პეტრე კროპოტკინი – ურთიერთდახმარება, როგორც ევოლუციის ფაქტორი

თავი 3
ურთიერთადხმარება ველურებს შორის

ადვილი დასანახია თუ რაოდენ მცირე სახეობა ცხოველებისა ცხოვრობს იზოლირებულად სხვებისგან და რამხელაა იმ სახეობათა რიცხვი, რომლებიც ჯგუფებად არსებობენ, საერთო თავდაცვისთვის, ნადირობისთვის, პირმშოების აღსაზრდელად ან თუნდაც უბრალოდ თანაზიარი ცხოვრებით სიამოვნების მისაღებად. ასევე ვხედავთ, რომ გადარჩენისთვის ბრძოლა მიმდინარეობს სხვადასხვა ცხოველების სხვადასხვა კლასებს, სახეობებს ან ტომებს შორის ამ სახეობებში. მშვიდობა და ურთიერთდახმარება ამ ტომების ან სახეობების ყველაზე მნიშვნელოვანი წესებია. და იმ ჯგუფებს, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, როგორ შეჯგუფდნენ და თავი აარიდონ სხვებთან შეჯიბრს, საუკეთესო შანსები აქვთ გადარჩენისთვის და შემდგომი განვითარებისთვის.

უაზროც იქნებოდა, რომ ადამიანი ამ ზოგადი წესის გამონაკლისი იყოს: თუ არსებას, ისეთ დაუცველს, როგორიც ადამიანი იყო თავიდან, უნდა ეპოვა თავდაცვის და პროგრესის გზა არა ურთიერთ დახმარებით, როგორც ამას ცხოველები აკეთებენ, არამედ უგუნური პაექრობით პირადი სარგებლისთვის, სხვა სახეობათა ინტერესების იგნორირებით. გონებისთვის, რომელიც შეჩვეულია ერთობის იდეას ბუნებაში, ასეთი მტკიცებულება უკიდურესად უსუსური ჩანს. და მაინც, მიუხედავად ამ იდეის შეუსაბამობის და არაფილოსოფიურობისა, მას მხარდამჭერები არ მოჰკლებია. ყოველთვის არსებობდნენ მწერლები, რომლებიც კაცობრიობას პესიმისტურად უყურებდნენ. მათ ეს „იცოდნენ“, მეტნაკლებად ზედაპირულად, თავიანთი მცირე გამოცდილებიდან; მათ იცოდნენ ისტორია ისე, როგორც ამას ომზე, ბოროტებაზე, ჩაგვრაზე დაკვირვებული მემატიანენი ყვებოდნენ; და ასკვნიდნენ, რომ კაცობრიობა არაფერია, თუ არა თავაშვებულ არსებათა გროვა, ყოველთვის მზად ერთმანეთის გასანადგურებლად და ამაში მხოლოდ რომელიღაც ავტორიტეტების ჩარევა უშლიდათ ხელს.

ჰობსმაც(Thomas Hobbes, XVI საუკუნის ბრიტანელი ფილოსოფოსი) ეს პოზიცია დაიკავა, მისი აზრით პირველყოფილი ადამიანები მუდამ ომის მდგომარეობაში იყვნენ, სანამ მათ შორის არ გამოჩნდებოდნენ მამაცი და ძალაუფლების მქონე ადამიანები, რომლებიც მშვიდობიან თანაცხოვრებას მისცემდნენ დასაბამს.

XVIII საუკუნეში, რა თქმა უნდა არსებობდნენ მოაზროვნეები, რომლებიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ თავისი არსებობის არცერთი ეპოქის მანძილზე – თუნდაც მის ყველაზე პრიმიტიულ მდგომარეობაში – არ უცხოვრია კაცობრიობას მუდმივი ომის მდგომარეობაში, რომ ადამიანები იყვნენ კომუნიკაბელურნი მათ „ბუნებრივ მდგომარეობაშიც“ კი, და რომ ცოდნის არ ქონას, ვიდრე თანდაყოლილ გადახრებს, მიჰყავდა ადამიანი ყველა საშინელებამდე, რითაც მისი ისტორიული ცხოვრება გამოირჩეოდა. მაგრამ ჰობსის მრავალრიცხოვანი მიმდევრები განაგრძობდნენ იმის მტკიცებას, რომ ე.წ. „ბუნებრივი მდგომარეობა“ არაფერი იყო, თუ არა განუწყვეტელი ბრძოლა თავიანთი ცხოველური ბუნების გამო შემთხვევით შეგროვებულ ინდივიდებს შორის. მართალია, ჰობსის შემდეგ მეცნიერებამ პროგრესს მიაღწია და ჩვენ უფრო მყარი ნიადაგი გვაქვს მასთან ან რუსოსთან შედარებით. მაგრამ მის ფილოსოფიას მაინც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, და ამ ბოლო დროს გაჩნდა მწერალთა მთელი სკოლა, რომლებიც არათუ დარვინის იდეებით, მისი ტერმინოლოგიით შეიარაღებულნი, პირველყოფილ ადამიანზე საუბრისას ჰობსის სასარგებლოდ იყენებენ არგუმენტებს; და წარმატებასაც კი მიაღწიეს ამ შეხედულებების მეცნიერულად შენიღბვაში. ჰაქსლი, როგორც ცნობილია, ამ სკოლას ჩაუდგა სათავეში, და 1888 წელს წარმოთქმულ ლექციაში, მან პირველყოფილი ადამიანი დაახასიათა, როგორც ლომი, ან ვეფხვი, მოკლებული ყოველგვარ ეთიკურ კონცეფციას, რომელიც არაფერზე დაიხევდა უკან გადარჩენისთვის ბრძოლისას. „შეზღუდული და დროებითი ოჯახური ურთიერთობების მიღმა, „ჰობსური“ ომი – ყველა ყველას წინააღმდეგ – არსებობის ნორმალურ მდგომარეობას წარმოადგენდა.“ – ამბობდა იგი[1].

არაერთხელ იყო შემჩნეული, რომ ჰობსის და ზოგადად ХVII საუკუნის ფილოსოფოსების მთავარი შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ისინი ადამიანთა პირველყოფილ მოდგმას წარმოიდგენდნენ, როგორც პატარა მოხეტიალე ოჯახებს, „შეზღუდულ და დროებით“ გაერთიანებებს დიდი მტაცებელი ცხოველების დიდი ოჯახიდან. ამასობაში კი ცნობილია, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა ჩვენ არ გაგვაჩნია პირდაპირი მტკიცებულებები ჰუმანოიდთა ცხოვრების. ასეთი არსებების პირველი გამოჩენის ზუსტი თარიღიც კი არაა ცნობილი, გეოლოგები მათ კვალს ხედავენ მესამეული პერიოდის პლიოცენის და მიოცენის ეპოქებში. მაგრამ ჩვენ ხელთ გვაქვს არაპირდაპირი მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ნათელი მოვფინოთ ამ ანტიკურ ხანასაც კი. უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში ჩატარებულ იქნა ძალიან ფრთხილი გამოკვლევები უმდაბლესი რასების სოციალურ ინსტიტუტებზე, და ამ გამოკვლევებმა გამოავლინა დღემდე ცნობილ პრიმიტიულ ჰუმანოიდებზე ძველი ხალხების დაწესებულებანი, რომლებიც თავიანთი არსებობის უეჭველ კვალს ტოვებენ. ამგვარად მთელი მეცნიერება, მიძღვნილი ადამიანის სოციალური ინსტიტუტების ემბრიოლოგიას, განვითარდა ბაჰოფენის, მაკლენანის, მორგანის, ედვინ ტეილორის, მეინის, პოსტის, კოვალევსკის, ლაბოკის და მრავალ სხვათა ნაშრომებით.

ოჯახი არათუ არ იყო პირველყოფილი ორგანიზების ფორმა, არამედ პირიქით, ის ადამიანის ევოლუციის ძალიან გვიანდელ პერიოდში გამოჩნდა. რაც არ უნდა ღრმად ჩავიხედოთ ადამიანის პალეონტოლოგიაში, ყველგან ვიპოვით ჯგუფებად, საზოგადოებად მცხოვრებ ადამიანებს, უმაღლესი ძუძუმწოვრების მსგავსად. ძალიან ნელი და ხანგძლივი ევოლუცია იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს საზოგადოებები ერთ დიდ ტომში(ან კლანში/საგვარეულოში) გაერთიანებულიყო, რომელსაც თავის მხრივ დასჭირდებოდა გრძელი ევოლუციის პროცესი, სანამ ოჯახის რაიმე ჩანასახი გაჩნდებოდა, პოლიგამიური ან მონოგამიური. საზოგადოებები, ბანდები თუ ტომები – და არა ოჯახები – ადამიანების და მათი უძველესი წინაპრების ორგანიზების პრიმიტიულ ფორმებს წარმოადგენდნენ. ამ დასკვნებამდე მივიდა ეთნოლოგია გულმოდგინე კვლევების შემდეგ. ამის წინასწარმეტყველება კი ზოოლოგებს შეეძლოთ, რადგან არც ერთი უმაღლესი ძუძუმწოვართაგანი – ძალიან ცოტა ხორცისმჭამელის და ძალიან ცოტა უეჭველად გადაშენების პირას მყოფი მაიმუნების ჯიშების(ორანგუტანგები და გორილები) გამოკლებით – არ ცხოვრობს პატარა ოჯახებად, ტყეებში იზოლირებულად მოხეტიალე. ყველა დანარჩენი ცხოვრობს, ასე ვთქვათ, კომუნებად. დარვინსაც შესანიშნავად ესმოდა, რომ იზოლირებულად მცხოვრები პრიმატები ვერასდროს განვითარდებოდნენ ადამიანის მსგავსი არსებების დონემდე, და რომ მას მიდრეკილება ჰქონდა ადამიანი განეხილა, როგორც სუსტი, მაგრამ მეტად კონტაქტური(შიმპანზე), ვიდრე ძლიერი და „ჩაკეტილი“(გორილა) სახეობის შთამომავლად[2]. ზოოლოგია და პალეო-ენტოლოგია, ასეთ შემთხვევაში, მიდიან შეთანხმებამდე, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების უძველესი ფორმა იყო ბანდა, დაჯგუფება და არა ოჯახი. ადამიანთა პირველი საზოგადოებები იყო იმ გაერთიანებების შემდგომი განვითარება, რომლებიც შეადგენენ სიცოცხლის დედაარსს უმაღლესი ცხოველებისთვის.

თუ პოზიტიურ მონაცემებზე გადავალთ, დავინახავთ, რომ ადამიანის უძველესი ნაკვალევი, რომელიც გამყინვარების და მის შემდგომ პერიოდს განეკუთვნება, გვაძლევს მტკიცებულებას, რომ ადამიანი იმ დროს უკვე საზოგადოებაში ცხოვრობდა. ძალიან იშვიათ თუ შევხვდებით ერთნაირ ქვის იარაღს, უძველესი პალეოლითური პერიოდის დროსაც კი; პირიქით, სადაც ერთ ან ორ ქვის იარაღს აღმოაჩენდნენ, იქვე იპოვნიდნენ ხოლმე სხვებსაც, საკმაოდ დიდი რაოდენობით. იმ დროს, როდესაც ადამიანები ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში, ან კლდეების ნაპრალებში, ან უბრალოდ მათ ქვეშ აფარებდნენ თავს, აწ გადაშენებულ ძუძუმწოვრებთან ერთად, და ძლივს ახერხებდნენ ყველაზე მოუხერხებელი ქვის ნაჯახების გამოთლას, უკვე იცოდნენ ჯგუფურად ცხოვრების უპირატესობების შესახებ. საფრანგეთში, დორდონის ხეობის შენაკადებთან, ზოგიერთ ადგილში, კლდეების მთელი ზედაპირი დაფარულია გამოქვაბულებით, რომლებიც პალეოლითის, ანუ უძველესი ქვის ხანის ადამიანის კუთვნილება იყო[3]. შიგადაშიგ გამოქვაბულები განთავსებული იყო სართულებად და უსიტყვოდ მოაგონებდა მერცხლების კოლონიების ბუდეებზე, ვიდრე მტაცებელი ცხოველების ბუნაგზე. რაც შეიძლება ამ გამოქვაბულებში აღმოჩენილ იარაღებზე ითქვას, ლაბოკის(Lubbock) სიტყვებით, „შეგვიძლია ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვთქვათ, რომ ისინი უთვალავია“. იგივე მდგომარეობაა სხვა პალეოლითურ სადგურებში.ლარტეს(Lartet) კვლევებიდან ასევე ჩანს, რომ ორინაკის(Aurinac) რეგიონის მაცხოვრებლები, სამხრეთ საფრანგეთში, აწყობდნენ ტომურ სადილებს მიცვალებულთა დაკრძალვისას. ასე რომ ადამიანები ცხოვრობდნენ საზოგადოებად, და მათ ჰქონდათ რელიგიური წეს-ჩვეულებათა ჩანასახები, ექსტრემალურად განცალკევებული ეპოქის დროსაც კი.

იგივე გაცილებით უკეთ მტკიცდება გვიანდელ ქვის ხანაში. ნეოლითური ადამიანის კვალი გვხვდება ისეთი დიდი რაოდენობით, რომ მის მიხედვით შესაძლებელია დაგვედგინა ადამიანის ცხოვრების სტილი. როცა ყინულის საფარმა (რომელიც გავრცელებული უნდა ყოფილიყო ჩვენს ნახევარსფეროში, პოლარული რეგიონებიდან საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის შუა ნაწილამდე, დაეფარა კანადა და იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელსაც ახლა ა.შ.შ.-ს უწოდებენ) დაიწყო დნობა, ყინულისგან გათავისუფლებულ ზედაპირზე გაჩნდნენ ჯერ ჭაობები, შემდეგ ურიცხვი რაოდენობის ტბები.

ტბებმა, აშკარაა, ამოავსეს ყველა ჩაღრმავებული და უსწორმასწორო ადგილი ხეობებში, მანამ, სანამ წყლები გაიკეთებდნენ კალაპოტს, რომლებიც ჩვენს ერაში მდინარეებად გადაიქცნენ. და სადაც არ უნდა წავიდეთ, ევროპაში, აზიაში თუ ამერიკაში, აღმოვაჩენთ, რომ ურიცხვი ტბების ნაპირები ამ პერიოდისა – რომლის მართებული სახელი იქნებოდა „ტბების პერიოდი“ – დაფარულია ნეოლითის ხანის ადამიანის ნაკვალევით. მათი რიცხვი იმდენად დიდია, რომ შეგვიძლია მოსახლეობის სიმჭიდროვით გაკვირვებულნი ვიყოთ. ტერასებზე, რომლებიც ახლა უძველესი ტბების ნაპირებზე მიუთითებს, ნეოლითური ადამიანის „სადგომები“ მჭიდროდ მოსდევს ერთი-მეორეს, და ამ ადგილებში ნაპოვნი ქვის იარაღის რაოდენობა არ ტოვებს არანაირ ეჭვს, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს ადგილები აურაცხელი ტომების სამოსახლოს წარმოადგენდა. მთელი რიგი სამუშაო იარაღებისა, რომელიც მუშათა რაოდენობაზე მეტყველებს, იქნა აღმოჩენილი არქეოლოგების მიერ.

უფრო გვიანდელი პერიოდის კვალი, რომელიც უკვე თიხის ჭურჭლის წარმოებით ხასიათდება, ნაპოვნია დანიის ე.წ. „სამზარეულო ნაგავსაყრელზე“(Shell-Heaps – Kitchen midden – кухонные отбросы). როგორც ცნობილია ეს გროვები, 1.5-3 მეტრი სისქის, 30-60 მეტრი სიგანის და 300 მეტრი სიგრძის, ისეა გავრცელებული დანიის სანაპიროებზე, რომ დიდი ხნის მანძილზე მათ ბუნებრივ წარმონაქმნებად მიიჩნევდნენ. ასევე ისინი შედგებიან „მხოლოდ ისეთი ნივთებისგან, რომლებიც ასე თუ ისე სჭირდებოდა ადამიანს,“ და იმ დონემდე არიან გადავსებულნი ადამიანის დამზადებული „პროდუქციით“, რომ მილგაარდში გატარებულ ორ დღეში, ლაბოკმა მოახერხა ქვის იარაღების 191 ნამტვრევი და ქოთნის 4 ფრაგმენტი ამოეღო [4]. ამ „სამზარეულო ნარჩენების“ ზომები და გავრცელების დონე ამტკიცებს, რომ თაობათა მანძილზე დანიის სანაპიროებზე დასახლებულნი იყვნენ ასობით პატარ-პატარა ტომები, რომლებიც ისევე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერთად, როგორც დღევანდელი ფიუიჯიელი ტომები(Fuegian) , რომლებიც ასევე აგრძელებენ ნიჟარებისა და სხვადასხვა ნარჩენების დაგროვებას

რაც შეეხება შვეიცარიის ტბის ქოხებს(lake-dwellings),რომლებიცცივილიზაციისკენ მიმავალ შემდეგ საფეხურს წარმოადგენენ, კიდევ უკეთ ადასტურებენ იმას, რომ იქაური მოსახლეობა საზოგადოებრივ ცხოვრებას და მუშაობას ეწეოდა. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ქვის ხანის დროს შვეიცარიის ტბების ნაპირები დაფარული იყო სოფლების წყებებით, თითოეული მათგანი შედგებოდა რამდენიმე ქოხისგან, და აშენებული იყო პლატფორმაზე, გამაგრებული ტბაში ჩარჭობილი ურიცხვი ხის სვეტებით. არანაკლებ ოცდა ოთხი ქვის ხანის სოფელი იქნა აღმოჩენილი ლემანის ტბის ნაპირებზე, ოცდა თორმეტი კონსტანსკის ტბაზე, ორმოცდა ექვსი – ნევშატელსკის და ა.შ.; და თითოეული მათგანი მომსწრეა საზოგადოების, არა ოჯახების, არამედ მთლიანი ტომის მიერ შესრულებული უზარმაზარი სამუშაოსი. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც მიიჩნევს, რომ ამ ტბების მოსახლეობის ცხოვრება მიმდინარეობდა ყოველგვარი საომარი შეტაკებების გარეშე; და ეს სრულიად სარწმუნო ვარაუდია, თუ გავითვალისწინებთ იმ პირველყოფილი ტომების ცხოვრებას, რომლებიც დღესაც ბინადრობენ მსგავს ადგილებში.

ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი სამხილები პირველყოფილი ადამიანის შესახებ არც ისე ცოტაა, და ყოველ შემთხვევაში ისინი უფრო უარყოფენ, ვიდრე ადასტურებენ ჰობსის ვარაუდებს. უფრო მეტიც, ისინი შეიძლება შევავსოთ მნიშვნელოვნად, თუ დავაკვირდებით იმ ტომებს, რომლებიც ცივილიზაციის იგივე დონეზე დგანან, რომელზეც ევროპის პრეისტორიული ხანის ადამიანები იდგნენ.

ის, რომ ეს პირველყოფილი ტომები, რომლებიც დღეს არსებობენ, საერთოდაც არ წარმოადგენენ, – როგორც ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნებოდა – გადაშენების პირას მყოფ ტომებს, რომლებიც ერთ დროს ცივილიზაციის უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფებოდნენ და შემდეგ გაფლანგეს ის – უკვე დამტკიცებულია ედვინ ტეილორისა და ლაბოკის მიერ. თუმცა, გადაშენების თეორიის წინააღმდეგ არსებულ არგუმენტებს შეგვიძლია შემდეგიც დავუმატოთ. ზოგიერთი ტომის გამოკლებით, რომლებიც რთულად მისადგომ მთიან რეგიონებში ცხოვრობენ, ე.წ. „ველურები“ ქმნიან სარტყელს, რომელიც გარს არტყამს მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ ერებს, და ძირითადად იკავებენ ჩვენი კონტინენტების იმ კიდურებს, რომელთა დიდი ნაწილიც პოსტ-გამყინვარების ადრეული პერიოდის ნიშნებს ატარებდა.

ასეთებს მიეკუთვნებიან ესკიმოსები და მათი ნათესავები გრენლანდიაში, არქტიკულ ამერიკაში და ჩრდილოეთ ციმბირში; ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში – ავსტრალიელი აბორიგენები, პაპუასები, ფიუიჯიელები, და ნაწილობრივ ბუშმენები. ცივილიზებულ არეებში, პრიმიტიული ხალხები მხოლოდ ჰიმალაის, ავსტრალიის მთებში და ბრაზილიის დაბლობებში სახლობენ. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამყინვარების ხანა ერთდროულად არ დასრულებულა დედამიწაზე. ის ისევ გრძელდება გრენლანდიაში. შესაბამისად, მაშინ, როცა ინდოეთის ოკეანის, ხმელთაშუა ზღვის ან მექსიკის ყურის სანაპიროები უკვე თბილი კლიმატით „სარგებლობდნენ“, და იქ უფრო მაღალგანვითარებული ცივილიზაციები ჩნდებოდა, – ევროპის, ციმბირის და ჩრდილოეთ ამერიკის, ასევე პატაგონიის, სამხრეთ აფრიკის და სამხრეთ ავსტრალიის უზარმაზარი ტერიტორიები ადრეულ პოსტ-გამყინვარების პერიოდის მდგომარეობაში რჩებოდა, რაც მათ მიუღწეველს ხდიდა ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში მცხოვრები ცივილიზებული ხალხებისთვის. ისინი მაშინ ისე გამოიყურებოდნენ, როგორიც ახლა ჩრდილო-დასავლეთ ციმბირის საშინელი ურმანებია(მუქწიწვოვანი ტყეები ჭაობიან დაბლობებზე ან მდინარის ნაპირებში), და მათი მოსახლეობა, ხელშეუხებელი და ცივილიზაციისთვის მიუღწეველი, ინარჩუნებდა პოსტ-გამყინვარების ადრეული პერიოდის ადამიანის თვისებებს. შემდეგ, როცა გამოშრობამ ეს ტერიტორიები სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგ ადგილად აქცია, იქ დასახლება დაიწყეს უფრო ცივილიზებულმა იმიგრანტებმა. და როცა ამ ტერიტორიის ძველი მაცხოვრებლების ერთი ნაწილი ცივილიზებულ „მომხდურებთან“ გაითქვიფა, მეორე ნაწილმა პოლარული მხარეებისკენ აიღო გეზი და დასახლდა იმ ადგილებში, სადაც მათ ახლა ვხვდებით. მათ მიერ დასახლებული ტერიტორიებზე ნაპოვნი იარაღები და „ხელოვნების ნიმუშები“ ნეოლითის ხანას მიეკუთვნება, ე.ი. ძველი ქვის ხანის პერიოდს. ამდენად, მიუხედავად რასობრივი განსხვავებებისა და სივრცისა, რომელიც ამ ტომებს ყოფს ერთმანეთისგან, მათი ცხოვრების სტილი და სოციალური ინსტიტუტები ერთმანეთს საოცრად ჰგავს. ამიტომ, არ შეგვიძლია ეს „ველურები“ არ განვიხილოთ გამყინვარების შემდგომი პერიოდის მოსახლეობის ნარჩენებად, რომლებიც დღევანდელ ცივილიზებულ ტერიტორიებზე სახლობდნენ.

პირველი რამ, რაც თავში მოგვდის პრიმიტიული ხალხების შესწავლისას, არის საქორწინო ურთიერთობათა ორგანიზების სირთულე. მათ შორის „ოჯახი“, იმ გაგებით, როგორც ახლა განვიხილავთ, ჩანასახშიც კი არ არსებობდა. მაგრამ ამავდროულად „ველურები“ სრულებითაც არ წარმოადგენდნენ „წუთიერი კაპრიზების გავლენის ქვეშ მყოფ უწესრიგოდ შეჯგუფებულ კაცებისა და ქალების ბრბოს“. პირიქით, ყველა მათგანი ემორჩილებოდა გარკვეულ ორგანიზების წესებს, რომელიც ლუის მორგანმა აღწერა და დაარქვა „წარმართული“, ან კლანური ორგანიზაცია[5].

რაც შეიძლება გარკვევით რომ მოვყვეთ საკითხს, არსებობს ეჭვები იმისა, რომ თავის დასაწყისში კაცობრიობამ გადალახა ეტაპი, რომელიც შეიძლება აღწერილ იქნას, როგორც „კომუნალური ქორწინება“, ე.ი. მთელი ტომის ქმრები და ცოლები იყვნენ საერთონი და სისხლით ნათესაობას საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას. მაგრამ ასევე უეჭველია, რომ რაღაც შეზღუდვები იყო დაწესებული ამ თავისუფალ ურთიერთობებზე დასაწყისშივე. საქორწინო ურთიერთობები აიკრძალა ერთი დედის შვილებს შორის, ასევე დეიდასა და დის შვილს შორის და ამას სხვა აკრძალვებიც მოჰყვა. დაიბადა გვარების, საგვარეულოების იდეა, რომელიც მოიცავდა ყველა სავარაუდო, ან აშკარა შთამომავლებს ერთი შტოდან და მათ შორის ქორწინება საერთოდ აკრძალული იყო. როცა საგვარეულოები საკმაოდ მომრავლდნენ და ქვეკლანებად დაიყვნენ, სადაც ყოველი მათგანი თავის მხრივ იყოფოდა კლასებად(როგორც წესი ოთხად), ქორწინება ნებადართული იყო მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ კლასებს შორის. ასეთ სტადიას შეგვიძლია დავაკვირდეთ კამილაროიულ ენაზე მოსაუბრე ავსტრალიის აბორიგენთა შორის. რაც შეეხება ოჯახებს, მისი პირველი ჩანასახები გაჩნდა ტომობრივი ორგანიზების დროს. ქალი, რომელსაც ტყვედ აიყვანდნენ ტომთა დაპირისპირების დროს, იყო მთელი ტომის საკუთრება, ხოლო უფრო გვიანდელ პერიოდში ქალი რჩებოდა მას, ვინც ტყვედ აიყვანდა, მხოლოდ კლანის(საგვარეულოს) წინაშე რაღაც მოვალეობების დაკისრებით. ის შეიძლებოდა წაეყვანათ ცალკე ქოხში, მას შემდეგ რაც გარკვეულ ვალს მოიხდიდა ტომის წინაშე, და ასეთ შემთხვევაში შეეძლო კლანის ფარგლებში შეექმნა ოჯახი, რაც ცივილიზაციის ახალ ფაზას უყრიდა საფუძველს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს რთული ორგანიზაცია გაჩნდა განვითარების უმდაბლეს საფეხურზე მდგომ ადამიანებში, რომლებსაც არაფერი გაეგებოდათ საზოგადოებრივი აზრის გარდა სხვა ძალაუფლებაზე, მაშინვე მივხვდებით რაოდენ ღრმად ჰქონდა საზოგადოებრივ ინსტიქტებს ფესვები გამდგარი ადამიანის ბუნებაში, მისი განვითარების საწყის საფეხურებზეც კი. „ველური“, რომელსაც შეეძლო ეცხოვრა ასეთი ორგანიზების პირობებში, შეზღუდვების საკუთარი ნებით დამორჩილებით, რომლებიც გამუდმებით ეწინააღმდეგებოდნენ მის პირად სურვილებს, რა თქმა უნდა ვერ ჩაითვლება ცხოველად, რომელსაც არ აქვს ეთიკური პრინციპები და ვერ მართავს თავის სურვილებს. მაგრამ ეს ფაქტი უფრო მომხიბვლელი ხდება, თუ ყურადღებაში მივიღებთ ამ ტომობრივი ორგანიზების წარმოშობის დროს.

ახლა ცნობილია, რომ პრიმიტიულ სემიტებს, ჰომეროსის ბერძნებს, პრეისტორიულ რომაელებს, ტაციტუსის გერმანელებს, ადრეულ კელტებს და სლავებს, – ყველას გამოვლილი აქვს ტომობრივი ორგანიზების პერიოდი, თითქმის ისეთი, როგორიც ჰქონდათ ავსტრალიელებს, წითელკანიან ინდიელებს, ესკიმოსებს და „ველურთა სარტყელის“ სხვა წარმომადგენლებს[6].

ამდენად, ჩვენ უნდა დავუშვათ ორიდან ერთი: ან საქორწინო წეს-ჩვეულებათა ევოლუცია ერთი გზით ვითარდებოდა ყველა რასას შორის, ან კლანთა წესების საწყისები წარმოშობილი იყო სემიტების, არიელების, პოლინესიელების და სხვათა საერთო წინაპრების მიერ, სანამ მათ რასებად დაყოფას ექნებოდა ადგილი. ორივე ვარიანტი მიუთითებს ამ ინსტიტუტის სიმყარეზე – ისეთ სიმყარეზე, რომ ინდივიდუალთა ვერც ერთი შეტევა ვერ დაანგრევდა ათობით ათასი წლის მანძილზე. სწორედ ეს გამძლეობა ტომობრივი ორგანიზებისა გვიჩვენებს, რაოდენ მცდარია შეხედულება, რომლის მიხედვითაც პირველყოფილი კაცობრიობა წარმოადგენს უწესრიგოდ შეყრილ ინდივიდებს, რომლებიც მხოლოდ თავიანთ პირად ვნებებს ემორჩილებიან და თავიანთ ძალას და ეშმაკობას სხვა სახეობათა წარმომადგენლების წინააღმდეგ იყენებენ. თავაწყვეტილი ინდივიდუალიზმი თანამედროვე მოვლენაა, მაგრამ საერთოდ არ ახასიათებს პრიმიტიულ ადამიანს[7].

დღეს არსებულ „ველურებზე“ საუბარი შეგვიძლია ბუშმენებიდან დავიწყოთ, რომლებიც განვითარების იმდენად დაბალ საფეხურზე მდებარეობენ, რომ მათ სახლებიც კი არ აქვთ და მიწაში ამოთხრილ ორმოებში ცხოვრობენ და ტოტებისა და ფოთლებისგან გაკეთებული საფარით იცავენ თავს ქარისგან. ცნობილია, რომ როცა ევროპელები დასახლდნენ მათ ტერიტორიაზე და ირმები გაწყვიტეს, ბუშმენებმა დაიწყეს მათი რქოსანი საქონლის მოპარვა, რაც მათ შორის ომის მიზეზი გახდა. ხუთი ათასი ბუშმენი იქნა მოკლული 1774 წელს, სამი ათასი 1808-1809-ში ფერმერთა ალიანსის მიერ და ა.შ. მათ წამლავდნენ, როგორც ვირთხებს, მოწამლულ ხორცს აჭმევდნენ მოშიმშილე ადამიანებს, ან ხვრეტდნენ, როგორც ხაფანგში მოქცეულ ცხოველებს. მათ ხოცავდნენ ყოველი შეხვედრისას[8]. ამგვარად, ჩვენი ცნობები ბუშმენებზე – ხშირ შემთხვევაში იმ ხალხისგან მივიღეთ, რომლებიც ასე უსწორდებოდნენ მათ – დიდი კეთილგანწყობით არ გამოირჩევა. ამასთანავე, ვიცით, რომ ევროპელთა გამოჩენის დროს ბუშმენები ცხოვრობდნენ პატარ-პატარა ტომებად, რომლებიც დროთა განმავლობაში ერთიანდებოდნენ ფედერაციებად; ისინი ნადირობდნენ ერთად და ნადავლს იყოფდნენ ყოველგვარი ჩხუბისა და კამათის გარეშე. ისინი არასდროს ტოვებდნენ თავიანთ დაჭრილებს და ძლიერ თანადგომას იჩენდნენ ამხანაგების მიმართ. ლიხტენშტეინი მოგვითხრობს ერთობ გულისამაჩუყებელ ეპიზოდს ერთ ბუშმენზე, რომელიც მდინარეში იხრჩობოდა და მეგობრებმა გადაარჩინეს. ისინი ცხოველის ტყავს იხდიდნენ და მეგობარს ახვევდნენ, რომ არ გაყინულიყო, როდესაც თვითონაც კანკალებდნენ სიცივისგან. მათ გააშრეს ის ცეცხლის წინ და თბილი ცხიმ ზელდნენ მანამ, სანამ გონს არ მოიყვანეს. და როცა ბუშმენებმა აღმოაჩინეს, რომ იოჰან ვან დერ ვოლტი, იყო ადამიანი, რომელიც მათ კარგად ექცეოდათ, მათ თავისი გულისხმიერება გამოხატეს ამ კაცისადმი დიდი ერთგულებით[9]. ბარჩელი და მოფატი მათ წარმოგვიდგენენ, როგორც კეთილშობილ, უანგარო და სანდო ადამიანებად[10]. რაც შეეხება მათ სიყვარულს ბავშვების მიმართ, საკმარისია გავიხსენოთ, რომ როცა ევროპელებს ბუშმენის მონად აყვანა სურდათ, ისინი მის შვილს იტაცებდნენ; დედა ყოველთვის თვითონ მიდიოდა მათთან და მონა ხდებოდა, რათა თავისი შვილის ხვედრი გაეზიარებინა[11].

მსგავსი საზოგადოება გვხვდება ჰოტენტოტებშიც, რომლებიც ოდნავ მეტად არიან განვითარებულნი ვიდრე ბუშმენები. ლაბოკმა აღწერა ისინი, როგორც „ჭუჭყიანი ცხოველები“, და ისინი ნამდვილად ძალიან ჭუჭყიანები არიან. მთელი მათი ჩაცმულობა შედგება კისერზე ჩამოკიდებული ნადირის ტყავისგან, რომელსაც ატარებენ მანამ, სანამ ბოლომდე არ დაიფლითება. მათი ქოხები აშენებულია ბოლოებ გადაბმული ჯოხებისგან, რომლებიც დაფარულია ჩალით, შიგნით კი ავეჯის ნასახიც კი არ გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ მათ მოშინაურებული ჰყავდათ ხარი და თხა და, როგორც ჩანს, რკინის ხმარება მანამდე ისწავლეს სანამ ევროპელებს შეხვდებოდნენ, ისინი მაინც განვითარების უმდაბლეს საფეხურს წარმოადგენენ. ყველა ევროპელი, რომელიც იცნობდა მათ ცხოვრებას, დიდად აქებდა მათ კომუნიკაბელურობას და მზადყოფნას გვერდში დასდგომოდნენ ერთმანეთს. თუ ჰოტენტოტს რამეს მისცემთ, ის იმწუთასვე გაუყოფს მიღებულს ყველა იქ მყოფს – ამ ჩვევამ, როგორც ცნობილია, ძალზედ მოხიბლა დარვინი. ისინი არ ჭამენ მარტო, და მიუხედავად შიმშილისა ყოველთვის უნაწილებენ თავიანთ საკვებს გამვლელებს. და როცა კოლბენმა გამოხატა თავისი აღფრთოვანება, მან ასეთი პასუხი მიიღო: „ესაა ჰოტენტოტთა ადათი“. მაგრამ ეს მხოლოდ ჰოტენტოტთა ჩვეულება არაა, ეს უნივერსალური ჩვევაა „ველურთა“ შორის. კოლბენმა, რომელიც კარგად იცნობდა ჰოტენტოტებს და მათ უარყოფით მხარეებს სიჩუმეში არ ტოვებდა, საკმარისად კარგად ვერ დააფასა მათი ტომობრივი მორალი.

„მათი სიტყვები წმინდაა მათთვის“, წერდა ის. მათ არაფერი იციან „ევროპის გახრწნილ და ურწმუნო ხელოვნებაზე.“ ისინი მშვიდობიანად ცხოვრობენ და თითქმის არასდროს ომობენ თავიანთ მეზობლებთან. ისინი ძალიან თბილი და კეთილისმყოფელები არიან. ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნება ჰოტენტოტებისა დევს ერთმანეთისთვის საჩუქრებისა გაცვლასა და დახმარების გაწევაში. თავიანთი პატიოსნებით, სამართლიანობით და უმწიკვლობით, ისინი აღემატებიან ყველა, ან თითქმის ყველა სხვა ერს[12].“

საჭიროა შევნიშნოთ, რომ როცა კოლბენი წერდა ჰოტენტოტებზე – „ურთიერთობაში ისინი არიან ყველაზე მეგობრულები, ყველაზე გულუხვები და ყველაზე გულკეთილები, რომლებსაც ოდესმე უარსებია დედამიწაზე – მანდ გამოიყენა განსაზღვრებები, რომლებიც მას შემდეგ მუდმივად მეორდება მოგზაურთა მიერ სხვადასხვა „ველურების“ აღსაწერად. როცა გაუნათლებელი ევროპელები პირველად გადააწყდნენ პირველყოფილ რასებს, ისინი მათ ცხოვრებას კარიკატურებში გამოსახავდნენ; მაგრამ საკმარისი იყო ერთ ჭკვიან ადამიანს ამ ველურთა შორის ეცხოვრა ცოტახნით, რომ ის მათ აღწერდა როგორც ყველაზე წყნარ და კეთილ ხალხს დედამიწაზე. ზუსტად იგივე სიტყვებით ახასიათებენ მოგზაურები ოსტიაკებს(იგივე კეტები), სამოედებს(Samoyeds), ესკიმოსებს, დაიაკებს, ალეუტებს, პაპუასებს და სხვ. მსგავსი გამოხმარურებები წაკითხული მაქვს ტანგუსებზე, ჩუქჩებზე, და პირველყოფილთა სხვადასხვა მოსახლეობაზე.

ავსტრალიის მაცხოვრებლები განვითარებით თავიანთ სამხრეთ-აფრიკელ ძმებზე მაღლა არ დგანან. მათი ქოხები იგივე ნაირ-სახეობისაა. ძალიან ხშირად ფიჩხისგან გაკეთებული უბრალო შირმით იცავენ თავს ძლიერი ქარებისგან. მათი საკვები ყველაზე ერთგვაროვანია: საჭიროების შემთხვევაში ისინი სრულებით გახრწნილ ლეშს მიირთმევენ, და მასიური შიმშილის დროს, ზოგჯერ კანიბალიზმსაც კი არ ერიდებიან. როცა აბორიგენები პირველად აღმოაჩინეს ევროპელებმა, აღმოჩნდა, რომ მათ არანაირი იარაღი არ გააჩნდათ, გარდა ყველაზე მოუქნელი გზით გამოთლილი ქვის ან ძვლის იარაღისა. ზოგს ტომს ნავიც კი არ გააჩნდა და საერთოდ არ იცნობდა გაცვლით ვაჭრობას. ამავდროულად, მათი ქცევებისა და ჩვეულებების გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ გააჩნდათ ისეთივე ტიპის ტომობრივი ორგანიზაცია, რომელიც ზევით უკვე ვახსენეთ[13].

ტერიტორია, რომელზეც ისინი ცხოვრობენ, დაყოფილია სხვადასხვა საგვარეულოებისა და ტომებისთვის, მაგრამ ადგილი, სადაც თითოეული ტომი ნადირობს ან თევზაობს საერთო მფლობელობაში რჩება, ისევე როგორც ნადავლი ეკუთვნის მთელ კლანს[14]. მთელ კლანსვე ეკუთვნის ნადირობისა და თევზაობის იარაღები. საკვებს ყველა ერთად მიირთმევს. სხვა ველურების მსგავსად, ავსტრალიელი აბორიგენები იცავენ წესებს სეზონებთან მიმართებაში, როცა ხდება გარკვეული ტიპის გუმფისის და ბალახის მოგროვება[15]. რაც შეეხება მათ მორალს ზოგადად, კარგი იქნება თუ მოვიყვანთ ჩრდილოეთ ქუინსლენდში მცხოვრებ მისიონერ ლამჰოლტზის(Carl Sofus Lumholtz) პასუხებს პარიზის ანთროპოლოგიური საზოგადოების კითხვებზე[16]:

„მათთვის მეგობრობის გრძნობა კარგადაა ნაცნობი; ის საკმაოდ ძლიერად აქვთ განვითარებული. სუსტები სარგებლობენ საზოგადოებრივი დახმარებით; ავადმყოფებს კარგად უვლიან: მათ არასდროს ტოვებენ ბედის ანაბარად და მითუმეტეს არ ხოცავენ. ეს ტომები კანიბალები არიან, ჭამენ მხოლოდ უცხოებს. მშობლებს უყვართ თავიანთი შვილები, ეთამაშებიან და ეალერსებიან მათ. ბავშვის მკვლელობა ხდება მხოლოდ საერთო შეთანხმების შემდეგ. მოხუცებს დიდი პატივისცემით ექცევიან. არ გააჩნიათ არც რელიგია, არც კერპები, მხოლოდ სიკვდილის შიში. ქორწინება პოლიგამიურია. დაპირისპირებები კლანებს შორის წყდება დუელით, ხის ხმლებითა და ფარებით. მონობა არ არსებობს; მიწას არ ამუშავებენ; არც თიხას; ტანსაცმელი არ აქვთ, გარდა წინსაფრისა, რომელსაც ქალები ატარებენ. კლანი შედგება ორასი ადამიანისგან და გაყოფილია ქალებისა და კაცების ოთხ-ოთხ კლასად; ქორწინება დაშვებულია მხოლოდ ჩვეულებრივ კლასებს შორის და არასდროს საგვარეულოებში.“

რაც შეეხებათ პაპუასებს, აბორიგენების ახლო ნათესავებს, ჩვენ გვაქვს გ.ლ. ბინკის ჩვენება, რომელიც ახალ გვინეაში ცხოვრობდა 1871-1883 წლებში. აი მისი პასუხი იგივე კითხვაზე[17]

„პაპუასები კომუნიკაბელურნი და საკმაოდ მხიარულები არიან; ბევრს იცინიან. უფრო მშიშრები, ვიდრე მამაცები. მეგობრობა საკმაოდ ძლიერია სხვადასხვა კლანებს შორის, და უფრო მეტად ძლიერი კლანის შიგნით. პაპუასი ხშირად იხდის თავისი საგვარეულოს წევრთა ვალებს, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი გადაუხდის მის შვილებს. ავადმყოფებს და მოხუცებს კარგად უვლიან; მათ არასდროს არ ტოვებენ ან კლავენ, – გამოკლებით მონებისგან, რომლებიც დიდხანს ავადმყოფობდნენ. ხანდახან ტყვეებს ჭამენ. ბავშვები ძალიან უყვართ. მოხუც და სუსტ ტყვეებს კლავენ, დანარჩენებს კი ყიდიან. მათ არ გააჩნიათ არც რელიგია, არც ღმერთები, კერპები ან რაიმე სახის ხელისუფლება; ტომის უხუცესი წევრი მოსამართლის როლშია. საქორწინო წესების დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე იხდის ჯარიმაც, რაც ხმარდება „ნეგორიას“ (თემს). მიწა ყველასია, მაგრამ მოსავალი იმას ეკუთვნის ვინც მოიყვანს. იციან „მექოთნეობა“ და გაცვლითი ვაჭრობა – ისინი ღებულობენ ვაჭრისგან საჭირო საქონელს, ბრუნდებიან სახლში და მიაქვთ ადგილობრივი ნაწარმი, რომელსაც ვაჭარი მოითხოვს. თუ საჭირო საქონელი ვერ მოიპოვეს, მაშინ წამოღებულ საქონელს უკან აბრუნებენ[18]. პაპუასები „თავებზე ნადირობენ“, ამგვარად ასრულებენ სისხლის აღებას. „ზოგჯერ“, ამბობს ფინში(Otto Finsch), „საქმე „გადაეცემა“ ნამატოტის რაჯას, რომელიც მას ამთავრებს ჯარიმის დაკისრებით.“

როცა პაპუასებს კარგად ექცევიან, ისინი დიდ გულისხმიერებას იჩენენ. მიკლუხო-მაკლაი(Nicholas Miklouho-Maclay) ჩამოვიდა ახალი გვინეის აღმოსავლეთ ნაპირზე მხოლოდ ერთ კაცთან ერთად, ორი წელი გაატარა კანიბალთა ტომებში, და მწუხარებით დატოვა ისინი; მოგვიანებით ის დაბრუნდა კიდევ ერთი წლით დასარჩენად და არასდროს მოსვლია რაიმე კომფლიქტი მათთან. მართალია, რომ მისი წესი იყო არასდროს – ყოველი პრეტექსტის გარეშე – ეთქვა ტყუილი და არ მიეცა მათთვის დაპირება, რომელსაც ვერ შეასრულებდა. ეს უბედური არსებები, რომელბმაც ცეცხლის ანთებაც კი არ იციან, რის გამოც გულმოდგინედ უვლიან მას თავიანთ ქოხებში, ცხოვრობენ პრიმიტიული კომუნიზმის პირობებში, ყოველგვარი ხელმძღვანელის უქონლად, და მათ დასახლებებში თითქმის არასდროს არ ხდება ისეთი დაპირისპირება, რომელზეც ლაპარაკი ღირდეს. ისინი მუშაობენ ერთად – იმდენს, რამდენიც საჭიროა ერთი დღის სამყოფი საჭმლის მომარაგებისთვის; ერთად ზრდიან ბავშვებს; საღამოობით, კი იცვამენ ისე კეკლუცად, როგორც შეუძლიათ და ცეკვავენ. როგორც ყველა ველურს, მათაც ძალიან უყვართ ცეკვა. ყველა სოფელს თავისი „ბარლა“ ან „ბალაი“ აქვს – „გრძელი“ ან „მაღალი“ სახლი – უცოლო კაცებისთვის, საზოგადოების თავშეყრისთვის და საერთო საქმეებზე მსჯელობისთვის – ისევ იგივე დამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც საერთოა წყნარი ოკეანის კუნძულების მცხოვრებთათვის, ესკიმოსებისა და წითელი ინდიელებისთვის და ა.შ. სხვადასხვა სოფლის ჯგუფები ერთმანეთთან მეგობრულ დამოკიდებულებაშია და ხშირად სტუმრობენ ერთმანეთს.

სამწუხაროდ, სოფლებს შორის ზოგჯერ თავს იჩენს დაპირისპირება – არა „მაცხოვრებელთა გადაჭარბებული რაოდენობის“, „კონკურენციისადმი მიდრეკილების“ ან მსგავსი მერკანტილური ინტერესების გამო, არამედ ცრურწმენების შედეგად. მაშინვე როდესაც ვინმე ავად გახდება, მისი მეგობრები და ნათესავები გროვდებიან, და ყურადღების მსჯელობენ ვინ შეიძლება იყოს ავადმყოფობის მიზეზი. განიხილება ყველა პოტენციური „მტერი“, ყველა იხსენებს თავის უმნიშვნელო ჩხუბებს და ბოლოს ავადმყოფობის „რეალური მიზეზიც“ გამოირკვევა. ის გამოგზავნა რომელიღაც მტერმა მეზობელი სოფლიდან, შემდეგ კი გეგმავენ ამ სოფელზე თავდასხმას. მიუხედავად იმისა, რომ მტრობა ჩვეულებრივი ამბავია სანაპიროზე მდებარე სოფლებს შორის, რომ აღარაფერი ვთქვათ მთიელ კანიბალებზე, რომლებიც ნამდვილ ალქაჯებად მიიჩნევიან, მათი ახლო გაცნობის შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან სანაპირო ზოლის მეზობლებისგან[19].

უამრავი შესანიშნავი რამ შეიძლება დაიწეროს წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრებ ხალხთა ჰარმონიაზე.

მაგრამ ისინი უკვე ცივილიზაციის უფრო მაღალ საფეხურზე დგანან, ამიტომაც ვიღებთ მაგალითებს შორეული ჩრდილოეთის მოსახლეთა ცხოვრებიდან. სანამ სამხრეთ ნახევარსფეროს დავტოვებთ აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ფიუიჯიელებიც კი, რომლებიც საშინელი რეპუტაციით სარგებლობდნენ, არც ისეთი ცუდები აღმოჩნდნენ ახლოს გაცნობის შემდეგ. მათთან მცხოვრები ფრანგი მისიონერების თქმით ფიუიჯიელთა ვერც ერთ საქციელზე ვერ დაიჩივლებდნენ. ისინი 120-150 კაციან ტომებად ცხოვრობენ პრიმიტიულ კომუნიზმში, ისევე როგორც პაპუასები. ისინი ყველაფერს იყოფენ და მოხუცებს ძალიან კარგად ექცევიან. მათ საგვარეულოებს შორის კი სრული მშვიდობა სუფევს[20].

ესკიმოსებთან და მათ ახლო ნათესავ – ტლინკიტებთან(ალიასკელი ინდიელები) და ალეუტებთან(კამჩატკის და ალიასკის ადგილობრივები) ვპოულობთ ყველაზე მიახლოებულ სურათს, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო დიდი გამყინვარების პერიოდის ადამიანი. მათი იარაღები თითქმის არ განსხვავდება ქვის ხანის ადამიანისგან, და მათი ტომების ნაწილმა არც კი იცის თევზაობა: ისინი უბრალოდ კლავენ თევზებს შუბის მსგავსი იარაღით[21]. ისინი ამუშავებენ რკინას, მაგრამ მხოლოდ ევროპელებისგან მოიპოვებენ ან ნაპირზე გამორიყული ხომალდების ნამსხვრევებში პოულობენ. მათი საზოგადოებრივი ორგანიზება სრული პირველყოფილებით გამოირჩევა, თუმცა უკვე გამოვიდნენ „კომუნალური“ ქორწინების სტადიიდან. ისინი უკვე ოჯახებად ცხოვრობენ, მაგრამ ოჯახური კავშირები ძალიან სუსტია, რადგან დროთა განმავლობაში მაინც ხდება ცოლების და ქმრების გაცვლა[22]. ოჯახები რჩება გაერთიანებული საგვარეულოებში – სხვაგვარად ხომ არც შეიძლება. როგორ გადაიტანდნენ ისინი ურთულეს ბრძოლას გადარჩენისთვის გაერთიანებული ძალების გარეშე? ასეც იქცევიან, შედეგად ტომობრივი კავშირები უფრო ძლიერია იქ, სადაც ცხოვრება მეტად რთულია, კონკრეტულად კი ჩრდილო-აღმოსავლეთ გრენლანდიაში. „გრძელი სახლი“ მათი ძირითადი ქოხია და რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს იქ, რომლებიც განცალკევებულნი არიან ბეწვისგან დამზადებული პატარა ტიხრებით, მაგრამ საერთო დერეფანი აქვს. ზოგჯერ ასეთ სახლებს ჯვრის ფორმა აქვთ, ასეთ შემთხვევაში ცენტრში თავსდება ხოლმე კერია. გერმანულ ექსპედიციას, რომელმაც ზამთარი ასეთი „გრძელი სახლების“ მახლობლად გაატარა, შეეძლო დარწმუნებულიყო, რომ მთელი არქტიკული ზამთრის განმავლობაში „მშვიდობა არ დარღვეულა არც ერთი დაპირისპირებით, და არანაირი კამათი არ წარმოშობილა ამ საერთო სივრცის გამო“. საყვედური, ან არამეგობრული სიტყვაც კი პატარა დანაშაულად ითვლება, თუ ის ე.წ. „დამცინავი სიმღერის“(nith-song) დროს არ წარმოითქვა[23], რომელსაც ქალები მღერიან გუნდად. თანაცხოვრება და ურთიერთდამოკიდებულება საკმარისია საუკუნეების განმავლობაში საზოგადოების ინტერესთა ღრმა პატივისცემის შესანარჩუნებლად. ესკიმოსთა უფრო ფართო დასახლებებშიც კი „საზოგადოებრივი აზრი ნამდვილ სასამართლო დაწესებულებად ითვლება, და ჩვეულებრივი დასჯა ვლინდება იმაში, რომ დამნაშავეს ყველას თვალწინ არცხვენენ“.[24]

ესკიმოსთა ცხოვრება კომუნიზმზეა აგებული. რაც ნადირობით და თევზაობით მოიპოვება ეკუთვნის ყველას. მაგრამ რამდენიმე ტომში, განსაკუთრებით დასავლეთში, დანიელთა გავლენით კერძო საკუთრებამ შეაღწიე მათ ინსტიტუტებში. თუმცა, მათ აქვთ საშუალებები თავი აარიდონ ქონების დაგროვებით გამოწვეულ უხერხულობებს, რომლებმაც შეიძლება მათი ტომობრივი ერთობა გაანადგუროს. როცა ვინმე მდიდრდება, ის პატიჟებს მისი საგვარეულოს ხალხებს დიდ წვეულებაზე, რის შემდეგაც მთელ ქონებას უნაწილებს მათ. იუკონის მდინარეზე, ალიასკაში, დალმა(William Healey Dall) დაინახა, როგორ გასცა ერთმა ოჯახმა ასეთი გზით ათი იარაღი, ათი ბეწვის ტანსაცმელი, 200 მძივი, დიდი რაოდენობით საბანი, მგლის ათი, თახვის ორასი და სიასამურის ხუთასი ტყავი. შემდეგ მათ გაიხადეს თავიანთი სადღესასწაულო სამოსი და მათ მისცეს, ჩაიცვეს ძველი ტანსაცმელი და სიტყვით გამოვიდნენ, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი ახლა ყველა სტუმარზე ღარიბები არიან, თუმცა უამრავი მეგობარი შეიძინეს[25].

სიმდიდრის გაცემა ტრადიციადაც კი იქცა ესკიმოსთა შორის და ადგილი აქვს ყოველ წელს, ამ მონაპოვარის გამოფენის შემდეგ[26]. როგორც ჩანს, ეს ჩვეულება წარმოიშვა პირადი ქონების გაჩენასთან ერთად, როგორც თანასწორობის აღდგენის საშუალება. მიწების პერიოდული გადაცემა და ვალების პატიება, რაც მრავალ სხვადასხვა ხალხში არსებობდა(სემიტები, არიელები და სხვ.), სავარაუდოდ ზემოთხსენებული ჩვეულების გადმონაშთი იყო. გარდაცვლილთან ერთად მისი ქონების დამარხვის, ან საფლავზე განადგურების ტრადიცია – რომელსაც ყველა პირველყოფილ ხალხთან ვაწყდებით – იგივე წარმომავლობის უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში, იმ დროს, როცა გარდაცვლილის პირადი ნივთები ნადგურდება, მის საკუთრებაში მყოფი საერთო მოხმარების საგნები(ნავები, ბადეები და ა.შ.) ხელუხლებელი რჩებოდა. უფრო გვიანდელ ხანაში ამ ჩვეულებამ რელიგიური ხასიათი მიიღო. და ბოლოს, ქონების რეალურ განადგურებას ანაცვლებს სიმბოლური რიტუალი: საფლავზე წვავენ გარდაცვლილის ქონების ქაღალდის მოდელებს ან სურათებს(ასე ხდება ჩინეთში), ან სასაფლაოზე მოაქვთ მისი ნივთები და ცერემონიის დამთავრების შემდეგ ისევ სახლში აბრუნებენ. ამ ფორმით ჩვეულება დღემდე შენარჩუნებულია[შენიშვნა: J.V. de Groot-ის შესანიშნავ ნაშრომში(«The Religious Systems of China», 1892–97, Leyden) ვპოულობთ ამის დასაბუთებას. ჩინეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, იყო დრო, როცა გარდაცვლილის მთელი კერძო საკუთრება ნადგურდებოდა საფლავზე – მისი მოძრავი ქონება, მისი მონები, მეგობრებიც კი, მსახურები და რაღათქმაუნდა ქვრივიც. მორალისტებს დიდი შრომა დასჭირდათ, სანამ ამ ჩვეულებას წერტილს დაუსვამდნენ].

ესკიმოსთა ტომობრივი ზნეობის მაღალ დონეს ხშირად აღნიშნავენ სხვადასხვა ლიტერატურაში. თუმცა არანაკლებ საინტერესოა მომდევნო შენიშვნები ალეუტების – ესკიმოსთა ახლო ნათესავების – მორალის შესახებ, უფრო მეტიც, მათ მაგალითზე კარგად შეიძლება აიხსნას ზოგადად ველურ ტომთა ზნეობრიობა. ისინი ეკუთვნის ყველაზე საუცხოო ადამიანს, რუს მისიონერ ვენიამინოვს, რომელმაც ათი წელი გაატარა ალეუთტა რიგებში. ამ ტექსტებს შევაჯამებ, ძირითადად მისივე სიტყვებით:

გამძლეობა, – წერდა ის, – მათი ყველაზე კარგად გამოკვეთილი უნარია. ისინი არათუ ბანაობენ ყოველ დილით გაყინულ ზღვაში, და ტიტვლები დგანან ნაპირთან, ცივი ქარის პირისპირ, არამედ მათი გამძლეობა, არასაკმარისი საკვების პირობებში მძიმე სამუშაოს შესრულებისას, აჭარბებს ყველაფერს, რისი გამოხატვაც შეიძლება. თუ საკვები თავდება, ალეუტი პირველ რიგში ბავშვებზე ზრუნავს; ის მათ აძლევს ყველაფერს, რაც გააჩნია, და თავად შიმშილობს. ისინი ქურდობისკენ მიდრეკილნი არ არიან, როგორც ეს პირველ რუს მომხდურებთან იყო შემჩნეული. ყოველი ალეუტი აღიარებს, რომ მას ოდესმე რაღაც მოუპარავს, მაგრამ ეს „რაღაც“ ყოველთვის ძალიან უმნიშვნელო რამ არის, და ეს საქციელი სრულიად ბავშვურ ხასიათს ატარებს. მშობლების სიყვარული შვილებისადმი ძალიან გულის ამაჩუყებელია, თუმცა ეს არასდროს გამოიხატება მოფერებით ან სიტყვებით. ალეუტი ძალიან რთულად იძლევა რაიმე სახის დაპირებას, მაგრამ თუ ეს მოხდა, ყველაფერს იზამს პირობის შესასრულებლად. (ერთმა ალეუტმა ვენიამინოვს მიართვა გამშრალი თევზის შეკვრა, მაგრამ სიჩქარეში ნაპირზე დარჩა, ალეუტმა სახლში წაიღო. მისი ვენიამინოვთან გაგზავნის საშუალება იანვრამდე არ ჰქონია, ნოემბერსა და დეკემბერში კი საკვები პროდუქტების დიდი ნაკლებობა იყო. მაგრამ მოშიმშილე ალეუტებს ხელი არ უხლიათ უკვე გაჩუქებული თევზისთვის). მათი მორალის კოდექსი მრავალფეროვანი და მკაცრია. მაგალითად, სირცხვილად ითვლება: გარდაუვალი სიკვდილის შიში; მტრისთვის შეწყალების თხოვნა; ქურდობაში მხილება; ნავის გადაბრუნება ნავსადგომზე; ზღვაში შტორმიან ამინდში გასვლის შიში; დაუძლურება სხვებზე ადრე, საკვების ნაკლებობის შემთხვევაში, გრძელ გზაზე მოგზაურობისას; სიხარბის გამოჩენა ნადავლის მოპოვებისას, – ასეთი შემთხვევის დროს, მისი შერცხვენის მიზნით ამხანაგები თავიანთ ნადავლსაც აძლევენ. სამარცხვინოდ ითვლება ასევე: ცოლის საიდუმლოს საზოგადოდ გათქმა; ორ კაციანი ნადირობის დროს, ნადავლის საუკეთესო ნაჭრის მეწყვილესთვის არ შეთავაზება. საკუთარი საგმირო საქმეებით ტრაბახი, განსაკუთრებით გამოგონილით; ზიზღით ლანძღვა. მათხოვრობა; სხვების თანდასწრებით ცოლის მოფერება; მარტოდ ვაჭრობა – გაყიდვა ყოველთვის უნდა შესრულდეს მესამის თანდასწრებით, რომელიც ფასს განსაზღვრავს. ქალებისთვის სირცხვილად ითვლება: კერვის, ზოგადად ქალის სამუშაოს და ცეკვის არ ცოდნა; ქმრის და ბავშვების ალერსი უცხოს თანდასწრებით[27].

ასეთია ალეუტთა მორალი, რომელიც უკეთაა გამოხატული მათ მოთხრობებსა და ლეგენდებში. დავამატებ, რომ როცა ვენიამინოვმა ეს დაწერა(1840), ერთადერთი მკვლელობა იყო ჩადენილი მთელი 70 წლის განმავლობაში 60,000 კაციან მოსახლეობაში, და 40 წლის მანძილზე 1,800 ალეუტს შორის არც ერთი სისხლის სამართლის დანაშაული არ დაფიქსირებულა. ეს უცნაურად არ მოგვეჩვენება თუ გავიხსენებთ, რომ შეურაცხყოფა და უხეში ქცევა აბსოლიტურად უცნობია მათ ცხოვრებაში. ბავშვებიც კი არასდროს ჩხუბობენ ერთმანეთში და ყველაზე „ცუდი“ შეურაცხყოფა მათ ლექსიკონში დაახლოებით ასე ჟღერს: „დედაშენმა კერვა არ იცის“ ან „მამაშენი ცალთვალაა“[28].

ბევრი რამ ველურების ცხოვრებიდან ევროპელთათვის გამოცანად რჩება. მათი ტომობრივი სოლიდარობის მაღალგანვითარებულობის დასადასტურებლადნებისმიერი რაოდენობის ყველაზე სარწმუნო წყაროების მოყვანა შეიძლება. და მათ შორის, არანაკლებ სარწმუნოა, რომ იგივე ველურებში ადგილი აქვს ინფანტიციდს(ბავშვების მკვლელობას); ზოგ შემთხვევაში ისინი ტოვებენ მოხუცებს, და ბრმად ემორჩილებიან სისხლის აღების წესებს. ამიტომ პირველ რიგში უნდა ავხსნათ იმ ფაქტების თანაარსებობა, რომლებიც, ევროპელთა აზრით, ეწინააღმდეგება ერთმანეთს ერთი შეხედვით. ზევით ვახსენე როგორ შიმშილობს ალეუტელი მამა დღეების და კვირების განმავლობაში, და ყველაფერს თავის ბავშვს აძლევს; როგორ ბარდება ბუშმენი დედა ტყვედ თავისი შვილის სანაცლოდ; და შემიძლია გვერდები გავავსო მშობლების და შვილების სათუთი ურთიერთობების ილუსტრირებით. მოგზაურები გამუდმებით ახსენებენ მათ. თქვენ წაიკითხავთ დედის ძლიერ სიყვარულზე, რომელიც მუდამ ეალერსება თავის შვილს, შემდეგ მამაზე რომელიც გაცხარებული მორბის ტყიდან და მხრებზე ყავს თავისი შვილი რომელიც გველმა დაკბინა, ან მისიონერი ყვება მშობელთა სასოწარკვეთაზე იმ შვილის დაკარგვის დროს, რომელიც მან ერთხელ უკვე გადაარჩინა მსხვერპლად შეწირვას დაბადებისას; ან გაიგებთ, რომ „ველურთა“ დედები 4 წლამდე თვითონ კვებავენ შვილებს, და რომ ახალი ჰიბრიდის კუნძულებზე ბავშვის დაღუპვის შემთხვევაში მისი დედა, ან დეიდა თავს იკლავს, რომ თავის საყვარელ ადამიანს გაჰყვეს თან[29] და ა.შ. უსასრულობამდე.

ასეთი ფაქტები მრავლადაა მოხსენიებული; და როცა ვხედავთ, რომ იგივე მოსიყვარულე მშობლები ბავშვებს ხოცავენ, აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ასეთი ჩვეულება გარდაუვალი აუცილებლობითაა გამოწვეული, როგორც მოვალეობის გრძნობა ტომის წინაშე და საშუალება შედარებით ასაკოვანი ბავშვების გაზრდისთვის. ზოგადად, ველურები, როგორც წესი, „არ მრავლდებიან შეზღუდვის გარეშე,“ როგორც ზოგიერთი ინგლისელი მწერალი გვამცნობს. ამის საწინააღმდეგოდ, ისინი ყველა ზომას ხმარობენ შობადობის რიცხვის შესამცირებლად. მთელი რიგი აკრძალვები, რომლებსაც ევროპელები შეუსაბამოდ ჩათვლიდნენ, მკაცრად არის დაცული. მაგრამ ვინაიდან პირველყოფილ ხალხებს არ შეუძლიათ გამოკვებონ ყველა ახალდაბადებული ბავშვი, ამიტომ ისინი მიდიან ინფანტიციდზე. არასდროს ყოფილა ისეთი ფაქტი, რომ რესურსების გაზრდის შემთხვევაში ასეთი შემთხვევა დაფიქსირებულიყოს. მშობლებს საკმაოდ უხალისოდ უწევთ ამ წესის მორჩილება, და პირველივე შესაძლებლობისთანავე ნებისმიერ კომპრომისზე მიდიან მის თავიდან ასაცილელად. როგორც უკვე იქნა აღნიშნული ჩემი მეგობრის, ელის რეკლიუს მიერ, სამწუხაროდ, ველურების შესახებ ნაკლებად ცნობილ წიგნში[30], ისინი იგონებენ ბედნიერ და უბედურ დაბადების დღეებს, რომ ბედნიერ დღეებში დაბადებული ბავშვები შეიწყალონ. ისინი ყოველთვის ცდილობენ გადადონ რამდენიმე საათით მაინც და შემდეგ ამბობენ, რომ თუ ბავშვმა იცოცხლა ერთი დღე-ღამე მაინც, მას სიკვდილი არ უწერია[31]. მათ ესმით ბავშვების ყვირილი, რომელიც თითქოს ტყიდან მოდის, და ამტკიცებენ, რომ თუ ასეთი ყვირილი გაიგონეს ეს მთელი ტომისთვის უბედურების ნიშანია; ვინაიდან მათ არ ჰყავდათ ბავშვის მომვლელი სპეციალისტები და არც საბავშვო ბაღები ჰქონდათ, რომლებიც დაეხმარებოდნენ მშობლებს ბავშვებთან განშორებაში, თითოეული მათგანი ვალდებული იყო ამ სასტიკ განაჩენს დამორჩილებოდა. სწორედ ამიტომ ტოვებდნენ ისინი ბავშვებს ტყეში და არ ხოცავდნენ მათ ძალადობრივი გზით. უცოდინრობა, და არა სისასტიკე, არის მიზეზი ბავშვების მკვლელობის; და ველურებისთვის მორალის კითხვის ნაცვლად, მისიონერები უკეთესს იზამდნენ, თუ ვენიამინოვისგან მაგალითს აიღებდნენ, რომელიც ყოველ წელს, თავის მოხუცებულობამდე, ცურავდა ოხოტსკის ზღვას პატარა ნავით, ან მოგზაურობდა ძაღლებით ჩუკჩებს შორის, რათა მოემარაგებინა ისინი პურით, თევზაობის და ნადირობისთვის აუცილებელი ნივთებით, რითაც ნამდვილად მოახერხა ინფანტიციდის შეჩერება.“[32]

ზუსტად იგივეს თქმა სამართლიანი იქნება იმ აქტზე, რომელსაც დამკვირვებლები „პარიციდს“(მამის მკვლელობას) უწოდებენ. სულ ახლახანს დავინახეთ, რომ მოხუცების მიტოვება არც ისე ფართოდაა გავრცელებული, როგორც აღწერდნენ ზოგი ერთი მწერლები. ამ მონათხრობებში ბევრია გაზვიადება; მაგრამ, რათქმაუნდა ასეთი ჩვეულება, დროგამოშვეით, თუმცა მაინც გვხვდება ველურთა თითქმის ყველა ტომში და აიხსნება ზუსტად იგივე მიზეზებით, რომლებითაც ბავშვების მკვლელობა. როცა მოხუცი გრძნობს, რომ ტვირთი ხდება თავისი ტომისთვის; როცა ყოველ დილას ის ხედავს, რომ თავისი წილი საკვებით ბავშვებს ეცილება, – და მცირეწლოვნები, რათქმაუნდა ისეთივე ამტანობით ვერ გამოირჩევიან, როგორც მისი მშობლები და ტირიან, როცა შიათ; როცა ყოველ დღე ახალგაზრდებს უწევთ ატარონ ის მხრებზემოკიდებული, – ველურებს ხომ არ გააჩნიათ ეტლები ინვალიდთათვის – მაშინ მოხუცი იწყებს იმის გამეორებას, რასაც რუსეთში მოხუცი გლეხები დღემდე ამბობენ: „чужой век заедаю — пора на покой!“ და „ისვენებს“. ის იქცევა ისე, როგორც ჯარისკაცი მოიქცეოდა მსგავს შემთხვევაში. როცა რაზმის გადარჩენა მის შემდგომ ნაბიჯზეა დამოკიდებული, მას კი არ შეუძლია ნაბიჯის გადადგმა, და იცის, რომ ვალდებული იქნება მოკვდეს, თუ უკან დარჩება, მეგობარს სთხოვს რომ ბოლო სურვილი შეუსრულოს, სანამ რაზმი წინსვლას განაგრძობს. და მეგობარიც, აკანკალებული ხელებით, დააცლის თავის იარაღს მომაკვდავ სხეულს.

ასე იქცევიან ველურები. მოხუცი სიკვდილს ითხოვს თავისთვის; ის თავად იჟინებს ამ უკანასკნელი მოვალეობის შესრულებას ტომის წინაშე. ის თავდაპირველად თავისი ნათესავების თანხმობას იღებს. შემდეგ თავად ითხრის საფლავს და პატიჟებს ყველა მათგანს უკანასკნელ ნადიმზე. როგორც თავის დროზე მოიქცა მამამისი, – ახლა მისი ჯერია, და ის მეგობრულად ემშვიდობება ყველას. ისინი ამგვარ სიკვდილს მოვალეობის შესრულებად თვლიან, ის არამარტო უარს აცხადებს გადარჩენაზე (როგორც მოფატი ამბობდა), არამედ არც აღიარებს მსგავს ხსნას. მაგალითად, როდესაც ერთი ქალი უნდა მომკვდარიყო თავისი ქმრის საფლავზე, გადაარჩინეს მისიონერებმა და წაიყვანეს თავისთან, კუნძულზე, – ის გაიქცა ღამით, გადაცურა პატარა სრუტე და გამოცხადდა თავის ტომთან, რათა ვალი მოეხადა[33]. ასეთი სიკვდილი მათთვის უკვე რელიგიის საგნად იქცა. მაგრამ, ზოგადად, ველურები იმდენად აუტანელია სისხლისზღვრა, ომის გარდა, რომ არც ერთი მათგანი არ იღებს თავის თავზე მკვლელობას, და სწორედ ამიტომ ეძებენ ყველანაირ შემოვლით გზას, რომლებიც არასწორად იქნა ინტერპრეტირებული ევროპელთა მიერ. უმრავლეს შემთხვევებში, მოხუცს, რომელიც სიკვდილს გადაწყვეტს, ტყეში ტოვებენ და იმაზე მეტ საკვებს უწილადებენ საერთო მარაგიდან, ვიდრე ეკუთვნის. რამდენჯერ მომხდარა იგივე შემთხვევა პოლარული ექსპედიციების დროს მზვერავთა ჯგუფებში, როცა მათ ძალა არ ჰქონდათ ავადმყოფი ამხანაგი ეტარებინათ. „იცოცხლე კიდევ რამდენიმე დღე! იქნებ საიდანმე მოულოდნელი დახმარება გამოჩნდეს!“

დასავლეთ ევროპელ მეცნიერებს, ასეთ ფაქტებთან შეხვედრის დროს, უჭირთ მათი აღქმა; მათ არ შეუძლიათ შეადარონ ისინი ფაქტებს, რომლებიც ტომობრივი მორალის მაღალგანვითარებულობას მოწმობენ, და ამიტომ არჩევენ ეჭვქვეშ დააყენონ აბსოლიტურად სანდო დამკვირვებლები, იმის მაგივრად, რომ ახსნას პარალელურად არსებული ფაქტების ორი წყება: მაღალგანვითარებული ტომობრივი მორალი და მშობლების მიტოვება და ინფანტიციდი. მაგრამ, ამავე დროს, თუ იგივე ევროპელები მოუყვებოდნენ ველურებს, რომ ადამიანები – ერთობ კეთილშობლნი, შვილების მოყვარულნი და იმდენად მგრძნობიარენი არიან, რომ თეატრის სცენაზე გათამაშებულ უბედურებაზეც ტირიან – ცხოვრობენ ევროპაში გვერდიგვერდ ისეთ ქოხებში, სადაც ბავშვები შიმშილით იხოცებიან, – მაშინ ველურებიც ვერ გაუგებდნენ მათ. მახსოვს, როგორი ძალისხმევით ვცდილობდი ჩემი მეგობარი ტუნგუსისთვის ამეხსნა ჩვენი ცივილიზაცია, ინდივიდუალიზმზე აგებული: მათ არ ესმოდათ, და მიდიოდნენ ყველაზე წარმოუდგენელ ვარაუდებამდე. საქმე იმაშია, რომ ველურს, ტომობრივი სოლიდარობის იდეაში გაზრდილს, არ ძალუძს გაიგოს ევროპელთა მორალი, რომელმაც არაფერი იცის ამ სოლიდარობის შესახებ, ისევე როგორც საშუალო ევროპელი ვერ გაუგებს ველურს. მაგრამ ჩვენ მეცნიერებს ნახევრად მოშიმშილე ტომებში რომ ეცხოვრათ, რომელთა საკვებიც საკმარისი არ იქნებოდა, რომ ერთი კაცი მაინც გამოეკვება რამდენიმე დღე, მაშინ ისინი ჩაწვდებოდნენ მათ მოტივებს. და პირიქით, ველურებს რომ ეცხოვრათ ჩვენ შორის და მიეღოთ ჩვენი განათლება, შეიძლება მათაც აეხსნათ ევროპელთა გულგრილობა მეზობლების მიმართ და ჩვენი სამეფო კომისიების ფენომენი, რომლებიც ინფანტიციდის ლეგალურ ფორმებს სწავლობენ[34]. „ქვის სახლებში გულებიც ქვისაა“ – ამბობენ რუსი გლეხები; თუმცა ველურს ჯერ მხოლოდ ქვის სახლში ცხოვრება მოუწევდა.

მსგავსი შენიშვნები უნდა გაკეთდეს კანიბალიზმთან დაკავშირებით. იმ ფაქტების მხედველობაში მიღებით, რომლებსაც ნათელი მოეფინათ პარიზის ანთროპოლოგთა საზოგადოების კრებაზე გამართული კამათისას, და ველურთა შესახებ ლიტერატურაში გაფანტული უამრავი შემთხვევითი შენიშვნის გათვალისწინებით, ვალდებულნი ვიქნებით ვაღიაროთ, რომ კანიბალიზმი გამოწვეული იყო იძულებითი ვალდებულებით; და მხოლოდ რელიგიისა და ცრურწმენების დახმარებით განვითარდა იმ საშინელ მასშტაბამდე, რომელსაც ფიჯის კუნძულებზე ან მექსიკაში მიაღწია – ყოველმიზეზგარეშე, როდესაც უკვე რელიგიურ რიტუალს წარმოადგენდა.

ცნობილია, რომ დღემდე მრავალი ველური ზოგჯერ იძულებული ხდება თითქმის ბოლომდე გახრწნილი ლეშით იკვებოს, და საკვების სრულიად არ ქონის შემთხვევაში მათ უწევდათ საფლავები გაეთხარათ და ადამიანების გვამებით გამოეკვებათ თავი, ეპიდემიის დროსაც კი. ასეთი ტიპის ფაქტები დამოწმებულია. მაგრამ თუ ჩვენ ვაპირებთ საკუთარი თავი წარმოვიდგინოთ იმ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანს უწევდა თვალის გაესწორება გამყინვარების პერიოდისთვის, ნესტიან და ცივ კლიმატურ პირობებში, მცენარეული საკვების გარეშე; თუ მხედველობაში მივიღებთ დამანგრეველ ეფექტს, რომელიც არასაკმარისი საკვების გამო C ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული და გავიხსენებთ, რომ ხორცი და ახალი სისხლი იყო მათთვის ცნობილი ერთადერთი გასამაგრებელი საშუალება, უნდა დავუშვათ, რომ ადამიანი, რომელიც თავიდან მცენარის მჭამელი ცხოველი იყო, გადაიქცა ხორცისმჭამელად დიდი გამყინვარების დროს, როცა ჩრდილოეთიდან ნელ-ნელა მოიწევდა ვეება ყინულის საფარი, რომელიც ყველაფერ მცენარეულს ანადგურებდა.

რათქმაუნდა, იმ დროს მრავლად იყო ყველანაირი ცხოველი; მაგრამ ცნობილია, რომ ცხოველები(მაგალითად ირმები) ხშირად მიგრირებენ არქტიკულ ზონებში, და ხანდახან საერთოდ ქრებიან რამდენიმე წლით დაკავებული ტერიტორიიდან. ასეთ შემთხვევებში ადამიანის უკანასკნელი რესურსებიც ქრებოდა. ასეთი მძიმე პერიოდში კანიბალიზმს მიმართავდნენ ევროპელებიც, გასაკვირი არცაა, რომ ამას ველურები აკეთებდნენ. დღემდე, იშვიათად, მაგრამ მაინც უწევთ ხოლმე თავიანთი მკვდრების გვამების ჭამა, და ადრე მომაკვდავებს „მიირთმევდნენ“. მოხუცები მაშინ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თავიანთი სიკვდილით ისინი თანატომელებს უკანასკნელ დახმარებას გაუწევდნენ. აი რატომ მიაწერენ ზოგიერთები კანიბალიზმს ღვთიურ წარმომავლობას, წარმოადგენენ მას, როგორც ციდან გამოგზავნილ ბრძანებას.

მაგრამ მოგვიანებით, მან დაკარგა საჭიროება, და შემორჩა მხოლოდ ცრურწმენის სახით. მტრები უნდა შეეჭამათ, რათა მათი გამბედაობა მიეღოთ; და უფრო გვიანდელ ეპოქაში, მტრის თვალს ან გულს ჭამდნენ იგივე მიზეზით; როცა სხვადასხვა ტომებში, სადაც უკვე განვითარებული იყო „მღვდელმსახურება“ და მითოლოგია, სისხლის წყურვილი და მსხვერპლშეწირვა მოითხოვებოდა მღვდლების მიერ, ღმერთების საამებლად. ამ რელიგიური ფაზის არსებობის ხანაში, კანიბალიზმმა მოიპოვა ყველაზე საშინელი მახასიათებლები. მექსიკის ტერიტორია ამის ცნობილი მაგალითია; და ფიჯში, სადაც მეფეს შეეძლო შეეჭამა ნებისმიერი თავისი ხელქვეითი, ასევე ვპოულობთ მღვდელთა ძლევამოსილ კასტას, კომპლექსურ ღვთისმეტყველებას[35] და აუტოკრატიის სრულ განვითარებას. საჭიროებიდან წარმოშობის შემდეგ, კანიბალიზმი, მოგვიანებით, გახდა რელიგიური ინსტიტუტი და ამ ფორმით აგრძელებდა სიცოცხლეს მას შემდეგაც, რაც ის გაქრა იმ ტომებიდან, სადაც თავდაპირველად ჰქონდა ადგილი, მაგრამ ვერ მაიღწია განვითარების თეოკრატიულ სტადიას. იგივე შეიძება ითქვას ინფანტიციდსა და მშობელთა ბედის ანაბარა დატოვებაზე. ზოგ შემთხვევაში ეს მოვლენები ასევე არსებობდა, როგორც ძველი დროის გადმონაშთი, რელიგიური ტრადიციის ფორმით.

დასასრულის ჟამს ვახსენებ კიდევ ერთ განსაკუთრებით მნიშვნელოვან და საყოველთაო ჩვეულებას, რომელმაც ლიტერატურას ყველაზე არასწორი დასკვნები მიაწოდა. მხედველობაში მაქვს სისხლის აღების ტრადიცია. ყველა ველური დარწმუნებულია, რომ სისხლისღვრის ერთადერთი პასუხი ანალოგიური ქმედებაა. თუ ვინმეს მოკლავენ, მკვლელიც აუცილებლად უნდა მოკვდეს; თუ ვინმეს დაჭრიან, აგრესორიც აუცილებლად უნდა დაიჭრას. არ არსებობს არავითარი გამონაკლისი, ცხოველების შემთხვევაშიც კი; თუ მონადირემ სისხლი დაღვარა – დათვზე ან მელიაზე ნადირობისას – მისი სიხლიც უნდა დაიღვაროს სოფელში დაბრუნების შემდეგ. სამართლიანობის ასეთი აღქმა ჯერ კიდევ შემორჩენილია აღმოსავლეთ ევროპაში, მკვლელობასთან მიმართებაში. ახლა, როცა თავდამსხმელი და მსხვერპლი ერთ კლანს მიეკუთვნებიან, კლანი და დაზარალებული აგვარებენ საქმეს[36]. მაგრამ, როცა დამნაშავე სხვა საგვარეულოს წარმომადგენელია და ეს საგვარეულო, რაღაც მიზეზების გამო, უარს ამბობს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, მაშინ შეურაცხყოფილი კლანი თავის თავზე იღებს შურისძიებას. პირველყოფილი ხალხები ცალკეული ადამიანის მოქმედებას მთელი კლანის საქმედ მიიჩნევენ და ასევე თვლიან რომ მთელი საგვარეულოა თითოეული მათგანის საქციელზე პასუხისმგებელი. ამიტომ შურისძიების ობიექტი შეიძლება კლანის ნებისმიერი წევრი გახდეს[37] ხშირად ხდება, რომ ურთიერთობა თავდასხმას სცდება. მათ ჭრილობის ასანაზღაურებლად შესაძლოა თავდამსხმელი მოკლან, ან ზედმეტი დაზიანება მიაყენონ, რაც ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება. ამის გამო პირველყოფილთა კანონმდებლები ფრთხილობდნენ სამაგიეროს მოთხოვნის დროს, რათა სამართლიანობის პრინციპი – თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, სისხლი სისხლის წილ – არ დარღვეულიყო[38].

აღსანიშნავია, რომ პირველყოფილ ხალხებში დაპირისპირებები უსასრულოდ მცირეა ვიდრე შეიძლება მოსალოდნელი იყოს, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც არანორმალურ განვითარებას აღწევს, განსაკუთრებით მთიელებში, რომლებიც მომხდურებმა განდევნეს წინათ დაკავებული ტერიტორიებიდან, მაგალითად კავკასიონის ხალხი და განსაკუთრებით ბორნეოს მკვიდრი დაიაკები. დაიაკების დაპირისპირებები იმდენად შორს მიდიოდა, რომ ახალგაზრდას არ ჰქონდა უფლება დაქორწინებულიყო ან სრულწლოვნად გამოცხადებულიყო სანამ მტრის თავს არ მოინადირებდა. ასე ყვებოდა კარლ ბოკი[39]. თუმცა ცნობილია, რომ ამ წიგნში მოთხრობილი დეტალები გაზვიადებულია. ყოველ შემთხვევაში, ის, რასაც ინგლისელები „თავებზე ნადირობას“ უწოდებენ, სულ სხვა ასპექტებით იყო განპირობებული დაიაკებში და სულაც არ წარმოადგენდა პირადი შურისძიების მაგალითს. ისინი ამას აღიქვამენ, როგორც მორალურ ვალდებულებას თავიანთი კლანის წინაშე, ზუსტად ისე, როგორც მოსამართე, რომელიც კონსტიტუციის მორჩილებით ჯალათის ხელში აგდებს ხოლმე სიკვდილმისჯილს. ორივეს – დაიაკსაც და მოსამართლესაც – სინდისის ქენჯნა შეაწუხებდათ მკვლელი სიბრალულის გამო რომ შეეცოდებინათ. აი რატომ ჩანან დაიაკები ყველასთვის სიმპათიურ ხალხად, მკვლელობათა სფეროს მიღმა, რომელსაც ისინი სჩადიან სამართლიანობის მათეული გაგების ზემოქმედების გამო. თვით კარლ ბოკი, რომელმაც „თავებზე მონადირეობის“ ასეთი საშინელი სურათი წარმოადგინა, წერს მათზე:

„რაც შეეხება დაიაკთა მორალს, ვალდებული ვარ მათ მაღალი ადგილი მივუჩინო სხვა ხალხების გვერდზე… ძარცვა და ქურდობა სრულიად უცხოა ამ ხალხისთვის. ისინი ასევე გამოირჩევიან დიდი სიმართლის მოყვარულობით… შეიძლება მათგან ‘სრული სიმართლე’ არ მომესმინა, მაგრამ ტყუილი არასდროს არ უთქვამთ. ვისურვებდი იგივეს თქმა შემეძლოს მალაიელებზე.“(გვ. 209-2010).

ბოკის მტკიცება სრულად დადასტურებულია აიდა ფაიფერის მიერ. „ბოლომდე ვაცნობიერებ“, წერდა ის, „რომ მეტი სიამოვნება უნდა მივიღო მათ შორის მოგზაურობით. ისინი არიან პატიოსნები, კეთილები და თავდაჭერილები… იმაზე მეტად ვიდრე ნებისმიერი ხალხი, რომელსაც ვიცნობ.“[40] სტოლზეც თითქმის იგივეს ამბობდა მათზე. დაიაკებს როგორც წესი ერთი ცოლი ჰყავთ და მას ძალიან კარგად ექცევიან. ისინი საკმაოდ კომუნიკაბელურნი არიან, ყოველ დილით მთელი კლანი მიდის სათევზაოდ, სანადიროდ ბაღში სამუშაოდ, დიდ ჯგუფებად. მათი სოფლები დიდი ქოხებისგან შედგება, თითოეული მათგანში კი ათობით ოჯახი ცხოვრობს, ზოგჯერ კი მათი საერთო რიცხვი რამდენიმე ასეულს ითვლის. კაცები დიდ პატივს სცემენ ცოლებს და ძალიან უყვართ თავიანთი შვილები. როცა რომელიმე ნათესავი ავად გახდება ქალები უვლიან მას. ჭამა-სმის დროს საკმაოდზომიერები არიან. ასეთია დაიაკთა ყოველდღიური ცხოვრება.

მოსაწყენი გამეორება იქნებოდა თუ მეტ მაგალითებს მოვიყვანდით მათი ცხოვრებიდან. სადაც არ უნდა წავიდეთაღმოვაჩნეთ ერთი და იგივე სოციალურ ქცევებს, სოლიდარობის ერთნაირ სულისკვეთებას. და როცა ჩვენ ვცდილობთ შევაღწიოთ გასულ საუკუნეთა წყვდიადში, ვხედავ იმავე ტომობრივ ცხოვრებას და იგივე, თუმცა საკმაოდ პრიმიტიულ, ურთიერთდახმარებისთვის შექმნილ საზოგადოებრივ გაერთიანებებს. ამიტომ დარვინი მართალი იყო, როცა ადამიანის საზოგადოებრივ თვისებებში ხედავდა განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას, და მისი მოწინააღმდეგენი სრულიად არასწორნი იყვნენ, როცა საპირისპიროს ამტკიცებდნენ.

„ადამიანის პატარა ძალა და სისწრაფე,“ წერდა ის, „მისი მიდრეკილება ბუნებრივი იარაღებისადმი და ა.შ., არიან გაწონასწორებულნი, პირველ რიგში მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით და შემდეგ მისი სოციალური თვისებები, რომლებმაც მიიყვანა ის დახმარების თხოვნის და გაცემის მდგომარეობამდე[41].

გასულ საუკუნეში „ველური“ და მისი „ცხოვრება ბუნებრივ მდგომარეობაში“ იდეალიზებული იყო. მაგრამ ახლა მეცნიერები რადიკალურად საპირისპირო მხარეს წავიდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ზოგიერთი მათგანმა, რომლებსაც ადამიანის ცხოველური წარმომავლობის დამტკიცება სურდა, მაგრამ ცხოველთა სოციალურ ასპექტებში გაურკვეველი იყო, დაიწყო პირველყოფილთათვის გამოგონილი „მტაცებლური“ მახასიათებლების მიწერა. აშკარაა, რომ ეს გაზვიადება უფრო მეტად არამეცნიერულია ვიდრე რუსოს იდეალიზაცია. ველური სათნოების იდეალი არაა, მაგრამ არც „ველურობისაა“. მაგრამ პირველყოფილ ადამიანს აქვს თვისებები, საგულდაგულოდ შემუშავებული და შენარჩუნებული მათი გარდაუვალი აუცილებლობის გამო სიცოცხლისთვის ურთულესი ბრძოლის გზაზე – ის აიგივებს თავის არსებობას თავის ტომთან, და ამ თვისებების გარეშე კაცობრიობა ვერ მიაღწევდა იმ დონემდე, რომელზეც ახლა დგას.

პირველყოფილი ხალხები, როგორც უკვე აღინიშნა, აიგივებენ თავიანთ სიცოცხლეს ტომითა, თითოეული მათგანის ქმედება ითვლება მთელი ტომის საქმედ. მათი საქციელი რეგულირდება მართებულობის უამრავი დაუწერელი კანონით, რომელიც მათი საერთო გამოცდილების ნაყოფია, კარგი თუ ცუდი, მომგებიანი თუ საზიანო მათი ტომისთვის. რათქმაუნდა, მიზეზები, რომლებზეც ზოგიერთი მათი წესია დაფუძვნებული აბსურდულობის საზღვრებს სცილდება. მათი ნაწილი ცრურწმენებიდან მოდის; და საერთო ჯამში, ისინი თავიანთი მოქმედებების შედეგებს დაუყოვნებლივ ხედავენ; მათ არ შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ მათი არაპირდაპირი და შორეული რეზულტატი. მაგრამ, აბსურდულია თუ არა, ველური ემორჩილება საერთო წესების მოთხოვნებს, რაც არ უნდა უხერხული იყოს ისინი მათთვის. ის ემორჩილება ამ წესებს უფრო ბრმად, ვირე ცივილიზებული ადამიანი – კანონებს. საერთო წესები მისი რელიგიაა; ეს მისი ცხოვრების წესია. საგვარეულოზე ფიქრი ყოველთვის თან სდევს მას და თვითაკრძალვა და თავგანწირვა კლანის ინტერესების გამო ყოველდღიური შემთხვევაა. თუ ველური დაარღვევს ტომის ერთ-ერთ პატარა წესს, ქალები მასხრად იგდებენ მას. თუ დარღვევას უფრო სერიოზული სახე აქვს, მაშინ მას დღე და ღამ იმის შიში სტანჯავს, რომ მთელ ტომს უბედურება დაატეხა თავს. თუ თავისი საგვარეულოს წევრს შემთხვევით დაჭრის – ტყეში გარბის და მზადაა თვითმკვლელობა ჩაიდინოს, თუ ტომი არ მოხსნის ბრალს, ფიზიკური ტკივილის მიყენებით, ან გარკვეული რაოდენობის სისხლის დაღვრით[42].ტომს შორის ყველაფერი საერთოა; საკვების თითოეული ნაჭერი იყოფა ყველა დამსწრეს შორის; და თუ ვინმე მარტოა ტყეში ის მარტო არ დაიწყებს ჭამას სანამ სამჯერ ხმამაღლა არ დაიყვირებს პატიჟის შეძახილს, რათა მის შორიახლო მყოფებს გაუნაწილოს საკვები.

მოკლედ, ტომში „ერთი ყველასათვის“ წესი უზენაესია, მანამ სანამ ცალკეული ოჯახი არ დაარღვევს ტომობრივ ერთობას. თუმცა ეს წესი არ ვრცელდება მეზობელ საგვარეულოებსა თუ ტომებზე, მაშინაც კი, როცა ისინი გაერთიანებულნი არიან საზიარო თავდაცვისთვის. თითოეული ტომი ან კლანი ცალკეული ერთეულია. ისევე როგორც ძუძუმწოვრებსა და ჩიტებში, ტერიტორია უხეშადაა გაყოფილი სხვადასხვა ტომებს შორის, და ომიანობის გარდა ნებისმიერ დროსმკაცრადაა დაცული. სხვის ტერიტორიაზე შესვლისას სტუმარმა უნდა აჩვენოს, რომ არავითარი ცუდი განზრახვა არ აქვს. რაც უფრო ხმამაღლა დაიძახებს თავისი მოახლოების შესახებ, მით მეტ დამაჯერებლობას იგებს; და თუ სახლში შევა, ცული შესასვლელთან უნდა დატოვოს. მაგრამ არც ერთი ტომი არაა ვალდებული სხვებს გაუნაწილოს თავისი საკვები: შეიძლება ასე მოიქცნენ, შეიძლება არა. ამიტომ ველურთა ცხოვრება მოქმედებათა ორ ეტაპადაა დაყოფილი და ორი სხვადასხვა ეთიკური საკითხის გავლენის ქვეშაა: ურთიერთობები ტომ შიგნით და ურთიერთობები უცხოელებთან; და, ჩვენი საერთაშორისო კანონების მსგავსად, „სატომთაშორისო“ წესები დიდად განსხვავდება შინაურისგან. შესაბამისად, როცა საქმე ომზე მიდგება მტრის მიმართ ჩადენილი არნახული სისასტიკე შესაძლოა ტომის დიდების საგანი იყოს. მორალის ორმაგი კონცეფცია კაცობრიობას თან გასდევს მთელი ევოლუციის მანძილზე და დღემდე შენარჩუნებულია.

კლანებს შორის ცალკეული ოჯახების გაჩენა არსებულ ერთობას არღვევს. მას მივყავართ გარდაუვალ კერძო საკუთრებამდე და სიმდიდრის დაგროვებამდე. თუმცაღა ზევით ვნახეთ, თუ როგორ ცდილობენ ესკიმოსები ტომობრივი ცხოვრების ამ ახალი ელემენტისგან უხერხულობის აცილებას.

კაცობრიობის შემდგომი განვითარების საფეხურზე იგივე მისწრაფება ახალ ფორმებს იღებს; ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შესწავლის საგანს წარმოადგენს საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ინსტიტუტების(სასოფლო-სამეურნეო კომუნები, გილდიები და ა.შ.) ჩამოყალიბება, რომელთა საშუალებითაც ადამიანები მიილტვოდნენ შეენარჩუნებინათ საგვარეულო, ტომობრივი ერთობა, მიუხედავად იმ ძალთა წინააღმდეგობისა, რომლებიც მათ დაშლას ცდილობდნენ. მეორეს მხრივ, ცოდნის პირველი ემბრიონები, რომლებიც გაჩნდნენ ერთობ შორეულ ხანაში, როცა ისინი ჯერ კიდევ ჯადოქრობის წყაროდ ითვლებოდნენ, პიროვნების ხელში წარმოადგენდნენ ძალას, რომელიც, შესაძლოა, ტომის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულიყო. მათ განსაკუთრებული სიფრთხილით ინახავდნენ საიდუმლოდ და მხოლოდ „ჯადოქრების“, შამანების და მღვდლების საზოგადოებებში იყო ცნობილი. ამავე დროს ომები ქმნიდა სამხედრო ავტორიტეტებს, ასევე მეომართა კასტებს, რომელთაც უდიდესი ძალაუფლება ჰქონდათ. თუმცაღა, კაცობრიობის განვითარების არც ერთ პერიოდში არ ყოფილა ომი არსებობის ბუნებრივი მდგომარეობა. სანამ მეომრები ერთმანეთს ანადგურებდნენ, მღვდლები თავიანთ სასაკლაოებს აღნიშნავდნენ, მასები აგრძელებდნენ ჩვეულ ცხოვრებას, ეწეოდნენ ყოველდღიურ მძიმე შრომას. და მასების ცხოვრების, მათი საშუალებების შესწავლა, რომელთა დახმარებითაც ისინი ინარჩუნებდნენ თანასწორობის, ურთიერთდახმარებისა და თანადგომის საკუთარ აღქმაზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მაშინაც კი, როცა ყველაზე სასტიკი თეოკრატიული ან ავტოკრატიული მმართველობის მორჩილებაში იყვნენ, წარმოადგენს ყველაზე საინტერესო გამოსაკვლევ მასალას.



შენიშვნები:

[1].„Nineteenth Century“, თებერვალი 1888 წ., გვ. 165.

[2].„The Descent of Man“, II თავის დასასრული, გვ 63-64. მე-2 გამოცემა

[3].Lubbock, Prehistoric Times, მე-5 გამოცემა, 1890.

[4].„Prehistoric Times“, გვ. 232 და 242.

[5].Bachofen, «Das Mutterrecht», Stuttgart, 1861; Lewis H. Morgan, «Ancient Society, or Researches in the Lines of Human Progress from Savagery through Barbarism to Civilization», New York, 1877; Mac Lennan, «Studies in Ancient History», I სერია; ახალი გამოცემა 1886; II სერია, 1896; L. Pison და A.W. Howitt, «Kamilaroi and Kurnai», Melbourne. – ეს ოთხი მწერალი სხვადასხვა ფაქტებიდან და იდეებიდან გამომდინარე, იგივე დასკვნამდე მივიდა. ბაჰოფენს უნდა ვუმადლოდეთ დედობრივი ოჯახის და დედობრივი მემკვიდრეობის იდეის ჩამოყალიბებისთვის; მორგანს – ნათესავური სისტემის კვლევისთვის; მაკლენანს – ეგზოგამიის კანონისთვის; და ფიზონს და ჰოუიტს – ავსტალიის ტომთა ცოლქმრული ურთიერთობების ფორმულირებისთვის. ოთხივე ასრულებს ოჯახის ტომობრივი წარმომავლობის ფაქტის დამტკიცებით. როცა ბაჰოფენმა პირველად მიაქცია ყურადღება დედობრივ ოჯახს, მორგანი აღწერდა კლანურ ორგანიზაციებს, რის შედეგადაც ორივე მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ინსტიტუტებს თითქმის საერთო გავრცელება ჰქონდათ და ამტკიცებდნენ, რომ საქორწინო კანონები ადამიანის ევოლუციის საწყის საფეხურზე იღებდა სათავეს, – მათ გაზვიადებაში სდებდნენ ბრალს. თუმცაღა, რიგი მკვლევარების ყველაზე ფრთხილმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კაცობრიობის ყველა რასას საქორწინო ჩვეულებათა იმგვარი განვითარების კვალი ეტყობა, როგორსაც ვპოულობთ დღევანდელ პირველყოფილ ხალხებში.

[6].Максима Ковалевского, «Первобытное право»,Москва, 1886-1887 წ. მისივე ნაშრომი „Tableau des origines et de l’évolution de la famille et de la propriété“, Stockholm, 1890. ასევე A. Post, «Die Geschlechtsgenossenschaft der Urzeit», Oldenburg, 1875.

[7].შეუძლებელი იქნებოდა, რომ ქორწინების აკრძალვათა წარმოშობიაზე გაგვემართა დისკუსია. უბრალოდ ავღნიშნავ, რომ ჯგუფებად დაყოფა, მორგანის Hawaian-ის მიხედვით, არსებობს ჩიტებშიც; ახალგაზრდაჯგუფები ერთად ცხოვრობენ, მშობლებისგან განცალკევებით. ასეთივე დაყოფას შეგვიძლია დავაკვირდეთ რამდენიმე ძუძუმწოვარშიც. რაც შეეხება შემდგომ აკრძალვებს საქორწინო ურთიერთობებში ძმებსა და დებს შორის, ეს გაჩნდა, სავარაუდოდ, არა სისხლის აღრევით გამოწვეული საშინელი შედეგების გამო, არამედ იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ სექსუალური ლტოლვა ადრეულ ასაკში. ერთ დასახლებაში ახლო თანაცხოვრებისას მსგავსი შეზღუდვები აუცილებელი ხდებოდა. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ახალი ჩველუებების განხილვისას, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ველურებს, როგორც ჩვენ, ჰყავდათ თავიანთი „მოაზროვნეები“ და „სპეციალისტები“ – ჯადოქრები, ექიმები, მკითხავები და ა.შ. – რომელთა ცოდნა და იდეები მასებში საკმაო წარმატებას პოულობდა. საიდუმლო ჯგუფებში გაერთიანებით, მათ შეეძლოთ ხალხზე დიდი გავლენა მოეხდინათ ახალი ტრადიციების დამკვიდრებით, რომელთა სარგებლიანობაც ჯერ არ იყო გაცნობიერებული ტომის უმრავლესობის მიერ.

[8].Col. Collins, «Philips’ Researches in South Africa», London, 1828. ციტატები: Waitz, «Antropologie der Naturvölker», ტ. II, გვ. 334

[9].Lichtenstein, «Reisen im Südlichen Africa», ტ. II, გვ. 92–97. Berlin, 1881.

[10]. Waitz, «Anthropologie der Naturvölker», ტ. II, გვ. 335 См. также Fritsch, «Die Eingeboren Afrika’s», Breslau, 1872, გვ. 336-336; და«Drei Jahre in Süd-Afrika». ასევე W. Bleck, «A Brief Account of Bushmen Folklore», Capetown, 1875.

[11]. Elisée Reclus, «Géographie Universelle», XIII, 475.

[12]. Р. Kolben, «The Present State of the Cape of Good Hope», თარგმნილი გერმანულიდან Medley, London, 1731, ტომი I, გვ. 59, 71, 333, 336, და ა.შ.

[13]. სიდნეის ჩრდილოეთით მცხოვრები აბორიგენები ამ კუთხით გამოკვლეულნი არიან Lorimer Fison-ის და A.W. Howitt-ის ნაშრომის«Kamilaroi and Kurnai» დამსახურებით. ასევე А.W. Howitt «Further Note on the Australian Class Systems» «Journal of the Anthropological Institute»-ში, 1889, ტ. XVIII, გვ. 31; ნაშრომის უკანასკნელ მითითებებში დამტკიცებულია მსგავსი ტიპის ორგანიზაციების მთელია ავსტრალიის მასშტაბით გავრცელებაზე.

[14]. «The Folklore, Manners etc. of Australian Aborigines», Adelaide, 1879, გვ. 11.

[15]. Grey, «Journals of Two Expeditions of Discovery in North-West and Western Australia», London, 1841, ტ. II, გვ. 237, 298.

[16]. «Bulletin de la Société d’Anthropologie», 1888, ტ. XI, გვ. 652.

[17]. «Bulletin de la Société d’Anthropologie», 1888, ტ. XI, გვ. 386.

[18]. ზუსტად იგივე გზით ხდება გაცვლითი ვაჭრობა კაიმანის ყურის პაპუასებში, რომლებსაც თავიანთი პატიოსნებით საკმაოდ მაღალი რეპუტაცია აქვთ. „არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ პაპუასს პირობა დაერთვიოს“, ამბობს ფინჩი „Neuguinea und seine Bewohner“-ში, Bremen, 1865, გვ. 829.

[19]. «Известия Русского Географического Общества», 1880, გვ. 161-162.

[20]. L.F. Martial, «Mission Scientifique au Cap Horn», Paris, 1883, ტ. I, გვ. 183–201.

[21]. კაპიტანი ჰოლმის ექსპედიცია აღმოსავლეთ გრენლანდიაში.

[22]. ავსტრალიაში დაკვირვებადია, რომ ყველა ტომში აქვს ადგილი ცოლების გაცვლას, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე სახის უბედურება(Post, «Studien zur Entwicklungsgeschichte des Familienrechts», 1890, გვ. 342).

[23]. Dr. H. Rink, «The Eskimo Tribes», გვ. 26 («Meddelelser om Grönland», ტ. XI, 1887).

[24]. თანამედროვე კანონების პატივისცემაში გაზრდილი ევროპელები იშვიათად ახერხებენ ტომობრივი ავტორიტეტის ძალის გაცნობიერებას. „სინამდვილეში, – ამბობს რინკი – შეიძლება ითქვას, რომ თეთრკანიანი, თუნდაც ათი წელი ეცხოვრა ესკიმოსებთან, ისე წავა იქიდან, რომ ვერ გაამდიდრებს საკუთარ გონებას ესკიმოსთა ტრადიციული იდეების შეცნობით, რომლებზეც მათი საზოგადოებრივი წყობაა აგებული. მათი სტუმარი, იქნება ეს მისიონერი თუ ვაჭარი, ყოველთვის შეინარჩუნებს თავის დოგმატურ აზრს, რომ თითქოს ყველაზე ხეპრე ევროპელიც კი უკეთესია ყველაზე განვითერებულ აბორიგენზე.“ – «The Eskimo Tribes», გვ. 31.

[25]. О. Вениаминов, «Записки об Уналашкинском Отделе», СПб., 1840; Dall, «Alaska and its Resourses», Cambridge, U.S., 1870.

[26]. ვენიამინოვი და დალი აკვირდებოდნენ ამ ჩვეულებას ალიასკაზე, იაკობსენი იგნიტოკში, ბერინგის სრუტის მიდამოებში. ჟილბერ სპროტი ახსენებს მის არსებობას ვანკუვერის ინდიელებს შორის;

[27]. Вениаминов. «Записки об округе Уналашка», 3 тома, СПб., 1840. მსგავსი განმარტება ავსტრალიელთა მორალზე მოცემულია დალის წიგნში – «Nature», ტ. XLII, გვ. 639.

[28]. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მწერალი(მიდენფორფი, შრენკი, ფინში) აღწერდნენ ჩრდილოეთის სხვა მოსახლეებს – სამოედებსა და ოსტიაკებს – თითქმის იგივენაირად. მაშინაც კი, როცა ისინი თვრებიან, მათ შორის კამათი ძალიან უმნიშვნელო დონეს აღწევს. „მთელი ასწლეულის მანძილზე მღოლოდ ერთი მკვლელობა იქნა დაფიქსირებული, – წერდა მიდენდორფი, – მათი შვილები არასდროს ჩხუბობენ“, „შეგიძლიათ ტუნდრაში მთელი წლით დატოვოთ ნებისმიერი რამ, თუნდაც საკვები ან ალკოჰოლური სასმელი და მათ ხელს არავინ ახლებს.“

[29]. Gill, Gerland und Waitz, «Anthiropologie der Naturvölker», ტ. V, გვ. 641. ასევე იხ.გვ. 636–640. მოყვანილია უამრავი ფაქტი მამაშვილურ სიყვარულზე.

[30]. Primitive Folk, London, 1891.

[31]. Gerland, loc. cit., V, 636.

[32]. ეს თავად მიამბო 1861 წელს, ამურის მხარეში, როცა ისოხოტსკის და კამჩატკის ეპისკოპოსი იყო, სანამ მოსკოვის მიტროპოლიტი გახდებოდა. ზოგადად, მას საკმაოდ დიდი წარმოდგენა ჰქონდა ველურთა ტომობრივ მორალზე, და როცა მე, ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, ვკითხე მართალი იყო თუ არა, რომ ის აღარ ნათლავდა აბორიგენებს, მიპასუხა, რომ ერთეულების მონათვლაზე ის უარს ამბობდა. ნათლობა უარყოფილი იყო ტომობრივი მორალის გამო; „ის მათ ძალიან ძლიერი აქვთ. თუ მთელი ტომი ისურვებს გაქრისტიანებას, მე დავრწმუნდები, რომ მეტად აბსტრაქტული ქრისტიანული ჭეშმარიტებები მათთვის იმდენად გასაგებია, რომ თავიანთი ტომობრივი მორალის ჩანაცვლება შეუძლიათ, – მე, რათქმაუნდა, თანახმა ვიქნები მთელი ტომის მონათვლაზე.“

[33]. Erskine, Gerland and Waitz’s Anthropologie, ტ. V, გვ. 640.

[34]. ინგლისში ფართოდ იყო გავრცელებული უკანონო შვილების გასხვიხება სოფლებში, სადაც ქალები სპეციალურად იყვნენ დაკავებულნი ამ საქმით. ხშირად ისინი აშიმშილებდნენ და უბრალოდ ხოცავდნენ უბედურ ბავშვებს. სიკვდილიანობა ამ „საბავშვო ფერმებში“ საშინლად მაღალი იყო. მაშინ როდესაც ავტორი ამ ნაშრომს წერდა, ლონდონში შეიქმნა სამეფო კომისია, რომელსაც ეს ფაქტები უნდა გამოეკვლია, თუმცა მან შედეგი არ გამოიღო და მას შემდეგ კიდევ მრავალი წელი ჰქონდა ასეთ ფაქტებს ადგილი.

[35]. W.T. Pritchard, «Polynesian Reminiscences». London, 1866, გვ. 363.

[36]. აღსანიშნავია, რომ ტომის მიერ სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ჯალათის როლს თავის თავზე არავინ იღებს. ისინი ყოველთვის გაურბიან სასიკვდილო ჭრილობის, ან დარტყმის მიყენებას. უფრო გვიანდელ ეპოქაში მღვდელი კლავდა მსჯავდებულს წმინდა დანით და უფრო გვიან, ამის ვალდებულება მეფეს ეკისრებოდა, მანამ სანამ დაქირავებული ჯალათის ინსტიტუტი არ დაარსდა. ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ Bastian, «Der Mensch in der Geschichte», ტ. III. Die Blutrache, გვ. 1–36. – ამ ჩვეულების გასაოცარი გადმონაშთი ტომობრივი ცხოვრებიდან, შენარჩუნებული იყო მე-19 საუკუნემდე სიკვდილით დასჯის სამხედრო ცერემონიალის დროს. იტენებოდა 12 იარაღი, აქედან კი ერთი ფუჭი ტყვიით. ისე ხდებოდა, რომ ჯარისკაცებმა არ იცოდნენ რომელს შეხვდებოდა ასეთი იარაღი. ამიტომ ყველას შეეძლო თავი დაემშვიდებინა, რომ მის მიერ ნასროლი ტყვიით არ იყო სიკვდილმისჯილი გარდაცვლილი.

[37]. აფრიკაში არსებობს ფართოდ გავრცელებული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ქურდობის დაფიქსირების შემთხვევაში, უახლესი ტომი ანაზღაურებს ზარალს, ხოლო შემდეგ თავად ეძებენ ქურდს. А.Н. Post, «Afrikanische Jurisprudenz», Leipzig, 1887, ტ. I, გვ. 77.

[38]. იხ. М. Ковалевско-ს «Современный обычай и древний закон». Москва, 1885, т. II, რომელიც უამრავ დეტალს შეიცავს ამ საკითხთან დაკავშირებით.

[39]. Carl Bock. «The Head-Hunters of Borneo», London, 1881. – ერთხელ სეი ჰიუგ ლოუმ, ბორნეოს ყოფილმა გუბერნატორმა, მითხრა, რომ ბოკის მტკიცებულებები საშინლად გაზვიადებული იყო. ის დაიაკებზე ისეთივა სიმპატიით საუბრობდა, როგორც აიდა ფაიფერი. თავს უფლებას მივცემ დავამატო, რომ მერი კინგსლეი, თავის წიგნში დასავლეთ აფრიკაზე საუბრობს ასეთივე აღტაცებით ფანებზე – აბორიგენ ტომებზე, რომლებსაც ადრე წარმოადგენდნენ, როგორც „საშინელ კანიბალებს“.

[40]. Ida Pfeiffer, «Meine zweite Weltreise», Wien, 1856, ტ. I. გვ. 116-117.ასევე იხ. Müller and Temminck, «Dutch Possesions in Archipelagic India», ციტირებულია Elisée Reclus-ს მიერ «Géographie Universelle-ში», ტ. XIII.

[41]. «Desсеnt of Man», 2-ეგამოცემა. გვ. 63, 64.

[42]. Bastian’s Mensch in der Geschichte, ტ. III. გვ. 7. ასევე Grey, loc. cit. ტ. ii. გვ. 238.