დიალოგი დემოკრატიაზე

 სტუდენტი-გუშინ ვერ შევძელი ლექციაზე დასწრება რა თემა ახსნა?

მთხრობელი-ჩვენი სამაგისტროს კურსიდან მხოლოდ ორნი ვიყავით და კიდევ ვიღაც ჩვენთვის უცნობი აქტივისტი გვესწრებოდა, არაფერი აუხსნია მაგრამ ვერ გეტყვი რომ არაფერი დაგიკარგავს იმით რომ არ დასწრებიხარ, ან უფრო სწორად მონაწილეობა არ მიგიღია ჩვენს კამათში.  

 სტუდენტი- კი მაგრამ ლექციის წაკითხვის ნაცვლად რაზე კამათობდით? ვინ ვის ეკამათებოდა?
მთხრობელი- კარგი შევეცდები მოკლედ მოგიყვე ჩვენი საუბარი.- აუდიტორიაში შევედი. მკრთალი ჩამავალი მზის სხივები, ფანჯრებიდან ჩამოედინებოდნენ მზის შუქით მოვერცხლილ აუდიტორიიის საფეხურებზე, რომლის სათავიდანაც, სხივების გორგოლაში გახსეულთა ხმები ისმოდა, ვუახლოვდებოდი ამ ხმის წყაროს და ამავდროულად თვალები ეგუებოდნენ მათკენ ასე ზუსტად ნატყორცნ სხივებს. ჯერ ვერცხლისფერში გამკრთალი სილუეტები გამოვარჩიე ერთმანეთისაგან, რომლებიც თანდათან სულ უფრო და უფრო ადამიანურ სახეს ღებულობდნენ, ეს ადამიანური კი ნაცნობად გადაიქცა, ჩემს წინ თავაზიანად მომღიმარი პროფესორი, საქმით აღელვებული დაქალი და მერხზე თითით რაღაც წარწერის წაშლით გატაცებული აქტივისტი აღმოჩდნენ. პროფესორმა მხოლოდ წამით ჩემთან მოსალმებით გაწყვიტა თხრობა და მოიხადა თუ არა ეს მოვალეობა კვლავ გაცეცხლებით განაგრძო საუბარი.
პროფესორი- ეს უდაოდ ისტორიული მომენტია ქართული დემოკრატიისათვის, მომენტი რომლის მასშტაბების დანახვა დღეს არც კი შეგვიძლია და მხოლოდ დროის სიმაღლიდან შევძლებთ იმ წყალგამყოფის დანახვას რომელსაც წარმოადგენდა შარლ-მიშელის ვიზიტი ქართული პოლიტიკური კულტურისათვის.
დაქალი-გეთანხმებით რომ მორიგი საფეხურია პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაში, მაგრამ რამდენად დემოკრატიულია თავად პროცესი, როდესაც დახურული კარის მიღმა ხდება მსჯელობა , ქვეყნისათვის საბედისწერო საკითხებზე და მოსახლეობას ამ მსჯელობაში არა თუ ხმის უფლება, არამედ თავად მსჯელობის მოსმენის უფლებაც კი არ აქვს, მსჯელობის რომლიდან გამოტანილმა დასკვნებმაც, ამ მსჯელობის მონაწილე პირთა განცხადებით უშუალო გავლენა უნდა იქონიოს ხალხის ბედზე, ნუთუ ეს არ არის სისტემის არადემოკრატიულობის ყველაზე ცხადი დემონსტრირება?
პროფესორი- მართალია არჩევნები არსებითი დარღვევებით ჩატარდა, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს, მაგრამ ასეთი არჩევნებითაც კი მოსახლეობამ, არჩევნებში მონაწილეობის მეშვეობით გგადაწყვიტა, ან საშუალება ჰქონდა გადაეწყვიტა, თუ ვინ იქნებოდა მისი წარმომადგენელი, ვინ იქნებოდა მისი პოლიტიკური ნებით აღჭურვილი და არსებულ მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი პიროვნებები, განასახიერებენ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც თავის მხრივ, აღჭურვილნი არიან არჩევნების მეშვეობით მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატით, მიიღონ მათი სახელით მოსახლეობის ინტერესების შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები.
დაქალი-თუ რელიგიურ მისტერიებს გამოვრიცხავთ ამ პროცესიდან დაგვრჩება ოთახში ჩაკეტილი რამოდენიმე ადამიანი რომლებიც საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე, ცდილობენ მოლაპარაკდნენ ერთმანეთში, ხოლო მოსახლეობა რომლის ძალაუფლებასაც აღნიშნავს დემოკრატია, ოთახს გარეთაა და ის რაც მისი მსჯელობის საგანი, მისი ცოცხალი მსჯელობის შედეგი უნდა ყოფილიყო, მისთვის გაცემულ პასუხად, განაჩენად იქნება გამოტანილი.
აქტივისტმა თითი გადაუსვა მერხზე არსებულ ნაჩხაპნს, ოდნავ სული შეუბერე და სახეზე დასრულებული საქმის კმაყოფილებით, ამოხედა მოკამათეებს.
აქტივისტი- თუ უადგილო არ იქნება უფლებას მივცემ ჩაგეჭრათ საუბარში და შევნიშნავ რომ შეუძლებელია საუბარი კონსტრუქციული იყოს, როდესაც ცხადად არ არის გააზრებული და შეთანხმებული საუბრის საგანი და მიზანი. რათა შევძლოთ გავერკვეთ ჩვენი კამათის საკითხში, წარმოადგენს თუ არა ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები დემოკრატიის განვითარების, თუ ამის საწინააღმდეგოდ, მისი მთავარი პრიციპების დარღვევის ცხადყობას, უპირელეს ყოვლისა უნდა განვსაზღვროთ საქართველოში არსებული მმართველობის სისტემა, დემოკრატიის რომელ ფორმას შეესაბამება და მხოლოდ შმდეგ განვსაზღვროთ, შეესაბამება თუ არა განვითარებული მოვლენები დემოკრატიის იმ ნორმებს, რომლებიც დეკლარირებულია ჩვენს ქვეყანაში. თუ უფლებას მომცემთ, რამოდენიმე შეკითხვას დაგისვამთ, რომელში გარკვევაც ჩემთვისაც დიდ ინტერესს წამოადგენს - აქტივისტმა მოლოდინით მიაბყრო მზერა მოსაუბრეებს.
პროფესორი-რათქმაუნდა მოხარული ვიქნები ერთად გავიაროთ ეს გზა კითხვიდან პასუხამდე.
დაქალი-კი რათქმაუნდა-უპასუხა დაქალმა.ყველანი რაღაც უცნაური, საერთო შემართებით აღვივსეთ, თითქოს ერთად ვემგზავრებოდით შორეულ ექსპედიციაში.
აქტივისტი-შესანიშნავია. მაშ დავიწყოთ.მართალი ვიქნებით თუ არა ? თუ ვიტყვით რომ დემოკრატია ფართე გაგებით წარმოადგენს ხალხის ძალაუფლებას?
პროფესორი-კი ნამდვილად ასეა.
აქტივისტი-კარგი განვაგრძოთ. ასევე სწორნი ვიქნებით თუ არა, თუ განვაცხადებთ, რომ თავისი არსით, როგორც გადაწყვეტილებების მიღების, ასევე მათი აღსრულების მექანიზმებით, დემოკრატია პირობითად ორ ფორმად-წარმომადგენლობით და პირდაპირ დემოკრატიებად იყოფა?
დაქალი-ასეც არის, ნამდვილად ასეა.
აქტივისტი- ვინაიდან საქართველოში არსებობს არჩევნები, წარმომადგენლობითი სტრუქტურები , პარლამენტი რომელიც ახდენს მთავრობის ჩამოყალიბებას, შევცდებით თუ ვიტყვით, რომ საქართველოში დემოკრატიის წარმომადგენლობითი ფორმაა?
პროფესორი-კი უდაოდ ასეა. ამაზე კამათი შეუძლებელია. იმდენად საბაზისო ფაქტებს ამბობთ, რომ არამგონია საჭირო იყოს მათი გახმოვანება.
აქტივისტი- არ ვიჩქაროთ და ნელი ნაბიჯებით უფრო სწრაფად მივალთ სწორ პასუხამდე ვინაიდან ყველა ჩვენი ნაბიჯი გამოზომილი იქნება და არ ავცდებით სწორ გზას, ხოლო სიჩქარე ხშირად მცდარი გზების მოყვარულია.
რა არის წარმომადგენლობითი დემოკრატია? რამდენად სწორი ვიქნებით თუ ვიტყვით რომ წარმომადგენლობითია დემოკრატია თუ ძალაუფლება ხორციელდება უმრავლესობის (მოსახლეობის) მიერ შერჩეულ უმცირესობაში უმრავლესობის გამოვლენით?
დაქალი- კი ნამდვლად ასეა. ნამდვილად ის არის რის თქმასაც ვცდილობდი.
პროფესორი-ვფიქრობ ეს თეზისი განვრცობას საჭიროებს. გადაწყვეტილების მიმღები უმრავლესობაა სწორედ ის აძლევს მიღებულ გადაწყვეტილებას ლეგიტიმურობას
აქტ.-შევეცდები განვმარტო. ასევე მართებული იქნება თუ არა განცხადება რომ მოსახლეობის პოლიტიკური ნება ვლინდება არჩევნების მეშვეობით?
პროფ.- კი სწორედ არჩევნები აქცევს მმართველობას სახალხოს.
აქტ.- ანუ სწორი ვიქნებით თუ ვიტყვით რომ ამომრჩეველი არჩევნების მეშვეობით შემოთავაზებულ კანდიდატთაგან ირჩევს იმას ვინც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღჭურვილი იქნება მისი პოლიტიკური ნებით და ამ ნების როგორც გამხმოვანებელი ასევე ხორცშემსხმელი იქნება ?
პროფ.-კი სწორედ ასე ჟღერს წარმომადგენლობითი დემოკრატიის არსი.
აქტ.-ძალიან ავცდებით სიმართლეს თუ ვიტყვით რომ ამომრჩევლის სრული კომპეტენტურობის შემთხვევაში, მის მიერ შერჩეულ კანდიდატს რაღაც საკითხში შიძლება ეთანხმებოდეს, ხოლო სხვა საკითხში მისგან განსხვავებული, ან საერთოდ საწინააღმდეგო შეხედულება ჰქონდეს?
პროფ.-კი თუ ამომრჩეველი კომპეტენტურია სწორედ ასეც უნდა იყოს.
აქტ.- შგვიძლია თუ არა ვივარაუდოდ რომ არსებობს რამოდენიმე ათასი ადამიანი თუნდაც იდეურად,ინტელექტუალურად ,კულტურულად, ფსიქოტიპიურად ძალიან ახლო ერთმანეთთან, რომელთა პასუხები პოლიტიკური დღის წესრიგის მიერ უწყვეტად განახლებად კითხვებზე იდენტური იქნება?
პროფ.-მემგონი ასეთი ვარაუდი უკიდურსად გულუბრყვილო იქნებოდა ჩვენი მხრიდან.
აქტ.-ანუ მათი პასუხები განსხვავებული იქნება მიუხედავად იმისა რომ ერთი და იგივე ადამიანზე მოახდინეს მათ ხელთ არსებული მანდატის მინიჭება?
პროფ.-სხვაგვარად შუძლებელია.
აქტ.-შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ ასევე იმ პიროვნების ან პოლიტიკური პარტიის არსებობა, რომელიც თანაბრად-სრულფასოვნად გამოხატავს აღნიშნული რამოდენიმე ათასის პოზიციებს? მათ მიერ გაცემულ პასუხებს?
პროფ.-თუ არ არსებობენ იდენტური პასუხები ვერ იარსებებს ის ვინც ერთპიროვნულად გამოხატავს ამ მრავალფეროვნებას.
აქტ.-შესაბამისად თუ კანდიდატი ან პოლიტიკური პარტია ვერ იქნება მათი პასუხების გამხმოვანებელი, როგორც ეს ახლა აღმოვაჩინეთ, ის აღჭურვილი იქნება არა მათი პოლიტიკური ნებით, რომელიც როგორც გავიგეთ ყოველი ამომრჩევლის შემთხვევაში განსხვავებულია და ხშირ შემთხვევაში უნიკალური, არამედ მათი ნდობით, რომ არჩეული კანდიდატი, ან პოლიტიკური პარტია, ამომრჩეველთა ნაცვლად მიიღებენ ამომრჩეველთათვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს და ამომრჩევლის პოლიტიკური ნება არჩევნების მეშვეობით, მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ნებაზე უარის თქმაში ვლინდება?
პროფ.- ამ მსჯელობით უდაოდ ასე გამოდის
აქტ.- შესაბამიად ჩვენი თავდაპირველი დაშვება რომ პოლიტიკოსები ამომრჩეველთა პოლიტიკური ნების გამხმოვანებელი და აღმსრულებელნი არიან არ შეესაბამება ჩვენი მსჯელობის შედეგად მიღებულ დასკვნას?
პროფ.- არა ეს პაუხი ვეღარ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული მსჯელობიდან.
აქტ.-ახლა კი ჩვენი კამათის ობიექტს დავუბრუნდეთ.თუ წარმომადგენლობითი დემოკრატია წარმოადგენს პოლიტიკურ სისტემას რომელშიც გადაწყვეტილებები მიიღბა- უმრავლესობის მიერ ნდობით აღჭურვილ უმცირესობაში, უმრავლესობის გამოვლენით- ხოლო საქართველოში წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, რამდენად შეესაბამება მოცემულ სისტემას უმრავლესობის ნდობით აღჭურვილ პირთა მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა, თემებზე რომლებიც მათი განცხადებით საბედისწეროა ამ უმრავლესობისათვის?
დაქ.-კი ის რაც ხდება საქართველოში ნამდვილად ჯდება წარმომადგენლობითი დემოკრატიის მიერ დაწესებულ ჩარჩოებში, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, წარმომადგენლობითი დემოკრატიის მიერ შეჭედილი ჩარჩოები, სატუსაღოს კედლებს ჰგავს, რაც ბუნებრივია ფუნდამენტურად წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიულობის პრინციპებთან, იმ იდეებთან რომლებსაც მოისაზრებს დემოკრატია. ხოლო არჩევნები არა საკუთარი პოლიტიკური ცხოვრების მართვის, არამედ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან საკუთარი თავის ჩამოშორების აქტია.
პროფ- მემგონი არ ვიქნებით მართლები თუ ასეთი ცალმხრივი განხილვის შემდეგ, ისეთ რადიკალურ დასკვნებს გავაკეთებთ რომლებიც ეწინააღმდეგება არსებულ თუნდაც არაიდეალურ სისტემას, რომელიც დღეისათვის ვგონებ უალტერნატივოა მსოფლიოში არსებულ, სოციალ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ , ტექნოლოგიურ გარემოში.
დაქ.- ალტერნატივა რათქმაუნდა არსებობს ჩვენს მიერ უკვე ხსენებული პირდაპირი დემოკრატიის სახით რომელიც მაგ მსოფლიოს ერთერთ ყველაზე წარმატებულ და სამაგალითო ქვეყანაში, შვეიცარიაში ძალიან ფართედაა ინტეგრირებული წარმომადგენლობით დემოკრატიაში რეფერენდუმების სახით. ვგონებ სწორედ მსგავსი პირდაპირი დემოკრატიაა ის ალტერნატივა, რომელსაც დღეისათვის არსებული ხალხის ძალაუფლების ბუტაფორიას ძალუძს, ერის შემოქმედებითი სული შთაბეროს.
პროფ.-ვინაიდან ამ დროისათვის განკუთვნილმა ლექციამ ასეთი არაფორმალური, ვიტყოდი უჩვეულო ხასიათი მიიღო წინააღმდეგი ხომ არ იქნებით თუ ზემოთ ავინაცვლებთ, მე კი ფანჯარას შევაღებ და სიგარეტს მოვწევ?



პირდაპირი დემოკრატია

დღისა და ღამის ის შესაყარი იყო როდესაც მზე აღარ ჩანს, მაგრამ მისი სინათლე ჯერ კიდევ ეფინება გარემოს. ყველაფერი მისი სინათლის ბოლო სხივებს ებღაუჟება. ავიშალეთ. ერთმანეთზე ჩამწკრივებულნი ავუყევით აუდიტორიის დაცარიელებულ მერხებში, ბილიკად ამოკვეთილ საფეხურებს. პროფესორმა ფანჯარა შეაღო და აუდიტორიის მტკნარი, წებიანი, მძიმე ჰაერი გაზაფხულის თბილი ნიავითა და სიგარეტის კვამლით გააზავა. ყველანი მოვკალათდით საფეხურებზე, მერხზე, რაფაზე და სიჩუმით მოჯადოებულნი თავს ვარიდებდით ახალი გვერდის გადაშლას ჩვენს დიალოგში. სიჩუმე აქტივისტმა გაწყვიტა. ჩუმი ხმით თითქოს სუნთქვა ძალაუნებურად სიტყვებად გადმოეღვარა.
აქტ.-გინდა ჩაანაცვლო ნდობით აღჭურვილი უმცირესობის ძალაუფლება, უმრავლესობის ძალაუფლებით, მაგრამ შეიძლება უმრავლესობის ძალაუფლება ჭეშმარიტებაზე, მცდარის ძალადობაში ვლინდებოდეს. უმრავლესობის რწმენა დედამიწის სიბრტყელის შესახებ, საუკუნეების მანძილზე ახშობდა ერთეულების ცოდნას მის სფეროსებულობაზე.
დაქ.-გარემოში სადაც ყველა პიროვნებას აქვს საკუთარი პოლიტიკური ნების გამოხატვისა და ხორცშესხმის საშუალება, შეუძლებელია საუბარი სოციალურ ძალადობაზე, ვინაიდან ინდივიდი თავადაა ცოცხალი პოლიტიკური პროცესის მონაწილე და როგორც სხეულის მიერ ზიანის მიყენება მის ნაწილზე, სხეულის თვითდაზიანებაა, სწორედ ასე სოციუმის ძალადობა ინდივიდზე, პირველ რიგში სოციუმზე ძალადობა იქნება, რადგან ინდივიდი ამ სოციუმის განუყოფელი ორგანული ნაწილი იქნბეა. განსხვავებით წარმომადგენლობითი დემოკრატიისაგან სადაც ის მოკვეთილია ამ შემოქმედებით ორგანიზმს.
აქტ.-სუბიექტისათვის ყველაფერი რაც მისი ინდივიდის მიღმაა, მასზე ზემოქმედებს ანუ ძალადობს, რათა აღნიშნული ძალადობის მეშვეობით გახდეს შეცნობილი სუბიექტის მიერ. შესაბამისად შეუძლებელია პიროვნება სრულიად განთავისუფლებული იყოს ძალადობისაგან, რადგან ძალადობა-სხვისი ძალის ზემოქმედება სუბიექტზე, მისი არსებობის განმსაზღვრელია-ცხადმყოფელია. მაგრამ სოციუმის ძალადობა ხშირად, აკარგვინებს მას სუბიექტურობის განცდას და პიროვნებას სოციუმის მკრთალ აჩრდილად აქცევს. თუ უფლებას მომცემთ რამოდენიმე კითხვას დაგისვავთ, რათა კვლავ ერთად გავერკვეთ რა წარმოადგენს საზოგადოების პოლიტიკური მოწყობის მიზანს და შეესაბამება თუ არა პირდაპირი დემოკრატია ამ მიზნებს?
დაქ.-კი რათქმაუნდა კვლავ მოხარული ვიქნები გიპასუხო.- პროფესორმაც თანხმობის ნიშნად სიგარეტი რაფაზე დააქრო და ვერ მოუხერხა რა, ჯიბეში ჩაიდო.
მისმა სიტყვებმა აუდიტორიაში შემოსვლის სცენა გამიცოცხლა, მაგრამ არა ვიზუალურად, არამედ ცოდნად, სიტყვებად, თითქოს წიგნის ფურცლებად გადაიშალა ჩემს მეხსიერებაში.
ადამიანი რომელიც იწყებს შეცნობას, შესაცნობითაა დაბრმავებული, ერთიან მასად ეჩვენება ის, მაგრამ რაც უფრო იზრდება მისი ცოდნა, რაც უფრო ახლოს დგება მის პირისპირ, მით უფრო გამოარჩევს ერთიანისაგან მის ცალკეულ ნაწილებს, ხოლო შეცნობილში ნაცნობს აღმოაჩენს.
აქტ.-არსებობს თუ არა ის რაც ან ვინც გრძნობის ორგანოებისა და გონების მეშვეობით აღიქვავს გარე სამყაროს?
დაქ.- რათქმაუნდა არსებოს.
აქტ.- და რა ჰქვია მას?
დაქ.-სუბიექტი.
აქტ.-საზოგადოებას გააჩნია ცენტრალური ნერვული სისტემა, აღქმის ორგანოები ან ერთიანი გონება?
დაქ.- რათქმაუნდა არა.
აქტ.-შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველაფერი რაც პიროვნებაზე მეტია, გარკვეული დაშვებაა-აბსტრაქციაა?
დაქ.- თუ რეალურად-არსებითად დავუშვებთ მხოლოდ იმას რაშიც სუბიექტის არსებობას ვვარაუდობთ, კი ნამდვილად ასე გამოვა.
აქტ.- შესაბამისად თუ საზოგადოებას როგორც პიროვნებაზე მეტ აბსტრაქციას არ გააჩნია აღქმის შსაძლებლობა, მისთვის არ იარსებებს კარგი და ცუდი?
დაქ.- უდაოდ ასეა.
აქტ.- აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ საზოგადოების მოწყობის მთავარ მიზანს წარმოადგენს მისი შემადგენელი ყველაზე დიდი ნაწილის, სუბიექტის ანუ პიროვნების ინტერესები?
დაქ.-კი სწორედ ასეა.
აქტ.-ადამიანის მთავარ ინტერესს წარმოადგენს მისი გონებით ხელმძღვანელობა? მისი ნების როგორც თავისუფლების გამოვლენა?
დაქ.-ვერ გავიგე შეკითხვა.
აქტ.- შვეცდები განვმარტო. ადამიანის ნება მიმართულია იმ ჭშმარიტებით ხელმძღვანელობისაკენ რომელსაც ის აღიქვავს ჭეშმარიტად და ამ ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება არის საკუთარი პიროვნების ანუ ნების საწინააღმდეგოდ სიარული, ანუ მისი პიროვნების ერთგვარი სიკვდილი, ვინაიდან ცალკეულის არსებობა, სწორედ განყენებულ ნებაში ვლინდება. მაგალითად : იმ შემთხვევაში თუ ღმერთის არსებობას დავუშვებთ ჭშმარიტებად ათეისტის იძულება თაყვანი სცეს ღმერთს იქნება თუ არა ძალადობა?
დაქ.-რათქმაუნდა.
აქტ,-იმ შმთხვევაში თუ ღმერთის არარსებობას დავუშვებთ ჭშმარიტებად მორწმუნეს იძულება გახდეს ათეისტი იქნება ისეთივე ძალადობა?
დაქ.- კი სრული ანალოგიაა პირველის.
აქტ,- ანუ ღმერთი არსებობს ან არ არსებობს და რომელიღაც მხარე აპრიორი ცდება იმაში რასაც ჭეშმარიტებად მიიჩნევს, მაგრამ მისი უფლება შეცდეს მისი ნების გამოვლინებად აღიქმება?
დაქ.- რათქმაუნდა და სწორედ ეს არი დემოკრატიისა და ჰუმანიზმის არსი.
აქტ.-მაგრამ. თუ საქმე გვაქვს პოლიტიკურ საკითხთან და ხმების უმრავლესობით მიიღება ადაწყვეტილება, უმცირესობაში აღმოჩენილნი იძულებულნი არიან დაემორჩილონ იმას, რასაც მცდარად მიიჩნევენ და იმოქმედონ იმის საწინააღმდეგოდ, რაც ჭეშმარიტებად მიაჩნიათ, თუნდაც ეს ჭეშმარიტება რეალურად მცდარი იყოს. იქნება თუ არა ძალადობა უმრავლესობის უმცირესობაზე და უმცირესობის საკუთარ ნებაზე, რომელშიც ვლინდება მათი სიცოცხლე ამ ფორმით მიღებული გადაწყვეტილების ასრულება?
დაქ.- რათქმაუნდა. მაგრამ ეს გარდაუვალი მსხვერპლია ერთიანი პოზიციის შესაქმნელად.
აქტ.- კარგი შენიშვნაა მადლობა რომ გამახსენე. რაც შეეხება ერთიანი პოზიციის მიღებას. რამდენად შესაძლებელია რომ არჩევნებში მონაწილე ადამიანი ერთ საკითხში კარგად ერკვეოდეს, მეორეში ცუდად და მესამეზე საერთოდ არ ჰქონდეს ელემენტარული წარმოდგენაც კი?
დაქ.- შეუძლებელია ასე არ იყოს.
აქტ.- შესაბამისად ამ ადამიანის აზრი საკითხზე რომელშიც ერკვევა უფრო ინფორმატიული და ბევრის მომცემი იქნება ვიდრე საკითხზე რომელშც ვერ ერკვევა?
დაქ- რათქმაუნდა.
აქტ.-მაგრამ ამ ადამიანის ხმას რეფერენდუმისას, თანაბარი მნიშვნელობა აქვს იმ საკითხზეც, რომელშიც ერკვევა და რომელშიც ვერ ერკვევა?
დაქ.- კი პირდაპირი დემოკრატია მოსახლეობის თანაბარ ჩართულობას მოისაზრებს ქვეყნის მართვაში.
აქტ.- შიძლება არსებობდეს საკითხი რომელშიც მოსახლეობის მცირე ნაწილი ერკვევა?
დაქ.- ასეთი საკითხები უამრავია.
აქტ.-თუ 100 მცხობელი, მწერალი, ეკონომისტი კბილის ტკივილისას გვაძლევს 2 დანტისტის საწინააღმდეგო რჩევას ვის რჩევას უნდა ვუგდოთ ყური?
დაქ.-რათქმაუნდა ექიმების.
აქტ.-და თუ ასი ექიმი და ეკონომისტი გვაძლევს 2 მცხობელის საწინააღმდეგო რჩევას ცომის მოზელისას?
დაქ.-მცხობელების.
აქტ.- შესაბამისად მართლები ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს, არა მოსახლეობის უმრავლესობით არამედ კომპეტენტურთა უმრავლესობით?
დაქ.-მოცემული ლოგიკით ზუსტად ასე გამოდის.
აქტ.-ასევე მართლები ვიქნებით თუ არა თუ ვიტყვით რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება არ დაეთანხმოს თუნდაც ყველა დანარჩენისათვის ცხად ჭეშმარიტებას და არ წავიდეს საკუთარი შეხედულებებისა და ნების საწინააღმდეგოდ და გამოვიდეს „საზოგადოებრივი შეთანხმებიდან“ როდესაც საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წინააღმდეგნბაში მოვა იმასთან, რასაც ეს პიროვნება ჭეშმარიტებას უწოდებს?
დაქ.- კი ვფიქრობ ამის გარეშე ჰუმანიზმი მხოლოდ მომხიბვლელი სიტყვაა, რომლის უკანაც სოციუმის, ინდივიდის მიმართ გაუთავებელი ძალადობა იმალება.
ღამის, ჭორფლებით მოფენილი სახე დაგვყურებდა და გაზაფხულით მოარშიყე გარემოს, ცივი ხელებით ეფერებოდა. პროფესორმა ფანჯარა დაკეტა და ჩვენ მოულოდნელი სიცივით აბუზულები ქვემოთ დავეშვით, გასასვკეკისაკენ. ის უცნაური განცდა გვქონდა, როდესაც უპასუხოდ გამოჩენილი გულახდილობა, სირცხვილის განცდად, ხოლო შემდეგ შენი გულახდილობის მოწმისადმი სიძულვილად გადაიქცევა. ყველა ჩვენგანს განცდა ჰქონდა რომ უფრო მეტი გასცა ვიდრე მიიღო. უამრავ ახალ კითხვასთან ერთად ის ძველი პასუხები მიგვქონდა, რომლითაც შემოვედით აუდიტორიაში.