თამაზ ადეიშვილი -   „საშუალო კლასი“ და მისი ადგილი პროპაგანდასა თუ მეცნიერებაში 

ხშირად დასკვნების ჭეშმარიტება თუ სიცრუე დამოკიდებულია იმ საწყის ცნებებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში "აპრიორი" მიიღება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჯგუფებში წარმოდგენა ამ აქსიომებზე შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.
რათა ვებრძოლოთ გამომწვევ მიზეზებს და არა შედეგებს, მიზანშეწონილად მივიჩნევთ კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ “კლასსა” და “საზოგადოების კლასობრივ” ხასიათს, თუ როგორი ასახვა ჰპოვა მასზე თანამედროვე ეკონომიკურმა, სოციალურმა თუ ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა, პასუხობს თუ არა ის თანამედროვეობის გამოწვევებს და რა ადგილი უჭირავს მასში „საშუალო კლასს“? 


ისევე როგორც ექიმისათვის ყოველი პაციენტი წარმოადგენს კერძო შემთხვევას, თავისი უნიკალური მახასიათებლებით, ასევე ისტორიკოსი ისტორიული მოვლენის შესწავლისას აკვირდება კერძო შემთხვევას, მხოლოდ ამ მოვლენისათვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ნიშნებით, მაგრამ როგორც ექიმს ყოველი ახალი პაციენტის მიღებისას თავიდან არ უწევს უკვე ნაცნობი დაავადების აღმოჩენა, კვლევა, ცდების საშუალებით მედიკამენტების შერჩევა, არამედ ეყრდნობა რა მსგავსი კერძო შემთხვევების მეცნიერული მეთოდით განზოგადებას, (მედიცინის მიერ დაგროვილ გამოცდილებას) ხშირ შემთხვევაში შემოიფარგლება დიაგნოსტიკითა და მკურნალობის დანიშვნით. ასევე მოქმედებს ისტორიკოსიც, რომელიც ნაცვლად იმისა რომ ისტორიული მოვლენის შესწავლისას აღმოაჩინოს კარგად ნაცნობი “ახალი”, კერძო შემთხვევას განიხილავს ისტორიულ პერსპექტივაში და "კლასობრიობის" მეთოდით, ინფორმაციის ნაკლებობის შემთხვევაშიც აღწევს ამ მოვლენის გამომწვევ ეკონომიკურ, ანუ სიღრმისეულ მიზეზებამდე.
შესაბამისად "საზოგადოების კლასობრიობა" წარმოადგენს მეცნიერულ მეთოდს, რომელიც ისტორიული პროცესების პირველწყაროდ განიხილავს ეკონომიკურ ბაზისსა და ეკონომიკურ ნიადაგზე, კლასებს შორის არსებულ ანტოგონიზმს. ამავე მეთოდის მეშვეობით, მართებულად განსაზღვრული წინაპირობების შემთხვევაში შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ თუ რა შედეგში გადაიზარდება განვითარებული პროცესები.
დღეისათვის ფართედაა გავრცელებული იდეა, თითქოს თანამედროვეობა თავისი გამოწვევებით გვიბიძგებს შემოვიღოთ ახალი - „საშუალო კლასი“, რომელიც ნათლად გამოიკვეთა დასავლეთ ევროპაში, სადაც დაქირავებულ მშრომელებს აქვთ მაღალი ხელფასები და სოციალური გარანტიები, რაც დიდწილად ეფუძნება „მესამე ქვეყნებში“ წარმოების გადატანასა და იქაური პროლეტარიატის ექსპლუატაციას. რის შედეგადაც ერთი კლასის, ამ ორი ჯგუფის წარმომადგენლის ცხოვრებისა და შრომის პირობები ყველასათვის თვალსაჩინო კონტრასტს ქმნის.
ბურჟუაზიული გაგებით საშუალო კლასი წარმოადგენს“ ქონებრივი მახასიათებლით გაერთიანებულ საზოგადოების ნაწილს, რომელიც სხვადასხვა სახითაა ჩართული წარმოების პროცესში, ეს კლასი თანაბრად მოისაზრებს საკუთარ თავში კაპიტალისტსაც, დაქირავებულ მუშასაც და წვრილ ბურჟუასაც. მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა რომელმაც წარმატებით დაძლია საშუალო განათლების პროგრამა შეიძლება გვკითხოს:
- კაცობრიობა არსებობის განმავლობაში განუწყვეტლივ განიცდიდა ცვლილებებს, შეიცვალა რამოდენიმე სოციალურ-ეკონომიკური ფორმაცია, წარმოებისა და წარმოების იარაღებზე საკუთრების სხვადასხვა ფორმებით, რომელთა შესწავლისას ჩვენს მიერ გამოყენებული „სოციალური კლასები“ შეუცვლელად ეყრდნობოდა წარმოების იარაღისადმი წარმოებაში ჩართული ჯგუფის დამოკიდებულებას. როგორებიცაა მონათმფლობელი რომლისთვისაც წარმოების იარარს წარმოადგენს ადამიანი და მისდამი ანტოგონისტურად განწყობილი მონა რომელიც თავად წარმოადგენს მონათმფლობელის საკუთრებაში არსებულ წარმოების იარაღს და ა.შ. რა აუცილებლობა წარმოშვა თანამედროვეობამ რათა გადაგვეხვია ამ გზიდან და შემოგვეღო სრულიად სხვა, მატერიალური კეთილდღეობის პრინციპზე დაფუძნებული ახალი „საშუალო კლასი“ და როგორ შეიძლება არსებობდეს ის სრულიად სხვა პრინციპებით დიფერენცირებულ კლასებთან ერთ სიბრტყეში ?- ჩვენც ამ თეორიის მიმდევრების ნაცვლად ვუპასუხებთ:
- „საშუალო კლასი“ წარმოადგენს მავნებლობას, რომელიც მიმართულია საზოგადოების კლასობრივი სტრუქტურის გადასაფარად.


რას ეყრდნობა საშუალო კლასის იდეა და რატომ არის ის მცდარი?

როგორც ავღნიშნეთ „სოციალურ კლასში“ გაერთიანებულ ადამიანებს ახასიათებს საერთო ეკონომიკური ინტერესი. ვინაიდან ყველანი ერთნაირ დამოკიდებულებაში არიან წარმოების იარაღებისადმი, მიუხედავად იმისა აცნობიერებენ თუ არა ისინი საკუთარი თავის მიკუთნებას ამ კლასისადმი და ხედავენ თუ არა კლასის ეკონომიკურ ინტერესებში საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გამოხატვას. იმისათვის რომ ატმოსფერულმა წნევამ იქონიოს ჩემზე გავლენა არ არის სავალდებულო ვიცოდე, თუ როგორ წარმოიშვება და ფუნქციონირებს ის, ან ვაღიარებდე მის გავლენას ჩემზე.
სწორედ ამიტომ დაქირავებული მშრომელის კლასობრივი ინტერესი, ქონებრივი იერარქიის რომელ საფეხურზეც არ უნდა იყოს ის, არის ანაზღაურების მატება და სამუშაო საათების კლება, ეს ინტერესი აერთიანებს, როგორც არაკვალიფიცირებულ მუშას, ასევე მაღალი საფეხურის მენეჯერს. ცხადია რომ მაღალი საფეხურის მენეჯერი თითქმის არასდროს არ მოქმედებს პროლეტარიატის ინტერესებში და ემსახურება კაპიტალს მათ ექსპლუატაციაში, თუმცა ეს არ გვაძლევს საბაბს ის ქონებრივ იერარქიაში მასთან ერთ საფეხურზე მყოფ ჯგუფებთან ერთად გამოვყოთ ცალკე „საშუალო კლასში“. ცალკე აღებული პროლეტარი ისევე შეიძლება იყოს რეაქციონერი როგორც, მღვდელი ან მაგნატი. ისევე როგორც ენგელსი ან ბაკუნინი მოქმედებდნენ მათი კლასის ინტერესების წინააღმდეგ. მაგრამ ენგელსის პირადი შეხედულება არ ცვლიდა იმ კლასის ინტერესებს, რომელსაც ის ეკუთვნოდა, ასევე მაღალი საფეხურის მენეჯერის შეხედულებები და სურვილი თავად გახდეს ექსპლუატატორი არ ცვლის პროლეტარიატის კლასობრივ ინტერესს. მსგავსი კლასობრივი დუალიზმი ინდივიდში არ წარმოადგენს მხოლოდ დღევანდელობის გამოწვევას, ჩაგრულებს ყველა სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციისას სურდათ გამხდარიყვნენ მჩაგვრელები. როგორც ვიცით ანტიკური პერიოდიდან, ოდისევსის მონას თავად ჰყავდა მონები, სპარტაკის აჯანყებისას ყოფილი გლადიატორები აწყობდნენ გლადიატორთა ბრძოლებს, ხოლო მონათა ზედამხედველები ხშირ შემთხვევაში თავად იყვნენ მონები. მაგრამ ამ გარემოებამ არ გვიბიძგა ისინი გამოგვეყო ცალკე კლასად, ვინაიდან მიუხედავად მათი შეხედულებებისა და სურვილისა ისინი მონებად რჩებოდნენ, ისევე როგორც მაღალი საფეხურის მენეჯერი მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა, განათლებისა თუ შემოსავლებისა, რჩება დაქირავებულ მუშად, რომელიც ყიდის საკუთარ შრომას და გარიყულია მისი შედეგებისაგან, ანუ ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაში არ ეკუთვნის საკუთარ თავს. ვინაიდან კლასობრივი ინეტერესი წარმოადგენს არა პირად ინტერესს, რომელიც გამომდინარეობს ინდივიდის ფსიქოტიპიდან, არამედ ეკონომიკური პრინციპების კანონზომიერებას.
ბურჟუაზიული ეკონომისტების განმარტებით „საშუალო კლასი“ აერთიანებს ადამიანებს მატერიალური კეთილდღეობის ნიშნით. ყველა ვისაც ყავს ავტომობილი, აქვს კეთილმოწყობილი სახლი, ხელი მიუწვდება ფასიან მედიცინისა და განათლებაზე, აქვს საშუალება დაისვენოს საზღვარგარეთ და ა.შ. მასში მოისაზრება, როგორც კვალიფიცირებული დაქირავებული მუშა ასევე კაპიტალისტი. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კლასობრივი თეორიის არსი მდგომარეობს ისტორიული მოვლენებისა და პროცესების კლასობრივი ანტოგონიზმის მეშვეობით ახსნაში. თუ ასტრონომიაში შემოვიტანთ ასტროლოგიის მცნებებსა და პრინციპებს ბუნებრივია, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის მოცულობა ბევრად გაიზრდება, მაგრამ ეს ინფორმაცია პირიქით დაგვაშორებს ჭეშმარიტებას. სწორედ მსგავსი ფსევდომეცნიერული პრინციპების შემოტანაა „საშუალო კლასის“ ცნება. ვინაიდან შეუძლებელია დავადგინოთ რა გზით მიიღწევა ამ კლასის მატერიალური კეთილდღეობა? ცხადია რომ საშუალო კლასის წარმომადგენელი დაქირავებული მშრომელისა და ამავე კლასის წარმომადგენელი კაპიტალისტის კეთილდღეობა სრულიად სხვადასხვა, უფრო მეტიც ურთიერთსაწინააღმდეგო გზებით მიიღწევა. რა ეკონომიკური ინტერესი აქვს მასს? რომელ კლასთან მოდის წინააღმდეგობაში? ანუ მას არ გააჩნია ის რაც წარმოებაში ჩართულ ჯგუფს ქმნის კლასად. შესაბამისად საზოგადოების კლასობრივ ახსნას ეკარგება უტილიტარული, მეცნიერული და რჩება მხოლოდ პროპაგანდისტული ფუნქცია. რომელიც თავის მხრივ მიმართულია ექსპლუატატორსა და ექსპლუატირებადს შორის არსებული განსხვავებისა და წინააღმდეგობის გადაფარვისაკენ. ვინაიდან როგორც ავღნიშნეთ „საშუალო კლასში“ მათი დიფერენცირება შეუძლებელია.
ბურჟუა ეკონომისტების მსგავსად ნეომარქსიზმის ზოგიერთ იდეოლოგს (ერიკ ოლინ რაიტი, ნიკოს პულანზასი, ბარბარა ერენრაიხი) კლასობრივ თეორიაში შემოაქვს „საშუალო“ ან „თეთრი საყელოების კლასის“ ცნება. მასში მოისაზრებენ ყველა იმ დაქირავებულ მშრომელს, რომელიც არაა დაკავებული ფიზიკური შრომით, ან წარმოადგენს მაღალი საფეხურის მენეჯერს. შესაბამისად დაქირავებულ მშრომელთა უდიდესი ნაწილი დარჩენილია პროლეტარიატის მიღმა. როგორც ცნობილია XIX საუკუნეშიც კი, როდესაც მძიმე მრეწველობაში ჩართული მშრომელების რიცხვი მაქსიმალური იყო, ისინი არცერთ, ყველაზე ინდუსტრიალურ ქვეყანაშიც კი არ წარმოადგენდნენ მშრომელთა უდიდეს ნაწილს. წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მექანიზაცია, შრომის პროდუქტიულობის ზრდა, იწვევს მძიმე მრეწველობაში ჩართული მუშების რაოდენობის კლებას, საქმე რომელსაც XX საუკუნის დასაწყისში ასრულებდა 10 მუშა დღეს ასრულებს 1 და ეს ტენდენცია დღითიდღე უფრო ღრმავდება. შესაბამისად კლასობრივი ბრძოლის ორი ყველაზე დაპირისპირებული ჯგუფი, კაპიტალისტები და პროლეტარიატი, რომლებიც როგორც გავიგეთ წარმოადგენენ საზოგადოების ორ აშკარა უმცირესობას, დაკარგავს ისტორიული პროცესების ლოკომოტივის როლს, ვინაიდან (ნეომარქსისტული) პროლეტარიატის, როგორც ინტელექტუალური ასევე რიცხობრივი წონა საზოგადოებაში არის მინიმალური. მაგრამ ჩვენთან პოლემიკაში შემოსული ატესტატის საპატიო მფლობელი, მტკიცებით ფორმაში გვეტყვის:
- ფიზიკური შრომის პროლეტარიატსა და ინტელექტუალური შრომის პროლეტარიატს შორის არანაირი არსებითი კლასობრივი განსხვავება არ არის. ამ დიფერენცირებას არ აქვს არანაირი ეკონომიკური საფუძველი, ანუ სამეცნიერო ფუნქცია. ისინი ერთნაირად ყიდიან საკუთარ შრომას, განყენებული არიან საკუთარი შრომის შედეგებისაგან და ბურჟუაზია ეწევა მათ ექსპლუატაციას. XXI საუკუნეში არავინ არ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ადამიანის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საკმარისია მხოლოდ მატერიალური დოვლათი, ადამიანს ისევე უჩნდება ინტელექტუალური წყურვილის მოკვლის მოთხოვნილება როგორც საკვებისა და წყლის. პროლეტარიატი საერთო ძალისხმევით ქმნის იმ მატერიალურ ბაზას, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი სოციუმი.
„საშუალო კლასის“ იდეის მიმდევარი ნეომარქსისტების მტკიცებითაც (რაშიც თანხმობაში მოდიან მემარჯვენეებთან) დასავლეთ ევროპაში, დაქირავებული მშრომელების პირობების გაუმჯობესებამ, სოციალური პაკეტების შემოღებამ და მუშათა კეთილდღეობის ზრდამ, გააქრო პროლეტარიატი. მიუხედავად იმისა რომ დასავლეთ ევროპაში კვლავინდებურად არსებობს კერძო საკუთრება წარმოების იარაღებზე და მშრომელთა ექსპლუატაცია, ისინი მოგვიწოდებენ დაქირავებულ მშრომელებს უარი ვუთხრათ პროლეტარიატზე დაკისრებულ ისტორიულ მისიაზე- მოსპოს ნებისმიერი საკუთრება წარმოების იარაღებზე და ამგვარად გაანთავისუფლოს მშრომელები ექსპლუატაციისაგან. ვინაიდან ევროპელ მუშას აქვს სახლი და ხელი მიუწვდება საკვებზე, მოგვიწოდებენ აღარ განვიხილოთ ის, როგორც რევოლუციური ელემენტი. მოგვიწოდებენ ადამიანი დავიყვანოთ მხოლოდ პირველყოფილ ინსტინქტებამდე მოიკლას ჭამისა და წყურვილის სურვილი. მაშინ როდესაც XVIII საუკუნიდან მოდის ექო თავისუფლებაზე, თანასწორობასა და ძმობაზე.
მუშათა მხრიდან კლასობრივი ბრძოლის შესუსტება აღინიშნება არა მხოლოდ „მაძღარ“ ევროპაში, არამედ „მშიერ“ ინდონეზიაშიც. რაც წარმოადგენს საერთო, დროებით ტენდენციას და ფრანგი ან ავსტრიელი არარსებული პროლეტარები პერიოდულად გვახსენებენ ამ მოვლენის დროებით ხასიათზე.
დასავლეთ ევროპაში ცხოვრების დონის ზრდა პოსტინდუსტრიალურ ეპოქაში, განაპირობა არა მხოლოდ სოციალიზმით შეშინებული ბურჟუაზიის სურვილმა, შეესუსტებინა კლასობრივი ბრძოლა, არამედ მისმა პირდაპირმა ეკონომიკურმა ინტერესებმა. წარმოების გადატანამ აღმოსავლეთის ქვეყნებში და წარმოების მატებამ, წარმოშვა ახალი პრომბლემა, რომელიც მდგომარეობდა ამ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში. ესოდენ აუცილებელი ბაზარი დასავლურმა კაპიტალმა აღმოაჩინა თავად დასავლეთის ქვეყნებში, რისთვისაც საჭირო გახდა მოსახლეობის ცხოვრების დონისა და შემოსავლების მკვეთრი მატება. მოსახლეობის ყიდვისუნარიანობა და მასში ყიდვის სურვილის გაღვივება, ქმნიდა წარმოებული პროდუქციის რეალიზების იმედს. იაფად წარმოებული პროდუქციის ძვირად რეალიზება კოლოსალურ მოგებას იძლეოდა, რაც ბიზნესს სტიმულირებდა, მოგების ნაწილი (გადასახადების და მაღალი ხელფასების სახით) კვლავ მშრომელებისათვის დაებრუნებინა, რათა მათ არ დაეკარგათ ყიდვისუნარიანობა და ამგვარად კაპიტალიზმის კეთილდღეობის ერთ-ერთი ბოძი არ შერყეულიყო. თუმცა წარმოების აღმოსავლეთში გადატანა შეუქცევლად იწვევს აღმოსავლეთის ქვეყნებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ ასახვას პოულობს მოსახლეობის განათლების, მოთხოვნილებების და შესაბამისად ხელფასების ზრდაში. ჩინეთი იაფი მუშახელის ძიებაში თავად იწყებს აფრიკის ბაზრის ათვისებას.
პროდუქტის თვითღირებულების გაძვირებას ბუნებრივია მოყვება მოგების კლება, რამაც უკვე ჰპოვა ასახვა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, ასევე მთელი რიგი ანტისოციალური რეფორმებით (მაკრონის რეფორმები საფრანგეთში, 11 საათიანი სამუშაო დღის შემოღების ინიციატივა ავსტრიაში, მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა ესპანეთსა და საბერძნეთში და მრავალი სხვა).
კლასობრივი ბრძოლის გარდაუვალი გამწვავების ფონზე, „საშუალო კლასის“ სტრატის შემოღებით ბურჟუაზია ცდილობს, მშრომელთა კონსოლიდაციის გზაზე აღმართოს ბარიერი, ხოლო ნეომარქსისტები ამ გზაზე წითელი ფერის ბარიერის აღმართვას გვთავაზობენ, თითქონ ეს განსხვავება დაეხმარება მშრომელებს საერთო ფრონტით გამოვიდნენ ექსპლუატატორთა წინააღმდეგ.


დასკვნა

აუცილებელია ამ იდეის მიმდევრები გავმიჯნოთ ორ ნაწილად. პირველ ჯგუფს წარმოადგენენ ადამიანები რომლებიც გულწრფელად ცდებიან და „საზოგადოების კლასობრიობას“ აღიქვავენ არა როგორც მეცნიერულ მეთოდს, არამედ როგორც უკვე გაცემულ პასუხს. სწორედ ამიტომ ცდილობენ, რომ მასში აისახოს წარმოაბაში ჩართული ყველა ჯგუფის, თუ ინდივიდის ინტერესი, მისი განწყობა, შეხედულება, თვითიდენტიფიკაცია და ასე შემდეგ.
ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ადამიანი გვიპასუხებს
- შეუძლებელია მილარდობით ადამიანის ყველა მახასიათებლის ასახვა სისტემაში, როგორი ვრცელიც არ უნდა იყოს ის, საბოლოო ჯამში საქმე მაინც უნდა გვქონდეს კერძო შემთხვევასთან, სისტემა უნდა გვეხმარებოდეს როგორც წარსულის ასევე თანამედროვეობის აღქმასა და სწორ შეფასებაში და არა ანაცვლებდეს მას. „საზოგადოების კლასობრიობა“ არის იარაღი და თუ გავაფუჭებთ მას, გაფუჭებული იარაღიდან, გაფუჭებული საქმე გამოვა.
- ჩვენ კი ვუპასუხებთ რომ - ვინც ეძებს, ის ხშირად იკარგება. -და რომ- ამ სისტემის არასიცოცხლისუნარიანობა თავად მიიყვანს მის მიმდევრებს, სწორ თუ არა ყოველ შემთხვევაში, სხვა გზამდე.
მეორე ჯგუფს წარმოადგენენ მემარჯვენეები რომლებიც ცდილობენ კლასობრივი წინააღმდეგობები დაფარონ კეთილდღეობის არეოლით მოცულ „საშუალო კლასში“. რომელშიც ყველას, დაქირავებულ მუშასაც და მის ექსპლუატატორ კაპიტალისტს, თანაბრად მიუწვდება ხელი საზოგადოების მიერ დაგროვებული დოვლათისადმი. ანუ ამზადებენ იდეურ ნიადაგს მუსოლინისებურ „სოლიდარისტულ სახელმწიფოსათვის“.