ემა გოლდმანის ბიოგრაფია

ემა გოლდმანი დაიბადა 1869 წელს რუსეთში, ებრაულ გეტოში, სადაც მის ოჯახს პატარა სასტუმრო ჰქონდა. როცა ის 13 წლის იყო, ოჯახი სანქტ-პეტერბურგში გადავიდა. ეს პოლიტიკური რეპრესიის პერიოდი იყო, ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდგომი. ებრაელ ხალხს ხშირად არბევდნენ. მძიმე ეკონომიკური გაჭირვება იმას ნიშნავდა, რომ ემა გოლდმანს სკოლის დატოვება და ქარხანაში მუშაობა მოუწია სანქტ-პეტერბურგში ექვსი თვის გატარების შემდეგ.
გოლდმანი სწორედ აქ გაეცნო ჩერნიშევსკის2 ნოველას “რა უნდა გაკეთდეს”, რომელშიც მთავარი გმირი ვერა ნიჰილისტი ხდება და ცხოვრობს სქესთა შორის თანასწორობისა და კოოპერატიული შრომის სამყაროში. ეს წიგნი წარმოადგენდა გოლდმანისეული ანარქიზმის ჩანასახს, და ასევე განამტკიცა მისი შეუპოვრობა, ეცხოვრა ისე, როგორც თავად სურდა. 

15 წლის ასაკში მამამისმა სცადა, რომ დაექორწინებინა, მაგრამ მან იუარა. საბოლოო შეთანხმება ის იყო, რომ ურჩი ბავშვი ამერიკაში წასულიყო ნახევარდასთან, შემდეგ კი შეუერთდებოდნენ კიდევ ერთ დას როჩესტერში. გოლდმანმა მალევე გაიაზრა, რომ ებრაელი ემიგრანტისთვის ამერიკა არ იყო შესაძლებლობების ის ქვეყანა, რომელსაც ჰპირდებოდნენ. გოლდმანისთვის ამერიკა ნიშნავდა ჯურღმულებს, სადაც პურის ფულს შოულობდა მკერავად.
ის, რამაც გოლდმანი პირველად ჩაითრია ანარქიზმში, იყო აღშფოთება, რაც მოჰყვა 1886 წელს ჩიკაგოში ჰეიმარკეტის მოედანზე3 დატრიალებულ ტრაგედიას — როცა 8-საათიანი დღისთვის მუშათა მიტინგისას ისროლეს ბომბი პოლიციელთა მისამართით. საბოლოოდ, ოთხი ანარქისტი ჩამოახრჩვეს. მათ განაჩენი უკიდურესად უსაფუძვლო მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამოუტანეს. მოსამართლემ გულახდილად გამოაცხადა, რომ ისინი იმიტომ გახლდნენ სამსჯავროზე, რადგანაც ანარქისტები იყვნენ, და არა იმიტომ, რომ ჰეიმარკეტის დაბომბვა გამოიწვიეს.
ემა გოლდმანი ამ მოვლენას აქტიურად ადევნებდა თვალს, და ჩამოხრჩობის დღეს გადაწყვიტა, რომ რევოლუციონერი გამხდარიყო. ამ დროს გოლდმანი 20 წლის იყო, რუს ემიგრანტზე 10 თვის დაქორწინებული. თუმცა ქორწინება წარმატებული არ გამოდგა, ამიტომ ის განქორწინდა და ნიუ-იორკში გადავიდა.
აქ ის დაუმეგობრდა იოჰან მოსტს4, გერმანულენოვანი ანარქისტული გაზეთის რედაქტორს. მოსტმა მალევე გადაწყვიტა, რომ გოლდმანი მისი პროტეჟე გამხდარიყო, და გაგზავნა სალექციო ტურზე. მან დაავალა გოლდმანს, რომ დაეგმო 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნის კამპანიის არაადეკვატურობა. ამის ნაცვლად, ის ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმი სრულყოფილად უნდა დავამხოთ, 8-საათიანი დღისთვის კამპანიები კი მხოლოდ მიმართულების ცვლილება იყო. გოლდმანმა სათანადოდ გადმოსცა ეს მესიჯი თავის საჯარო შეხვედრებზე, თუმცა, ბუფალოში, მას მოხუცი მუშა შეედავა, რომელმაც იკითხა — რა უნდა ექნა მისი ასაკის კაცს? სავარაუდოა, რომ ისინი ვერ მოესწრებოდნენ კაპიტალიზმის საბოლოო დამხობას. უნდა ეთქვათ უარი საძულველი შრომისგან გათავისუფლებაზე, თუნდაც ორიოდე საათით?
ამ შემთხვევის შემდეგ გოლდმანმა გაიაზრა, რომ უკეთესობისთვის კონკრეტული ძალისხმევაც, მაგალითად ხელფასების გაზრდა და უფრო მცირე სამუშაო დრო, არა მიმართულების შეცვლა, არამედ საზოგადოების რევოლუციური ტრანსფორმაციის ნაწილი იყო.
გოლდმანმა მოსტისგან დისტანცირება დაიწყო და უფრო მეტად მოქიშპე, გერმანული ანარქისტული ჟურნალით ‘Die Autonomie’ დაინტერესდა, რომლის საშუალებითაც გაეცნო პეტრე კროპოტკინის5 ნაშრომებს. ის ეცადა, რომ დაებალანსებინა ადამიანთა მიდრეკილება სოციალიზაციისა და ურთიერთდახმარებისკენ, რაზედაც ხაზს უსვამდა კროპოტკინი, და საკუთარი ღრმა რწმენა ინდივიდის თავისუფლებაში. პირად თავისუფლებაზე ეს შეხედულება კარგად გამოიხატა იმ ამბისას, როცა ერთ საცეკვაო საღამოს ახალგაზრდა რევოლუციონერმა იგი მოშორებით გაიყვანა და უთხრა, რომ ის აგიტატორი იმისთვის არ გამხდარა, რომ ეცეკვა. გოლდმანი წერდა: “მე ვამტკიცებდი, რომ ჩვენი საქმიანობა ვერ მომთხოვდა მონაზვნის მსგავსად მოვქცეულიყავი, და მოძრაობა არ უნდა გადაქცეულიყო მონასტრად. და თუ ასე მოხდებოდა, მე ის არ მინდოდა. მე თავისუფლება მსურდა, თვითგამოხატვის უფლება, ყველას უფლება სილამაზეზე, ბრწყინვალებაზე.”
თავდაპირველად გოლდმანი მხარს უჭერდა იდეას “პროპაგანდა საქმით”. 1892 წელს, შეყვარებულ მამაკაცთან, ალექსანდრე ბერკმანთან ერთად დაგეგმა ჰენრი კელი ფრიკის მკვლელობა, რომელმაც შეიარაღებული მცველებით ჩაახშო გაფიცვები Homestead Pennsylvania ქარხანასთან. გოლდმანი, თუმცაღა წარუმატებლად, იმასაც ეცადა, რომ პროსტიტუციით გამოემუშავებინა ფული იარაღისთვის. მათ სჯეროდათ, რომ ტირანის, სასტიკი სისტემის წარმომადგენლის მოკვლით, ხალხის ცნობიერება გამოიღვიძებდა. ეს არ მოხდა.
ბერკმანმა ფრიკისთვის მხოლოდ ზიანის მიყენება შეძლო და ციხეში 22 წელი მიესაჯა. გოლდმანი ეცადა, აეხსნა და გაემართლებინა მკვლელობის მცდელობა იმით, რომ ჭეშმარიტი მორალურობა მოტივებთანაა კავშირში და არა შედეგებთან. მის მიერ გატარებული დრო პოსტ-რევოლუციურ რუსეთში ნიშნავდა, რომ მან ხელახლა შეაფასა ის რწმენა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას; თუმცა ამას შემდეგ დავუბრუნდებით.
ბერკმანის დაცვამ გოლდმანი შესამჩნევ ქალად აქცია და მისი ლექციებს ხელისუფლება რეგულარულად შლიდა. 1893 წელს ის დააპატიმრეს უმუშევრებისთვის პურის “ძალადობრივად” აღების მოწოდების ბრალდებით. ის 1 წლით განამწესეს პენიტენციურ დაწესებულებაში.
ის მეორედ დააპატიმრეს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ ლიტერატურის გავრცელებისთვის, მაგრამ მისი ყველაზე ხანგრძლივი სასჯელი უკავშირდება მის ჩართულობას გაერთიანებათა შექმნაში სახელად “არა სამხედრო ვალდებულებას”, და პირველი მსოფლიო ომის წინააღმდეგ მიტინგების ორგანიზებას. გოლდმანი და ბერკმანი დააკავეს 1917 წელს სამხედრო გაწვევის შეფერხებისთვის შეთქმულების ბრალდებით, და მიუსაჯეს ორი წელიწადი. ამის შემდეგ მათ ჩამოართვეს მოქალაქეობა და დაადეპორტეს რუსეთში, სხვა არასასურველ ‘წითლებთან’ ერთად. ფედერალური ბიუროს უფროსმა ჯეი ედგარ ჰუვერმა, რომელმაც უხელმძღვანელა სადეპორტაციო მოსმენას, მას ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ანარქისტი უწოდა.
დეპორტაციის დადებითი მხარე იმას გულისხმობდა, რომ გოლდმანმა უფასო ბილეთი მიიღო რუსეთში, სადაც მან უშუალოდ იხილა რუსეთის რევოლუცია. გოლდმანი მზად იყო, შერიგებოდა მარქსის კონფლიქტს ანარქიზმთან “პირველ ინტერნაციონალში”6 და მხარი დაეჭირა ბოლშევიკებისთვის. თუმცა, 1919 წელს, როცა გოლდმანმა და ბერკმანმა იმოგზაურეს მთელ ქვეყანაში, ისინი შეაძრწუნა გაზრდილი ბიუროკრატიის, პოლიტიკურმა დევნისა და იძულებითი შრომის ნახვამ.
გარდამტეხი მომენტი დადგა მაშინ, როცა კრონშტადტის მეზღვაურები და მეომრები აუჯანყდნენ ბოლშევიკებს და გაფიცულ მუშებს დაუჭირეს მხარი. მათზე იერიში მიიტანეს და გაანადგურეს ტროცკიმ და წითელმა არმიამ.
1921 წლის დეკემბერში რუსეთის დატოვებისას გოლდმანს საკუთარი აღმოჩენების შესახებ ორ ნაშრომში ეწერა: “ჩემი იმედგაცრუება რუსეთში” და “ჩემი შემდგომი იმედგაცრუება რუსეთში”. ის ამტკიცებდა, რომ “აქამდე არასდროს ყოფილა ისტორიაში, რომ ხელისუფლება, მთავრობა, სახელმწიფო, აღმოჩენილიყო ამდენად არსებითად სტატიკური, რეაქციული, კონტრრევოლუციურიც კი. მოკლედ, რევოლუციის ანტითეზისი”.
რუსეთში გატარებული დროის შედეგად გოლდმანმა გადააფასა ის საწყისი შეხედულება, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. გოლდმანი ეთანხმებოდა აზრს, რომ ძალადობა იყო აუცილებელი ბოროტება სოციალური ტრანსფორმაციის პროცესში. თუმცა რუსეთში მიღებული გამოცდილების გამო ცვლილება გარდაუვალი გახდა. ის წერდა:
“მე ვიცი, რომ წარსულში ყველა დიდი პოლიტიკური და სოციალური ცვლილება საჭიროებდა ძალადობას.. მიუხედავად ამისა, ერთია, რომ გამოიყენო ძალადობა თავდაცვის მიზნით. საკმაოდ განხვავებულია ის შემთხვევა, როცა ტერორიზმი პრინციპად იქცევა, ხდება მისი ინსტიტუციონალიზაცია, ენიჭება სასიცოცხლო მნიშვნელობა სოციალურ ბრძოლაში. ასეთი ტერორიზმი შობს კონტრრევოლუციას, და თავადაც ხდება კონტრრევოლუციური.”
ეს ხედვები არაპოპულარული იყო რადიკალებს შორის, რადგანაც უმეტესობას კვლავ სურდა იმის დაჯერება, რომ რუსეთის რევოლუცია წარმატება იყო. როცა გოლდმანი ბრიტანეთში გადავიდა 1921 წელს, მემარცხენე ფლანგზე ის პრაქტიკულად მარტო იყო ბოლშევიკების დაგმობის საკითხში, და მის ლექციებს მცირე დასწრება ჰქონდა. იმის გაგებისას, რომ შეიძლება ის დეპორტირებულიყო 1925 წელს, უელსელმა მემაღაროემ მას შესთავაზა ქორწინება, რათა მოეპოვებინა ბრიტანული მოქალაქეობა. ბრიტანული პასპორტით მან შეძლო საფრანგეთსა და კანადაში გამგზავრება. 1934 წელს, მას იმის ნებაც კი დართეს, რომ ლექციების ტური გაემართა შტატებში.
1936 წელს ბერკმანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ესპანეთის რევოლუციის7 დასაწყისამდე თვეებით ადრე. 67 წლის ასაკში, გოლდმანი წავიდა ესპანეთში, რათა შეერთებოდა ბრძოლას. მან თქვა ლიბერტარიანელი ახალგაზრდობის მიტინგზე: “თქვენი რევოლუცია სამუდამოდ გაანადგურებს იმ ცნებას, რომ ანარქიზმი ქაოსს განასახიერებს”. ის არ ეთანხმებოდა CNT-FAI-ს8 თანამონაწილეობას კოალიციური მთავრობის შექმნაში 1937 წელს, და არც მომძლავრებულ კომუნისტებთან დათმობებს ომის მოგების გულისათვის. თუმცა მან არ დაგმო ანარქისტები მთავრობასთან გაერთიანებისა და მილიტარიზაციაზე დათანხმების გამო, რადგან ჩათვალა, რომ მაშინ ამის ალტერნატივა მხოლოდ კომუნისტური დიქტატურა იყო.
გოლდმანი 1940 წელს დაიღუპა. ის დაკრძალეს ჩიკაგოში, არც ისე შორს ჰეიმარკეტის წამებულთაგან, რომელთა ბედმაც მისი ცხოვრების მიმართულება შეცვალა.
ემა გოლდმანმა შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ანარქისტულ აზრში. კერძოდ, მას იხსენიებენ, როგორც სექსუალური პოლიტიკის გამაერთიანებელს ანარქიზმთან, რომელზედაც მხოლოდ სიტყვას თუ გადაკრავდნენ ხოლმე ადრეული ანარქისტები. გოლდმანი წარმართავდა კამპანიას და ციხეშიც კი აღმოჩნდა ქალთა უფლებისთვის, მიეღოთ ჩასახვის საწინააღმდეგო ზომები. ის ამტკიცებდა, რომ საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა არ იყო საკმარისი სქესთა შორის არსებული უთანასწორო და რეპრესიული ურთიერთობების აღმოსაფხვრელად. უნდა მომხდარიყო ღირებულებების მასობრივი ტრანსფორმაცია, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ქალებში. ამტკიცებდა, რომ ქალებს შეეძლოთ ამის გაკეთება.
პირველ რიგში — საკუთარი თავის, როგორც პიროვნებების, და არა სქესობრივი მოთხოვნილების საგნების, წამოყენებით. შემდეგ, საკუთარ სხეულზე სხვისი უფლების უარყოფით; შვილების ყოლაზე უარის თქმით, თუ ეს არ სურს; ღმერთის, სახელმწიფოს, საზოგადოების, ქმრის, ოჯახის მსახურობაზე უარის თქმით, თავისი ცხოვრების გამარტივებით, თუმცა გაღრმავებითა და გამდიდრებით. ესე იგი, მთელი თავისი სირთულეებით, სიცოცხლის მნიშვნელობისა და არსის შესწავლის მცდელობით, საზოგადოებრივი აზრისა და საჯარო დაგმობის შიშისგან საკუთარი თავის გათავისუფლებით. მხოლოდ ანარქისტული რევოლუცია, და არა საარჩევნო ბიულეტენი, შეძლებდა ქალი გაეთავისუფლებინა, გარდაექმნა ის სამყაროში აქამდე შეუცნობელ ძალად, ღვთიური ცეცხლის ძალად, თავისუფალ მამაკაცთა და ქალთათვის ქმნილების მიცემისა.


1 ↑ ჯეი ედგარ ჰუვერი 37 წლის განმავლობაში, სიკვდილამდე იყო აშშ-ს ფედერალური ბიუროს დირექტორი. ცხოვრების ბოლოს და სიკვდილის შემდეგ ჰუვერი სადავო ფიგურა გახდა, რადგან შუქი მოეფინა მის მიერ ძალაუფლების გადამატების შემთხვევებს. მათ შორის აღსანიშნავია ე.წ. COINTELPRO, უკანონო პროექტთა მთელი რიგი, რომლის მიზანიც იყო, ძირითადად, მემარცხენე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და განადგურება.

2 ↑ ნიკოლაი ჩერნიშევსკი - რუსი ლიტერატურული კრიტიკოსი, ჟურნალისტი, ნოველისტი, და სოციალისტი ფილოსოფოსი. იგი იყო გავლენიანი ინტელექტუალური ფიგურა 1860-იანების რუსულ რევოლუციურ მოძრაობაში.

3 ↑ ჰეიმარკეტის საქმე, იგივე ჰეიმარკეტის აჯანყება - 1886 წლის 4 მაისს მშრომელთა დემონსტრაციისას მომხდარი აფეთქების შემდგომი მოვლენები. რვა ანარქისტს დაბრალდა შეთქმულება. მტკიცებულება ის იყო, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, შესაძლოა, შეექმნა ბომბი, თუმცა სასამართლოზე მყოფი არცერთ მათგანს არ უსვრია ის.

4 ↑ იოჰან მოსტი - ჯერ სოციალ-დემოკრატი, შემდგომში კი ანარქისტი პოლიტიკური მოღვაწე, რედაქტორი და ორატორი. მას მიაწერენ “პროპაგანდა საქმით” იდეის პოპულარიზაციას. “პროპაგანდა საქმით” ნიშნავდა კონკრეტულ პოლიტიკურ ქმედებას, რომელიც სამაგალითო უნდა ყოფილიყო სხვებისთვის, და კატალიზატორი რევოლუციისათვის. ძირითადად ასოცირებულია ანარქისტების მიერ გვიანდელ მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეში განხორციელებულ ძალადობრივ აქტებთან.

5 ↑ პეტრე კროპოტკინი - გავლენიანი ანარქისტი რევოლუციონერი, სოციოლოგი, ბიოლოგი. ავრცელებდა ანარქო-კომუნისტურ იდეებს, რაც ნიშნავს, რომ ის მხარს უჭერდა დეცენტრალიზებულ კომუნისტურ საზოგადოებას, თავისუფალს ცენტრალური მთავრობისგან, რომელიც დაკომპლექტდებოდა თვითმმართველი თემებისა და საწარმოების ნებაყოფლობითი ასოციაციებით. მისი მთავარი ნაშრომებია: “პური და თავისუფლება”, “მინდვრები, ქარხნები და საამქროები”, “ურთიერთდახმარება, როგორც ევოლუციის ფაქტორი”. ეს უკანასკნელი ბევრი ბიოლოგის მიერ მიჩნეულია მნიშვნელოვან ნაბიჯად ურთიერთთანამშრომლობის მეცნიერულ შესწავლაში.

6 ↑ პირველი ინტერნაციონალი - 1864-1876 წლებში იყო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა მემარცხენე სოციალისტი, კომუნისტი და ანარქისტი ჯგუფებისა და პროფკავშირების გაერთიანებას. მნიშვნელოვანი გამოდგა ბაკუნინისა და მარქსის დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ ორგანიზაციის ორ ჯგუფად გაყოფითა და დაშლით დასრულდა.
7↑ ესპანეთის რევოლუცია - მშრომელთა რევოლუცია 1936 წელს, რომელიც დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომისას. დასრულდა სოციალისტური და ანარქისტული ორგანიზაციული პრინციპების მასობრივი განხორციელებით ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. ჩაახშეს 10 თვის შემდეგ.


8↑ CNT-FAI არის ანარქო-სინდიკალისტური პროფკავშირების ესპანური კონფედერაცია, რომელიც 1910 წელს ბარსელონაში დაარსდა და თავისი ისტორიის განმავლობაში დიდი როლი ითამაშა მუშათა მოძრაობასა და ანარქიზმის განვითარებაში ესპანეთში.