ნაწყვეტი კროპოტკინის წიგნიდან “ეთიკა”

1917 წლის რევოლუციის შემდეგ 75 წლის პეტრე კროპოტკინი ემიგრაციიდან რუსეთში დაბრუნდა, მიუხედავად ასაკისა ის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ და გონებრივ საქმიანობაში, მუშაობდა კოოპერაციის პრაქტიკულ პრობლემებზე, სამჯერ შეხვდა ლენინს და მიწერა რამდენიმე კრიტიკული წერილი. ინტელექტუალურ საკითხებს შორის, რომელზეც ის მუშაობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იყო ეთიკა. მის მიერ ჩაფიქრებული წიგნი უნდა ყოფილიყო ორ ტომად. ორივეზე ის პარალელურად მუშაობდა, პირველი ნაწილი 1919-20 წლებში დაასრულა, მეორე ნაწილის დასრულება ვერ მოასწრო თუმცა დაწერილი ქონდა ცალკეული თავები, შენიშვნები და გეგმები. პირველი ნაწილი გამოიცა მოსკოვში 1922 წელს (იხ. ინგლისური ვერსია Ethics: Origin and Development ), ხოლო მეორე ტომის ფრაგმენტები, ანარქისტების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების გამო, დასაბეჭდად გაგზავნილ იქნა საფრანგეთში, მაგრამ ის არ გამოცემულა და საწმუხაროდ მისი ბედი დღემდე უცნობია. მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერი მეორე ტომიდან ნაპოვნი იქნა სსრკ არქივში, და რომელიც გამოცემულ იქნა რუსეთში 90-იან წლებში. წინამდებარე ტექსტი არის ფრაგმენტი პირველი ტომიდან.

…მთავარი ამოცანა, რაც დღეს ეთიკის წინაშე დგას, არის მოძებნოს საერთო ადამიანში არსებულ ორ, ურთიერთსწინააღმდეგო გრძნობებს შორის, და ამგვარად დაეხმაროს ადამიანს არა კომპრომისის მიღწევაში, არამედ მათ სინთეზში. ერთი, ამ გრძნობებიდან, ადამიანს უბიძგებს სხვების დამორჩილებისკენ პირადი ინტერესებისდა სასარგებლოდ; როცა მეორე – სხვებთან გაერთიანებისკენ, რათა საერთო ძალისხმევით მიაღწიონ გარკვეულ მიზნებს. პირველი არის გამოხატულება ადამიანის ერთი-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნილებისა – ბრძოლისა, ხოლო მეორე, აგრეთვე ძირითადი მოთხოვნილება ადამიანისა: ერთიანობის განცდისა და თანაგრძნობისა. ეს ორი ჯგუფი გრძნობებისა ერთმანეთს უპირისპირდება, მაგრამ აუცილებელია რაიმე ფორმაში მათი სინთეზის პოვნა. მითუმეტეს აუცილებელია, როცა თანამედროვე ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია რა განსაზღვრული ცოდნა, რათა გაუმკლავდეს ამ შინაგან წინააღმდეგობას, კარგავს თავის რეალურ ძალას. ის ვერ დაუშვებს, რომ ბრძოლა დაუფლებისთვის, რომელიც მიმდინარეობს ინდივიდებსა და ერებს შორის, გახდეს მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა; ამასთანავე ის ვერ ირწმუნებს საკითხის გადაწყვეტად ძმობას და თვითგვემას, რომელსაც ქადაგებდა ქრისტიანობა საუკუნეების განმავლობაში, ისე რომ არასოდეს მიუღწევია ძმობისთვის არა თუ ხალხთა შორის, არამედ ურთიერთატანისთვისაც კი ქრისტიანობის სხვადასხვა სწავლებებს შორის.

ამ წინააღმდეგობის გადაწყვეტის მიზნით, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის შევისწავლოთ ის მეთოდები, რომელთაც ადამიანები იყენებდნენ სხვადასხვა ეპოქაში, რათა ცალკეული ინდივიდების საერთო ძალიდან მიეღოთ კეთილდღეობა ყველასათვის ისე, რომ პარალიზება არ მოეხდინათ პიროვნული განვითარების. ასევე უნდა შევისწავლოთ თანამედროვე საზოგადოებაში არსებული ტენდენცია ამ მიმართულებით, აგრეთვე მისი პოტენციალი, რათა მივაღწიოთ სასურველ სინთეზს. არც ერთი ძირეული საზოგადოებრივი მოძრაობა არ განხორციელდებოდა ენთუზიაზმის გაღვიძების გარეშე, რომელიც აუცილებელია გონებრივი უძრაობის გადასალახად. ეს არის ახალი ეთიკის ამოცანა, რომ შთააგონოს ადამიანს იდეალები, რომელთაც ძალუძს ადამიანში გააღვივოს ენთუზიაზმი და ამით მისცეს ხალხს ძალა ცხოვრების იმგვარად მოწყობისათვის, სადაც შესაძლებელი იქნება ინდივიდუალურობის სინქრონიზება ყველასათვის სასარგებლოდ.

რეალისტური იდეალის საჭიროებას ჩვენ მივყავართ იმ მთავარი “არგუმენტის” კრიტიკისკენ, რომელიც წარმოდგენილია ყველა არარელიგიური ეთიკური სისტემის წინააღმდეგ. ამგვარ სისტემებში, გვეუბნებიან ჩვენ, არაა ავტორიტეტი, სეკულარულ თეორიებს არ შეუძლიათ ადამიანში პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობის გაღვიძება.

სრულიად მართალია, რომ ემპირიულ ეთიკას არ გამოუმჟღავნებია მიდრეკილება იმგვარი ვალდებულებებისთვის, როგორსაც ითხოვდა მაგალითად მოსეს ათი მცნება… ჭეშმარიტია, რომ კანტმა, ყოველგვარი ზნეობისთვის “კატეგორიულ იმპერატივად” წარმოადგინა რა წესი: „მოიქეცი ისე, რომ შენი ნების მაქსიმა, ამავე დროს, მუდამ საყოველთაო პრინციპად გამოდგებოდეს“, დაამტკიცა, რომ ეს წესი არ საჭიროებს რაიმე ზებუნებრივ მხარდაჭერას, რომ ყველასათვის მისაღები იქნას. ეს წარმოადგენს, ამბობდა კანტი, აზროვნების აუცილებელ ფორმას – ჩვენი გონების “კატეგორიას” და ეს დასკვნა არაა გამოტანილი რაიმე უტილიტარული წარმოსახვიდან.

თუმცა, თანამედროვე კრიტიკამ, დაწყებული შოპენჰაუერიდან აჩვენა, რომ კანტი ცდებოდა. მას არ დაუმტკიცებია, რატომაა ადამიანი ვალდებული დაემორჩილოს მის “იმპერატივს”. უცნაურია, რატომაც შეიძლება იმპერატივს ქონდეს პრეტენზია საყოველთაო აღიარებაზე, გამომდინარეობს თავად კანტის მსჯელობიდან, რადგან ის დაფუძნებულია საყოველთაო სარგებლიანობაზე, არადა კანტის საუკეთესო ფურცლები ეძღვნება სწორედ იმის დამტკიცებას, რომ არავითარ შემთხვევაში საყოველთაო სარგებლიანობაზე წარმოდგენა არ შეიძლება ჩაითვალოს მორალის საფუძველად. მან ხოტბა შეასხა მოვალეობის განცდას, მაგრამ მან ვერ მოუძებნა ამ გრძნობას ახსნა, გარდა შინაგანი სინდისისა და ადამიანის სურვილისა, შეინარჩუნოს ჰარმონია ცნობიერებასა და ქცევებს შორის.

ემპირიული ზნეობა რათქმაუნდა არ მიილტვის რაიმეთი ჩაანაცვლოს რელიგიური ბრძანებულება, გამოხატული სიტყვებით: “მე ვარ ღმერთი შენი”; მაგრამ მტკივნეული განსხვავება, რომელიც არსებობს ქრისტიანული რელიგიის ეთიკურ რეცეპტებსა და რეალურ ცხოვრებას შორის იმ ხალხში, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ ქრისტიანებს, აღემატება მის ღირებულებას. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ემპირიული ეთიკა არც ისე მთლიანადაა მოკლებული ვალდებულებებს. განსხვავება გრძნობასა და ქცევას შორის, ცნობილი ალტრუიზმის სახელით, ოგიუსტ კონტიდან მოყოლებული, ადვილად შეიძლება კლასიფიცირებულ იქნას ორი განსხვავებული თავსათაურით. არსებობს ქმედებები,მიჩნეული როგორც აბსოლუტურად აუცილებელი, ჩვენ ხომ გვსურს ვიცხოვროთ საზოგადოებაში… და არასოდეს იყო საჭიროება მათთვის ალტრუისტული გვეწოდებინა: ისინი ატარებენ ურთიერთსარგებლიანობის ხასიათს და ეს ქმედებები ისევე ხორციელდება ინდივიდების მიერ, როგორც სხვა თვითშენარჩუნების აქტები. მაგრამ ასევე არსებობს სხვა რიგის აქტები, რომლებსაც არ აქვს კავშირი თანასარგებლიანობაზე. ის ვინც გასცემს თავის ძალას, ენერგიასა და ენთუზიამზმს ისე, რომ სანაცვლოდ არ ელის არავითარ ანაზღაურებას; და მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამგვარი ქცევები ანვითარებს ზნეობას, ჩავთვალოთ ეს ვალდებულებად – არ შეიძლება. სხვათა შორის, ორივე სახის ქცევებს მწერლები მუდმივად ურევენ ერთმანეთში, და შედეგად ეთიკის საკითხებში ვაწყდებით უამრავ წინააღმდეგობას.

თუმცა, ამ დაბნეულობიდან თავს დაღწევა ადვილია. უპირველეს ყოვლისა, ცხადია, რომ ეთიკა არ უნდა აგვერიოს კანონმდებლობაში. სწავლება ზნეობაზე არც კი წყვიტავს საკითხს – საჭიროა თუ არა საერთოდ კანონმდებლობა. ზნეობა ამაზე მაღლა დგას. სინამდვილეში, ჩვენ ვიცნობთ უამრავ ეთიკის მასწავლებელს, რომლებიც უარყოფდნენ ნიბისმიერი ტიპის კანონმდებლობის საჭიროებას და მათ მნიშვნელოვანი გავლენა ქონდათ, მაგალითად რეფორმაციის დასაწყისში.არსებითად, ეთიკის ფუნქცია მდგომარეობს არა ადამიანის გაკიცხვაში და “ცოდვებით” მანიპულირებაში, არამედადამიანში ყველაზე პოზიტიური შტრიხების – სიყვარულის, სიმამაცის, ძმობის, ღირსების სტიმულირებაში. ეთიკა ეუბნება ადამიანს, რომ თუ მას სურს ცხოვრება, სადაც ყველა მის მისწრაფებას მოეძებნება რეალიზაცია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოემშვიდობოს იმ აზრს, რომ ცხოვრება შესაძლებელია ისე, რომ არ გაითვალისწინო სხვების სურვილები და მოთხოვნილებები.

მხოლოდ მაშინ, როცა მიღწეულია ჰარმონია ინდივიდუალურსა და სხვებს შორის, შესაძლებელია მივუახლოვდეთ ამგვარ ცხოვრებას, – ამბობს ეთიკა დადასძენს: “შეხედეთ ბუნებას, შეისწავლეთ კაცობრიობის წარსული და დაამტკიცებთ თქვენ, რომ ეს მართალია”. შემდეგ, როცა ადამიანი რიმელიმე მიზეზით ორჭოფობს, ეთიკა შეახსენებს, როგორ ისურვებდა მოქცეოდნენ მასმსგავს სიტუაციაში…

მსგავს სიტუაციაშიც კი ეთიკა არ უნდა აძლევდეს ადამიანს მკაცრ ინსტრუქციას ქცევაზე, იმიტომ რომ ადამიანმა თავად უნდა შეაფასოს სხვადსხვა მოვლენა. ადამიანს, რომელიც არაა ისეთ მდგომარეობში, რომ გადაიტანოს წარუმატებლობა, არ შეიძლება გარისკვა ურჩიოთ, ისევე როგორც უშედეგოა ძალ-ღონით სავსე ახალგაზრდასმოთხოვო ხანდაზმულის სიფრთხილის გამოჩენა. “ყვავილი უნდა ყვავილობდეს, თუნდაც ეს მისთვის სასიკვდილო იყოს”…

და მაინც, ეთიკის მთავარ მიზანს რჩევები არ შეადგენს. მისი მიზანია ხალხის წინაშე დააყენოს უმაღლესი მიზანი – იდეალი, რომელიც ნებისმიერ რჩევაზე უკეთ დაეხმარებოდა ადამიანს საჭირო მიმართულებით ორიენტაციაში. მსგავსად იმისა, რომ განათლების მიზანი არ მდგომარეობს ფაქტების დაზუთხვაში, არამედ დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში, რომ თავად შევძლოთ ჭეშმარიტიდასკვნების გამოტანა, სწორედ ამგვარად, ეთიკის მიზანია – შექმნას საზოგადოებაში ისეთი ატმოსფერო, სადაც განხორციელდებოდა ის ქცევები, რომლებიც შეესაბამება ყველას კეთილდღეობას.

ასეთია ეთიკის მიზანი. მაგრამ რომ მივაღწიოთ ამ მიზანს, საჭიროა ზნეობრივი სწავლება გავანთავისუფლოთ შინაგანი წინააღმდეგობისაგან. მაგალითად ეთიკა, რომელიც ქადაგებს “წყალობას” თანაგრძნობისა და სიბრალულიდან გამომდინარე შეიცავს მომაკვდინებელ შეუსაბამობას.

“უთანასწორობა – ბუნების კანონია,” – გვეუბნებიან რელიგიის მქადაგებლები, და გვასწავლიან ავიღოთ მაგალითები ბუნებისაგან და არა რელიგიისაგან, რომელიცსწორედ ბუნებას აკრიტიკებს. და როცა უთანასწორობა საკმაოდ თვალშისაცემი ხდება, წარმოებული დოვლათი ნაწილდება არათანაბრად და უმრავლესობა სრულ სიღატაკეში ცხოვრობს, მაშინ გაცემა “რისი გაყოფაც შეიძლება”, პრივილიგირებულთა მდგომარეობაზეშეცილების გარეშე, ითვლება წმიდათაწმიდა საქმედ.

ამგვარი მორალი შეიძლება შენარჩუნებულ იქნას გარკვეული ხანი ეკლესიის მხარდაჭერით, მაგრამ როგორც კი ადამიანი კრიტიკულად მიუდგება რელიგიას და ნაცვლად ბრმა ნდობისა და შიშისა იწყებს რაციონალური პასუხების ძიებას, აღმოაჩენს შინაგან წინააღმდეგობას, რომელიც არ შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს. რაც მალე მოვიშორებთ – მით უკეთესი, რადგან შინაგანი წინააღმდეგობა სასიკვდილო განაჩენია ეთიკისთვის და წურბელა, რომელიც ადამიანის ენერგიას შთანთქავს.

მთავარი პირობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ეთიკის თეორია არის, რომ ის არ უნდა ბოჭავდეს პიროვნულ განვითარებას, თუნდაც ისეთი დიადი მიზნების სახელით, როგორიცაა საზოგადოების ან სახეობის კეთილდღეობა. ვილჰელმ ვუნდტიმ, ეთიკური სისტემების თავის შესანიშნავ მიმოხილვაში, შენიშნა, რომ დაწყებული “განმანათლებლობის” პერიოდიდან XVIII საუკუნემდე თითქმის ყველა ეთიკური სისტემა ინდივიდუალისტური გახდა. მაგრამ ეს შენიშვნა სწორია მხოლოდ ერთ ასპექტში – ეკონომიკურში, და აქაც, ადამიანის უფლებები ეკონომიკურ სფეროში შეზღუდული დარჩა. რაც შეეხება პოლიტიკურ უფლებებს, შეიძლება ითქვას, რომეკონომიკური ინდივიდუალიზმის დამკვიდრების პარალელურად, სახელმწიფოს მიერ, როგორც სამხედრო ორგანიზაციის, და მისი განათლების სისტემით ადამიანის დამორჩილება, და დისციპლინა, საჭირო შესაბამისი ინსტიტუციების ფუნქციონირებისათვის, მუდმივადიზრდებოდა. ეხლაც კი, რეფორმისტთა უმრავლესობა თავიანთ წარმოდგენებში მომავალი საზოგადოების წყობაზე, კიდევ მეტად უშვებენ საზოგადოების მიერ ინდივიდის ჩაყლაპვას, ვიდრე დღესაა.

ამ ტენდენციამ, რათქმაუნდა პროტესტი გამოიწვია, გამოხატული გოდვინის მიერ XIX საუკუნის დასაწყისში, გაგრძელებული სპენსერით ამავე საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო ნიცშე მიიყვანა დასკვნამდე, რომ ჯობია საერთოდ მორალი ვუკუაგდოთ, თუ ის ვერ პოულობს უკეთეს საფუძველს, გარდა კაცობრიობის ინტერესებისთვის პიროვნების მსხვერპლად შეწირვისა. ეთიკის ამგვარი კრიტიკა ალბათ, ჩვენი ეპოქის ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა ინტელექტუალებში, ნაცვლად, იმისა რომ შეემუშავებინათ ახალი, უკეთესი სტრუქტურა საზოგადოების მოწყობისა, სადაც ყველას კეთილდღეობა იქნებოდა საფუძველი სრული იდივიდუალური განვითარებისა.

პიროვნების არასრული განვითარება, რომელსაც ბრბოს ფსიქოლოგიისკენ მივყავართ, ჩვენი საზოგადოებისპრობლემის მთავარ ნაწილს შეადგენს. ეკონომიკურმა ინდივიდუალიზმა ვერ შეასრულა თავისი დაპირება: მას არ მოუცია საშუალება ინდივიდუალური განვითარებისათვის… როგორც ადრე, სოციუმის სტრუქტურის მშენებლობაში, შემოქმედებითობა ძალიან მწირია და იმიტაცია რჩება ძირითადი საშუალება სიახლეების გავრცელებაში. თანამედროვე ერები იმეორებენ ბარბაროსებისა და შუასაუკუნეების ქალაქების ისტორიას, როცა ისინი ერთმანეთისგან აკოპირებდნენ პოლიტიკურ, რელიგიურ და ეკონომიკურ მოძრაობებს, როგორც დღეს “თავისუფლების ქარტიებს”. მთელმა ნაციებმა გაითავისეს ამ ბოლო დროსგანსაცვფრებელი სისწრაფით ის, რასაც წარმოადგენს დასავლეთ ევროპის ინდუსტრიული და სამხედრო ცივილიზაცია, რამდენად ზედაპირულია ის, რასაც კულტურას უწოდებენ და სავსე იმიტაციებით.

ამიტომ სრულიად ბუნებრივია კითხვის დასმა: “როგორ მოქმედებს ეხლა ამგვარი ეთიკის გავრცელება, რომელიცადამიანების ასლების არსებობას მოითხოვს? ხომ არ გადააქცია ამან ადამიანი იდეატორულ ავტომატად? არ დადგა დრო, რომ გაიზარდოს უფლება ცოცხალი, ჯან-ღონით სავსე ადამიანისა, რომელსაც შეუძლია ძლიერ უყვარდეს ის, რაც ღირს სიყვარულად, და რომ ძულდეს ის, რაც სიძულვილს იმსახურებს, – ადამიანისა, რომელიც ყოველთვის მზადაა იბრძოლოს იდეალისთვის? ანტიკური დროის ფილოსოფოსებიდან მოყოლებული ყოველთვის იყო ტენდენცია წარმოეჩინათ “სათნოება” როგორც “სიბრძნის”გამოვლინება, და მოუწოდებდნენ ადამიანებს “სულის სილამაზეზე ზრუნვისთვის” ნაცვლად ბრძოლისა ბოროტებისა და უგუნურების წინააღმდეგ. მოგვიანებით, ეს სათნოება გადაიქცა ბოროტებისათვის წინააღმდეგობის გაუწევლობად, და მრავალი საუკუნეების განმავლობაში “სულის გადარჩენა”, პასიური დამოკიდებულება ბოროტების მიმართ და ბედთან შეგუებლობა იყო სწორედ ქრისტიანული ეთიკის არსი. შედეგად კი მთელი ინსტიტუციები ჩამოყალიბდა “კეთილისმყოფელი ინდივიდუალისტებისთვის” და მონასტერული ინდიფერენტულობა ბოროტების მიმართ. საბედნიეროდ, ასეთი ეგოისტური სათნოების წინააღმდეგ უკვე დაწყებულია რეაქცია და ისმება კითხვა: წარმოადგენს თუ არა პასიური დამოკიდებულება ბოროტების მიმართ დანაშაულებრივ ლაჩრობას? არის თუ არა მართალი ზენდ-ავესტა, რომელიც ამბობს, რომ აქტიური ბრძოლა ბოროტი არიმანის წინააღმდეგ – პირველი პირობაა სათნოებისა. ზნეობრივი პროგრესი აუცილებელია, მაგრამ ზნეობრივი სიმამაცის გარეშე შეუძლებელია.

მოკლედ, ასეთია ძირითადი მოთხოვნები, წარმოდგენილი ეთიკისთვის, რომლებიც შეიძლება გააზრებული იყოს დღევანდელი დაბნეულობის ფონზე. ყველა მათგანი ერთ წამყვან იდეაზე გადის, საჭიროა მორალის ახალი კონცეფცია, თავისუფალი ზებუნებრივი და ტრანსცენდენტული აზროვნების გადმონაშთებიდან, ისეთი ფართო, განსხვავებით ვიწრო ბურჟუაზიული უტილიტარიზმისაგან, რომ საკმარისი იყოს მისცეს ახალი სიცოცხლე ჩვენს ცივილიზაციას.

ახალი მორალის ელემენტები უკვე სახეზეა. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრიობისა და ურთიერთდახმარების მნიშვნელობა ცხოველთა სამყაროს ევოლუციასა და კაცობრიობის ისტორიაში, შეიძლება მიღებულ იქნას როგორც მეცნიერული ჭეშმარიტება, ნებისმიერი ჰიპოთეტური ვარაუდისგან თავისუფალი.

შემდგომ, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ დამტკიცებულად, მასე მერე, რაც ურთიერთდახმარება ყალიბდება როგორც ჩვეულება ადამიანთა საზოგადოებაში და შეიძლება ითქვას, ხორციელდება ინსტინქტურად, თავად ამ პრაქტიკას მივყავართ სამართლიანობის გრძნობის განვითარებისაკენ, გარდაუვალი თანმხლები გრძნობით თანასწორობასა და თვითმართველობაზე თანაბარუფლებიანობის საჭიროებამდე. იდეა, რომ თითოეული ადამიანის პერსონალური უფლებები ხელშეუხებელია, მსგავსად ყოველი სხვისა, იზრდება კლასებს შორის განსხვავების გაქრობის პროპორციულად, და მოცემული საზოგადოებრივი დაწესებულებები მუდმივად იცვლება ამ თვალსაზრისით.

გარკვეული ხარისხით საკუთარი პიროვნების იდენტიფიკაცია ინტერესთა ჯგუფთან საჭიროებების გამო, არსებობდა სოციალური ცხოვრების დასაწყისიდანვე და დაკვირვებადია ცხოველებშიც. მაგრამ მას მერე, რაც თანასწორობა და სამართლიანობა, როგორც ურთიერთობამ, ფესვი გაიდგა ადამიანთა საზოგადოებაში, მოამზადა ნიადაგი შემდგომი, უფრო დახვეწილი და უფრო განვითარებული ურთიერთობებისთვის. ამის წყალობით ადამიანს იმდენად შეუძლია დაინახოს საკუთარი ქცევების ანარეკლი საზოგადოებაში, რომ ის გაურბის სხვების დამცირებას, მაშინაც კი, როცა პირადი სიამოვნების მიღებაზეც უწევს უარის თქმა; ის იმდენად განიცდის სხვის გრძნობებს, რომ მზადაა დაიხარჯოს სხვების სასარგებლოდ, ყოველგვარი ანგარების გარეშე. ამ სახის არანარცისულ გრძნობებს და ჩვევებს, რომელთაც ჩვეულებრივ არც ისე ზუსტი სახელით, ალტრუიზმითა და თავგანწირვით მოიხსნიებენ, ჩემი აზრით, სწორედ მორალი შეესბამება, მიუხედავად იმისა, რომ მწერალთა უმეტესი ნაწილი დღემდე ურევს ალტრუიზმს სამართლიანობის უბრალო გრძნობასთან.

ურთიერთდახმარება – სამართლიანობა – მორალი – ასეთია თანმიმდევრობა ნაბიჯებისა აღმასვლისკენ, გამოვლენილი ცხოველთა სამყაროსა და კაცობრიობის ისტორიის შესწავლით. ეს წარმოადგენს ორგანულ აუცილებლობას, რომელიც თავისთავად ახორციელებს თავის დასაბუთებას, რაც დადასტურებადია ცხოველთა ევოლუციით, დაწყებული მისი ადრეული ეტაპებით (მარტივი ორგანიზმების მიერ კოლონიების წარმოქმნით) და ადამიანთა ცივილიზაციით დამთავრებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ბიოლოგიური ევოლუციის უნივერსალური კანონი და სწორედ ამიტომ, ურთიერთდახმარების, სამართლიანობისა და მორალის გრძნობა ღრმადაა ჩანერგილი ადამიანში, თავისი თანშობილი ინსტინქტების სახით; მათგან პირველი, ურთიერთდახმარების ინსტინქტი, ცხადია ყველა დანარჩენზე ძლიერია, ხოლო მესამე, მოგვიანებით განვითარებული პირველი ორის მერე, წარმოადგენს შედარებით არასტაბილურ გრძნობას და ამიტომ ითვლება იმპერატივად – მეტნაკლებად სავალდებულოდ.

საკვების, თავშესაფრისა და ძილის მოთხოვნილების მსგავსად, ეს სამი ინსტინქტი წარმოადგენს თვითშენარჩუნების ინსტინქტებს. რათქმაუნდა, ისინი ზოგჯერ შეიძლება გარკვეულ გარემოებათა გამო შესუსტდეს, და ჩვენ ვიცით ბევრი შემთხვევა, როცა ამ ინსტინქტების დაკნინება, ამა თუ იმ ცხოველთა ჯგუფის ან ადამიანის საზოგადოებაში, იწვევს მათ გადაგვარებას გადარჩენისათვის ბრძოლაში. და თუ ეს ჯგუფი არ დაუბრუნდება გადარჩენისთვის საჭირო უნარებს, ე.ი. ურთიერთდახმარებას, სამართლიანობასა და მორალს – მაშინ ჯგუფი, ან სახეობა გადაშენდება. ვინაიდან არ იქნა შესრულებული ევოლუციის აუცილებელი პირობა პროგრესული განვითარებისაკენ – ის განწირულია დაცემისა და გაქრობისათვის.

ასეთია მყარი საფუძველი, რომელსაც გვაძლევს მეცნიერება, რომ შევიმუშავოთ ახალი ეთიკის სისტემა. “მეცნიერების გაბანკროტების” გამოცხადების ნაცვლად რაც უნდა გავაკეთოთ ახლა არის ის, რომ განვიხილოთ როგორ შეიძლება მეცნიერული ეთიკა აგებული იყოს იმ მასალისგან, რომელსაც გვაძლევს თანამედროვე კვლევები, სტიმულირებული ევოლუციის იდეით.