ჩვენ უკვე აღვნიშნეთ თანამედროვე ანარქიზმის ფუძემდებლების, პიერ-ჟოზეფ პრუდონის (2009) და მიხეილ ბაკუნინის (2014) დაბადებიდან 200 წლისთავი. მიმდინარე წლის (2018) 5 მაისს კი მათზე ახალგაზრდა და ცნობილი კარლ მარქსის დაბადების იუბილე იყო.
ქართულად ფაქტიურად არ არსებობს მარქსისა და მარქსისტების ანარქისტული კრიტიკა. პირველი ანარქისტი, ვინც მარქსი გააკრიტიკა იყო თვითონ პრუდონი, წერილში, რომელიც მიწერა მარქს 1846 წელს, ერთი წლით ადრე მანამ, სანამ მარქსი გამოაქვეყნებდა თავის გესლიან (და უსამართლო) კრიტიკას პრუდონზე, “ფილოსოფიის სიღარიბე”. დაახლოებითი წარმოდგენა რომ შეგექმნათ მარქსის ენაზე, შეგიძლიათ გაეცნოთ ქართულად მარქსის წერილს პრუდონზე, ვინმე ი. ბ. შვაიცერის მისამართით Marx-on-Proudhon (PDF, 10 გვერდი). პრუდონმა უკვე მაშინ იგრძნო მარქსის ინტელექტუალური არატოლერანტულობა სოციალიზმის მისი იდეების საწინააღმდეგო კონცეფციების მიმართ. ეს არატოლერანტულობა მშრომელთა საერთაშორისო ასოციაციაში გამოვლინდა, სადაც მარქსი ყველაფერს აკეთებდა პრუდონის მომხრეების ნეიტრალიზაციისთვის, ისევე, როგორც უფრო აშკარად რევოლუციონერი ფედერალისტებისა და ანტი-ავტორიტარიანელების წინააღმდეგ, რომლებიც ბაკუნინთან ასოცირდებოდნენ – ამას ბაკუნინის და მისი ამხანაგის, ჯეიმს გილიომის ინტერნაციონალიდან გარიცხვა მოჰყვა კიდევაც 1872 წელს. დეტალურად ეს ისტორია შეგიძლიათ იხილოთ კანადელი ისტორიკოსის, რობერტ გრაჰამის ტექსტში “პირველი ინტერნაციონალი და ანარქისტული მოძრაობის დასაწყისი”.
ძვირფასო ბატონო მარქს,
მოხარული ვარ ვიყო ერთ-ერთი მათგანი, ვისაც თქვენთან მიწერ-მოწერა აქვს, რომლის მიზანი და წყობა ჩემთვის ძალზედ სასარგებლოდ გამოიყურება. თუმცა, ვერ შეგპირდებით, რომ შევძლებ გიპასუხოთ ხშირად, ან ვრცლად: ჩემი მრავალი საქმიანობა, რომელსაც ბუნებრივი უმოქმედობა ემატება, არ წყალობს ამგვარ ეპისტოლურ ძალისხმევას. აგრეთვე მომიწევს გარკვეული შეფასებების გაკეთება თქვენი წერილიდან გარკვეულ მონაკვეთებზე.
პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი იდეები მოწყობისა და რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ამ დროისთვის ნაკლებად დალაგებულია, ყოველ შემთხვევაში, პრინციპებთან დაკავშირებით მაინც, მჯერა რომ ჩემი, ისევე როგორც ყველა სოციალისტის, მოვალეობაა, შეინარჩუნოს ჯერ-ჯერობით კრიტიკული და ეჭვისმიერი ხედვა. მოკლედ, მე ღიად ვემხრობი თითქმის აბსოლუტურ ეკონომიკურ ანტი-დოგმატიზმს.
თქვენი ნებართვით, ერთად ვეძიოთ საზოგადოების კანონები, საშუალებები, რომლითაც ეს კანონები განხორციელდება. პროცესი, რომლის მეშვეობითაც წარმატებას უნდა მივაღწიოთ მათ აღმოჩენაში; მაგრამ, ღვთის გულისათვის, მას შემდეგ, რაც დავამხობთ ყველა ა პრიორი დოგმატიზმს, ნუ ვიოცნებებთ ჩვენი მხრივ ხალხის ინდოქტრინაციაზე; არ ჩავვარდეთ თქვენი თანამემამულის, მარტინ ლუთერის წინააღმდეგობრიობაში, რომელიც კათოლიკური თეოლოგიის დამხობისთანავე, ექსკომუნიკაციის და ანათემის საშუალებით, პროტესტანტული თეოლოგიის შექმნას შეუდგა. ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში გერმანია ძირითადად ლუთერის გზააბნეული მცდელობების შედეგების გამოსწორებით იყო დაკავებული; ნუ დავუტოვებთ ადამიანურ ცივილიზაციას მსგავს არეულობას ჩვენი შრომის შედეგად. მე მთელი გულით მივესალმები თქვენს აზრს, რომ ნათელი მოვფინოთ ყველა შეხედულებას; მე მთელი გულით მივესალმები თქვენს აზრს, რომ ყველა შეხედულება სააშკაროზე გამოვიტანოთ; გავაგრძელოთ დადებითი და ლოიალური პოლემიკა; მივცეთ მსოფლიოს შემეცნებული და შორსმხედველი ტოლერანტობის მაგალითი, მაგრამ ნუ გავხდებით ახალი შეუწყნარებლობის მეთაურები მხოლოდ იმიტომ, რომ მოძრაობის ცენტრში ვართ, ეს მხოლოდ ახალი კონფლიქტის მეთაურებად გაგვხდის; ნუ გავხდებით ახალი რელიგიის მოციქულები, თუნდაც ის ლოგიკის, რაციონალობის რელიგია იყოს. შევიკრიბოთ ერთად და შევაგულიანოთ ყველა პროტესტი და გვერდი ავუაროთ განსაკუთრებულობას და მისტიციზმს; ნუ მივიჩნევთ კითხვებს ამოწურულად და როდესაც საბოლოო არგუმენტს გამოვიყენებთ, მზად ვიყოთ თავიდან დასაწყებად, საჭიროების შემთხვევაში ენამახვილობითა და ირონიით. ამ პირობით, მზად ვარ სიამოვნებით შემოვუერთდე თქვენს საზოგადოებას, სხვა შემთხვევაში – არა!
ასევე უნდა გავამახვილო ყურადღება შემდეგ ფრაზაზე თქვენი წერილიდან: „მოქმედების მომენტში“. შესაძლებელია, ისევ ინარჩუნებთ აზრს, რომ დღეს-დღეობით არავითარი რეფორმა არ არის შესაძლებელი გადატრიალების გარეშე, იმის გარეშე, რასაც ადრე რევოლუციას უწოდებდნენ და რაც სინამდვილეში შოკია და მეტი არაფერი. ეს აზრი – რომელიც მესმის, ვიღებ და ინტერესით განვიხილავდი და რომელსაც თვითონ ვიზიარებდი დიდი ხნის განმავლობაში – ჩემმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა სრულიად დამათმობინა. მჯერა, რომ წარმატებისთვის ის არ გვჭიდება; და რომ შესაბამისად არ უნდა წამოვაყენოთ რევოლუციური ქმედებები, როგორც სოციალური გარდაქმნის საშუალება, რადგან ასეთი ყალბი მეთოდები სინამდვილეში უბრალოდ ძალადობისკენ, განურჩევლობისკენ, მოკლედ – ურთიერთწინააღმდეგობისკენ მიმართვა გახდებოდა. პირადად მე პრობლემას ამგვარად ვაყენებ: ამოცანა საზოგადოებისთვის ეკონომიკური საშუალებებით იმ დოვლათის დაბრუნებაა, ეკონომიკური კომბინაციებით, რომელიც მას სხვა ეკონომიკური საშუალებებით წაერთვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლიტიკური ეკონომიკის გამოყენება საკუთრების თეორიის საკუთრების წინააღმდეგ იმგვარად შემობრუნება, რასაც თქვენ, გერმანელი სოციალისტები თემს ეძახით და რასაც მე უბრალოდ – წამიერად, თავისუფლებას და თანასწოროებას ვუწოდებდი. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის გადაჭრა მოკლედ შეიძლება. ამიტომ, მირჩევნია დავწვა საკუთრება ნელი ცეცხლით, ვიდრე მივანიჭო მას ახალი ძალაუფლება მესაკუთრეებისთვის წმინდა ბართლომეს ღამის მოწყობით…
თქვენი ერთგული,
პიერ-ჟოზეფ პრუდონი17 მაისი, 1846