864 წლის 28 სექტემბერს ლონდონში, სადაც შეკრებილი იყვნენ ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის მშრომელთა წარმომადგენლები გადაწყვიტეს შეექმნათ “მშრომელთა საერთაშორისო ამხანაგობა”, ცნობილი როგორც პირველი ინტერნაციონალი. მასში გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, მარქსისტული და ანარქისტული, რომელიც მარქსიზმში ტოტალიტარიზმის ჩანასახს ხედავდა. ბაკუნინის აზრით ახალი საზოგადოება ანარქო-კოლექტივიზმსა და ფედერალიზმის საფუძვლებზე უნდა მოწყობილიყო, რაც უზრუნველყოფდა პიროვნების თავისუფლებასა და კეთილდღეობას.
1869 წლის ბაზელში გამართულ ინტერნაციონალის IV კონგრესზე ბაკუნინს 63% მიემხრო, მარქს 31%, ხოლო დანარჩენ 6%-ს მუტუალისტები (პრუდონისტები) წარმოადგენენ. გერმანიის წარმატებებმა 1870-1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე, კვლავ გაუღვივა მათ სახელმწიფოს ძლევამოსილებისა და აუცილებლობის რწმენა, რის შედეგადაც 1872 წელს V კონგრესზე პირველი ინტერნაციონალი გაიხლიჩა წითლებად (მარქსისტები) და შავებად (ანარქისტები). ეს ფაქტი შემდეგი სიტყვებით აღნიშნა ოტო ფონ ბისმარკმა: “გვირგვინოსნები და პრივილიგირებულები უნდა აცახცახდნენ შიშით, თუ კი ოდესმე კვლავ გაერთიანდებიან წითლები და შავები”.
წინამდებარე ტექსტი არის ფრაგმენტი ბაკუნინის მიერ პირველ ინტერნაციონალზე წარდგენილი პრინციპებისა. მასში ავტორის მიერაა კონცენტრირებული ნაშრომში გაჟღერებული ძირითადი დებულებები.
რევოლუციური ინტერნაციონალური საზოგადოების ორგანიზაცია და პრინციპები
II. რევოლუციური კატეხიზმო
A) ღმერთის უარყოფა
B) კაცობრიობის თაყვანისცემამ უნდა ჩაანაცვლოს ღვთაების კულტი. ადამიანის გონება უნდა იქნეს აღიარებული ჭეშარიტების ერთადერთ კრიტერიუმად, ადამიანის სინდისი-სამართლიანობის საფუძვლად, ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლება – წყაროდ და ერთადერთ საფუძვლად წესრიგის ორგანიზებისა კაცობრიობისათვის.
C) ინდივიდის თავისუფლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ყველას თანასწორობის პირობებში. თავისუფლების განხორციელება თანასწორობაში არის სამართლიანობა.
D) ავტორიტეტისა და სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობის პრინციპის უპირობო გამორიცხვა. თავისუფლება უნდა იყოს ერთადერთი საფუძველი სრულიად სოცილური ორგანიზებისა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკურის. წესრიგი საზოგადოებაში უნდა იყოს ყველა, ადგილობრივი, კოლექტიური და ინდივიდუალური თავისუფლებების ერთობლიობა,სოციალური ცხოვრების პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაცია ამიერიდან, როგორც ამას ჰქონდა აქამდე ადგილი, აღარ უნდა ვრცელდებოდეს ზემოდან ქვემოთ და ცენტრიდან პერიფერიებზე, ერთობლიობისა და იძულებითი ცენტრალიზაციის პრინციპების გამო, არამედ ქვემოდან ზემოთ და პერიფერიებიდან ცენტრისაკენ, თავისუფალი ასოციაციბისა და ფედერალიზმის პრინციპების თანახმად.
E) პოლიტიკური ორგანიზება. ყოველგვარი ოფიციალური, სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ ან მის ანაზღაურებაზე მყოფი ეკლესიის გაუქმება. სინდისის აბსოლუტური თავისუფლება და კულტურა შეუზღუდავი უფლებით აუშენონ თავის ღმერთებს ტაძრები და თავისი ხარჯით შეინახონ სასულიერო პირები. რელიგიური ასოციაციების აბსოლუტური თავისუფლება, რომლებიც ამასთანავე არ უნდა ფლობდნენ არანაირ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს და არ უნდა შეეძლოთ დაკავდნენ ბავშვების აღზრდით. მფარველი და ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაუქმება და გაბანკროტება. ყოველი ინდივიდის აბსოლუტური თავისუფლება, მხოლოდ იმათი პოლიტიკური უფლებების აღიარება ვინც ცხოვრობს საკუთარი შრომით, იმ პირობით რომ ისინი პატივს სცემენ სხვის თავისუფლებას. ხმის მიცემის საყოველთაო უფლება, ბეჭდვის, პროპაგანდის, სიტყვის, შეკრების (როგორც კერძო ხასიათის ასევე საჯარო ყრილობის შემთხვევაში) შეუზღუდავი თავისუფლება. კავშირების შექმნის აბსოლუტური თავისუფლება, მაგრამ ამასთანავე, იურიდიული აღიარება მიეცემათ მხოლოდ იმათ ვისი მიზნებიც და შიდა ორგანიზაცია არ მოდის წინააღმდეგობაში საზოგადოების მოწყობის ძირითად პრინციპებთან. თემების აბსოლუტური ავტონომია საკუთარი კანონების გამოცემის უფლებითურთ, თუ ის თანხმობაში მოდის პროვინციაში არსებული წყობის ძირითად პრინციპებთან, ვინაიდან მოცემულ თემს სურს იყოს ფედერაციის წევრი და ისარგებლოს გარანტიებით რომლებსაც იძლევა პროვინცია. პროვინცია უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ თემების ფედერაციას. პროვინციის ავტონომია ნაციასთან მიმართებაში უნდა სარგებლობდეს თვითმმართველობისა და კანონების გამოცემის უფლებით, თუ ისინი თანხმობაში მოდიან ნაციონალური წყობის ძირითად პრინციპებთან, ვინაიდან მოცემულ პროვინციას სურს იყოს ფედერაციის წევრი და ისარგებლოს მის მიერ მოცემული გარანტიებით. ნაცია უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ პროვინციების ფედერაციას, რომლებიც ნებაყოფლობით გამოთქვამენ სურვილს იყონ მისი წევრი. ის ვალდებულია პატივი სცეს ყველა პროვინციის ავტონომიას, მაგრამ ამავდროულად მას აქვს უფლება მოითხოვოს პროვინციბისაგან რომ წყობა და სეპარატული კანონმდებლობა პროვინციისა რომელსაც სურს მიეკუთვნებოდეს ფედერაციას და სარგებლობდეს მისი გარანტიებით, რომელსაც აღუთქვავს ნაცია ძირითად პუნქტებში შესაბამისობაში მოდიოდეს ნაციონალურ წყობასა და კანონმდებლობასთან, რათა საქმეებში რომლებიც ეხება პროვინციების ურთიერთდამოკიდებულებასა და ნაციის საერთო ინტერესებს, ყველა პროვინციამ შეასრულოს დეკრეტები, რომლებსაც მიიღებს ნაციონალური პარლამენტი* და შეატყობინებს ნაციონალური მთავრობა**, და რომ ყოველი პროვინცია დაემორჩილოს ნაციონალური სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმ გამონაკლისით რომ მას აქვს უფლება გაასაჩივროს საჩივარი საერთაშორისო სასამართლოში, როდესაც ასეთი დაარსდება. ამ სამი პუნქტიდან ერთ-ერთზე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პროვინცია კანონსა და ნაციონალურ სოლიდარობის მიღმა რჩება, და მისი მხრიდან ერთ-ერთ ფედერაციულ პროვინციაზე თავდასხმის შემთხვევაში ნაციონალური არმია დაუბრუნებს მას შესაფერის კეთილგონიერებას.
გაუქმება ეგრეთწოდებული ისტორიული უფლების, დამპყრობლისა და ყველა იმ პოლიტიკური უფლების, რომლებიც მიმართულია საზღვრების საზღვრების გაფართოების, დიდების და სახელმწიფოს საგარეო სარბიელზე ძლევამოსილებისაკენ. ნაციის კეთილდღეობა და თავისუფლება-სოლიდარულებია, და ყოველმა უნდა ეძიოს დახმარება თავისუფლებაში. ნაციონალური დამოუკიდებლობა არის, ნაციისაგან განუყოფელი უფლება, როგორც ცალკეული პიროვნების დამოუკიდებლობა არის ამ უკანასკნელის ასეთივე უფლება: ის წმინდაა ამ ფაქტიდან გამომდინარე და არა ისტორიული უფლების საფუძველზე. იმის გამო რომ რომელიმე ქვეყანა გაერთიანებული იყო მეორესთან, რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში, თუნდაც ნებაყოფლობით საფუძველზე, არ ნიშნავს რომ მან მომავალშიც უნდა აიტანოს ეს გაერთიანება, თუ ის მას აღარ სურს: ვინაიდან წარსულ თაობებს არააქვთ არავითარი უფლება მიითვისონ თანამედროვე და მომავალი თაობების თავისუფლება. ამგვარად ყოველა ნაციას, პროვინციას და თემს ქნება უპირობო უფლება მართონ თავისი თავი, შევიდეს კავშირებში, გაწყვიტოს ძველი ან მოქმედი კავშირები და შექმნას ახალი, ისე რომ სხვა მხარეს არ ექნება უფლება ან ინტერესი ხელი შეუშალონ მას ამ მისწრაფებებში. ყოველგვარმა ძალადობრივმა ქმედებამ უნდა ნახოს მთელი ნაციონალური ფედერაციის ერთობლივი წინააღმდეგობა, ვინაიდან ნებისმიერი თავდასხმა ცალკეული ქვეყნის დამოუკიდებლობაზე არის, შეურაცხყოფა, მუქარა, მთელი ნაციის თავისულებისადმი. საბოლოოდ ინტერნაციონალური ფედერაცია და თავისუფალი ერების რევოლუციური სოლიდარობა ჯერ კიდე დამონებული ქვეყნების რეაქციული კოალიციის წინააღმდეგ.
F) სოციალური ორგანიზება. პოლიტიკური თანასწორობა შეუძლებელია ეკონომიკური თანასწორობის გარეშე. ეკონომიკური თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა შეუძლებელია მანამდე სანამ, საზოგადოებაში არ დაწესებულა საწყისი წერტილის სრული თანაბარი პირობები ყოველი ადამიანისათვის, რომელიც შედის ცხოვრებაში. თანასწორობა, რომელიც გულისხმობს, საარსებო სახსრების თანაბარ რაოდენობას, შემდგომში განათლების, ხოლო მოგვიანებით იმ მრავალფეროვანი უნარების ან ძალების გამოყენებისათვის, რომლებიც ბუნებამ ჩადო ყვლა ცალკეულ ინდივიდში. მემკვიდრეობის უფლების გაუქმება. საზოგადოებრივი აღზრდის ფონდი იქნება ერთადერთი, რომელსაც ექნება მემკვიდრეობის უფლება, ვინაიდან მასზე იქნება ბავშვების აღზრდის, ზრუნვის, განათლების მოვალეობა, მათი დაბადებიდან სრუწლოვნებამდე. ვინაიდან მხოლოდ შრომა წარმოქმნის პროდუქციას, ყველამ უნდა იმუშაოს, რათა იცხოვროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეხედავენ როგორც ქურდს. ინტელექტუალური და თავისუფალი შრომა არის ადამიანის ღირსებისა და ყველა პოლიტიკური უფლების საფუძველი, და ინდივიდუალური შრომა დღითიდღე სულ უფრო და უფრო ერთიანდება თანამშრომლობაში. დედამიწის ზედაპირი და სიღრმეები არის საყოველთაო საკუთრება, იქნება იმათ მფლობელობაში ვინც მათ ამუშავებს. ქალისა და კაცის თანასწორობა ყველა პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებში. ლეგალური ოჯახის გაუქმება, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო სამართალსა და საკუთრებას. თავისუფალი ქორწინება. ბავშვები არ ეკუთვნიან არც მშობლებს და არც საზოგადოებას. ბავშვებზე ზრუნვა, მათი აღზრდა და განათლება ევალება საზოგადოებას. სკოლა ჩაანაცვლებს ეკლესიას. მისი ამოცანაა – შექმნას თავისუფალი ადამიანი. ციხეებისა და ჯალათების ინსტიტუტის განადგურება. პატივისცემა მოხუცებულებისა და ავადმყოფებისადმი, რომლებსაც აღარ შეუძლიათ შრომა და მათზე ზრუნვა.
12. რევოლუციური პოლიტიკა. ჩვენი ძირითადი შეხედულება მდგომარეობს იმაში, რომ ვინაიდან ყველა ერის თავისუფლება არის სოლიდარული, ცალკეული რევოლუციები ცალკეულ ქვეყნებში უნდა იყოს სოლიდარული; რომ ამიერიდან ევროპასა და მთელს ცივილიზებულ სამყაროში აღარ არსებობს რევოლუციები, არამედ არსებობს ერთი საყოველთაო რევოლუცია, სწორედ ისევე როგორც არსებობს ერთი საერთაშორისო რეაქცია; საიდანაც გამომდინარეობს, რომ ყველა განსაკუთრებული ინტერესი, ყველას ნაციონალური თავმოყვარეობა, ამბიცია, შუღლი და შური უნდა შეირწყას ერთ, საერთო რევოლუციის უნივერსალურ ინტერესში, რომელიც ყველა ერის სოლიდარობის საშუალებით ერებს უზრუნველყობს თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით; მსოფლიო რეაქციის წმინდა კავშირი: მეფეების შეთქმულება, სასულიერო ორგანიზაციების, თავად-აზნაურობისა და ბურჟუაზიული ფეოდალიზმის, რომელიც ეყრდნობა უზარმაზარ ბიუჯეტებს, მუდმივ ჯარებს, ბიუროკრატიულ განშტოებას, ფლობს ყველა იმ საშინელ საშუალებას, რომელსაც იძლევა თანამედროვე ცენტრალიზაცია თავისი ჩვევით, ასე ვთქვათ, მისი ხერხების რუტინით და უფლებით აკონტროლოს და დააფუძნოს ნებისმიერი თავისი ქმედება კანონზე, რომ ყველაფერი ეს არის საშინელი, მრისხანე, დამღუპველი ფაქტი და იმისათვის რომ ვებრძოლოთ მას, იმისათვის რომ დავუპირისპიროთ მას ასეთივე ძლევამოსილი ფაქტი, იმისათვის რომ დავამარცხოთ და მოვსპოთ ეს საშინელი შეთქმულება, საჭიროა როგორც მინიმუმ ასეთივე რევოლუციური კავშირი და მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ერის შეთანხმებული მოქმედება.
მსოფლიოს ამ რეაქციის წინააღმდეგ ერთი ერის იზოლირებული რევოლუცია ვერ მიაღწევს წარმატებას: ის იქნებოდა სიგიჟე და შესაბამისად შეცდომა, თვით ამ ერისათვის და ღალატი ყველა დანარჩენთან მიმართებაში. ამიერიდან ყველა ერის აჯანყება უნდა მოხდეს არა ამ ერის ინტერესებიდან გამომდინარე არამედ, მთელი მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ რათა ერთმა ერმა შესძლოს მსგავსი სახით აღსდგეს მსოფლიოსათვის, მას უნდა ჰქონდეს მსოფლიო პროგრამა, საკმარისად ფართე, სიღრმისეული და ჭეშმარიტი-ერთი სიტყვით, საკმარისად ზოგადსაკაცობრიობო პროგრამა, რომელიც მოიცავს ყველას ინტერესებს და აღძრავს აღტკინებას ევროპის ხალხის მასებში, ნაციონალობის მიუხედავად- და ასეთი პროგრამა შეიძლება იყოს მხოლოდ დემოკრატიული და სოციალური რევოლუციის პროგრამა.
ა) დემოკრატიული და სოციალური რევოლუციების მიზნის ფორმულირება შეიძლება მოხდეს ორი წინადადებით: პოლიტიკურად- ეს არის ისტორიული, დიპლომატიური, დამპყრობლის უფლების გაუქმება. ეს არის პიროვნებისა და ასოციაციების უფლისა და ადამიანის ავტორიტეტის უღლისაგან სრული განთავისუფლება – იძულებითი გაერთიანებებისა და თემების პროვინციებში თავმოყრის სრული განადგურება, ხოლო პროვინციბისა და დაპყრობილი ქვეყნების სახელმწიფოებში ეს არის დასასრული – სრული ამოძირკვა ცენტრალიზებული, მფარველი, ავტორიტარული სახელმწიფოსი ყველა მისი სამხედრო, ბიუროკრატიული, სამთავრობო, ადმინისტრაციული, სასამართლო და სამოქალაქო დაწესებულებებით. ერთი სიტყვით ეს არის თავისუფლების დაბრუნება ყველასათვს- პიროვნებებისათვის, კოლექტივებისათვის, ასოციაციებისათვის, თემებისათვის, მხარეებისათვის, ერებისათვის და ამ თავისუფლების ურთიერთგარანტია ფედარაციის საშუალებით.
სოციალური თვალსაზრისით ეს არის- ეკონომიკური თანასწორობით პოლიტიკური თანასწორობის გამაგრება. ყველა ადამიანი ცხოვრების ასპარეზზე გადის საერთო საწყისი წერტილიდან, არა ბუნებით მოცემული, არამედ სოციალური თანასწორობა ყველასათვის, ანუ შენახვის სახსრების, აღზრდისა და განათლების თანასწორობა ორივე სქესის ყველა ბავშვისათვის მის მიერ სრულწლოვნების მიღწევამდე.
_____________________________
* ** ბაკუნინი აღნიშნულ სიტყვებს არ იყენებს თანამედროვე გაგებით. იგულისხმება ფედერაციული ჰორიზონტალური წარმოამდგენლობითი კრება.