სიცილის ოთახი მატყუარების ქვეყანაში

ინფორმაცია არის გზა რომლის მეშვეობით ჩვენ აღვიქვავთ რეალობას ჩვენს გარშემო. სწორედ ეს აღქმა განაპირობებს ჩვენს მოქმედებებს, დამოკიდებულებებს, ფიქრებსაც კი. მიღებულ ინფორმაციას ადამიანი ჯერ იაზრებს, ატარებს საკუთარი შეხედულებების, ცოდნის თუ გამოცდილების ფილტრში და მხოლოდ ამის შემდეგ უყალიბდება საკუთარი ემოცია, აზრი ან რეაქცია.

მაგრამ რა ხდება როდესაც ინფორმაცია რეალობის შესახებ მოდის გამზადებული სახით, წინასწარ გაკეთებული დასკვნებით და უკვე ჩამოყალიბებული აზრით? რა ხდება როდესაც ინფორმაცია რეალობის შესახებ იცვლება რეალობის დახატული სურათით? რა ხდება როდესაც ინფორმაციის წყაროსთვის მოვლენების გაშუქება არის არა მიზანი, არამედ საშუალება?

რეალობა რომელშიც ვცხოვრობთ ჰგავს ჯანი როდარის საბავშვო მოთხრობას “ჯელსომინო მატყუარების ქვეყანაში”. ამ გამოგონილ ქვეყანაში ბოროტი მეკობრე ჯაკომონე თავისი ბანდით ხელში ჩაიგდებს ძალაუფლებას და სიკვდილის შიშით აიძულებს ყველას იტყუებოდნენ. ამ ქვეყანაში კატები ყეფენ, ცხენები ღმუიან, ხოლო პურს მელანი ჰქვია. გამოგონილი მატყუარების ქვეყნისგან განსხვავებით თანამედროვე ჯაკომონები იძულების იარაღის ნაცვლად გაცილებით უფრო მძლავრ იარაღს იყენებენ.

მძლავრი ინფორმაციული ნაკადი, რომელიც მოდის ტელევიზიიდან, პრესიდან, ინტერნეტიდან მიზნად ისახავს წაართვას მაყურებელს რეალობის აღქმის უნარი, ჩაძიროს მისი გონება რეალობის იმ ხედვაში რომელსაც სთავაზობენ და ჩამოუყალიბოს ის პოზიცია, რომელიც პასუხობს მედია საშუალების დამკვეთის ინტერესებს.

იმისთვის ვინც ფლობს ინფორმაციულ ძალაუფლებას შეუძლებელი არაფერია. გამოგონილ სამყაროში მოხვედრილი ადამიანი კარგავს ინდივიდუალობას და იქცევა ელექტორატად, მრევლად, ბრენდის ფანად და ა.შ. მისი პრიორიტეტები იცვლება. საკუთარი სურვილების და მოთხოვნილებების ადგილს იკავებენ ნაკარნახევი პრიორიტეტები. ჩვენ ვხედავთ 24-საათიან რიგებს ახალი მოდელის ტელეფონის შესაძენად, ვხედავთ ადამიანებს საარჩევნო ურნებთან, ბრენდულ მაღაზიებში განვადების ოფიცრებთან. ადამიანები აგროვებენ ფულს უსარგებლო ნივთების საყიდლად, მხარს უჭერენ კომპანიებს რომლებიც მათი შრომით მდიდრდებიან, აძლიერებენ სისტემას რომელიც მათ ჩაგვრაზე დგას.

როგორც სიცილის ოთახში სპეციალური სარკეები აჩვენებენ გამოსახულებას შეცვლილი ფორმით ისე მასობრივი მედიის საშუალებები ავრცელებენ რეალობის საკუთარ ვერსიას. ინფორმაციული შეტევა გონებაზე იმდენად მძლავრია რომ ადამიანები კარგავენ რეალობის აღქმის უნარს და ცხოვრობენ იმ ილუზორულ სამყაროში, რომელსაც მათთვის ქმნის ცისფერი ეკრანი სოციალური ქსელი. ადამიანები იჯერებენ და ავრცელებენ ფსევდო-რეალობას სანამ ის არ იქცევა ერთადერთ ჭეშმარიტებად. ისინიც კი ვისაც არ სჯერა მოწოდებული რეალობის, ხშირად ეთანხმებიან საერთო აზრს რადგან “მატყუარების ქვეყანაში არსებობს დაუწერელი კანონი: ვინც არ იტყუება ავად არის”.


წარმოსახვით სამყაროს შეუძლია მართოს ადამიანის გონება, მაგრამ ადრე თუ გვიან რეალობა მაინც შეახსენებს თავს. შიმშილი ერთადერთი შეგრძნებაა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო ძლიერი ხდება. გაუსაძლის რეალობაში ჩავარდნილი, სარკეებით გარშემორტყმული ადამიანები ვარდებიან დეპრესიაში, ხდებიან დამოკიდებულები, იკლავენ თავს. რაც უფრო ღრმა არის უფსკრული მედიის მიერ ტირაჟირებულ რეალობას და ნამდვილ მოცემულობას შორის, მით უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს ნაკარნახებ ფასეულობებზე. ისინი ჯერ ძალიან ცოტანი არიან. ჯერ კიდევ მიმართავენ პოლიტიკოსებს სუსტი იმედით: “არ ჩაიჯვა”. ჯერ კიდევ გამოდიან პოლიტიკოსების მხარდასაჭერ აქციებზე, ჯერ კიდევ ითხოვენ ყველაფერს საკუთარი კეთილდღეობის გარდა. პოლიტიკური და ეკონომიკური ნარკოტიკის ნაბახუსევი ძალიან მძიმეა და დიდხანს გრძელდება. მითუმეტეს რომ გარეგნული განსხვავებების მიუხედავად, მედიის დამკვეთ ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს შესაშური ერთიანობა აქვთ მთავარ საკითხში. დამალონ რეალობა. რადგან მათ ყველაზე კარგად იციან: “მეფეს უბედურება ელის თუ კატები შეწყვეტენ ყეფას.” მაგრამ რეალობა არსად მიდის. ის ყოველდღე უყურებს მათ ოჯახის წევრების თვალებით, ელაპარაკება კრედიტ ოფიცერის ხმით, თავს ახსენებს გაზრდილი ფასებით და გადასახადებით, ეკრანზე დანახული ცხოვრებით, რომელიც არასდროს ექნებათ რამდენიც არ უნდა იშრომონ.

“ჯელსომინო მატყუარების ქვეყანაში” მთავრდება იმით რომ ჯელსომინო, დაჯილდოვებული საოცრად ძლიერი ხმით იწყებს სიმღერას ციხის კედლებთან. მისი ხმა ამტვრევს ციხის კედლებს და გისოსებს, აღწევს ჯაკომონეს სასახლეს და აქცევს მას ნანგრევებად. ქვეყნის მცხოვრებლები გამოდიან ქუჩებში და უბრუნებენ ნივთებს მათ ნამდვილ სახელებს.

დღეს ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს ჯელსომინოს ხმის საჭიროება. ხმის რომელიც მოუყვება ადამიანებს უსამართლობის რეალურ მიზეზებზე, მოუყვება ათასობით მათნაირ მოქალაქეზე, რომლებთანაც ეროვნების, გენდერის თუ რელიგიის მიუხედავად, გაცილებით მეტი აქვთ საერთო ვიდრე პოლიტიკოსებთან და ბრენდებთან.

“და ბოლოს ჯაკომონეს სამეფოსგან მხოლოდ ერთი კოლონა დარჩა. მასზე ასახული სიცრუე ახსენებდა ადამიანებს იმ დროს როდესაც ქვეყანას მატყუარა მართავდა და მხოლოდ ერთი კარგად ნამღერი სიმღერა აღმოჩნდა საკმარისი მისი სამეფოს დასანგრევად. ”