მიხეილ ბაკუნინი – რა არის ავტორიტეტი?

რა არის ავტორიტეტი? იმ ბუნების კანონთა შეუვალი ძალა, რომლებიც თავიანთ თავს ფიზიკურ და სოციალურ სამყაროებში ფენომენთა აუცილებელ კავშირში და თანმიმდევრობაში გამოხატავენ? რა თქმა უნდა, ამ კანონთა წინააღმდეგ აჯანყება არა მარტო აკრძალული – არამედ შეუძლებელიცაა. ჩვენ შეიძლება არასწორად ან საერთოდ ვერ ვიგებდეთ მათ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მათ შევეწინააღმდეგოთ; რადგან ისინი ჩვენი არსებობის საფუძველს და ფუნდამენტურ პირობებს წარმოადგენენ; ისინი გვფარავენ, გვეხებიან და ჩვენს ყველა მოძრაობას, ფიქრს და მოქმედებას არეგულირებენ; მაშინაც კი როცა ვცდილობთ მათ არ დავემორჩილოთ – მხოლოდ მათ უძლეველობას ვამტკიცებთ. 
დიახ, ჩვენ სრულებით ვართ ამ კანონთა მონები. თუმცა მსგავსი მონობა დამამცირებელი არ არის, უფრო სწორად, ეს მონობასაც არ წარმოადგენს. ვინაიდან მონობა გულისხმობს გარეგან ბატონს, კანონმდებელს, მისი ქვეშევრდომის გარეთ, როცა ეს კანონები ჩვენგან გამოყოფილნი არ არიან; ისინი ჩვენთვის თანდაყოლილები არიან; ისინი შეადგენენ ჩვენს არსებობას, ჩვენს მთელ არსებობას – ფიზიკურად, ინტელექტუალურად და მორალურად; ჩვენ ვცხოვრობთ, ვსუნთქავთ, ვმოქმედებთ, ვფიქრობთ და ვოცნებობთ მხოლოდ ამ კანონების გავლით. მათ გარეშე ჩვენ არაფერი არ ვართ, მათ გარეშე – ჩვენ არ ვვარსებობთ. მაშინ როგორღა შეგვიძლია მათ წინააღმდეგ ამბოხისთვის ძალის ან სურვილის წარმოქმნა?

ბუნების კანონებთან მიმართებაში ადამიანს მხოლოდ ერთი თავისუფლების მოპოვება შეუძლია – მათი შეცნობის და კოლექტიური და ინდივიდუალური განთავისუფლების საქმეში მათი მუდამ მზარდი შესაბამისობით გამოყენების. ეს კანონები, მათი შეცნობის შემდეგ, ხალხთა მასებში უდაო ავტორიტეტს ფლობენ. მაგალითად, სულელი ან თეოლოგი ან ბოლოსდაბოლოს მეტაფიზიკოსი, იურისტი ან ბურჟუა ეკონომისტი უნდა იყო, რომ აჯანყდე კანონის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ორჯერ ორი – ოთხია. თუმცა ეს ჯანყები, ან უკეთესად – შეუძლებელი ამბოხის სულელური ახირებები თუ მცდელობები, გამონაკლისებს წარმოადგენენ: რადგან, ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასები, მათ ყოველდღიურობაში, თითქმის აბსოლუტურად აღიარებენ საღი აზრის – საზოგადოდ მიღებულ ზოგად კანონთა – მმართველობას.

თუმცა, სამწუხაროა, რომ მეცნიერების მიერ როგორც ასეთად დამტკიცებული რიგი ბუნების კანონები, მასებისთვის უცნობი რჩება, იმ მზრუნველი მთავრობების ყურადღების დამსახურებით, რომლებიც როგორც ვიცით – მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ არსებობენ. სხვა სირთულესაც ვაწყდებით – კერძოდ, მეცნიერებასაც კი სათანადოდ არ ჩამოუყალიბებია და არ უღიარებია საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ კანონთა დიდი ნაწილი, რომელიც ისევე აუცილებელი, უცვლელი და გარდაუვალიი არის, როგორც ყველა ფიზიკური სამყაროს მმართველი კანონი.

როცა მათ მეცნიერება შეიცნობს და, მას შემდეგ, სახალხო განათლების ფართო სისტემა ხალხის ცნობიერებაში გადაიყვანს – თავისუფლების საკითხი ბოლომდე გადაწყდება. ყველაზე ჯიუტმა ხელისუფლებმაც უნდა აღიარონ, რომ ამის შემდეგ არ იარსებებს პოლიტიკური ორგანიზაციის, ხელმძღვანელობის ან კანონმდებლობის საჭიროება. ეს სამი რამ კი – მიუხედავად იმისა თუ საიდან წარმოდგება, მონარქის ნებიდან თუ საყოველთაო ხმისმიცემით არჩეული პარლამენტის გადაწყვეტილებებიდან, და მაშინაც კი, როცა ისინი შესაბამისობაში მოდიან ბუნების კანონთა სისტემასთან – რაც არც არასდროს მომხდარა და არც არასდროს მოხდება – თანაბრად მტრული და ფატალურია მასათა თავისუფლებისთვის, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ისინი ხალხს თავს ახვევენ გარეგან და შესაბამისად – დესპოტური კანონების სიტემას.

ადამიანის თავისუფლება სწორედ ამას ეფუძნება : იმას, რომ იგი ემორჩილება ბუნების კანონებს, რადგან მან ისინი თვითონ შეიცნო და არა იმიტომ, რომ ისინი მას თავზე მოახვია რაიმე გარე ნებამ, ღვთიურმა თუ ადამიანურმა, კოლექტიურმა თუ ინდივიდუალურმა.

წარმოვიდგინოთ სწავლულთა აკადემია, რომელიც ყველაზე სახელოვანი მეცნიერების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული; დავუშვათ ამ აკადემიას დაევალა საზოგადოების ორგანიზება და კანონმდებლობა, და, მხოლოდ ჭეშმარიტების სიყვარულის შთაგონებით, მხოლოდ იმ კანონების გამოცემა, რომლებიც სრულ ჰარმონიაში იმყოფებიან მეცნიერების უკანასკნელ აღმოჩენებთან. მე ვინარჩუნებ მოსაზრებას, რომ მსგავსი კანონმდებლობა და მსგავსი ორგანიზაცია სრული სიმახინჯე იქნებოდა, ორი მიზეზის გამო : პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანური მეცნიერება მუდამ და გარდაუვლად არასრულფასოვანია, და, უკვე აღმოჩენილის – ჯერ კიდევ აღმოსაჩენის შედარებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეცნიერება მუდამ მის აკვანშია. შესაბამისად, ადამიანის პრაქტიკული ცხოვრების, როგორც კოლექტიურის ისე ინდივიდუალურის, მეცნიერების უკანასკნელ მონაცემებთან მკაცრ და ექსკლუზიურ შესაბამისობაში მოსაქცევად, ჩვენ საზოგადოებას და პიროვნებებს პროკრუსტეს სარეცელზე წამება უნდა მივუსაჯოთ, რაც საბოლოოდ მათი მოშლით და დათრგუნვით დასრულდებოდა, რამდენადაც ცხოვრება მუდამ რჩება მეცნიერებაზე უსასრულოდ დიად საგნად.

მეორე მიზეზი კი შემდეგია : საზოგადოება, რომელიც უნდა დაემორჩილოს მეცნიერული აკადემიის კანონმდებლობას, არა ამ კანონმდებლობის რაციონალური ხასიათის გათავისების გამო ( რა შემთხვევაშიც აკადემიის არსებობა გამოუსადეგარი გახდებოდა ), არამედ იმიტომ, რომ აკადემიიდან წარმომდგარი კანონმდებლობა მას თავზე მოახვიეს მეცნიერების სახელით, რომელიც მან შეცნობის გარეშე გააღმერთა – ასეთი საზოგადოება იქნებოდა არა ადამიანების, არამედ ცხოველთა საზოგადოება. ის იმ პარაგვაის მისიათა მეორე ვერსია იქნებოდა, რომელიც იეზუიტების მთავრობას ამდენი ხანია ემორჩილება. ის გარდაუვლად და სწრაფად დაეშვებოდა იდიოტიზმის უმდაბლეს საფეხურზე.

თუმცა მაინც რჩება მესამე მიზეზი, რომელიც მსგავს მმართველობას შეუძლებელს გახდიდა – კერძოდ, მეცნიერული აკადემია რომელიც ფლობს, ასე რომ ვთქვათ – აბსოლუტურ სუვერენიტეტს, საკუთარ თავს მორალური და ინტელექტუალური ლპობით დაასრულებდა – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ყველაზე სასახელო ადამიანებით დავაკომპლექტებდით. დღესდღეისობითაც, მათთვის ბოძებული მცირე პრივილეგიებითაც – ასეთია ყველა აკადემიის ისტორია. უდიდესი სამეცნიერო გენიოსიც, მაშ შემდეგ რაც აკადემიკოსი, ოფიციალურად ლიცენზირებული სწავლული ხდება – გარდაუვლად ეშვება სიზანტეში. ის კარგავს მის სპონტანურობას, მის რევოლუციურ შემართებას, და იმ დაუოკებელ და ველურ ენერგიას, რომელსაც უდიდესი გენიოსები ატარებენ, რომელსაც მუდამ უხმობენ ძველი, ძირმომპალი სამყაროების გასანადგურებლად და ახლის საფუძვლის ჩასაყრელად. ის იღებს ზრდილობას, უტილიტარულ და პრაქტიკულ სიბრძნეს, ფიქრის ძალის სანაცვლოდ. ერთი სიტყვით – ის მახინჯდება.

ყველა პრივილეგიის და პრივილიგირებული პოზიციისთვის დამახასიათებელია ადამიანის გონების და გულის მოკვლა. ეს სოციალური კანონია, რომელიც არანაირ გამონაკლისს არ უშვებს, და ისევე შეესაბამება ნებისმიერ ერს, როგორც კლასებს, კორპორაციებს და პიროვნებებს. ეს თანასწორობის, თავისუფლების და კაცობრიობის უმაღლესი პირობის, კანონია. ამ ტრაქტატის ძირითადი მიზანიც, სოციალური ცხოვრების ყველა გამოვლინებაში ამ სიმართლის გამომჟღავნებაა.

მეცნიერული ორგანო, რომელსაც საზოგადოების მართვას ვანდობთ, მალევე შეწყვეტდა საკუთარი თავის მეცნიერებისთვის დათმობას, ის სულ სხვა საქმეს მიჰყოფდა ხელს; ეს საქმე კი, როგორც ყველა ოფიციალური ძალის შემთხვევაში – საკუთარი თავის უკვდავყოფაა, საზოგადოებისთვის განათლების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვით და შესაბამისად – მისთვის მთავრობის და ხელმძღვანელობის საჭიროების შექმნით.

თუმცა, ის რაც სიმართლეს წარმოადგენს მეცნიერული აკადემიებისთვის – ასევე სიმართლედ რჩება ყველანაირი, მათ შორის საყოველთაო ხმისმიცემით არჩეული, საკანონმდებლო საბჭოსთვის. მართალია, ეს უკანასკნელი საკუთარ შემადგენლობას იცვლის, თუმცა ეს ხელს არ უშლის რამდენიმე წელიწადში იმ არაინსტიტუციურად, თუმცა ფაქტობრივად პრივილიგირებულ პოლიტიკოსთა ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლებიც სახალხო საქმეთა ხელმძღვანელობის ექსკლუზიური უფლების მინიჭებით – საბოლოოდ პოლიტიკური არისტოკრატიის ან ოლიგარქიის გარკვეულ სახეს აყალიბებენ. ამერიკის შეერთებული შტატები და შვეიცარია ამის კარგ მაგალითებს წარმოადგენენ.

შესაბამისად – არა გარე კანონმდებლობას და არა ავტორიტეტს – აქვე აღსანიშნია, რომ ერთი მეორისგან განუყოფელია და ორივე მიდრეკილია საზოგადოების მორჩილებისკენ და თვით კანონმდებელთა დეგრადაციისკენ.

* * *

მაშასადამე, ვუარვყოფ თუ არა ყველა ავტორიტეტს? ჩემგან მსგავსი აზრები შორსაა. ჩექმებთან დაკავშირებით – მე მეწაღის ავტორიტეტს მივმართავ; სახლებთან, არხებთან თუ გზებთან დაკავშირებით – ინჟინერისას ან არქიტექტორისას ვითვალისწინებ. ამა თუ იმ განსაკუთრებული ცოდნისთვის ამა თუ იმ სწავლულს მივმართავ. თუმცა არც მეწაღეს, არც არქიტექტორს და არც სწავლულს არ ვაძლევ უფლებას საკუთარი ავტორიტეტი თავზე მომახვიოს. მე მათ თავისუფლად, მათი ინტელექტის, მათი პიროვნების და მათი ცოდნის მიერ დამსახურებული პატივისცემით ვუსმენ, კრიტიკის და შეფასების სრული უფლების შენარჩუნებით. არც მხოლოდ ერთი ავტორიტეტის რჩევით ვკმაყოფილდები – რამდენიმეს ვადარებ და მათ შორის ყველაზე მყარს ვირჩევ. ამისდა მიუხედავად – არანაირ უტყუარ ავტორიტეტს არ ვაღიარებ, თუნდაც განსაკუთრებულ საკითხებთან დაკავშირებით; აქედან გამომდინარე – მიუხედავად ყველანაირი პატივისცემისა ამა თუ იმ პიროვნების პატიოსნებისა და გულწრფელობის მიმართ – არც ერთი პიროვნების აბსოლუტური რწმენა არ გამაჩნია. მსგავსი რწმენა ფატალური იქნებოდა ჩემი გონებისთვის, ჩემი თავისუფლებისთვის, და ჩემ მიერ წამოწყებული საქმეების წარმატებისთვისაც; ის მალევე გადამაქცევდა უჭკუო მონად, სხვათა ნების და ინტერესების ინსტრუმენტად.

თუ ქედს ვიხრი სპეციალისტების ავტორიტეტის წინაშე და მათი მითითებების, და თუნდაც მათი ბრძანებების იქამდე გაყოლისთვის მზადყოფნას ვაცხადებ, სადამდეც საჭიროდ ჩავთვლი, ეს იმიტომ, რომ მათი ავტორიტეტი ჩემთვის თავზე არავის მოუხვევია – არც კაცს და არც ღმერთს. სხვაგვარად – მე მათ ზიზღით მოვიშორებდი თავიდან, და ვისურვებდი ჯოჯოხეთშიც წასულიყვნენ მათი მითითებები, მათი ბრძანებები, და მათი მომსახურება; დარწმუნებული იმაში, რომ ისინი მსგავსი ტყუილების გროვაში გახვეული სიმართლის ნამცეცებისთვის ჩემი თავისუფლებით და ღირსებით გადამახდევინებდნენ.

მე ქედს ვიხრი განსაკუთრებულ ადამიანთა ავტორიტეტის წინაშე, რადგან იგი თავზე ჩემივე გონიერებამ მომახვია. მე ვაცნობიერებ ჩემს უძლურებას დეტალებამდე ჩავწვდე კაცობრიობის ცოდნის უდიდეს ნაწილს. უდიდესი ინტელექტიც კი ვერ გაუტოლდებოდა სრულ აღქმას. აქედან გამომდინარეობს, როგორც მეცნიერებისთვის – ისე ინდუსტრიისთვის, შრომის დანაწილების და ასოციაციის აუცილებლობა. მე ვიღებ და მე ვაძლევ – ასეთია ადამიანის ცხოვრება. თითოეული მართავს და თითოეულს მართავენ. შესაბამისად, არსებობს არა უცვლელი და სამუდამო ავტორიტეტი, არამედ საერთო, დროებითი და უმთავრესად – ნებაყოფლობითი ავტორიტეტის და სუბორდინაციის უწყვეტი ცვლა.

იგივე მიზეზი მიკრძალავს ვაღიარო უცვლელი, მუდმივი და უნივერსალური ავტორიტეტი, რადგანაც არ არსებობს უნივერსალური ადამიანი, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჩაწვდეს იმ აურაცხელ დეტალს, რომლის გარეშეც მეცნიერების ცხოვრებისთვის შესაბამება შეუძლებელია, ყველა მეცნიერებას და სოციალური ცხოვრების ყველა განშტოებას. და ასეთი უნივერსალურობის ერთ ადამიანში გამოვლინებისასაც, თუკი იგი ეცდებოდა უპირატესობის მოპოვებას და ჩვენზე საკუთარი ავტორიტეტის დაკისრებას – აუცილებელი იქნებოდა მსგავსი ადამიანის საზოგადოებიდან განდევნა, რადგან მისი ავტორიტეტი საბოლოოდ დანარჩენებს მონობამდე და უუნარობამდე შეამცირებდა. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ისე უნდა განდევნოს გენიალური პიროვნებები როგორც აქამდე : მაგრამ სწორად არც მათი მკვეთრად გამორჩევა მიმაჩნია, მით უმეტეს მათთვის პრივილეგიების ან რაიმენაირი ექსკლუზიური უფლებების ბოძება. სამი მიზეზის გამო : პირველ რიგში – ხშირად საზოგადოება შეცდომით თვლის თაღლითს გენიოსად; მეორე მხრივ – მსგავსი პრივილეგიების სისტემა ხშირად ნამდვილ გენიოსს თაღლითად აქცევს, მის დემორალიზებას და დეგრადირებას ახერხებს; და საბოლოოდ – საზოგადოება ამ გზით საკუთარ თავზე მაღლა ახალ ბატონს ქმნის.

საბოლოო ჯამში – ჩვენ ვაღიარებთ მეცნიერების აბსოლუტურ ავტორიტეტს, რადგან მეცნიერებას არანაირი მიზანი არ აქვს, გარდა ფიზიკური და სოციალური სამყაროების – რეალურად ერთადერთი ბუნებრივი სამყაროს შემადგენელი ნაწილების – მატერიალური, ინტელექტუალური და მორალური ცხოვრებისთვის თანდაყოლილი ბუნებრივი კანონების გააზრებული და მაქსიმალურად სისტემური გონებრივი რეპროდუქციისა.

ჩვენ ვცნობთ მეცნიერების აბსოლუტურ ავტორიტეტს, თუმცა ვუარვყოფთ მეცნიერების წარმომადგენელთა უცდომლობას და უნივერსალურობას. ჩვენს ეკლესიაში – თუ რა თქმა უნდა ამ ჩემთვის საძულველი ტერმინის გამოყენების ნებას დამრთავთ ეკლესია და სახელმწიფო ჩემს ორ bête noire (ფრ. “შავი მხეცი” – ჭირივით საძულველი) წარმოადგენენ – ჩვენს ეკლესიაში, როგორც პროტენსტანტულ ეკლესიაში, ჩვენ გვყავს მეთაური, უხილავი ქრისტე – მეცნიერება; და, პროტესტანტების მსგავსად, მათზე უფრო მტკიცედ კიდეც, არ გვსურს უფლებების არც პაპებისთვის, არც საეკლესიო საბჭოსთვის, არც შეუცდომელ კარდინალთა კონკლავებისთვის, არც ეპისკოპოსებისთვის და არც მღვდლებისთვის გადაცემა. ჩვენი ქრისტე პროტესტანტების და სხვა ქრისტიანების ქრისტესგან ამით განსხვავდება – ეს უკანასკნელი პიროვნული არსებაა, ჩვენი კი – უპიროვნო; წარსულში სრულად ხორცშესხმული ქრისტიანული ქრისტე, თავს სრულყოფილ არსებად წარმოგვიდგენს, მაშინ როცა ჩვენი ქრისტეს, მეცნიერების, სრულყოფა მუდამ მომავალშია : რაც ნიშნავს რომ მისი რეალიზება ვერასდროს მოხდება. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ აბსოლუტური მეცნიერების ავტორიტეტის ცნობით, ჩვენ არანაირად არ ვთმობთ ჩვენს თავისუფლებას.

სიტყვებში „აბსოლუტური მეცნიერება“ ვგულისხმობ ჭეშმარიტად უნივერსალურ მეცნიერებას, რომელსაც შეეძლებოდა სრულად, უამრავ უმცირეს დეტალებამდე სამყაროს, მსოფლიოს უწყვეტ განვითარებაში გამოვლენილი ბუნების კანონების სისტემის ან კოორდინაციის იდეალური რეპროდუქცია. ცხადია რომ მსგავსი მეცნიერება, ადამიანური გონების უმაღლესი მიზანი, არასდროს განხორციელდება მისი სრული სახით. შესაბამისად, ჩვენი ქრისტე სამარადისოდ დაუსრულებელი იქნება, რაც ჩვენს შორის მისი ლიცენზირებული წარმომადგენლების ამპარტავნებას მნიშვნელოვნად ამცირებს. იმ ძე ღმერთის წინააღმდეგ, რომლის სახელითაც ისინი საკუთარ თავხედურ და პედანტურ ავტორიტეტს გვახვევენ, ჩვენ ვეყრდნობით მამა-ღმერთს, რომელიც ნამდვილი სამყაროა, ნამდვილი ცხოვრება, რომლისთვისაც მათი ღმერთი მხოლოდ ზედმეტად არასრულფასოვანი გამოხატულებაა და რომლისთვისაც ჩვენ, ნამდვილი არსებები, რომლებიც ვშრომობთ, ვიბრძვით, გვიყვარს, ვესწრაფვით, ვტკბებით და ვიტანჯებით, უშუალო წარმომადგენლები ვართ.

თუმცა, მეცნიერთა აბსოლუტური, უნივერსალური და შეუმცდარი ავტორიტეტის უარყოფასთან ერთად, ჩვენ ნებაყოფლობით ვუხრით თავს განსაკუთრებულ მეცნიერებათა წარმომადგენლების პატივსაცემ, თუმცა პირობით, დროებით და შეზღუდულ ავტორიტეტს, არ ვითხოვთ არაფერს გარდა მათი რიგრიგობით განხილვისა და მადლობელნი ვართ იმ ძვირფასი ინფორმაციის მოწოდებისთვის, იმ პირობით რომ ჩვენც მივაწოდებთ იგივენაირ ინფორმაციას შესაბამის დროს, იმ საკითხებთნ დაკავშირებით, რომლებშიც ჩვენ უფრო განსწავლულები ვართ; და, ზოგადად, ჩვენი ერთადერთი სურვილია დიდი ცოდნით, დიდი გამოცდილებით, დიდი გონებით და რაც მთავარია – დიდი გულით დაჯილდოებულმა ადამიანებმა, არა, მიწიერი თუ ზეციური, რაიმე ოფიციალური ავტორიტეტის მიერ თავს მოხვეული არამედ თავისუფლად მიღებული, ბუნებრივი და ლეგიტიმური გავლენა გაავრცელონ. ჩვენ ვაღიარებთ ყველანაირ ბუნებრივ ავტორიტეტს და ყველანაირ ფაქტობრივ და არა უფლებრივ გავლენას; რადგანაც ოფიციალურად გამაგრებული უფლების ყველანაირი ავტორიტეტი თუ ყველანაირი გავლენა გარდაუვლად იქცევა პირდაპირ ჩაგვრად და სიყალბედ და, როგორც ვაჩვენე, გარდაუვლად გვახვევს თავზე მონობას და აბსურდულობას.

მოკლედ, ჩვენ ვუარვყოფთ ყველანაირ კანონმდებლობას, ყველანაირ ავტორიტეტს, და ყველა პრივილეგირებულ, ლიცენზირებულ, ოფიციალურ და ლეგალურ გავლენას, მათ შორის საყოველთაო არჩევნებიდან წარმომდგარს, რადგან დარწმუნებულები ვართ – მას მხოლოდ დომინანტური, ექსპლუატაციური უმცირესობის სასარგებლოდ შეუძლია მოქმედება – მასიური, დამორჩილებული უმრავლესობის ინტერესების წინააღმდეგ.

სწორედ ამ გაგებით ვართ ანარქისტები.