1. ურსულა კ. ლე გუინი არის ანარქისტი მწერალი, რომელიც ძირითადად ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი რამდენიმე წიგნი გამოცემულია ქართულად მათ შორის ” წყვდიადის მარცხენა ხელი” და The Dispossessed: An Ambiguous Utopia (განპყრობილები: ორაზროვანი უტოპია). ეს უკანასკნელი არის პირველი ანარქისტული უტოპია სამეცნიერო ფანსტასტიკის ჟანრში, დაფუძნებული პეტრე კროპოტკინისა და ანარქო-სინდიკალიზმის იდეებზე. აღნიშნულ ორივე წიგნს მოპოვებული აქვს ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ორივე უმაღლესი ჯილდო – „ჰიუგო“ და „ნებულა“. წინამდებარე ბოლოსიტყვაობა წიგნზე “ზღვამიწეთის ჯადოქარი” ასევე გამოცემულია ქართულად წიგნები ბათუმში მიერ.
2. “ესპანეთის სამოქალაქო ომი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ანარქიის ისტორიაში – როგორც იცით, 1936 წელს ესპანეთის დიდ ნაწილში იფეთქა ანარქისტულმა რევოლუციამ, რასაც სულაც არ ჰქონია სპონტანური აფეთქების სახე – პირიქით, მისი საფუძვლები იქმნებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, სამწუხაროდ, ანარქიზმს დაუპირისპირდა თითქმის ყველა სისტემა – სტალინიზმი, ფაშიზმი, დასავლური ლიბერალიზმი – ისინი გაერთიანდნენ ანარქიის წინააღმდეგ და შეძლეს ანარქისტული რევოლუციის დამარცხება. ეს გაერთიანება, ჩემი აზრით, ანარქიზმის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს.” – ნოამ ჩომსკი
ორუელმა, რომელიც თავად იღებდა შეიარაღებულ მონაწილეობას ამ რევოლუციაში, მთელი სიცხადით აღწერა წიგნში “პატივი კატალონიას” ის დრო, რომელსაც აანალიზებს ჩომსკი. ქართულად აგრეთვე ხელმისაწვდომია “ცხოველების ფერმა” (ალეგორიული ფანტაზია, რომელიც აკრიტიკებს ბოლშევიზმს და სტალინისტურ რეჟიმს) და 1984 ( ორუელის ყველაზე ცნობილი წიგნი სამყაროზე, სადაც მუმდივად თვალთვალია, იმყოფება უწყვეტი ომის რეჟიმში და პოლიციური სახელმწიფოს ტოტალურობა დღევანდელ დღეს ძალიან შეეფერება).
მიხეილ ბულგაკოვი – ძაღლის გული
პროფესორი პრეობრაჟენსკი ატარებს უპრეცენდენტო ექსპერიმენტს – ძაღლს უნერგავს ადამიანის ორგანოებს. საბოლოოდ, პროფესორს ოპერაციის შედეგები სანანებელი გაუხდება. წარმოადგენს ახალი საბჭოთა ადამიანისა და ლენინიზმის პროგრამის კრიტიკას. მიხაილ ბულგაკოვმა “ძაღლის გული” 1925 წელს დაწერა, თუმცა საბჭოთა კავშირში ოფიციალურად 1987 წლამდე არ გამოქვეყნებულა.
ასევე საინტერესოა მისი წიგნი “ოსტატი და მარგარიტა” – სამი ერთმანეთთან გადახლართული ამბავია: 1. სატანა ჩადის მოსკოვში ტრადიციული სავსემთვარობის მეჯლისის გასამართად, 2. ოსტატი ხვდება მარგარიტას და წერს წიგნს იეშუაზე რომლის გამოც გამოკეტავენ საგიჟეთში და 3. აღნიშნულ წიგნში აღწერილი ამბების ხაზი – პილატეს ისტორია.
ჯონ სტაინბეკი – თაგვებსა და ადამიანებზე
‘არასდროს მინახავს, რომ ერთი კაცი მეორეს გამო პრობლემებს იქმნიდეს…. ჩვენთან იშვიათად ეხმარებიან ადამიანები ერთმანეთს, – თქვა მან ჩაფიქრებით, – არ ვიცი, რატომ ხდება ასე. იქნებ ამ დაწყევლილ სამყაროში ყველას ეშინია ერთმანეთის…. მარტოობისგან შეიძლება გაგიჟდეს კაცი. სულ ერთია, ვინ იდგება შენ გვერდით, მთავარია ვიღაც იყოს. გეუბნები, კაცი მარტოობისგან შეიძლება შეიშალოს.’
‘ბიჭები, რანჩოში რომ ცხოვრობენ, მსოფლიოში ყველაზე მარტოსული ბიჭები არიან. არ ჰყავთ ოჯახი. არ აქვთ სახლი. მივლენ რანჩოში, ცოტას გამოიმუშავებენ და გავარდებიან ქალაქში ამ ფულის გასაფლანგად. მერე უცებ მოიხედავ და, ახლა სხვა რანჩოს მიადგებიან. ეგეთები მომავლისგან არაფერს ელიან.’
ეს პატარა წიგნი, რომელიც უამრავ თემას ეხება. წიგნი ამერიკის დიდი დეპრესიის ეპოქაზე, მეგობრობაზე, მარტოობაზე, უკეთესად ცხოვრების დაუსრულებელ ოცნებაზე, მაშინ, როდესაც ამის შანსები მცირეა და ორ მეგობარზე, ან ორ ძმაზე. მათ ოცნებაზე და ყველას ოცნებაზე.
ალბერ კამიუ – ამბოხებული ადამიანი
საფრანგეთის კოლონია ალჟირში დაბადებული, ნობელის პრემიის მფლობელი მწერალისა და ფილოსოფოსის, ალბერ კამიუს 1951 წელს გამოცემული წიგნი – ამბოხებული ადამიანი, სადაც ის ღიად დაუპირისპირდა ავტორტარულ სოციალიზმს და აღიარა ანარქიზმი, შედეგად მას დაუპირისპირდნენ საბჭოთა კავშირის მიმართ სენტიმენტალურად განწყობილი მემარცხენე ინტელექტუალები, მათ შორის ჟან-პოლ სარტრი, თუმცა სიცოხლის მიწურულში სარტრი ანარქიზმისკენ გადაიხარა. წიგნი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად. თავდაპირველად კამიუ განსაზღვრავს ამბოხს, რითაც ის ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს ბუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი ყველაზე დამყოლი არსება იქნებოდა, მაგრამ სწორედ ამბოხის დროს ავლენს ადამიანი საპირისპიროს. ამ თავში იხსნება მისი ყველაზე ცნობილი ფრაზა – “ვჯანყდები, მაშასადამე ვარსებობ”. შემდგომ ის კრიტიკულად მოყვება ქრონოლოგიურად ამბოხის ისტორიას პრომეთეს მითიდან და სპარტაკის აჯანყებიდან დაწყებული, ნიჰილისტებითა და XX საუკუნის რევოლუციონერებით დამთავრებული. ის აკრიტიკებს მარქსისტულ ისტორიციზმს და ეკონომიკურ მონიზმს. ის ეხება მრავალ ფიგურას: მარკიზ დე სადს, მაქს შტირნერს, ფრიდრიხ ნიცშეს, ჰეგელს, ენგელსს, მიხეილ ბაკუნინს, სერგეი ნეჩაევს, სოფია პეროვსკაიას, ვლადიმერ ლენინს, ჟორჟ სორელს და ა.შ. წიგნის ბოლოსკენ ის განიხილავს ესთეტიკას ამბოხის ჭრილში.