ანარქისტები, რომლებმაც გაათავისუფლეს პარიზი

მოკლე ტექსტი გენერალ ლეკლერკის „La Nueve“-ს სახელით ცნობილი მე-9 ბრიგადის შესახებ. ეს იყო პირველი მოკავშირეთა რაზმი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარიზის გათავისუფლებაში.

ამ წელს [2004] სრულდება 60 წელი საფრანგების ნაცისტებისა და მათ მიერ მართული ხელისუფლებისგან გათავისუფლებიდან. ერთი ფაქტი, რომელიც ბევრს აღარ ახსოვს, არის ის, რომ პარიზში შემოსული და სასტუმრო „de Ville“-სთან მისული პირველი მოკავშირეთა დანაყოფი იყო სატანკო კომპანია, რომელიც შედგებოდა 120 ესპანელი ანარქისტისგან, რომლებმაც თავი მოიყარეს მარშალ ფილიპე ლეკლერკის ჯარში. სანამ გავაგრძელებ ამ ამხანაგების საამაყო და საკვირველი ამბის მოყოლას, ნება მიბოძეთ, ვახსენო, თუ როგორ ახსოვთ ეს დღე პარიზში, რას ნიშნავს ეს დღე დანარჩენი საფრანგეთისთვის და რატომ იყო მნიშვნელოვანი ფაშისტური რეჟიმის დანგრევა.

ძნელია იმის თქმა, თუ ვინ უფრო ეზიზღებოდა ფრანგებს ოკუპაციის ბოლო დღეებში, გერმანელები თუ ვიშის პოლიცია. არც ერთი მათგანი არ სარგებლობდა დიდი სიყვარულით, მაგრამ ფრანგ ფაშისტებსა და მათი მხარდამჭერების მიმართ სუძულვილს ჰქონდა უფრო ინტიმური და პირადი ხასიათი.

ერთი წელიც არ იქნება გასული, რაც მე საფრანგეთში გადმოვედი. ამ ქვეყნის მოქალაქე ახლახანს გავხდი, ამის წინ ვიყავი ისტორიით გატაცებული უბრალო ტურისტი. რა შემიძლია მოგიყვეთ აქ გატარებულ წელიწადზე, განსაკუთრებით კი 25 აგვისტოზე, როდესაც მთელი პარიზი მორთულია ეროვნული ფერებით, უზარმაზარ ბულვარებზე კი სამხედრო მანქანებით დადიან მეორე მსოფლიო ომის პერიოდის უნიფრომებში გამოწყობილი მსახიობები? მოდი დავიწყოთ დილით, როდესაც მე ვტოვებ ჩემს გარეუბნის ბინას და მივდივარ სამსახურში.


ჩემი ქუჩის მეორე ბოლოს, ავტობუსის გაჩერებამდე მიუსვლელად, ჩვეულებრივი, ორსართულიანი სახლის კედელზე დამაგრებულია ქვის დაფა, რომელსაც აწერია: „1922 წლის 30 ივნისს აქ დაიბადა რეიმონდ ლენგლუა. წინააღმდეგობაში მონაწილეობის გამო 1940 წლის 13 ოქტომბერს იგი დააპატიმრეს. იგი შეეწირა საკუთარ სამშობლის 1945 წლის 15 დეკემბერს, აუშვიცში.“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფაშისტური ოკუპაციიდან 3 თვის შემდეგ 18 წლის რეიმონდმა იმოქმედა რეჟიმის წინააღმდეგ, რის გამოც იგი დაიჭრეს, 3 წლის განმავლობაში მონურად ამუშავეს და ბოლოს მოკლეს.

10 წუთიანი სიარულის შემდეგ, მივედი „Noisy-le-Sec“ უბნის სადგურამდე. როგორც ყველა სხვა ფრანგულ სადგურს, ამასაც აქვს დაფა, რომელზეც ჩამოწერილია რკინიგზის საბოტაჟის, ებრაელებისთვის დახმარების გაწევის, ნაცისტების დახოცვის და სხვა კეთილშობილი საქმეების გამო დახვრეტილი რკინიგზის მუშების სახელები. Noisy-le-Sec-ში სუფევს უცნაური, სევდიანი ატმოსფერო, რომელსაც ქმნის სადგურის გვერდით მდებარე სასაფლაო. 1944 წლის 18 აპრილის ღამეს მოკავშირეთა ავიაციას დაევალა ამ უბანში მდებარე მნიშვნელოვანი სტრატეგიული წერტილის, „მარშალების ეზოს“ დაბომბვა. ეს ის ადგილია, სადაც რკინიგზა მრავალი სხვადასხვა მიმართულებით იტოტება. რკინიგზა მიდიოდა ტრანსპორტისა და სამხედრო მოწყობილობის საცავებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ფაშისტების სამხედრო ოპერაციებში. ამერიკუმა და კანადურმა თვითმფრინავებმა გაანადგურეს არა მხოლოდ სარკინიგზო სისტემა, არამედ უბნის შენობათა სამი მეოთხედიც. იმ ღამით დაიღუპა 420 მოქალაქე.

ათწუთიანი მგზავრობა მატარებლით ქალაქის ცენტრამდე საკმაოდ მოსაბეზრებელია. მე ყოველდღე სამსახურში სხვადასხვა გზით დავდივარ, რათა უკეთ შევისწავლო ქალაქი და, რათქმაუნდა, დავარღვიო ყოველდღიურობის მონოტონურობა. იქ, სადაც მე რეგიონალური მატარებლიდან გადმოვდივარ, მდებარეობს Gare de l’Est(დასავლეთი რკინიგზის სადგური). შიგნით, სადგურში, გამოყოფილია ადგილი, სადაც ქვის დაფები გამვლელებს მიაწვდის ზოგად ინფორმაციას ნაცისტური ოკუპაციის შესახებ. ერთ-ერთ დაფაზე ჩამოწერილია ამ სადგურში მომუშავე და წინააღმდეგობას შეწირული 70 მამაკაცისა და 8 ქალის სახელი. კიდევ ერთი დაფა, რომლის არ შემჩნევა ძალიან ძნელია, მოგვითხრობს, რომ 1942-1944 წლებში საფრანგეთიდან ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გადაასახლეს 70 000 ებრაელი ( მათგან 11 000 ბავშვი). ყველა მათგანს ჯერ ახარისხებდნენ და ადოკუმენტირებდნენ, შემდეგ კი გზავნიდნენ ბანაკებში დრანსისა და ბობინიში მდებარე სადგურებიდან. ამ პატარა ქალაქების სირცხვილს მე ვგრძნობ ყოველთვის, როდესაც მათ ჩავუვლი, ეს კი ხშირად ხდება, რადგან ტრამვაის ხაზი, რომელიც მიდის ჩემი ერთ-ერთი მეგობრის სახლთან, გადის ამ ქალაქებში. დრანსის შეეხება ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც დაგვანახებს განსხვავებას უცხოელი ჯარისკაცისადმი სიძულვილისა და შენივე მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მკველების მიმართ უფრო ინტიმური სიძულვილს შორის. დეპორტირებულთა აღრიცხვა ხდებოდა ამ ქალაქში. რამდენი გერმანელი ჯარისკაცი იქნებოდა განთავსებული აქ, ფრანგი ებრაელებისა და რაიხის სხვა მტრების სასაკლაოზე ეფექტური გაგზავნის უზრუნველსაყოფად? მხოლოდ ერთი: ვიღაც ლეიტენანტი, რომელიც ქაღალდებთან მუშაობდა.

ასეთი მემორიალები დიდ სადგურებში და პატარა ქვის დაფები იქ, სადაც რომელიმე ანტიფაშისტი დაიჭირეს ან მოკლეს, ეფექტურად ასრულებს თავის მოვალეობას: ახსენებს პარიზელებსა და ტურისტებს, თუ რა ხდებოდა ოკუპაციის წლებში. მთელი პარიზი სავსეა ასეთი დაფებით. მაგრამ ჩემს მიერ ნანახი ასობით დაფებიდან, ერთმა სხცებზე უფრო ღრმად ჩააღწია ჩემს გულში. l’Ecole Belzunce-ს შესასვლელთან კიდია მუქი მინისა ან, შეიძლება, პლასტმასისგან დამზადებული უზარმაზარი დაფა, რომელსაც ოქროსფერი ასოებით აწერია შემდეგი სიტყვები:

„1942-1944 წლებში ამ სკოლიდან საკონცენტრაციო ბანაკებში გადაგზავნილი ებრაელი მისწავლეების სამახსოვროდ. ყველანი დაიღუპნენ ბანაკებში, ნაცისტური ბარბარიზმისა და ვიშის მთავრობის უდანაშაულო მსხვერპლები. ამ ბავშვებიდან
500-ზე მეტი ცხოვრობდა მე-10 რაიონში“.

იმის მიუხედავად, რომ მე მრავალჯერ გამოვლია ამ სკოლასთან, ბევრჯერ მიჩვენებია იგი ტურისტებისთვის, დღემდე რატომღაც მეგონა, რომ ეს უმაღლესი სკოლა იყო. შენობაზე გაკრულია რამდენიმე პოსტერი და განცხადება, მაგრამ მე არასოდეს გამიტარებია ამ შენობასთან ერთ წუთზე მეტი, რადგან იგი მდებარეობს ძალიან ხალხმრავალ და ვიწრო ადგილას. დღეს შევამჩნიე ჭვარტლით დაფარული წარწერა: „Ecole Elementaire“. მე მივუბრუნდი ჩემთან ახლოს მდგარ ქალს და შევეკთხე დამტვრეული ფრანგულით:

„ეს დაწყებითი სკოლაა? დეპორტირებული ბავშვები ამხელები იქნებოდნენ?“ ხელი გავიშვირე წელის სიმაღლეზე.

„კი, სწორია“ მიპასუხა ქალმა.

„რა ასაკის ბავშვები სწავლობენ აქ?“ – ვკითხე.

„ექვსიდან ათ წლამდე.“

სკოლის კარი გაიღო და პატარა გოგონა წამოვიდა ამ ქალთან, რომელმაც მას ხელი ჩაკიდა და წავიდა. იგი სწრაფად შემობრუნდა და დამემშვიდობა. მისი შვილი ზუსტად იმ სიმაღლისა იყო, რაც მე ვაჩვენე, წელამდე მწვდებოდა.
ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ ანარქისტობაში არის ის, რომ ახალ ქვეყანაში მოხვედრისას, ყოველთვის იგებ სრულიად ახალ და უნიკალურ ისტორიებს იქაური ანარქისტებისგან. ისტორია, რომელსაც მე გაგიზიარებთ, უკვე ძალიან ცნობილია ყველა ნაკითხი ფრანგი ანარქისტისთვის, რადგან რადიკალური გაზეთის, Le Monde Diplomatique-ს, 2004 წლის აგვისტოს ნომერში, Denis Fernandez Recatala-ს მშვენიერ სტატიაში მოცემული იყო ინფორმაცია მე-9 სატანკო კომპანიის შესახებ.

მე-2 მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, ესპანელი ანტიფაშისტი პარტიზანები მთელ საფრანგეთს მოედნენ. ამის მიზეზი იყო ის, რომ ესპანური სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ, 1939 წელს, დამარცხებული რესპუბლიკელი და ანარქისტი მეომრები გადადიოდნენ საფრანგეთში. ისინი ბანაკდებოდნენ ხმელთაშუა ზღვის პლიაჟებზე, ქალაქ პერპინიანთან ახლოს. ყოველ დილით ფრანფი ჟანდარმები ჩამოუვლიდნენ ბარაკებს და მოუწოდებდნენ ესპანელებს ფრანგულ უცხოურ ლეგიონში გაწევრიანებისკენ. ათასობით ადამიანმა მიიღო მათი შემოთავაზება.

უცხოური ლეგიონი მოქმედებდა მთელი ფრანგული იმპერიის მასშტაბით. 1940 წელს ლეგიონის ყველა გენერალი დადგა არჩევნის წინაშე, ებრძოლა ვიშის მთავრობისა ან მოკავშირეების მხარეს. ჩრდილოეთ აფრიკის ლეგიონერებმა აირჩიეს ვიში, ხოლო ჩადსა და კამერუნში განთავსებული მეომრები, მარშალ ლეკლერკის მეთაურობით, მიემხრნენ მოკავშირეებს. ანარქისტები გაგზავნილნი იყვნენ ორივე რეგიონში. ლეკლერკის მეთაურობის ქვეშ მყოფმა ანარქისტებმა მაშინვე განაგრძეს მუსოლინისა და ჰიტლერის წინააღმდეგ ბრძოლა. ისინი ამას ხედავდნენ, როგორც ესპანეთში დაბრუნების და ფრანკოს დამარცხების პრელუდიას. ამბობენ, რომ ალჟირში ომის დროს გადარჩენილი, ვიშის მეთაურობის ქვეშ მომხდარი ანარქისტები შეუერთდნენ თავის ამხანაგებს ლეკლერკის მე-2 სატანკო დივიზიაში დედაქალაქის გათავისუფლებთვის.
ლეკლერკმა გასცა სპეციალური დავალება კაპიტან რეიმონდ დრონეს მეთაურობის ქვეშ მყოფ მე-9 სატანკო კომპანიისთვის, რომელიც მთლიანად შედგებოდა ესპანელი ანარქისტებისგან. ეს განაყოფი უკვე გამოცდილი იყო ქალაქის ქუჩებსა და სახლებში ბრძოლაში, რის გამოც ლეკლერკმა დედაქალაქში პირველად ესპაელები შეუშვა.

1944 წლის 24 აგვისტოს, 20:41 საათზე, ქალაქის სამხრეთ ბოლოდან, port d’Italie-დან, პარიზში შევიდა ტანკი, რომელსაც კორპუსზე ეწერა „გვადალახარა“. მისი მიზანი იყო რაც შეიძლება სწრაფად მიეღწია სასტუმრო „Hôtel de Ville-მდე“, რომელიც ხუთი დღით ადრე დაიკავეს წინააღმდეგობის წევრებმა და მთელი ამ დროის განმავლობაში იგერიებდნენ გერმანელების შეტევებს. მე-9 კომპანია სწრაფად მოქმედება. 21:22-ზე 120 ანარქისტმა მიაღწია დანიშნულების ადგილს. მათ განკარგულებაში იყო 22 სატრანსპორტო საშუალება (ტანკები და სატვირთო მანქანები). მათ ჰქონდათ წარწერები: „ებრო“, „ტერუელი“, „ბრუნეტე“, „მადრიდი“ ესპანური სამოქალაქო ომის დროს მომხდარი ბრძოლების სამახსოვროდ. ერთ-ერთ ბრონირებულ მანქანას ეწერა „დონ კიხოტი“. მეორეს – „დურუტი“. ეს უკანასკნელი იყო ლეგენდარული ანარქისტი ლიდერი, რომელმაც 1936 ივლისში მომხდარი ფაშისტური გადატრიალებისას მონაწილეობა მიიღო პროფკავშირული ორგანიზაციების მილიციებად გარდაქმნაში, საწყობებიდან იარაღის გამოტანასა და ფაშისტებთან ბრძოლაში. ბუენავენტურა დურუტი გარდაიცვალა მადრიდის ბრძოლის დროს, რევოლუციის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ.

მე-9 კომპანია გაჩერდა „Hôtel de Ville-ს“ წინ მდებარე მოედანზე. მათ სიხარულით ეგებებოდნენ როგორც შენობის მცველები, ასევე, ჩვეულებრივი მოსახლეობაც. მათი პირველი მიზანმი იყო შენობაში არტილერიის დამონტაჟება გერმანელების შეტევის მოსაგერიებლად. გახარებული ბრბო მათ გარს შემოერტყა, ყველა ეკითხებოდა, იყვნენ თუ არა ისინი ამერიკელები, და გაოცებულნი რჩებოდნენ, როცა ესმოდათ ესპანური ლაპარაკი. ახალი მეომრების ჩამოსვლით გახარებული წინააღმდეგობის გენერალური საბჭოს წევრები, რომლებიც იყვნენ შენობის დამცველთა შორის, ძალიან თბილად შეხვდნენ ესპანელ ლეიტინანტ არმადო გრანელს.

ლეკლერკის მე-2 სატანკო დივიზია პარიზში შევიდა 25 აგვისტოს, დილას. დილის 4 საათისთვის პარიზის გერმანელმა მმართველმა, გენერალ დიტრიხ ფონ ხოლტრისმა, ლეკლერკის წინაშე ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, იგი ფორმალურად თმობდა პარიზს. გენერალ ხოლტრისი დაკავებული იყო ორი საათით ადრე ესპანელი ჯარისკაცის, ანტონიო გონზალესის მიერ. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში მთელ პარიზი მოიცვა სასტიკმა ბრძოლამ. დადგინდა, რომ მოკავშირეების მხარეს მაშინ იბრძოდა 500 ესპანელი (მე-9 კომპანიის ანარქისტების ჩათვლით). ყველაზე მეტი სისხლი დაიღვარა ტურისტებისთის ძალიან ცნობილ ადგილებში, მაგალითად წმინდა მიქაელის მოედანზე, შარლ დე-გოლის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და კონკორდის მოედაზე.

გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა „Hôtel Majestic-თან“, სადაც მდებარეობდა გესტაპოს შტაბი. შევახსენებ მკითხველს, რომ გესტაპო იყო ნაცისტური „საიდუმლო პოლიცია“, რომელიც იყო SS-ის ნაწილი და მისი მთავარი მიზანი იყო ნაცისტური პარტიის ყველა გეგმის შესრულების გარანტირება. იმ დღეს დაიღუპა ათობით ესპანელი, მათ შორის იქნებოდნენ ანარქისტებიც, რომლებიც, საკუთარ ქვეყანაში ფრანკოს ბანდიტების გამარჯვების შემდეგ, შეიყარნენ და გასწიეს Majestic-ისკენ, რათა დაეხოცათ ყველა გესტაპოელი ვირთხა ან თვითონ დაღუპულიყვნენ ამ გეგმის შესრულებისას. მათ არ სჭირდებოდათ, დეტალურად სცოდნოდათ ის, რაც მოხდა l’Ecole Belzunce-ში, სადაც გესტაპოს წევრებმა შეკრიბეს და დახოცეს ათასობით 6-8 წლის ბავშვი იმის გამო, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. ესპანელ ანარქუსტებს ისედაც მშვენივრად ესმოდათ, თუ რას წარმოადგენდნენ ფაშისტები და როდესაც დადგა Hôtel Majestic-თან ბრძოლის დრო, მათ იცოდნენ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ.

25 აგვისტოს პარიზში ყოველწლიურად აღნიშნავენ. ომზე შეიძლება ბევრი რამის თქმა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ იგი მარტივი მოვლენაა. 1944 წლის ამ დღეს, 25 აგვისტოს, SS-ის ჯარისკაცებმა ალყაში მოაქციეს პარიზის სამხრეთით მდებარე პატარა სოფელი. ჯარისკაცები შედიოდნენ სახლებში, ხოცავდნენ ყველას, ვისაც დაინახავდნენ, და წვავდნენ სახლს. 124 მსხვერპლიდან ზოგი ოთხმოცდაათზე უფროსი იყო, ზოგი კი ერთი წლისაც არ იყო გამხდარი. ამ წელს, Maillé-ს მკვიდრებმა გახსნეს პატარა მუზეუმი და ეწვივნენ სასაფლაოს, სადაც დგას დახოცილთა სახელებით გავსებული უზარმაზარი გრანიტის ქვა. „მოწამე სოფელ ტურენზე“ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი, მაგრამ ფრანგების უმეტესობამ არაფერი იცის ამ ადგილის შესახებ.

ამ ადგილებში ომი ცოტათი სხვანაირად ახსოვთ. ერთ-ერთ ახლო მდებარე ქალაქში, ტურში, ვიშის რეჟიმმა შეცვალა მრავალი ქუჩის სახელი. ქუჩების სახელები ხელახლად აღარავის შეუცვლია. შენობას, რომელშიც განთავსებული იყო გესტაპოს შტაბი, არ აქვს არანაირი წარწერა. პარიზში ომი ახსოვთ ქალაქის ყოველ კუთხეში, ტურში კი ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ომი არასოდეს მომხდარა.
მარშალ ლეკლერკის არმიამ, ანარქისტულ მე-9 კომპანიასთან ერთად, გააგრძელა იერიში პირდაპირ გერმანიაში. ესპანელები მონაწილეობდნენ სტრასბურგის გათავისუფლებაში. ასევე, ისინი დაესწრნენ ბერხტესგადენის, ბავარიულ ალპებში მდებარე ჰიტლერის შტაბის, აღებას. ომის დამთავრებას მე-9 კომპანიის ანარქისტებიდან მხოლოდ რამდენიმე მოესწრო.

რობერტ პ.ჰელმსი

მოცემული ტექსტი ამოღებულია ამერიკულ გაზეთის, „Anarcho-Syndicalist Review-ს“, მე-40 გამოცემიდან (2004 წლის ზამთარი). გვ. 27-29. [http://syndicalist.us/]

წყარო: ავტონომიური კოლექტივი (Geo)