კაპიტალიზმის კრიტიკა ბავშვებისთვის და არამარტო…

რა არის კაპიტალიზმი?

კაპიტალიზმი, უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში არსებობს. მას კაპიტალიზმი იმიტომ ჰქვია, რომ კაპიტალზე ბატონობს. ეს ცნება, განსხვავდება ისეთი ცნებებისაგან, როგორიცაა კაპიტალისტებზე ბატონობა ან კაპიტალისტების კლასზე ბატონობა. კაპიტალიზმში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი ეთქმით, ვიდრე სხვა ადამიანებს. მაგრამ, აღარ არსებობენ მეფეები და დედოფლები, რომლებიც საზოგადოების სათავეში სხედან და იქიდან იძლევიან ბრძანებებს.

-მაგრამ, თუკი აღარ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს მართავენ, მაშინ ვინ ან რა უნდა იყოს მმართველი?

-რა, და ნივთები. რა თქმა უნდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ვერ ვიმსჯელებთ, რადგან ცალკე აღებულ ნივთს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ყველა ნივთსაც არ ძალუძს ადამიანზე ბატონობა, არამედ სულ რამოდენიმეს და ისიც, განსაკუთრებულებს. უკეთ რომ ვთქვათ – ნივთის განსაკუთრებულ სახეობას. ეს ნივთები, ციდან არ ცვივა და არც უცხოპლანეტელებს ჩამოაქვთ დედამიწაზე რომ ადამიანები ლაზერული სხივებით დაცხრილონ. უფრო ისეთი ნივთებია, რომლებიც ადამიანებმა თვითონ შექმნეს, საკუთარი ცხოვრების გასაიოლებლად. ნივთები იმისთვის შექმნეს, რომ ადამიანებს ემსახურონ. მაგრამ, დრო და დრო, ადამიანებს ავიწყდებათ რომ თვითონ შექმნეს ნივთები და იქით ემსახურებიან მათ. ეს, ასეთნაირად ხდება: ვთქვათ, ადამიანი მიდის საწერ მაგიდასთან და ფურცელზე წერს: „დალიე, ერთი ჭიქა წყალი!“. ერთი ან ორი საათის შემდეგ, ისევ ბრუნდება მაგიდასთან და პოულობს იგივე ფურცელს. როდესაც წინადადებას განმეორებით კითხულობს, ავიწყდება რომ თვითონ დაწერა და ფიქრობს რომ უნდა გააკეთოს, რაც ფურცელზე წერია. თავიდან, ცოტა არ იყოს სკეპტიკურად არის განწყობილი და მეგობარს ეკითხება:“ მართლა უნდა დავლიო ერთი ჭიქა წყალი? კი მაგრამ, არ მწყურია.“ მეგობარი პასუხობს: „აბა, მე რა ვიცი. დამელოდე ერთ წამს.“ მეგობარი მიდის და კითხულობს ფურცელზე დაწერილ წინადადებას, ბრუნდება და ეუბნება: „კი, აქ ასე წერია. უნდა დალიო.“ თუ, ეს ადამიანი ფურცელს ხშირად ჩაუვლის გვერდით, მუცელი წყლით აევსება, რაც ტკივილს მოჰგვრის. ასე, დაიწყებს ნივთი ადამიანზე ბატონობას, რის შედეგადაც, ის ადრე თუ გვიან დაიტანჯება.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცოტა უცნაურად ჟღერს. რადგან, უცნაურია ადამიანს თავისივე დაწერილი წინადადება დაავიწყდეს. რატომ ვერ უნდა ეცნო საკუთარი ხელწერა? სინამდვილეში ეს ყველაფერი უფრო რთულია, ვიდრე ამ მაგალითშია მოყვანილი. რადგან, ადამიანები მარტოდმარტო არ ცხოვრობენ და მუშაობენ, არამედ – საზოგადოებაში. ანუ, ადამიანი ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად წერს ფურცელზე წინადადებას. და, არამარტო… ნივთების ბატონობა უკეთ აიხსნება სხვა მაგალითის საშუალებით (აქაც გვხდება ჭიქა). მაგალითს ჰქვია – ჭიქის გაცურება. (ასე ვთქვათ, სულებთან კონტაქტის დამყარება და მათთან კომუნიკაცია). ადამიანები სხედან ასოებიანი წრის გარშემო. შუაშია – ჭიქა. სათითაოდ ადებენ ჭიქაზე თითს და რადგან, ყველა თავისებურად კანკალებს, ჭიქა იწყებს მოძრაობას. ვინაიდან, ერთი ადამიანის თითის კანკალით, ჭიქა ვერ ამოძრავდება, ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ჭიქას საკუთარი ხელით ამოძრავებენ, ფიქრობენ, რომ ეს იდუმალი შეტყობინებებით მოვლენილი სულია.
ეს მაგალითი, ნათლად ასახავს ადამიანის ცხოვრების ფუნქციას კაპიტალიზმში. სინამდვილეში, ადამიანები წარმოადგენენ ჭიქის მამოძრავებელ ძალას. აქ, ყველაზე გადამწყვეტი კი – ერთობლიობაა. ჭიქას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ აამოძრავებს. ის, მხოლოდ და მხოლოდ, ურთიერთქმედებით და ერთმანეთთან ურთიერთობის საფუძველზე მოძრაობს. მათი ურთიერთქმედება კი, ისე ვითარდება და ყალიბდება, რომ ადამიანები ამას ვერც კი ხვდებიან. ურთიერთქმედების ფორმა, იდუმალებით არის მოცული და ამავდროულად, მათ ზურგს უკან მყარდება. ადამიანები რომ ერთად დამსხდარიყვნენ და ერთობლივად მოეფიქრებინათ, რისი დაწერაც სურთ; მაშინ დაადგენდნენ, რომ სულ სხვა სახის ტექსტი დაიწერებოდა. და, რაც მთავარია, ყველასთვის ნათელი იქნებოდა, თუ ვინ დაწერა ის. მაგრამ, მოყვანილ მაგალითზე დაყრდნობით, ტექსტი უხილავი ხელით იწერება. უხილავი ხელის ფენომენს ადამიანები ვერ ხსნიან და მისი დაწერის პასუხისმგებლობას სხვა ძალებს აკისრებენ, მაგალითად სულს ან მოჩვენებას.

საბოლოოდ დავინახეთ, რომ ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვება, არც ურთიერთქმედებით, არც რაიმე ურთიერთობით და არც რომელიმე ნივთის ზეგავლენით არ ხდება; არამედ, ურთიერთქმედების ან ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმით – ჭიქის გაცურებით და არა, საერთო ძალებით ერთობლივი ტექსტის დაწერით.

ყველა საზოგადოებაში არ აქვთ ნივთებს მინიჭებული ბატონობის ფუნქცია. ესეთი საზოგადოება, მხოლოდ კაპიტალიზმში თუ მოიძებნება. ურთიერთობის ამგვარი სახე ანუ კაპიტალიზმში მსახურება, ნივთებს ისეთი ფორმით ქმნის, რომ მათ ადამიანების მართვა შეუძლიათ. ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა – რა არის ასეთი განსაკუთრებული კაპიტალისტურ ურთიერთობებში და რით განსხვავდება ის სხვა საზოგადოებისგან?

იმის კარგად გასაანალიზებლად, რომ კაპიტალიზმს არც თუ ისე დიდი ხანია რაც უპირატესობა აქვს მინიჭებული, უკეთესი იქნება თუ კაპიტალიზმის შექმნის ისტორიას გავეცნობით.

როგორ შეიქმნა კაპიტალიზმი?

კაპიტალიზმი უკვე 200-500 წლისაა და პირველად, ინგლისში გაიდგა ფესვები. მაშინდელ ინგლისში ფეოდალიზმი სუფევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობდნენ: მეფეები, დედოფლები, პრინცესები, პრინცები და ბევრი მსახური, უმეტესწილად კი – გლეხები. ისინი ამუშავებდნენ მიწას. და, რადგან არ გააჩნდათ შესაბამისი სამეურნეო დანადგარები და დიდ აღმოჩენებსაც არ აკეთებდნენ, მათ უწევდათ ძალიან ბევრი მუშაობა, მაგრამ მაინც ძალიან ღარიბები იყვნენ. გარდა ამისა ეკლესია, რომელსაც მაშინ დიდი ძალაუფლება გააჩნდა, ითხოვდა ყოველ მეათე პურს, რასაც გლეხები აცხობდნენ. პრინცესებს კი, უფრო მეტი მოთხოვნილებები ჰქონდათ. დროდადრო, ადამიანებს უწევდათ პრინცესების სასახლის კარზე საათობით, დღეობით, კვირეებით შრომა. ერთი მხრივ, ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ რამდენს გამოართმევდნენ პრინცესები, სხვა მხრივ ძალიან არ იზღუდებოდნენ… რადგან პრინცესები მუშაობის გაგებაში არ იყვნენ; ვერ ეტყოდნენ გლეხებს, თუ როგორ უნდა ემუშავათ.
იმავე პერიოდში, ინგლისს დიდი საზღვაო ძალაუფლებაც გააჩნდა. რაც, გადამწყვეტი იყო ვაჭრობაში მონოპოლიის მოპოვებისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველდღიურად, უამრავი სავაჭრო გემი გადიოდა ინგლისის პორტებიდან – აფრიკაში, ევროპაში, აზიაში და ამერიკაშიც, კი. იმ დროის მსოფლიოში, არც ისე ბევრი ვაჭარი არსებობდა, რომლებსაც დიდი გემები და იარაღები გააჩნდათ. ამიტომ, ინგლისელ ვაჭრებს კარგი ბიზნესის აწყობა შეეძლოთ. მაგალითად, ისინი მიდიოდნენ ამერიკაში, ძარცვავდენ იქ მცხოვრებ ადამიანებს, მოჰქონდათ სამკაულები და ყიდდნენ ევროპაში. შემდეგ, მიდიოდნენ აფრიკაში, ძარცვავდნენ იქ მცხოვრებ ადამიანებს და ყიდდნენ ამერიკაში. ასე და ამგვარად, ვაჭრები ძალიან გამდიდრდნენ და სულ მალე ისეთ ფუფუნებას მიაღწიეს, რომ პრინცესებსაც კი არ დაესიზმრებოდათ.

როდესაც, პრინცესებმა შენიშნეს, რა სწრაფად მდიდრდებოდნენ ვაჭრები, როგორი უთვალავი სამკაულისა და დახვეწილი ხანჯლების პატრონები იყვნენ, დაიბოღმნენ. და, შეეშინდათ, რომ ეკონომიკურად გაძლიერებული ვაჭრები, პოლიტიკურ ზეგავლენასაც მოიპოვებდნენ და პრინცესებს შეუტევდნენ. რაც, საბოლოოდ მაინც მოხდა.

ასე და ამგვარად, პრინცესებმა გადაწყვიტეს სასწრაფოდ გამხდარიყვნენ ვაჭრები. მაგრამ, ერთადერთი რაც ეკუთვნოდათ იყო მიწა, რომელზეც გლეხები ცხოვრობდნენ. თუმცა, მიწიდან მოყვანილი კომბოსტოთი დიდი ფული ვერ გაკეთდებოდა. უფრო მეტ კაპიტალს ცხვრის მატყლი მოიტანდა, რომელიც მაშინდელ ევროპაში საკმაოდ ფასობდა. შემდეგ, პრინცესებმა დაუძახეს ქვეშევრდომებს და უბრძანეს, კომბოსტოს მაგივრად ცხვრები გაემრავლებინათ. მაგრამ, ცხვრებით ბევრი ადამიანი ვერ დანაყრდებოდა. გარდა ამისა, მათთვის ყურადღების მისაქცევად და მოსავლელად უფრო ნაკლები გლეხი იქნებოდა საჭირო. ამიტომ, გლეხების ძალიან დიდი ნაწილი მუშაობას გამოეთიშა. ეს ყველაფერი, პრინცესებს არ აწუხებდათ, ვინაიდან მათი მიზნები მხოლოდ ვაჭრების სამკაულებისა და ხანჯლებისკენ იყო მიმართული. ზედმეტი გლეხების თავიდან მოსაშორელად, პრინცესებმა ჯარისკაცები გაგზავნეს, რათა გლეხები გაეყარათ იმ მიწიდან, სადაც უწინ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. ჯარისკაცები ძალიან უხეშები იყვნენ და გლეხებს კარგადაც ურტყეს. რის გამოც, ისინი ძალიან შეღონდნენ. მაგრამ, უფრო მეტად მაშინ შეღონდნენ, როდესაც გაიგეს რომ საკუთარ მიწაზე ვეღარასოდეს დაბრუნდნებოდნენ და ყველაფერი, რაც ამ დროის განმავლობაში ისწავლეს, გამოუსადეგარი გახდებოდა. ისიც კი არ იცოდნენ, როგორ უნდა დაეღწიათ თავი შიმშილისგან. რაკი არ იცოდნენ სად წასულიყვნენ, ამიტომ ჩასახლდნენ დიდ ქალაქებში, სადაც დროთა განმავლობაში, დიდი რაოდენობით გლეხს მოეყარა თავი, რომლებიც ასევე იძულებულები იყვნენ საკუთარი მიწა დაეტოვებინათ. მიწის გარეშე, მიწას ვერ დაამუშავებდნენ და გაყიდვითაც ვერაფერს გაყიდდნენ, ვინაიდან არაფერი გააჩნდათ. ქურდობის უფლებაც არ ჰქონდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია დააჯარიმებდა. ერთადერთი, რაც გააჩნდათ იყვნენ თვითონ. ამგვარად, ისინი ვისაც ციხეში მოხვედრა არ უნდოდათ, წავიდნენ ქარხნებში, რომლებიც იმ დროს აშენდა და დაიწყეს საკუთარი თავის გაყიდვა.

სწორედ, ამ დროიდან მოყოლებული, ადამიანები კაპიტალიზმში ცხოვრობენ. მათ არ ეკუთვნით ქარხნები. ისინი იძულებულები არიან გაყიდონ საკუთარი თავი. სხვა გზა არ აქვთ. თუ ფულს არ იშოვიან, საჭმელს ვერ იყიდიან. ჭამა ყველას უნდა. ამიტომ, ყველამ უნდა იმუშაოს, უნდათ თუ არ უნდათ. უნდა აწარმოონ ნივთები, მაგალითად; იარაღი. სულ ერთია, მოსწონთ თუ არ მოსწონთ. ასე და ამგვარად, ნივთებმა გაიბატონეს ადამიანებზე და ამისთვის, არც პოლიცია გახდა საჭირო და არც, ჯარისკაცი.

კაპიტალიზმში, ყველაზე გადამწყვეტი – მუშაობაა. ყველაფერი სამუშაოს გარშემო ტრიალებს. ვინც არ მუშაობს, ის ვერ ჭამს. გარდა ამისა, ზოგს არც ის ფაქტი ახარებს, რომ მისი წარმოებული საკვებით სხვა ნაყრდება. იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს კაპიტალიზმი, მოგვიწევს ჩავუღრმავდეთ შრომის თემას. იმას, თუ რა არის სამუშაო.

რა არის სამუშაო?

ყოველ დილით, სკოლის დაწყებამდე ადამიანები ქარხნებში ან ოფისებში მიდიან. ზოგი შუადღის მერე მიდის, ზოგიც ღამით. რამოდენიმეს კი, სამუშაო დღის არჩევაც შეუძლია. ზოგი სახლშიც მუშაობს – ნასაუზმებ მაგიდას ალაგებს და ტანსაცმელს აუთოებს. მაგრამ, სულ ერთია რას აკეთებენ, ყველამ უნდა იმუშაოს. როგორც კი, ადამიანები ქარხნის ჭიშკრის ზღურბლს გადააბიჯებენ, ხედავენ ჯიხურში მჯდარ მომსახურე პერსონალს, რომელიც ასეთ კითხვას უსვამს: „ქარხანაში მუშაობა გსურთ თუ ჩვენს ოფისში?“ აქ, რაღა უნდა უპასუხონ ადამიანებმა? იქნებ, საერთოდაც არ უნდათ მუშაობა? იქნებ, გამოძინება და მეგობრებთან ერთად საუზმობა ურჩევნიათ? მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა არ ამბობენ. ვინაიდან იციან, რომ როდესაც მუშაობენ, მხოლოდ მაშინ აქვთ საუზმის უფლება. ამიტომ პასუხობენ: „დიახ, გვსურს“. „ძალიან კარგი“ – ეუბნება მომსახურე პერსონალი მოწიწებული ხმით და აგრძელებს: „ქარხანა საკმარის ფულს მოგცემთ. ამ ფულით თქვენთვის ჭამა, სმა, ცხოვრება და კვირაში ორჯერ კინოთეატრში წასვლაც კი ანაზღაურდება. მაგრამ ამისათვის, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რასაც ქარხანა გეტყვით.“ „ კვირაში ორჯერ კინოთეატრში წასვლა კარგია..“ ფიქრობენ ადამიანები, მაგრამ შემდეგ, ერთი ყოყმანობს: „კი მაგრამ, თითქმის ყველაფრის გაკეთება, რასაც ქარხანა გვეტყვის… 8 საათიანი სამუშაო რეჟიმი, დღის მესამედს შეადგენს… დღეში 8 საათიანი ძილის შემდეგ, ნახევარ დროზე მეტი, კვირაში ორჯერ კინოსთვის უნდა დავთმო? ცოტა არ იყოს, ზედმეტი მეჩვენება.“ მაგრამ ახლა რაღას იტყვიან, უკვე დათანხმდნენ და გარდა ამისა, უკვე ქარხნის ან ოფისის კედლებში არიან მოქცეულები. მოიხურეს თუ არა კარი, ქარხანამ მათთან საუბარი დაიწყო: „გადი, ამ გასასვლელით“ – ამბობს, ქარხანა – შემდეგ, მარჯვენა კარში შედი. ხედავ, სკამს? დაჯექი.“ ქარხანა ცოტა ხნით დაფიქრდა და მერე, გააგრძელა:,,აჰა, დღეს ათას ორას ოცდასამი უთო უნდა დამზადდეს. ამიტომ, ყოველ საათში ასჯერ, ამ ლურსმანს უნდა ურტყა.“ „ რა? ამ უაზრო ლურსმანს უნდა ვურტყა?“-ეკითხება შეცბუნებული ადამიანი. „რატომ? რისთვის? რა კავშირი აქვს ლურსმანს უთოსთან და საერთოდ ამდენი უთო ვის რაში სჭირდება?“ ამასობაში ქარხნის ხმა გაქრა. უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს მოსაგვარებელი და დრო აღარ აქვს, რომ მუშებს პასუხი გასცეს. რომ დარჩენილიყო, მაინც ვერაფერს ეტყოდა პასუხის უქონლობის გამო.

ქარხანა არ ლაპარაკობს ნამდვილი ხმით. ის ხომ ქვით, პლასტმასით და დანადგარებით სავსე ქარხანაა, რომელსაც პირი არ აქვს. მაგრამ, ქარხანა მაინც ლაპარაკობს, თავისებური ხმით.

ამ ფენომენსაც ნათელს მოვფენთ, შემდეგი მაგალითით – სკამზე. თუკი, ადამიანს სკამი საერთოდ არ უნახავს და არ იცი რა არის, არ ეცოდინება რა უნდა გააკეთოს ამ საგნით და სავარაუდოდ, სკამისგან კოცონს დაანთებს. მაგრამ, როგორც კი გაიგებს რა არის სკამი, ვინაიდან ვიღაცამ აუხსნა, მაშინ ჩასწვდება სკამის თავისებურ ხმასაც. სკამი ეტყვის ასეთ რაღაცას: „დაჯექი! არა, აქ ვერ დაწვები, თორემ ჩამოვარდები. მორჩი ქანაობას, თორემ ფეხები მომტყდება.“ თუ სკამი მოუხერხებელია, მაშინ ასეთ ცუდ რაღაცეებს ეტყვის: „ჰაჰა, მე ტრაკს გატკენ და ხერხემალს დაგიგრიხავ.“ ქარხნებში და სკოლებში, ძირითადად ასეთი ცუდი სკამებია; გამიზნულად მოუხერხებელი და ხისტი, რათა ადამიანს მხოლოდ ერთი პოზიციით შეეძლოს ჯდომა. ვინაიდან მათ არ სურთ, რომ ადამიანები კომფორტულად ისხდნენ და რაც ყველაზე უარესია – ჩაეძინოთ.

ადამიანებმა ბევრი და ამასთანავე, დიდი ქარხნები ააშენეს. ამიტომ, მათ ძალიან ბევრი საუბრის მოსმენა უწევთ. ზოგადად, ქარხნები და ოფისები სამ რამეს გაიძახიან. 1-როგორ; 2- რა; და 3-რამდენი უნდა აწარმოონ. მაგალითად, ერთი ქარხანა გარკვეული რაოდენობის მომუშავე ადამიანს ეუბნება, რომ ყოველ საღამოს ისინი ჯგუფებად უნდა ისხდნენ მაგიდასთან, ისაუბრონ და ერთმანეთს რაღაცეები გადააწოდონ. სხვა მუშებს, მთელი დღე მარტოდმარტო სახლში ჯდომა და დაუთოება უწევთ. სხვებს ეუბნება, რომ ლურსმნებს უნდა ურტყან ან კომპიუტერი ჩართონ და გამორთონ. გარდა ამისა, ქარხნის მიერ მოგონილ თემაზე ტექსტი შეთხზან. სხვა მუშებმა იარაღი უნდა აწარმოონ. ამასთან ერთად, იმასაც ამბობს თუ რამდენი უნდა აწარმოონ. მაგალითად; ასი ლურსმნის ერთ საათში ჩაჭედება; სახლის მთელი სარეცხის დაუთოება ან ხუთ გვერდიანი ტექსტის დაწერა. გარდა ამისა, ქარხანა იმასაც განსაზღვრავს, თუ რამხელა გასამრჯელო ეკუთვნით ადამიანებს. მაგალითად; კინოთეატრის ბილეთები ლურსმნის დაჭედებისთვის. სარეცხის რეცხვისთვის ბილეთი არ შედის ჰონორარში. კინოთეატრის ასი ბილეთი კი, შეფის როლის შემსრულებლისთვის.

მაგრამ, ერთერთ მუშას არ სურს მთელი დღე ლურსმნებს ურახუნოს. უნდა, რომ ტექსტი დაწეროს, თან ხუთი გვერდის ნაცვლად – ოთხი. მეორეს, არ უნდა ყოველ დღე სარეცხი აუთოოს; მას, სხვებთად ერთად მაგიდასთან ჯდომა ურჩევნია, ან სურს ყველაფერი აკეთოს, ოღონდ მცირე დოზებით: ხან მაგიდასთან იჯდეს, ხან ტექსტები წეროს. მესამე მუშას კი, სრულებით არ მოსწონს ნამდვილი იარაღები.

როდესაც, მუშები ქარხანაში ამ მოთხოვნებით მიდიან, ქარხანა ყრუვდება და ისე იქცევა, თითქოს ვერაფერს იგებს. ის ხომ, მხოლოდ და მხოლოდ ქარხანაა, რომელიც ქვისგან და პლასტმასისგან არის აშენებული. როგორ უნდა გაიგოს, რას ლაპარაკობენ ადამიანები? ასე და ამგვარად, ადამიანები ოხრავენ და უბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. შემდეგ, ერთ რამეს ასკვნიან: იმის მიუხედავად, რომ ქარხნები ადამიანებმა ააშენეს, ქარხნებს ადამიანები საერთოდ არ აინტერესებთ. მათ არ აინტერესებთ, არიან თუ არა ადამიანები ბედნიერები, იციან თუ არა, რას და რისთვის აწარმოებენ. ერთადერთი, რაც ქარხანას აინტერესებს, არის უფრო მეტი წარმოება და გაყიდული საქონელი.

სწორედ ამიტომ, ქარხანას სურს ადამიანები მხოლოდ მაშინ იყვნენ ბედნიერები, როდესაც მეტს გაყიდიან. ადამიანები ბედნიერები უნდა იყვნენ, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა უბედურად გრძნობდნენ თავს. და, ეს ფაქტი ადამიანებს ნამდვილად არ აბედნიერებთ. უფრო მეტის, უფრო ბევრის გაყიდვა – აი, რა აბედნიერებს ქარხანას. ქარხნის ბედნიერება იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო მეტს გაყიდის, მით უფრო მეტ მუშას და დანადგარს იყიდის. და შემდეგ, უფრო მეტ უთოს, ტექსტს და იარაღს აწარმოებს. რის შემდეგაც, უფრო მეტს გაყიდის.

თუ, ქარხანას ადამიანები არ აინტერესებს, მაგრამ ადამიანებს უნდა აინტერესებდეთ ის, რაც ქარხანას აინტერესებს; ხოლო, ქარხანას მხოლოდ გაყიდვა აინტერესებს; მაშინ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ქარხანა და რას აკეთებს იქ, სადაც ყიდის, რომ იყიდოს და შემდეგ ისევ გაყიდოს და ასე შემდეგ, ანუ – ბაზარში; საჭიროა, ახლოდან გავეცნოთ ბაზრის წეს-ჩვეულებებს. მაგრამ, ეს ის ბაზარი არ გეგონოთ, სადაც ბოსტნეულს ყიდიან. ქარხნებისთვის სპეციალური საბაზრო მოედნებია გამოყოფილი.

რა არის ბაზარი?

ბაზარზე რაიმეს გასაყიდად, ქარხანამ ჯერ პროდუქცია უნდა აწარმოოს. ისევე, როგორც ნამცხვრის გამოსაცხობად, პროდუქციის საწარმოებლადაც საჭიროა სხვადასხვა ინგრედიენტი. ნამცხვრის გამოსაცხობად გვჭირდება: 1-კვერცხი და ფქვილი; 2- ღუმელი; 3- მცხობელი. ჩვენს ქარხანას, ნამცხვრის მაგივრად უთოების გამოცხობა სურს. ამისთვის, ყიდულობს დიდი რაოდენობით თუნუქს. ამასთან ერთად, ლურსმნებით სავსე დიდ ტომარას. თუნუქისა და ლურსმნებისგან უთოს გასაკეთებლად საჭიროა უზარმაზარი უთოს გამოსაცხობი ღუმელი. ასე რომ, ყიდულობს უთოს გამოსაცხობ სამ უზარმაზარ ღუმელს. ქარხანა უკვე აქვს, ანუ ქარხნის ყიდვა აღარ სჭირდება. ქარხანაში, ახლა უკვე ინახება დიდი რაოდენობით თუნუქი, ლურსმნებით სავსე ტომარა და სამი უზარმაზარი უთოს გამოსაცხობი ღუმელი. მაგრამ, რატომღაც მაინც არაფერი კეთდება. ქარხანას ებადება აზრი, რომ ამ ყველაფერთან ერთად საჭიროა – მუშები. ამისთვის, სპეციალური ბაზარი არსებობს – შრომის ბაზარი. ბაზარში გასაყიდად შემოთავაზებული ადამიანები უკვე აწარმოეს სკოლებმა, უნივერსიტეტებმა და საოჯახო ქარხნებმა. ამიტომ, ქარხნისთვის მიზანშეწონილია ასეთ ბაზარში მისვლა, სადაც ის ზუსტ შეკვეთას გააკეთებს. ის ამბობს: „მოგესალმებით, მე მჭირდება ლურსმნის თორმეტი ჩამრტყმელი, თუნუქის ექვსი მღუნავი და უთოს მექანიკის ექვსი მაკონტროლებელი ადამიანი.“ გარდა ამისა, ქარხანას სჭირდება იდეების მქონე ორი ადამიანი, რომლებიც თუნუქის, ლურსმნებისა და ადამიანების საშუალებით უთოს გასაკეთებლად, უახლეს რეცეპტებს გამოიგონებენ. და, ბოლოს, საჭიროა კიდევ ერთი უფროსი, რომელიც გააკონტროლებს, რომ ადამიანებმა ის გააკეთონ, რაც ქარხანას სურს. ქარხანა ეკითხება ადამიანებს: „გინდათ, ჩემთვის იმუშაოთ?“ ადამიანები პასუხობენ: „კი, გვინდა!“ მაგრამ, ეს ჩვენ უკვე ვიცით.

ბაზრობის შემდეგ, ქარხანა სახლში მიდის და ახლად ნაყიდ ადამიანებს, ლურსმნებთან და თუნუქთან ერთად, დღეში 8 საათი შინ კეტავს. და მართლაც, რაღაც დროის შემდეგ, ქარხნის უკანა ხვრელიდან ახლად გამომცხვარი უთოები გამოდის. ამ უთოებით, ქარხანას კვლავ შეუძლია ბაზარში წასვლა და გაყიდვა. ამჯერად, აღარ მიდის შრომის ბაზარზე, არამედ უთოსა და სხვა ნივთების ბაზარზე. თუ გაყიდის უთოებს, იშოვის ფულს. ამ ფულით მას შეეძლება ახალი ლურსმნები, თუნუქი და უთოს გამოსაცხობი ღუმელი იყიდოს. ახალი დანადგარებით, თუნუქით და ლურსმნებით, იგი ახალ და უფრო მეტ უთოს აწარმოებს, რასაც მერე ისევ გაყიდის.

როდესაც, ქარხანა უთოსა და სხვა ნივთების ბაზარზე დგას და თავისთვის ოცნებებშია გართული; იმ ოცნებებში, რომლებშიც ყველა ქარხანა ცურავს – ახალ ლურსმნებში, დანადგარებში, თუნუქებში და უთოს გამოსაცხობ ღუმელებში, უცბად რაღაცას ამჩნევს. არც თუ ისე მოშორებით, ზუსტად რომ ვთქვათ, მის პირდაპირ დგას მეორე ქარხანა და ყიდის უთოებს. „მოდი, ახლოდან დავაკვირდები“ ფიქრობს ის და უახლოვდება. მიახლოებისას ფიქრობს: „ფასის ნახვა მინდა.“ სხვა რა უნდა დაენახა, თუ არა ის, რომ მეორე ქარხანა უთოებს უფრო იაფად ყიდის. ძალიან იაფადაც არა, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებმა უთოები მეორე ქარხანაში იყიდონ. „ამის, კარგიც…“ ჩაიბუტბუტა, ჩვენმა ქარხანამ. რადგან ქარხნები შინაგანად საშინლად შურიანები არიან, ვერ მოუნელებია ის ფაქტი, რომ მეორე ქარხანა უთოებს უფრო იაფად ყიდის, და ამასთან უფრო მეტს. ის ვერ იტანს, მეორე ქარხანას. ქარხნები ზოგადად, ვერავის ვერ იტანენ. ვერც, თავის მუშებს და ვერც, სხვა ქარხნებს. ერთადერთი, რაც ქარხანას სიამოვნებას გვრის და უხარია, არის გაყიდვა, ყიდვა, გაყიდვა და ასე შემდეგ. ხოლო, ერთადერთი რაზეც ოცნებობს არის – ლურსმნები, დანადგარები, თუნუქი და უთოს გამოსაცხობი ღუმელი. დიახ, შეეძლო ჩვენ ქარხანას მეორე ქარხნისთვის ეკითხა: ‘’მითხარი გეთაყვა, როგორ აწარმოებ ასე იაფად უთოებს? მეც მინდა ვისწავლო“ ან შეეძლო, ეთქვა: “ რა, უცნაური დამთხვევაა! შენც უთოებს აწარმოებ. მოდი, გავერთიანდეთ! უფრო პრაქტიკული იქნება.“ მაგრამ, ასეთი აზრები არ უჩნდებათ ქარხნებს, და თუ უჩნდებათ, ისიც – მესამე ქარხნის გასაბრაზებლად.

ჩვენი ქარხანა განრისხებულია. როდესაც სახლში ბრუნდება, იდეების მქონე ორ ადამიანს იხმობს თავისთან და ეკითხება: „ახლა, რაღა უნდა ვქნათ?“ „იაფად უნდა აწარმოო, თანაც უფრო სწრაფად და უფრო მეტი. მაგალითად, შეგიძლია დაზოგო გადასახადები, ასე მოგვარდება იაფად გაყიდვის საკითხიც – ამბობს ერთერთი – არ გჭირდება იდეების მქონე ორი ადამიანი, ერთიც საკმარისია“. „შესანიშნავი იდეაა!“ – პასუხობს ქარხანა და ანთავისუფლებს, იდეების მქონე მეორე ადამიანს. მეორე დღეს, მიდის უთოების მცხობელ ადამიანებთან (მინუს ერთი იდეების მქონე ადამიანით) და ეუბნება: „დღეიდან, მხოლოდ იმდენ ფულს მოგცემთ, რომ კვირაში ორის ნაცვლად, ერთხელ შეგეძლებათ კინოთეატრში წასვლა“. რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონთ ადამიანებს. თუმცა, მათ ხომ უკვე ისწავლეს, რომ ქარხანასთან საუბრის წამოწყებისთანავე ის ყრუვდება. ასე რომ, ყველა თავის სამუშაო ადგილს უბრუნდება.

ცოტა ხნის შემდეგ, ქარხანა კვლავ მიდის ბაზარში და დიდი სიამაყით გამოაქვს იაფი უთოები.“ნახეთ, კეთილო ხალხო – ამბობს, ის – ჩემი უთოები უფრო იაფია, ვიდრე იმისი“ და რკინის დიდ თითს უმიზნებს, უთოების მეორე ქარხანას. სწორედ რომ, გაამართლა. თქვა და ადამიანები უკვე გამოიქცნენ ჩვენი ქარხნისკენ, უთოების საყიდლად. მეორე ქარხანა კი, ვეღარ ყიდის იმდენს, რამდენსაც ყიდდა. ჩვენ ქარხანას უხარია. უთოების გაყიდვისას ის თავის დიდ-ფანჯრიან თვალებს აპაჭუნებს და ფიქრობს, თუ რამდენ ახალ დანადგარს, ლურსმანს და თუნუქს იყიდის. მაგრამ, რას ვხედავთ? მეორე ქარხანა მოგრეხილი ზის უთოებზე, რომლებსაც ვეღარ იშორებს თავიდან. თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ რამხელა ჭვარტლის ცრემლები ცვივა საკვამურიდან. ამ საწყალს, ისედაც ვალები ჰქონდა და ვერ წაუვიდა საქმე კარგად. ახლა, როცა ჩვენი ქარხანა იაფ უთოებს აწარმოებს, ის თავისას ვეღარ ყიდის. თუკი ვეღარ გაყიდის უთოებს, მაშინ ვერ იყიდის ახალ დანადგარს, თუნუქს, ლურსმნებს და უთოს საცხობ ღუმელს. ამიტომ, ძალიან, ძალიან ცუდ დღეშია ჩავარდნილი – ის გაკოტრდა. ასე, სწრაფად ხდება ეს ყველაფერი. რაკი ქარხანა გაკოტრდა, ის ანთავისუფლებს იქ მომუშავე ყველა ადამიანს, რომლებიც ახლა უმუშევრები გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონდათ სამუშაო, მაინც ვერ გაბედნიერდნენ უმუშევრობით, რადგან ახლა მართლა აღარ აქვთ ფული და კინოთეატრშიც ვეღარ წავლენ.

მაშინ როცა, ორივე ქარხნის მუშებს კვირაში ორჯერ შეეძლოთ კინოში წასვლა, ახლა ერთი ქარხნის მუშები კვირაში ერთხელ დადიან, მეორესი კი, საერთოდ ვეღარ მიდიან. ვინც კინოში ვეღარ მიდის, უთოსაც ვეღარ ყიდულობს, ეს კი დიდ პრობლემას იწვევს.

იმის გასაგებად, თუ რატომ ხდება უფრო და უფრო მეტი პროდუქტის წარმოება, მაგალითად უთოების, რომლის ყიდვაც აღარავის შეუძლია, უფრო ახლოდან უნდა გავეცნოთ ზემოხსენებულ პრობლემას. ადამიანები ამ პრობლემას კრიზისს უწოდებენ.

რა არის კრიზისი?

ბაზარში მომდევნო ვიზიტის დროს, ჩვენმა ქარხანამ ორჯერ მეტი უთო წაიღო, ვიდრე წინა მისვლაზე. მისი გამოთვლები, ასე გამოიყურებოდა: “მეორე ქარხანა გაკოტრდა, მშვენიერია. ახლა კი, ის ადამიანები, რომლებიც იქ ყიდულობდნენ, ჩემთან მოვლენ. ახლა – ორჯერ მეტი მომხმარებელი მეყოლება. ასე რომ, ორჯერ მეტი რაოდენობის უთო მჭირდება.“ მაგრამ, რას ადგენს ჩვენი ქარხანა ბაზარში მისვლისას? ადამიანებს უთოს დანახვაც კი არ უნდათ, ყიდვას რომ თავი დავანებოთ. იმიტომ რომ, რაც ჩვენს და მეორე ქარხანას შეემთხვა, იგივე ბედი ეწიათ სხვა ქარხნებსაც. ქარხანა, მრავალნაირი არსებობს. მარტო უთოს ქარხანა არ არის დედამიწაზე. არამედ ისეთებიც, რომლებიც, მაგალითად იარაღს აწარმოებენ. ახლა, როდესაც ადამიანებს მხოლოდ კვირაში ერთხელ და ზოგს საერთოდ აღარ შეუძლიათ კინოთეატრში წასვლა, აღარც უნდათ უთოს ყიდვა. ამის ნაცვლად, ყიდულობენ ტელევიზორს და დივიდი ფლეიერს, რომ სახლში უყურონ ფილმებს. ეს კინოთეატს არ შეედრება, მაგრამ ადამიანები ფიქრობენ, რომ არაფერს მაინც ასე სჯობს. სხვა ადამიანებს, არა მხოლოდ კინოში წასვლა არ შეუძლიათ, არამედ საჭმლის ფულიც კი აღარ აქვთ. ისინი ყიდულობენ გაფუჭებულ პომიდვრებს და კვერცხებს, რათა ქარხანას ესროლონ, თანაც სასწრაფოდ. ქარხანამ არ იცის პომიდვრებისგან რომელი ბიზნესი წამოიწყოს, რადგან ეს პომიდვრის კი არა, უთოების ქარხანაა. უთოებს კი ვეღარ იშორებს. არადა, ბაზარზე ორჯერ მეტი უთო გაიტანა. ახლა კი, ამ გაორმაგებული რაოდენობის უთოებს ვეღარ ყიდის და ორმაგ ვალს იდებს. ასე რომ, ჩვენი ქარხანაც გაკოტრდა. ის ანთავისუფლებს ყველა მუშას.

ახლა, აღარაფერია. არანაირი ქარხანა, დანადგარი, ლუსმანი, თუნუქი და უთოს მცხობელი. თუმცა, დარჩა უთოები, რომლებიც უკვე აღარავის სჭირდება. იმის მიუხედავად, რომ ისეთი ძალიან ცუდი რამ არ მომხდარა, როგორიცაა მიწისძვრა, ომი ან რომის პაპის ვიზიტი; ადამიანები მაინც დაღონებულები სხედან, შიათ და მოწყენილობისგან არ იციან რა გააკეთონ. ზოგი, უთოსგან კომპოტის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ რატომღაც ვერ კეთდება. „ახლა კი, დაგვერხა – ამბობენ – არ უნდა დაგვეგდო ყური ქარხნისთვის“. ერთი, ამბობს:“ ეს, ნივთები! ვქმნით, რომ გვემსახურონ, მერე თავხედდებიან და აქეთ გვამსახურებინებენ თავს. ახლა კი, ამ უთოებზე გვიწევს ჯდომა.“ მეორე, ძალიან განრისხებული, დასძენს:“ ეს სულელური ნივთები, იდიოტური, კარგ.. განივთებულები! ჰო ვამბობდი…“

ადამინები სხედან უთოებზე და ფიქრობენ კაპიტალიზმზე. ახლა უკვე კარგად ესმით, რომ ყველაფერი კაპიტალიზმის ბრალია. „თავიდანვე კაპიტალიზმმა გაგვაუბედურა. ამას გარდა, არაფერი მიდიოდა გეგმის მიხედვით. უკვე რამდენი ხანია, რაც კაპიტალიზმში ვცხოვრობთ? 200-500 წელია? ჰოდა, საკმარისია! სიახლის, მრავალფეროვნების და ცვლილების დროა!“ „კი, მაგრამ რა ვქნათ?“ ეკითხება, მეორე. ამ კითხვის შემდეგ, ხანგრძლივმა სიჩუმემ დაისადგურა.. ისინი მოიღუშნენ, რადგან კითვხაზე პასუხი არ ჰქონდათ. ხანგრძლივი სიჩუმე თვითორგანიზებულმა ქმედებამ დაარღვია და კითხვაზე პასუხიც გაიცა.