“ანარქისტები მეცნიერებას ეყრდნობიან და იბრძვიან ცრურწმენების წინააღმდეგ. ავტორიტარიზმის მომხრეებს სურთ ცოდნა ხალხის სამართავად გამოიყენონ, ანარქისტები კი ცდილობენ, ცოდნა ხალხს მიაწოდონ და ამით საშუალება მისცენ გაერთიანდნენ და ერთად იბრძოლონ საერთო მიზნის მისაღწევად. ანარქისტების მიზანია ხალხის გათავისუფლება და არა მათი მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდება.”
მიხეილ ბაკუნინი
ანარქიზმი უფრო მეტია, ვიდრე იდეოლოგია, ის მსოფლმხედველობაა, კომპასი ჭეშმარიტების ძიებაში. ამას მოწმობს მეცნიერების ისტორია, რომელიც უფრო და უფრო ანგრევს იერარქიულ და დომინაციურ მსოფლმხედველობას, რომელიც იდგა ზებუნებრივი, უზენაესი, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე უცნაური ახირების მქონე არსებების დაშვებაზე.
ჩვენ არ გთავაზობთ სკანდალურ “მეცნიერულ ფაქტებს”, თითქოს მეცნიერებმა “ღორისა და ადამიანის ჰიბრიდი შექმნეს”, ან “ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ”…, ან მარსზე სიცოცხლე აღმოაჩინეს, ან “კიბოს წამალი”, რათა თქვენი კლიკების ხარჯზე გაზრდილი რეიტინგით და რეკლამებით მეტი ფული ვიშოვოთ. ჩვენ უნივერსალურ მეთოდებს გიზიარებთ, აზროვნების წესს, რათა თანამედროვე, ჭარბი ინფორმაციის ეპოქაში შევძლოთ ჭეშმარიტების გარჩევა მცდარისაგან.
წინამდებარე ტექსტი, რომელიც არის ფრაგმენტი წიგნიდან Biology. Neil A. Campbell, Jane B. Reece, 7th Ed. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, სხვა, უკვე გამოქვეყნებულ ტექსტებთან ერთად. მეცნიერულ მეთოდებზე და მეცნიერების ფილოსოფიაზე ტექსტებს მომავალშიც შემოგთავაზებთ. ყველა ეს ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ანარქისტული ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე www.a-library.org კატეგორია: მეცნიერება.
*გარეკანზე გამოყენებულია მარკ როთკოს კომპოზიცია
ანარქისტული ბიბლიოთეკის კოლექტივი, 2019