და დაავადებული პნევმონიით, გუბერნატორ გლასკოკმა უარი თქვა მის გამოშვებაზე. 4 მარტს გუბერნატორის პოზიციაზე მოვიდა ჰენრი ჰეტფილდი. ჰეტფილდი ექიმი იყო და მან თვითონ შეამოწმა ჯონსი, მაგრამ მაინც დატოვა იგი შინაპატიმრობაში კიდევ ორი თვით. ამავე პერიოდში, მან გაათავისუფლა 30 ადამიანზე მეტი, რომლებიც დააპატიმრეს სამხედრო მდგომარეობის დროს.
14 აპრილს ჰეტფილდმა დააწესა 9 საათიანი სამუშაო დღე, ხალხს მიეცა სხვა მაღაზიებში ვაჭრობის უფლება, პროფკავშირებს მისცა ქვანახშირის ასაწონად საკუთარი ადამიანის დაქირავების ყოლის უფლება, და აკრძალა დისკრიმინაცია პროფკავშირის წევრი მაღაროელების წინააღმდეგ. 25 აპრილს მან დააყენა გაფიცული მაღაროელები არჩევანის წინაშე: მისი პირობების მიღება, ან შტატიდან დეპორტაცია. ფეინთ ქრიქის მაღაროელებმა მიიღეს ეს შემოთავაზება, ხოლო ქეიბინ ქრიქის მაღაროელებმა გააგრძელეს გაფიცვა. ჰეტფილდის შემოთავაზებაში არაფერი იყო ნათქვამი მაღაროელების ორი მთავარი მოთხოვნის შესახებ: ორგანიზაციის უფლება და მაღაროს მცველების სამსახურიდან მოხსნა. ქეიბინ ქრიქის წინააღმდეგ დამატებითი ძალადობრივი ქმედებების შემდეგ, ივლისის ბოლოსკენ გაფიცვა დამთავრდა. ამით მაღაროელებმა მიაღწიეს იმას, რომ ბალდვინ-ფელტსის დეტექტივები მოხსნენ მაღაროს მცველების პოსტებიდან.
ფეინთ ქრიქისა და ქეიბინ ქრიქის გაფიცვებმა წარმოშვა მშრომელთა მოძრაობის რამოდენიმე ლიდერი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს შემდეგი წლების მოვლენებში. UMWA-ს კორუმპირებული ლიდერები დაითხოვეს და მათ ადგილას დანიშნეს ახალგაზრდა მაღაროელების ჯგუფი. 1916 წლის ნოემბერში ფრენკ კინი აირჩიეს UMWA-ს მე-17 ოლქის პრეზიდენტად, ხოლო ფრედ მუნი – მთავარ ხაზინადარად.
ამ გაფიცვების შემდეგ მაღაროებში 6 წლის განმავლობაში სიმშვიდე სუფევდა. 1917 წელს ამერიკის ჩართვამ პირველ მსოფლიო ომში გამოიწვია ქვანახშირის ინდუსტრიის ზრდა და, ამასთან ერთად, ხელფასების მომატებაც. თუმცა ომის დამთავრებას მოჰყვა რეცესია. მაღაროების მფლობელებმა დაითხოვეს მრავალი მაღაროელი და სცადეს ხელფასის შემცირება ომამდელ ოდენობამდე. 1912-13 წლების გაფიცვების საპასუხოდ, დასავლეთ ვირჯინიის მაღაროების მფლობელთა ასოციაციამ გააუმჯობესა მშრომელთა მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემები. 1919 წლისთვის შეერთებული შტატების ყველაზე დიდ რეგიონებს, რომელშიც არ არსებობდა პროფკავშირები, წარმოადგენდა ლოგანისა და მინგოს ოლქები. დასავლეთ ვირჯინიის სამხრეთის ორგანიზება იყო UMWA-ს უმთავრესი პრიორიტეტი. ლოგანის მაღაროების მფლობელთა ასოციაციამ მოისყიდა ლოგანის ოლქის შერიფი, დონ ჩაფინი, რათა მას არ შეეშვა რეგიონში პროფკავშირების ორგანიზატორები. ჩაფინი და მისი ქვეშევრდომები ავიწროებდნენ, სცემდნენ და აპატიმრებდნენ ყველას, ვინც, მათი ვარაუდუთ, ესწრებოდა მშრომელთა შეხვედრებს. ასოციაციის დაფინანსების წყალობით მან პატარა ჯარის დაქირავებაც კი შეძლო.
1919 წლის ზაფხულის დასასრულს ამბებმა ჩაფინის ხალხის მიერ ჩადენილი განუკითხაობის შესახებ მიაღწიეს ჩარლსტონს. 4 სექტემბერს ლოგანის ოლქზე გასალაშქრებლად მარმეტში თავის მოყრა დაიწყეს შეიარაღებულმა მაღაროელებმა. 5 სექტემბრამდე მათ რაოდენობამ მიაღწია 5000-ს. გუბერნატორმა ჯონ კორნველმა და ფრენკ კინიმ მაღაროელთა უმრავლესობას გადააფიქრებინეს გალაშქრება და სამაგიეროდ შესთავაზეს მაღაროელების უფლებათა დარღვევების თაობაზე სახელმწიფო გამოძიების დაწყება. 5000-დან დაახლოებით 1500-მა მაღაროელმა გამართა მსვლელობა დენვილამდე, ბუნის ოლქში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა. ამასობაში, კორნველმა შეკრიბა კომისია, რომელმაც პროფკავშირის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები გამოიტანა.
რამდენიმე თვის შემდეგ მფლობელებმა შეამცირეს ხელფასები სამხრეთ მაღაროებში. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, შეერთებული შტატების ქვანახშირის კომისიამ პროფკავშირის წევრ მაღაროელებს ხელფასი მოუმატა, ეს, რა თქმა უნდა, არ ეხებოდა დასავლეთ ვირჯინიის სამხრეთ ნაწილში მომუშავე მაღაროელებს. 1920 წლის გაზაფხულზე მინგოს ოლქის მაღაროელებმა, რომლებიც არ შედიოდნენ პროფკავშირში, დაიწყეს გაფიცვა. მათ დახმარება სთხოვეს ჩარლსტონში მდებარე მე-17 სექციის ოფისს. 6 მაისს, ფრედ მუნი და ბილ ბლიზარდი, 1912-13 წლების გაფიცვის ერთ ერთი ლიდერი, 3000 მაღაროელის წინაშე დაელაპარაკნენ ერთმანეთს ქალაქ მეტევანში. ორ კვირაში UMWA-ს შეუერთდა ორჯერ მეტი მაღაროელი. 19 მაისს ბალდვინ-ფელტსის 12 დეტექტივი ჩამოვიდა მატევანში. მათ გამოასახლეს კომპანიის სახლებიდან პროფკავშირის წევრ მაღაროელთა ოჯახები. ქალაქის პოლიციის უფროსმა, სიდ ჰეტფილდმა მოუწოდა მატევანის მკვიდრებს შეიარაღებისკენ. როდესაც ალბერტ და ლი ფელტსებმა სცადეს ჰეტფილდის დაპატიმრება, ატყდა სროლა. ბრძოლის შედეგად დაიღუპა შვიდი დეტექტივი და ოთხი მოქალაქე, მათ შორის ქალაქის მერი ტესტერმანი. ცოტა ხნის შემდეგ ჰეტფილდმა ცოლად შეირთო ტესტერმანის ქვრივი, ჯესი, რითაც გაამყარა მოსაზრება, რომ თვით ჰეტფილდმა მოკლა ქალაქის მერი.
1 ივლისს UMWA-ს მაღაროელებმა დაიწყეს გაფიცვა. ამ დროისთვის პროფკავშირში შედიოდა მინგოს ოლქის მაღაროელთა 90 პროცენტი. შემდეგი ცამეტი თვის განმავლობაში რეგიონში მიმდინარეობდა ნამდვილი ომი. მაღაროები, რომლებიც არ შედიოდა პროფკავშირში – ააფეთქეს, მაღაროელების კარვების კოლონებს მუდმივად ესხმოდნენ თავს და ორივე მხარეს დაიღუპა უამრავი ადამიანი. ამ პერიოდში, გუბერნატორებს – კორნველსა და ეფრემ მორგანს, სამჯერ მოუწიათ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება.
1021 წლის ზაფხულის დასასრულს, მოვლენების რიგმა გაანადგურა UMWA-ს ძალაუფლება დასავლეთ ვირჯინიის სამხრეთში. 1 აგვისტოს სიდ ჰეტფილდი, რომლის ქმედებები „მატევანის ბრძოლის“ დროს გაამართლეს, ასამართლებდნენ მოჰაკის მაღაროში ამტყდარი სროლის გამო. როგორც კი ის და მისი ადვოკატი, ედ ჩემბერსი, ავიდნენ მაკდოველის ოლქის სასამართლოს კიბეებზე, გაისმა სროლის ხმები. ჰეტფილდი და ჩემბერსი მოკლულნი იქნენ ბალლდვინ-ფელტსის დეტექტივების მიერ.
მატევანის მოვლენების შემდეგ ჰეტფილდი გადაიქცა მრავალი მაღაროელის გმირად. 7 აგვისტოს 700-დან 5000-მდე (სხვადასხვა წყაროში სხვადასხვანაირადაა მითითებული) ადამიანისგან შემდგარი ბრბო შეიკრიბა ჩარლსტონის ცენტრში მკვლელობის გასაპროტესტებლად. UMWA-ს ლიდერები, ფრენკ კინი და ბილ ბლიზარდი ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ მაღაროელებს. შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, კინიმ მოიარა მთლიანი შტატი და ხალხს მოუწოდებდა, რომ მსვლელობა გაემართათ. 20 აგვისტოს მაღაროელებმა დაიწყეს მარმეტში თავის მოყრა. მაზერ ჯონსმა, რომელიც გრძნობდა ამ მისიის გარდაუვალ მარცხს, სცადა მაღაროელების შეჩერება. ერთხელ მან მოიტანა ტელეგრამა, რომელიც, მისი თქმით, გამოგზავნილი იყო პრეზიდენტ ვარენ ჰარდინგის მიერ. მასში პრეზიდენტი სთავაზობდა მაღაროელებს მცველების სისტემის გაუქმებას მსვლელობის გამართვაზე უარის თქმის შემთხვევაში. თუმცა შემდგომში კინიმ გამოუცხადა მაღაროელებს, რომ იგი დაელაპარაკა თეთრი სახლის წარმომადგენლებს და აღმოჩნდა, რომ ეს ტელეგრამა ყალბი იყო. დღესაც არაა დანამდვილებით ცნობილი, თუ ვინ იტყუებოდა.
24 აგვისტოს 5000-მა კაცმა გადალახა ლანს კრიკის მთები და დაიწყო მსვლელობა. მაღაროელებს ეკეთათ წითელი ყელსაბამები, რის გამოც მათ ზედმეტსახელად დაარქვეს „რედნეკები“ (red necks). ლოგანის ოლქში დონ ჩაფინმა თავისი ოფიცრების, მაღაროელების მცველების, მაღაზიის გამყიდვლებისა და სახელმწიფო პოლიციისგან შეკრიბა არმია. ამასობაში, გუბერნატორ მორგანის მიერ ფედერალური ჯარის გამოგზავნის მოთხოვნის თანახმად, პრეზიდენტ ჰარდინგმა ჩარლსტონში სიტუაციის შესამოწმებლად გააგზავნა პირველი მსოფლიო ომის გმირი, ჰენრი ბენდჰოლტზი. 26 აგვისტოს, ბალდჰოლტზი და გუბერნატორი შეხვდნენ კინისა და მუნის და აუხსნენ, რომ მსვლელობის გაგრძელების შემთხვევაში, მაღაროელებსა და UMWA-ს ლიდერებს მიენიჭებოდათ ქვეყნის მოღალატეების სტატუსი. შუადღეს კინი შეხვდა მაღაროელების უმეტესობას მედისონში და მიუთითა, უკან დაბრუნებულიყვნენ. ამის შედეგად, ზოგმა მაღაროელმა მსვლელობა შეწყვიტა. მაგრამ ორმა ფაქტორმა მაღაროელების უმეტესობას აიძულა, რომ მსვლელობა გაეგრძელებინათ. პირველი იყო ის, რომ მატარებლები, რომლებითაც კინი აპირებდა მაღაროელების დაბრუნებას კანოვას ოლქში, აგვიანებდნენ. მეორე – 27 აგვისტოს ღამით ქალაქ შარპლში სახელმწიფო პოლიცია თავს დაესხა მაღაროელების ჯგუფს და მოკლა ორი მათგანი. საპასუხოდ, მაღაროელებმა დაიწყეს მსვლელობა შარპლისკენ, ლოგანის ოლქის გადაჭრით.
ქალაქ ლოგანს იცავს ბუნებრივი ბარიერი, ბლეირის მთა, რომელიც მდებარეობს შარპლის სამხრეთით. ჩაფინის ძალებმა, რომლებიც ახლა ექვემდებარებოდნენ ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკს, ვილიამ იუბენკს, დაიკავეს ბლეირის მთის მწვერვალი, მაღაროელები კი შეიკრიბნენ მთის ძირთან მდებარე ქალაქ ბლეირში. 28 აგვისტოს მაღაროელებმა აიყვანეს პირველი მძევლები – ლოგანის ოლქის ოთხი ოფიცერი და ერთ-ერთი ოფიცრის შვილი. 30 აგვისტოს ბაპტისტმა მღვდელმა, ჯეიმს ვილბურნმა ჩამოაყალიბა შეიარაღებული კომპანია მაღაროელების მხარდასაჭერად. 31 აგვისტოს ვილბურნის ხალხმა მოკლა ჩაფინის სამი ოფიცერი, მათ შორის იყო ჯონ გორიც, ერთ-ერთი მძევლის მამა. თავდასხმის დროს ოფიცერმა მოკლა ვილბურნის ერთ-ერთი ადამიანი, ელი კემპი. შემდეგი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური ბრძოლა. იუბენკმა გამოიყენა თვითმფრინავები ბომბების ჩამოსაგდებად.
1 სექტემბერს პრეზიდენტ ჰარდინგმა ბოლოს და ბოლოს გაგზავნა ფედერალური ჯარი შტატ კენტუკიში მდებარე ფორტ ტომასიდან. ომის გმირი, ბილი მიტჩელი ხელმძღვანელობდა ვაშინგტონიდან გამოსულ საავიაციო რაზმს. რაზმმა ჩამოაყალიბა საკუთარი შტაბი ჩარლსტონში მდებარე გამოუყენებელ ველზე. რამდენიმე თვითმფრინავმა ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილს. ისინი ჩამოვარდნენ ისეთ შორ დისტანციაზე, როგორებიცაა ნიკოლასის ოლქი, რელის ოლქი და სამხრეთ-დასავლეთ ვირჯინია. ამის გამო ავიაციას არ უთამაშია დიდი როლი ამ ბრძოლაში. 3 სექტემბერს ფედერალურმა ჯარმა მიაღწია ჯეფრის, შარპლს, ბლეირს და ლოგანს. როდესაც მაღაროელები აღმოჩნდნენ ამერიკის ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლის საშიშროების წინაშე, მათი უმეტესობა დანებდა. ზოგმა მაღაროელმა განაგრძო ბრძოლა 4 სექტემბრამდე. ბრძოლის დროს დაიღუპა 12 მაღაროელი და ჩაფინის არმიის 4 წევრი.
დანებებული მაღაროელები ჩასვეს მატარებლებში და გაგზავნეს სახლებში. თუმცა მათ ლიდერებს პასუხი უნდა ეგოთ ყველა მაღაროელის საქციელზე. მოსამართლეებმა მათ დასდეს 1217 ბრალდება, მათ შორის 325 მკვლელობისთვის და 24 სახელმწიფოს ღალატისთვის. ყველაზე სამახსოვრო იყო ბილ ბლიზარდის გასამართლება, რომელიც ხელისუფლებამ მაღაროელების არმიის „გენერლად“ ჩათვალა. ბლიზარდის ერთ-ერთი სასამართლო გაიმართა ქალაქ ჩარლსტონში, ჯეფერსონის ოლქის სასამართლოში, იმავე შენობაში, რომელშიც 1859 წელს ჯონ ბრაუნს დააბრალეს ღალატი. სხვადასხვა ადგილას რამდენიმე სასამართლოს გამართვის შემდეგ, ბლიზარდი ცნეს უდანაშაულოდ. ასევე, გაამართლეს მკვლელობაში დადანაშაულებული კინი და მუნი. ჯეიმს ვილბურნი და მისი შვილი დააპატიმრეს ლოგანის ოლქის ოფიცრების მკვლელობისთვის. 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ გუბერნატორ ჰოვარდ გორმა ისინი შეიწყალა და გაათავისუფლა.
ბლეირის მთაზე მაღაროელების მარცხმა დროებით შეაჩერა UMWA-ს ყოველი მცდელობა სამხრეთ მაღაროელების ორგანიზაციისა. 1924 წელს UMWA-ს წევრთა რიცხვი 1921 წელთან შედარებით განახევრდა. კინი და მუნი პროფკავშირიდან გააგდეს, ხოლო ბლიზარდმა შეინარჩუნა თავისი ძალაუფლება მე-17 სექციაში 1950 წლამდე. 1933 წლის მრეწველობის აღდგენის ნაციონალურმა აქტმა დაიცვა პროფკავშირის უფლებები და დაუშვა სამხრეთი მაღაროების ორგანიზება.
ბლეირის მთა დღესაც რჩება მნიშვნელოვან სიმბოლოდ მუშებისთვის. ამ მოვლენებში მონაწილე მაღაროელები შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლებისგან თავდაცვის მიზნით, არასოდეს დაილაპარაკებდნენ მსვლელობის დეტალებზე. მრავალი წლის განმავლობაში, მსვლელობის ისტორია ზეპირად გადაეცემოდა პროფკავშირის აქტივისტებს. იგი გვახსენებს მშრომელებსა და მენეჯმენტს შორის კონფლიქტების ძალადობრივ ხასიათს. მაღაროების ომები, ასევე, გვიჩვენებს, რომ ადგილობრივ და ფედერალურ ხელისუფლებებს არ აქვთ სიტუაციის განმუხტვის სხვა საშუალებები, შეიარაღებული ჩარევის გარდა.
წყარო: ავტონომიური კოლექტივი (საქართველო)