პეტრე კროპოტკინი – ორგანიზებული შურისძიება სახელად ‘მართლმსაჯულება’

წინასიტყვაობა მეორე ქართული გამოცემისათვის
შეიძლება ითქვას რომ პეტრე კროპოტკინი მოდერნული დასავლეთის ერთ-ერთი პირველი ინტერნაციონალური სელებრითი იყო [1]. ინგლისში ის ცნობილი იყო როგორც ბრწყინვალე მეცნიერი, განთქმული თავისი ნაშრომით ცხოველებისა და ადამიანების კოოპერაციაზე, კონტინენტალური ევროპა უფრო ფოკუსირებული იყო მის როლზე ანარქიზმში. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ორივე მიმართულებით აფასებდნენ. მისი გზა ამ სახელისაკენ ლაბირინთულია, რომელიც მან დაიწყო სულიად ახალგაზრდამ, რუსეთის მეფის, ალექსანდრე II ელიტურ გვარდიაში მსახურებიდან, გააგრძელა 50 000 კილომეტრი ციმბირში მეცნიერულ ექსპედიციაში, ამბოხებისთვის 1872 წელს გამოკეტეს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში, სადაც დაასრულა თავისი მეცნიერული ანგარიში გამყინვარების თეორიაზე, 4 წლის მერე კი მეგობრების დახმარებით მოახერხა ციხიდან გაქცევა, მიაშურა შვეიცარიას და განაგრძო მეცნიერული და რევოლუციური საქმიანობა, მაგრამ ამ უკანასკნელის გამო 1882 წელს კვლავ ციხეში აღმოჩნდა, ამჯერად საფრანგეთში და იქ ასევე 4 წელი გაატარა. ამ გამოცდილებამ კროპოტკინს დამატებითი საშუალება და სტიმული მისცა, გამოეკვლია და კონტრიბუცია შეეტანა სამართლის დარგშიც, სხვა მრავალ სფეროსთან ერთად, როგორიც იყო ეთიკა, ევოლუციის თეორია, გეოლოგია, ეკონომიკა და ა.შ.

სწორედ კროპოტკინის ესედან, “ციხე და მორალური გავლენა პატიმრებზე” (1886) იღებს სათავეს ცნობილი ანარქისტული პოზიცია ციხეზე, როგორც კრიმინალის სკოლაზე, რომელსაც უფრო მეტი ცუდი მოაქვს საზოგადოებისათვის ვიდრე კარგი. აღნიშნული ესე თარგმნილია ქართულად.

წინამდებარე პამფლეტი, პირველად 1906 წელს ითარგმნა ქართულად, სათაურით “მართლმსაჯულება”. ბროშურა ინახება თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში, ხოლო ელექტრონული ვერსია ანარქისტული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე (www.a-library.org) ეხლა კი თქვენს წინაშეა განახლებული და შენიშვნებდართული თარგმანი.

ანარქისტული ბიბლიოთეკის კოლექტივი, 2019

ორგანიზებული შურისძიება სახელად ‘მართლმსაჯულება’

1837 წელს ადოლფ ბლანკმა [2], დაწერა წიგნი “პოლიტიკური ეკონომიკის ისტორია”, რომელშიც მან აჩვენა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა გააჩნდა ეკონომიკას ადამიანური ისტორიის, მისი პოლიტიკური ფორმების განსაზღვრის პროცესებში და ასევე უფლებების, მორალისა თუ ფილოსოფიის შესახებ იდეების ჩამოყალიბებაზე. სამოცი წლის წინ ლიბერალები და რადიკალები თავიანთი ყურადღების კონცენტრირებას მხოლოდ პოლიტიკაზე ახდენდნენ და სრულად არ ერკვეოდნენ ახალ ინდუსტრიულ პირობებში, რომლებიც ძველი რეჟიმების ნგრევის შემდგომ ჩამოყალიბების პროცესებს გადიოდა. ბლანკის შეხედულებით იმისთვის, რომ ყურადღების მობილიზება გაეკეთებინა ეკონომიკასა და სოციალისტურ მოძრაობაზე, რომელიც იმ პერიოდში იწყებდა ფორმირებას, საკმაოდ ლეგიტიმური იყო მთელი ისტორიის განხილვა ეკონომიკური ჭრილიდან. გარკვეული მიკერძოებულობის თავიდან აცილება არ იყო აუცილებელი, არამედ შესაძლოა სასურველიც ყოფილიყო. სხვა ფაქტორები, რომლებიც დაკვირვებას მოითხოვდნენ, უკვე მეტნაკლებად ცნობილი იყო და მას არ სჭირდებოდა მათზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება, შესაბამისად მისი არგუმენტაციის მთელი სიმყარე დამოკიდებული იყო იმ პერიოდამდე უცნობ ფაქტორზე.

მის შრომებს გულმოდგინედ მიყვებოდნენ გერმანული სოციალ-დემოკრატიული სკოლის წევრები, თუმცა ისინი ივიწყებდნენ სოციუმის განვითარებისას არსებულ ყველა სხვა ასპექტებს. ჩვენის მხრივ ჩვენ, ანარქისტები, დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ამ სხვა ფაქტორს, კერძოდ კი სახელმწიფოს და ჩვენზეა დამოკიდებული რომ ნათლად ჩამოვაყალიბოთ მისი როლი სოციუმზე.

მიუხედავად ამისა, მაშინ, როდესაც ყურადღებას ვაქცევთ სახელმწიფოს იერარქიულ, ცენტრალიზებულ, იაკობინურ და ანტი-ლიბერტარიანულ პრინციპებს, ხშირად შესაძლოა ჯეროვანი ყურადღება არ დავუთმოთ იმის კრიტიკას, რაც ‘მართლმსაჯულებად’ იწოდება. ეს რეპორტი დაწერილი იქნა სპეციალური სურვილით, რომ ყურადღება მივაქციოთ ამ ინსტიტუციის წარმომავლობას და დავიწყოთ დისკუსია, რომელიც ნათელს მოჰფენს მოცემულ საკითხს.

***

სოციუმის განვითარების დაკვირვებით შესწავლა გვაიძულებს ვირწმუნოთ, რომ სახელმწიფო და მართლმსაჯულება წარმოადგენენ ორ ინსტიტუციას, რომლებიც არა მარტო თანაარსებობენ სოციუმებში, გამომდინარე ისტორიის მდინარებიდან, არამედ ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით. ვინც აღიარებს აუცილებლობას, ერთმანეთისაგან განასხვავოს სოციუმის რჩეული წევრი, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენს სასჯელის გადანაწილება და წევრი, რომელმაც დაარღვია კანონი, ასევე ესაჭიროებათ სპეციალური ორგანო, რომელიც დაადგენს კანონებს, მოახდენს მათ კოდიფიცირებას, შეიმუშავებს დამსჯელობით სტანდარტებს –მათ ესაჭიროებათ სპეციალური სკოლა, რომელიც ასწავლის კანონების წარმოებასა და ინტერპრეტაციას, ესაჭიროებათ ციხეები და ციხის ზედამხედველები, პოლიცია, ჯალათი და არმია – ესაჭიროებათ სახელმწიფო.

პრიმიტიული ტომები, ყოველთვის კომუნისტურები, არ ცნობდნენ არანაირ მოსამართლეს. თავად ტომის წევრებს შორის არ არსებობს მოპარვა, მკვლელობა [3]. წესჩვეულებები საკმარისი იყო მათი თავიდან ასაცილებლად. მაგრამ იმ ძალიან იშვიათ შემთხვევებში, როდესაც წევრი უგულველყოფდა ტომის წმინდა კანონებს, მის ჩაქოლვასა ან დაწვაში მონაწილეობდა ტომის ყველა წევრი. ტომის თითოეული წევრი ისროდა თავის ქვას, ან მიიტანდა თავის წილ შეშას, რამდენადაც ეს უნდა ყოფილიყო არა რომელიმე ადამიანის მიერ გამოტანილი სიკვდილის განაჩენი, არამედ მთლიანად ტომის მიერ გადაწყვეტილი.

როდესაც ტომის ერთ-ერთ წევრს ზიანს მიაყენებდა სხვა ტომის წევრი, დაზარალებულის სრული ტომი პასუხისმგებელი იყო მიეყენებინათ იგივე ტიპის ზიანი თავდამსხმელის ტომის წევრისათვის. ხოლო თავდამსხმელის მთელი ტომი პასუხისმგებელი იყო ზიანზე, რამდენადაც შესაძლებლობის გაჩენისთანავე ამ ტომის ნებისმიერი წევრი შესაძლოა აერჩია დაზიანებული ტომის ნებისმიერ წევრს სამაგიეროს მისაზღველად – გამომდინარე წესიდან: სიცოცხლე სიცოცხლის წილ ან კბილი კბილის წილ და ა.შ. ნებისმიერი ჭრილობა, რომელსაც დაზიანებული ტომის წევრი თავდამსხმელი ტომის წევრს მიაყენებდა, უნდა ყოფილიყო ზუსტად ისეთი, როგორიც დაზიანებულმა მიიღო. ამ ჭრილობების ზომა იმ პერიოდში სიმინდის მარცვლებით იზომებოდა.

ეს წარმოადგენდა სამართლიანობის უძველეს კონცეფციას.

მოგვიანებით, ჩვენის ეპოქის საწყის საუკუნეებში, როდესაც ცხოვრებამ გადაინაცვლა სასოფლო ტიპის დასახლებებში, ეს კონცეფცია შეიცვალა. შურისძიების იდეა ნელ-ნელა უკან მოტოვებული იქნა, განსაკუთრებით კი აგროკულტურულ პოპულაციებში, თუმცა ის კვლავაც არსებობდა მებრძოლთა შორის, და ნელ-ნელა მისი ჩანაცვლება მოხდა კომპენსაციის პრინციპებით. ეს იყო კომპენსაცია დაზარალებული ადამიანის, მისი ოჯახის ან მისი ტომის მიმართ. როგორც კი ჩნდება პატრიარქალური ოჯახები, რომლებიც ფლობენ საქონელს ან სხვა ტომებისაგან მოპარულ მონებს, კომპენსაცია მიყენებული ზიანის შეფასების ხასიათს იღებს და მისი ღირებულება განსხვავებულია სხვადასხვა ტიპის ზიანის მიყენების შემთხვევაში: გარკვეული რაოდენობაა განსაზღვრული მონის მოკვლის შემთვევაში, გარკვეული რაოდენობა გლეხის დაჭრის და გარკვეული რაოდენობა ხელმძღვანელის დაზიანების შემთხვევაში. ამ ღირებულებების შეფასებების ფორმები აყალიბებს პირველ ბარბაროსულ კოდექსს. რაოდენობების დასადგენად, რომლის დაკმაყოფილებაც სასოფლო სოციუმს ევალებოდა, საჭირო იყო მოცემული საკითხის გარშემო მოსაკვლევად ორივე მხარისაგან ან მათი ოჯახებისაგან თანასწორი რაოდენობის მსაჯულების არჩევა (6 ან 12 მსაჯული). სოფლის უხუცესი წევრები ან პოეტები, რომელთაც მიბარებული ჰქონდათ ტრადიციებისადმი მეხსიერების შემონახვა, ასევე მიწვეულნი იყვნენ. შესაძლოა ასევე მიწვეული ყოფილიყო გარეშე მსაჯები, რომლებიც ადგენდნენ კომპენსაციას (ქურდობისთვის გადასახდელ ანაზღაურებას) და ჯარიმების რაოდენობას სოციუმის ან ღმერთებისადმი.

მაგრამ ეტაპობრივად, სხვადასხვა ტომებს შორის მიგრაციის შედეგად, ბევრი თავისუფალი სოციუმები დამონებული იქნა და შესაძლოა ერთსა და იმავე ტერიტორიაზე დამპყრობლებსა და დაპყრობილებს ერთად ეცხოვრათ. ასევე წამოვიდნენ მღვდლები და ეპისკოპოსები, რომელთაც ეშინოდათ გრძნეულების და მსაჯულები, უხუცესები და პოეტები, რომლებიც ღირებულებების დადგენისას გამოიყენებოდნენ, ჩაანაცვლა ეპისკოპოსებისა და ადგილობრივი ბატონების დელეგატებმა. თანდათან ჯარიმები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ხოლო კომპენსაციის გადახდა დაზარალებული მხარისადმი, უფრო და უფრო უკანა საფეხურზე ინაცვლებს. ჯარიმების შედეგად სოციუმისადმი მიკუთვნებული წილი თითქმის უმნიშვნელო ხდება, მთელი გადახდების ჩაჯიბება ხდება ხელმძღვანელების მხრიდან. ძველი აღთქმა ამ დელეგატებს აძლევს აუცილებელ ტრადიციულ მაგალითებს მსგავსი მსჯავრის გამოსატანად. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ დღევანდელი მოსამართლის კონცეფცია იმდენადვე მოდის არჩეული მსაჯულებიდან, როგორც სასოფლო სოციუმი გადაიქცა ფეოდალურ სოციუმად. ამ პერიოდში იბადება დასჯის იდეა და მალე ეს იდეა ყველა სხვა იდეებს გააძევებს სცენიდან, რაც განსაკუთრებით ნათელი ხდება საეკლესიო მოქმედებებიდან, რომელსაც, მსგავსად მისი ებრაული წინამორბედიდან, სურს განახორციელოს მართვა ტერორის ქვეშ. მღვდილსადმი მიყენებული ტრავმა და დაზიანება, უკვე აღარ ითვლება ადამიანისადმი მიყენებულ ტრავმად, არამედ ტრავმად ღვთაებრივი არსებისადმი, რომლის საწინააღმდეგოდაც შეუძლებელია საკმარისი ზომის სასჯელის მიზღვევა, რომ მსგავსი კრიმინალი ჯეროვნად დაისაჯოს. მსგავსი სასჯელების სისასტიკე დროთა განმავლობაში სულ უფრო იზრდება და ნელ-ნელა საერო ძალაუფლებაც იწყებს საეკლესიო ძალაუფლების იმიტაციას.

X-XI საუკუნეებში შუა საუკუნეების ქალაქები ჩნდება, ამ პერიოდებში ხდება რევოლუცია რევოლუციაზე და ქალაქები ახდენენ ეპისკოპოსების, ლორდებისა და ჰერცოგების მიერ დანიშნული მოსამართლეების გაძევებას. პირველი მოქალაქეები ფიცს სდებენ, რომ შეწყვიტონ ყოველგვარი პრაქტიკები, რაც გამომდინარეობს lex talionis-იდან (სამაგიეროს მიზღვის კანონებისაგან) და ახალი პრაქტიკების აღმოცენების შემთხვევაშიც, არასოდეს მიმართონ გარე ძალაუფლებას, არამედ ყველანაირი გარჩევები ერთმანეთშივე მოაგვარონ. გილდია, მრევლი, საქალაქო სოციუმები, სხვადასხვა საფეხურის იურისდიქციებია. ქუჩების, გილდიების, საქალაქო სოციუმისა და მრევლის წევრების მიერ არჩეული საქალაქო მოსამართლეები ადგენდნენ კომპენსაციის ოდენობას, რაც დაზარალებულს უნდა გადასცემოდა. განსაკუთრებით მნიშნელოვან შემთვევებში გილდია, ქუჩები, მრევლი და ქალაქები მოიწვევდნენ საჯარო ყრილობას, რათა გამოეცხადებინათ განაჩენი. ამის შემდგომ თითქმის ყველა საფეხურზე მიმდინარე საარბიტრაჟო პროცესები ძალიან სწრაფ გავრცელებას ჰპოვებს, იქნებოდა ეს არბიტრაჟები ინდივიდუალებს, გილდიებს, მრევლებსა თუ ქალაქებს შორის.

ამ ორგანიზებამ მხოლოდ რამოდენიმე საუკუნეს გასტანა. ქრისტიანობისა და რომაული კანონმდებლობის შესწავლის გამოცოცხლებამ თავისი ადგილი მოიპოვა ადამიანების იდეოლოგიებში. მღვდლები უწყვეტად ყეფდნენ ღვთის რისხვასა და შურისძიებაზე. მათი საყვარელი არგუმენტი, რომელიც უცვლელადაა შემონახული დღემდე, იყო სამუდამო მსჯავრი, რასაც ღმერთი ადამიანს დააკისრებდა, ეკლესიის კანონების წინააღმდეგ სვლისათვის. ასევე მოიხმობდნენ წმინდა წერილის სიტყვებს ბოროტი სულით შეპყრობილებზე. ეკლესია ხედავდა სატანას ყველა დამნაშავეში. ეკლესიამ გამოიგონა უამრავი სახის წამების მეთოდები, რათა მოეხდინათ ადამიანის სხეულიდან დემონის განდევნა, რის შემდგომაც ახდენდნენ ამ ადამიანების დაწვას, რათა დემონი კვლავაც არ ჩასახლებულიყო მათში. დასაწყისიდანვე, ბატონები და მღვდლები ერთად მოქმედებდნენ. ხშირად თავად ეს მღვდლები წარმოადგენდნენ ბატონებს, პაპებს და მეფეებს, შესაბამისად ადამიანი, რომელიც დაარღვევდა სამოქალაქო სოციუმში დადგენილ კანონებს, იღებდა იმგვარსავე სასჯელს, როგორც ის, ვინც დაარღვევდა საეკლესიო კანონებს. კლერიკალური და სამოქალაქო ძალაუფლება ყოველთვის ერთად მოქმედებდნენ, უბრალოდ კლერიკალური ცოტა უფრო მაღლა იდგა. მათი კანონების მიერ შემუშავებული წამების მეთოდები სულ უფრო და უფრო მრისხანე ხდებოდა. ამავე პერიოდში პაპმა, რომელიც თავისთავად წარმოადგენდა უმაღლეს მსაჯულს, გარშემო შემოიკრიბა იურისტები და რომაული და ფეოდალური კანონმდებლობის ექსპერტები. საღმა აზრმა, წესჩვეულებების ცოდნამ და გამოყენებამ, ადამიანური ბუნების შესწავლამ, უკანა საფეხურებზე დაიხია, რამდენადაც მიიჩნეოდა, რომ ისინი ცუდ ვნებებს იწვევენ და წარმოადგენენ სატანის გამოგონებას. ‘პრეცედენტი’ ადის კანონის რანგში და რაც უფრო ძველია მოცემული მსჯავრი, მით უფრო იზრდება მისი მნიშვნელობა და მით უფრო საპატივცემლოდ მიიჩნევა ის. ‘პრეცენდენტების’ მოძიება ხდება იმპერიალური რომისა და ებრაული მოსამართლეების საქმიანობების ისტორიებში.

ეპისკოპოსების, ბატონების, მეფეებისა და პაპის ძალაუფლების აღმასვლასთან ერთად ნელ-ნელა ქრება არბიტრაციის პროცესები. რამდენადაც რელიგიური და სამოქალაქო ძალაუფლებები ერთმანეთს უახლოვდებიან, დავების მეგობრული გადაწყვეტების პროცესები იკრძალება. დაზარალებული მხარისათვის კომპენსაციის გაცემის პრაქტიკაც წარსულში რჩება. ქრისტიანული ღმერთის ან რომაული სახელმწიფოს სახელით გაცემული შურისძიება სამართლის მთავარი საკითხი ხდება. ამავდროულად ადამიანებისადმი მიყენებული სასჯელები იმდენად არაადამიანურია, რომ ამ პერიოდის სასამართლო პროცესების აღწერის კითხვა შეუძლებელი ხდება.

ამ ყველაფრის შედეგად XI-XVI საუკუნეებში სამართლის შესახებ წარმოდგენები ყველა სოციუმში თითქმის სრულად შეიცვალა. სტატიაში “სახელმწიფო და მისი როლი ისტორიაში”, ჩვენ ვეცადეთ აგვეხსნა, თუ როგორ მოახერხა სახელმწიფომ აეღო მმართველობა თავისუფალ ქალაქებზე. ჩვენი ამჟამინდელი მიზნებისთვის საკმარისი იქნება აღვნიშნოთ, რომ იმ პერიოდისათვის, როდესაც ქალაქები სახელმწიფოების მართვის ქვეშ მოექცნენ, მის მოქალაქეებს, იდეალშიც კი, დავიწყებული ჰქონდათ არბიტრაციისა და კომპენსაციის პრინციპები, რომლებიც XI საუკუნის სოციუმებში სამართლის მთავარ აზრს წარმოადგენდა. როდესაც სახელმწიფომ მოახდინა საკუთარი ძალაუფლების ქალაქებზე გავრცელება, ეს ძველი კონცეფციები თითქმის სრულად გამქრალი იყო. ქრისტიანობამ და რომაულმა კანონმდებლობამ ქალაქები უკვე აქცია სახელმწიფოს ნაწილად. შემდეგი ნაბიჯი მარტივი იყო, სახელმწიფოებმა საკუთარი იმპერიები დაამყარეს აწ უკვე დამონებულ ქალაქებზე.

რასაკვირველია საინტერესო იქნებოდა იმის შესწავლა, თუ როგორი ეკონომიკური ცვლილებები ხდებოდა ამ ხანგრძლივ პერიოდში ( 5 საუკუნის განმავლობაში). როგორ მოახერხა გრძელ მანძილებზე ვაჭრობამ, ექსპორტმა, ბანკებისა და კომერციული სესხების შექმნამ, ომებმა, კოლონიზაციებმა და კაპიტალისტურმა წარმოებამ კომუნალური წარმოების, მოხმარებისა და ვაჭრობის ჩანაცვლება – ამ ფაქტორების გავლენის შესწავლა იმ პერიოდში არსებულ იდეალებზე, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა წარმოდგენები სამართლის შესახებ. გარკვეული მსგავსი კვლევები, რომლებიც სწავლობს ქრისტიანობისა და რომაული იდეების გავლენებს, რასაკვირველია არსებობს (თუმცა მსგავსი კვლევები საკმაოდ რთული და ყოველთვის არაორთოდოქსულია), თუმცა არასწორი იქნებოდა ყველაფერი საბოლოოდ ეკონომიკასთან დავაკავშიროთ. ეს ისეთივე შეცდომა იქნებოდა, რომ ბიოლოგმა მცენარის ცხოვრებისა და ზრდის შესწავლა მხოლოდ მის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობით რომ განსაზღვროს და დაივიწყოს ტენიანობის, სინათლისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.

***

ეს მცირე ისტორიული რეზიუმე გვაჩვენებს, თუ როგორ არის სახელმწიფო და სამართალის სახელით ცნობილი შურისძიების ევოლუცია ერთმანეთთან დაკავშირებული, ერთმანეთისაგან გამომდინარე და ერთმანეთის სამსახურში მყოფი, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ისტორიულადვე ერთნი იყვნენ.

რამოდენიმე წამით ჩუმად ჩაფიქრება საკმარისია გავაცნობიეროთ, თუ როგორ არის ეს ორი ინსტიტუცია ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორ გააჩნია ორივე მათგანს საერთო წარმოშობა ერთსა და იმავე იდეიდან: ძალაუფლებიდან, რომელიც სოციუმში უსაფრთხოებას დაეძებს და ანხორციელებს შურისძიებას მათზე, რომლებიც დაარღვევენ დამყარებულ წესებსა თუ კანონებს. თუკი აღიარებთ მოსამართლეების, განსაკუთრებულად არჩეული სოციუმის წევრების არსებობას, რომლებსაც მინდობილი აქვთ კოდიფიცირებული ტრადიციების აღსრულება, სულ ერთია იქნებიან ისინი არჩევნებით მოსულნი თუ კონკრეტული პირების მიერ დანიშნული, უკვე გაქვთ სახელმწიფოს ჩანასახი მის გარშემო, სადაც სხვა ტიპის ძალაუფლებებიც მოგროვდებიან. მეორეს მხრივ თუკი აღიარებთ ცენტრალიზებულ, პირამიდულ სტრუქტურას, სახელად სახელმწიფოს, მისი ერთერთი ფუნქცია იქნება სამართლის წარმოება, საიდანაც გამოჩნდებიან მოსამართლეებიც.

მაგრამ შეგვიძლია თუ არა არ გვყავდეს ადამიანების მიერ არჩეული მოსამართლეები? მოდი ვნახოთ სადამდე მიგვიყვანს ეს. უპირველეს ყოვლისა აღვნიშოთ, რომ იდეა კანონების შესახებ, რომლებიც შემუშავებული იქნა პირდაპირ სოციუმის მიერ, არასოდეს არ ყოფილა სერიოზულად გატარებული. მათი შემუშავება ყოველთვის ხდება გარკვეული განათლების მქონე მამაკაცების მიერ (გმირების, ზეადამიანების მიერ). ამის შემდგომ, გარდა მოსამართლეებისა და კანონმდებლებისა, საჭირო იყო სხვა მამაკაცები, რომლებიც მოახდენდნენ ამ კანონების ახსნას, ძველი კანონების ინტერპრეტირებას, შეისწავლიდნენ მათ კავშირებს წამყვან იდეებთან: სამართალმცოდნეობის უნივერსიტეტები მისი თანამშრომლებით, მასწავლებლებით, სტუდენტებით, რომლებიც მათ მიერ ანდერძით დანატოვარი ტრადიციების სიმძიმის საფუძველზე მოქმედებდნენ, როგორც სოციუმის მუხრუჭები და პედანტურად მიყვებოდნენ კანონების ფუნდამენტალურ აზრებს. თუმცა ეს კიდევ არაფერია შედარებით იმ მექანიზმებთან, რაც მოსამართლეს ესაჭიროება: ერთის მხრივ ჟანდარმი, პოლიცია, მეძავი, ჯაშუში, აგენტი-პროვოკატორი, მეორეს მხრივ მეციხოვნე, ჯალათი და მთელი რიგი უღირსობები, რაც მათ თან სდევთ. საბოლოო ჯამში ასევე საჭიროა ზედამხედველი ორგანო, თანამდებობრივი პირების მთელი ამ არმიის მოქმედებაში მოსაყვანად. ასევე აუცილებელია არ დაგვავიწყდეს ის ფული, რათ მათ შესანახად არის საჭირო. მოკლედ რომ ვთქვათ დღედღეობით სახელმწიფო აპარატში არ არსებობს არც ერთი ფუნქცია, რომლის დათხოვნაც შესაძლებელი იქნებოდა, თუკი გვსურს, რომ მოსამართლემ იმუშავოს – იქნება ის ხალხის მიერ არჩეული თუ არა.

რაც შეეხება კოდექსს, მთელი კოდექსი წარმოადგენს ტრადიციების თავმოყრას, ფორმულებს, რომლებიც ნასესხებია მოძველებული კონცეფციებისაგან და რომლებიც აბსოლუტურად გულისამრევი და შეუთავსებელია დღევანდელ სოციალისტურ იდეებთან. ის წარმოდგენს ჩვენი მონური წარსულის გადმონაშთს, ის მონურია მოქმედებაში, მონურია მეტყველებაში, მონურია აზროვნებაში. არანაირი შედეგი არ მოაქვს იმას, რომ მისი ზოგიერთ მორალური მსჯელობა შესაძლოა შესაბამისობაში იყოს ჩვენს დღევანდელ მორალურ მსჯელობებთან, როგორც კი კარგი ქმედების შეუსრულებლობისათვის ადამიანს სასჯელს დავაკისრებთ, ჩვენ ამისაგან არაფერი შედეგი არ გვექნება. კოდექსები წარმოადგენს სტერეოტიპიზებულ წარსულს, რომელიც ადამიანური განვითარების პროგრესისთის ხელის შესაშლელად არის დადებული.

ყველა საკანონმდებლო სასჯელი ლეგალიზებული შურისძიებაა, სავალდებულო შურისძიება და ჩვენ უნდა დავუსვათ კითხვა ჩვენს თავებს თუ რა სარგებელი შეიძლება გვქონდეს შურისძიებისაგან? ეხმარება კი ის სოციალური ჩვევების შენარჩუნებას? ოდესმე მაინც თუ ახდენს იგი კარგი ჩვევების დამრღევთა თუნდაც უმცირესობის პრევენციას? პასუხია რომ არასოდეს. ამის საპირისპიროდ, საქვეყნოდ გამოვაცხადოთ შურისძიების ვალდებულება, ნიშნავს ხელი შევუწყოთ ანტისოციალური ჩვევების არსებობას. დაფიქრდით იმ ბინძურ პერვერსიებზე, რომლებიც სოციუმშია შეგდებული საპოლიციო ინსტიტუციების მიერ, რაც გაცილებით უფრო საშიშია სოციუმისათვის, ვიდრე კრიმინალების მიერ ჩადენილი ნებისმიერი აქტები. იფიქრეთ მაგისტრატების მიერ გაცემულ ‘კეთილგანზრახულ ტყუილებზე’ , რათა სიმართლე ათქმევინონ კრიმინალს. დაფიქრდით ყველაფერზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება და მიხვდებით, თუ რატომ არ ყოყმანობენ ანარქისტები იმის განცხადებისას, რომ დასჯა კრიმინალზე უარესია. ნებისმიერი, რომლიც შეისწავლის ამ საკითხებს და ჩაყვება მათ ფესვებამდე, აუცილებლად მივა ამავე დასკვნებამდე და შეეცდება მოიძიოს სხვა საშუალებები ბოროტმოქმედთაგან სოციუმის დასაცავად.

ყველა დაინახავს, რომ არბიტრაცია და არბიტრების არჩევა მოდავე მხარეებისაგან სავსებით საკმარისია უმრავლესობა საქმეების შემთხვევაში, რათა მოახდინოს დავების გადაწყვეტა. ყველა დაინახავს, რომ ჩაურევლობის პოლიტიკა, რომელიც ამჟამად საკმაოდ პოპულარულია, რამდენადაც სახელმწიფომ საკუთარ თავზე იტვირთა წესრიგის დაცვა, საკმაოდ ცუდ ჩვევას წარმოდგენს. მეგობრების, მეზობლების და გამვლელების აქტიური ჩარევა კონფლიქტების უზარმაზარი წილის პრევენციიისთვის საკმაოდ ეფექტური იქნებოდა. მოდით ყველას ვალდებულება გავხადოთ ის, რომ დახმარება გაუწიოს სუსტს, ჩაერიოს ადამიანებს შორის ჩხუბებში და პოლიციის საჭიროება ამითი სრულად გაქრება.

სტუდენტები გაოცებულნი არიან იმ ფაქტით, რომ რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში რამოდენიმე პარალელური განვითარება მოხდა: ერთის მხრივ საკანონმდებლო სადამსჯელო ღონისძიებები და შურისძიებები სულ უფრო და უფრო ნაკლებად სისხლიანი ხდებოდა, წამება გაუქმებული იქნა, სიკვდილით დასჯა ლიმიტირებული ზოგიერთ შემთხვევებზე და ბევრმა ქვეყანამ საერთოდ გააუქმა მსგავსი სასჯელი, მეორეს მხრივ კი ანტისოციალური აქტების რაოდენობა მნიშვნელოვანწილად შემცირდა. დღესდღეობით ყოველდღიური ცხოვრება გაცილებით უფრო დაცული და უსაფრთხოა, ვიდრე ჩვენი წინაპრების დროს. ბევრმა რამემ გამოიწვია ამ ქმედებების შერბილება მაგრამ სადამსჯელო მოქმედებების შერბილება, ასევე ერთერთი გამომწვევი მიზეზი იყო. განა არ უნდა გავაგრძელოთ ამგვარი მიმართულებით მოქმედება? ან უნდა დავასკვნათ, რომ სოციალისტური და კომუნისტური სოციუმი ამ საკითხით კაპიტალისტურ სოციუმზე დაბლამდგომი იქნება?

ჩვენ შეგვიძლია ვიარსებოთ სოციუმში მოსამართლეების არსებობის გარეშე ისევე, როგორც შეგვიძლია ვაწარმოოთ მფლობელებისა და დირექტორების გარეშე.

დასკვნები

ეგრეთ წოდებული სამართალი ჩვენი ბატონყმური წარსულის გადმონაშთია, რომელიც ემსახურება პრივილეგირებული კლასების ინტერესებს, იქნება ეს რომაული კანონმდებლობა თუ ღვთიური შურისძიების იდეები.

ისტორიულად სოციუმში ორგანიზებული შურისძების არსებობა, რომელიც სამართლის სახელით იწოდება, წარმოადგენს სახელმწიფოს მომიჯნავე კონცეფციას. ისინი ერთმანეთს გულისხმობენ, ეს ორივე კონცეფცია ერთდროულად დაიბადა, ერთდროულად აყვავდა და ორივე ერთდროულადაა განწირული გასაქრობად.

გამომდინარე ბატონყმური ხანიდან, ის ეხმარება ბატონყმობის შენარჩუნებას თანამედროვე სოციუმში, პოლიციისა და ციხეების საშუალებით ის ღია ჭრილობას და მუდმივი ჩირქის წყაროს წარმოადგენს სოციუმისათვის, რაც გაცილებით უფრო დიდი ბოროტმოქმედებაა, ვიდრე ის ბოროტმოქმედება, რასაც ის თითქოსდა უნდა ებრძოდეს.

ნებისმიერი სოციუმი, რომელიც დაფუძნებული იქნება უკეთეს ეკონომიკურ ბაზაზე, ვიდრე ის, რასაც ჩვენი ამჟამინდელი სოციუმი ეყრდნობა, აუცილებლად მივა დასკვნამდე, რომ არაგონივრულია მსგავსი სადამსჯელო ინსტიტუციის შენახვა.

მის გარეშე არსებობის ერთერთ გზას წარმოადგენს ნებაყოფლობითი არბიტრაციები, გაცილებით უფრო ეფექტური სოლიდარობის აქტები, ძლიერი საგანმანათებლო საშუალებები, რომლებიც სოციუმის განკარგვაში იქნება და რომელიც არ საჭიროებს პოლიციელის ადგილს საჯარო მორალობაზე ზრუნვის საკითხებში.

შენიშვნები:

[1] The Prince of Evolution: Peter Kropotkin’s Adventures in Science and Politics. Book By Lee Alan Dugatkin. 2011

[2] Jérôme-Adolphe Blanqui (1798 – 1854) ფრანგი ეკონომისტი. ცნობილი რევოლუციონერის, ლუი აუგუსტ ბლანკის ძმა, რომლისგანაც ბლანკისტებმა თავიანთი სახელწოდება აიღეს.

[3] მსურველთ შეუძლია იხილონ ამის დამტკიცება ჩემს წიგნში “ურთიერთდახმარება, როგორც ევოლუციის ფაქტორი.” ქართულად თარგმნილია ამ წიგნის მესამე თავი: ურთიერთადხმარება ველურებს შორის.