გიორგი ბერიძე - ერთი საინტერესო კორესპოდენცია ‘’ცნობის ფურცელში’’ გურიის ანარქისტული კომუნიდან

1905 წლის ''ცნობის ფურცელის'' ნომრებს ჩავკირკიტებ, რევოლუციის ამბები, რუსეთ-იაპონიის ომის ქრონიკა და თბილისის არეულობები მაინტერესებდა, როცა გურიის ამბოხებული კომუნიდან (გურიის რესპუბლიკა) მოსულ ამბავს გადავაწყდი, კორესპოდენტი (ამბის მთხრობი) ვინმე გურული ქალი, ლია გახლავთ, რომელიც პირდაპირი დემოკრატიის პრინციპით გამართულ სათემო სასამართლოს აღწერს : იმდენად საინტერესოდ მეჩვენა, აქაც ავკრეფ : 

ფურცელი

გურია (ქურდების გასამართლება)

''არა ერთხელ და ორჯელ დაწერილა გაზეთებში, ქურდებმა აგვიკლეს, ხუნხუზებმა აგვრიესო, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მათი რიცხვი გურიასა და სხვაგანაც მით უფრო მატულობდა, ვისი ბრალია ეს? რა თქმა უნდა უმთავრესი დანაშაული დღევანდელ წყობილობას მიუძღვის, რაკი გარედან შველა აღარ იყო, ხალხმა თვითონ დაიწყო სენის განკურნება, ამ დღეებში, გურიის ერთ სოფელში, დიდი ჭანდრის ძირში დიდძალ ხალხს მოეყარა თავი.
შეკრების აზრი იყო მხოლოდ ის, რომ ქურდები გაესამართლებინათ, კრება დაიწყო, თავმდჯომარე კითხულობს იმ ქურდების სახელსა და გვარს, ვისი საწმეც უნდა გაირჩეს, სულ ხუთია, ჰბრალდებათ გაძარცვა ოზურგეთ-ნატანებს შუა დელეჟნებ - ეტლებისა. კომისიის წევრნი, რომელნიც არჩეულნი იყვნენ ხუთის სხვა და სხვა საზოგადოებისაგან, ლაპარაკობენ რიგ-რიგად და ამტკიცებენ, რომ ბრალდებულნი ნამდვილად დანაშაულნი არიან, ამას ვამტკიცებთ დიდძალ მოწმეების ჩვენებით საზოგადოებიდან, დაკარგული ნივთების მაგათ ხელში აღმოჩენით და აგრეთვე ვამბობთ, რომ ორი მათგანი გამოტყდა და ყველაფერი გვიამბოო.

ამის შემდეგ მოჰყავთ თვით ბრალდებულნი ხალხთან სალაპარაკოდ, კრება გაირღვა და შუა ალაგას გამოიყვანეს ხუთი ახალგაზრდა, ახლად წვერ-ულვაშ აყრილი ბიჭი, ზოგი თავ-ჩაქინდრულია და ხალხს თვალს ვერ უსწორებს, ზოგი კი უტიფრად იცკიპება. თავმჯდომარე წინადადებას აძლევს მათ, გამოტყდნენ დანაშაულში, რადგან ამით სასჯელი შეგიმცირდებათო, ერთი დამნაშავე ამბობს : ''სათქმელი რაღა დამრჩენია : ყაზილარობა ჩავიდინე, შემაცდინეს, მომატყუეს და ახლა თქვენ და თქვენი ღმერთი, რაც გინდათ ის მიყავით, მე მორჩილ ვიქნებიო'' მეორემ სთქვა : მე თვითონ მრცხვენიანო. და იმის მაგიერ კერძო კაცი ლაპარაკობს : პირველად, როცა ეტლზე ვიჯექი, მე თვითონ წამართვეს საათი და ფული, მინდოდა გამეგო, ვინ იყვნენ ეს პირები, რომ ამით ჩემი ნივთებიც ამომეგდო და ეს ქურდებიც ამომეჩინა, მივაგენ მაგათ, მაგრამ გამომჟღავნებისა შემეშინდა, დამნაშავე ვარ, რაც გინდათ ის მიყავითო, მესამეც გამოტყდა, ხოლო ორმა ცივი უარი განაცხადა. ჩვენ მტრობით დაგვწამეს, თორემ მაგფერი საქმის ჩადენა ღმერთმა დაგვიფაროსო, თუმცა ლაპარაკშიაც ეტყობოდათ რომ დამნაშავენი იყვნენ.

ჩვენების ჩამორთმევის შემდეგ დამნაშავენი კვლავ კრებიდან გაიყვანეს თავიანთი სოფლების წარმომადგენლებმა და შორს გააჩერეს, რომ კრების ლაპარაკი არ გაეგონათ, თავმჯდომარე : აი ამხანაგებო, ხომ მოისმინეთ დამნაშავე პირების ჩვენება, ახლა საჭიროა თვით სასჯელზე ვილაპარაკოთ, ჯერ კი გავხსნათ იმ ხუთი კომისიის კონვერტები, რომლებშიაც სწერია მათ მიერ გადაწყვეტილი სასჯელი, მაგრამ სანამ კონვერტი გაიხსნებოდა, ლაპარაკის ნება ითხოვა ერთმა უცხო ორატორმა, ამანა სთქვა : ამხანაგებო, ჩვენ დღემდის გურულების მაგალითს მივყვებოდით, რადგან გურია მოწინავე და მაგალითის მაჩვენებელია სხვებისათვის, ეხლა კი როცა ვყურობთ აქაურობა ქურდებს აუკლიათ,ხოლო თქვენ კი ყურადღებას არ აქცევთ, თქვენზე, გურულებზე გული გაგვიტყდა რომ თქვენი სახელი არ დაკარგოთ, ჩემის აზრით, საჭიროა, მაგათ, რაც შეიძლება მუხრუჭი მოუჭიროთ, რომ შემდეგ სხვებმა ვეღარ გაბედონ ასეთ სისაძაგლის ჩადენაო.

ამის შემდეგ თავმჯდომარემ წაიკითხა ოზურგეთის გადაწყვეტილება : რადგან ქურდებზე ვერავითარმა ზნეობრივმა სასჯელმა ვერ გასჭრა და პირიქით, ისინი ამით კიდეც წათამამდნენ, სამ მათგანს გაუკეთდეს ბორკილი ექვსის თვით, დაკარგული ნივთები გადაიხადოს და მათი სახელები და გვარები ფურცლებში გამოცხადდეს, ხოლო იმ ორს კი, რომელნიც არ გამოტყდნენ, მიესაჯოს სიკვდილით დასჯა. შემოქმედის საზოგადო : რადგან მაგათი გამოსწორება არაფრით არ მოხერხდა და ჩვენ კი მაგათ საქმის გარჩევას ვუნდებით, დაისაჯოს სხვების სამაგალითოდ, ე.ი. სიკვდილით. ახალსოფელი : ორს, რომელნიც წინად გამოტყდნენ, სამუდამო ბოიკოტი, დანარჩენ სამს- სიკვდილი. ლიხაურის საზოგადოებას მონაპარი ნივთები ჩამოარონ სოფელ-ოფელ, თუ კიდევ არ გასწორდნენ, სიკვდილი. მოიდინახე : სამს, რომელნიც არ გამოტყდნენ, სიკვდილი, ხოლო ორს მიეცეს რამე ნიშანი, რომ ისინი ქურდები არიან. ეს ნიშნები ატარონ სანამ გასწორდებია, ექადია : გამოტეხილთ სოფლის მხედველობის ქვეშ ყოფნა, ხოლო დანარჩენთ, ბორკილი 1 წლით, თუ ისევ არ გასწორდებიან, სიკვდილი, ხვარბეთი : სამი გამოცხადდეს ფურცლებში, 2-ს დაედვას ბორკილი ერთი წლით.

აი, ამხანაგებო, სთქვა თავმჯდომარემ, ეს არის კომისიის აზრი, ახლა საჭიროა თვით კრებამ იქონიოს სასჯელის შესახებ მსჯელობა. მართლაც სასჯელის შესახებ ლაპარაკმა დიდხანს გასტანა, ბევრი სიტყვა წარმოითქვა, უმეტესობა იმ აზრის იყო, რომ სიკვდილით ნუ მოვკლავთ, მაგრამ დავსაჯოთ კი სხვების სამაგლითოდაო, ბოლოს როგორც იყო გადაწყდა შემდეგი : ორს, გვარათ ღლონტებს, რომელნიც არ გამოტყდნენ, ერთის წლით ბორკილი, ერთს - ქვეითაიას ექვსი თვით, ხოლო დანარჩენ ორს, მიქაძეს და ხაფავას, სამ-სამი თვით ბორკილი. ფუცლებში გამოცხადება, ამათვე უნდა გადაიხადონ დაკარგული ნივთები. ეს განაჩენი გამოუცხადეს დამნაშავეთ, მაგრამ ერთმა, ღლონტმა , რომელიც თავიდან ამბობდა მტრობით ჩამაგდეს, დამნაშავე არა ვარო, სთქვა : ,,მე სასჯელს არ მოვიხდი, ეხლავე გიცადებთ, თუ გინდათ აქვე მომკალით, მე გავიქცევი და იმ პირთ, ვისაც ჩემს თავს აბარებთ მერე პასუხი არ მოთხოვოთო'' საზოგადოება ამ სიტყვებმა ძალიან გააკვირვა და დაავალა იმ სოფელს, რომელსაც ეს პირი ეკუნოდა, დრომდის ე.ი. ბორკილის შეყრამდის, თვალ-ყური ეგდო, არსად გაგვქცეოდა, თორემ თვითონ იქნებოდა პასუხისმგებელი სხვა მეზობელ საზოგადოების წინაშე, ამის შემდეგ დილას დაწყებული კრება საღამოს ხუთ საათზე დაიშალა.''

წყარო : ‘’ცნობის ფურცელი’’ 1905 წელი, 21 სექტემბერი