ალექსანდრე ბერკმანი – ანარქიზმის ანბანი

დიახ, მართალი ხართ: კანონი კრძალავს ქურდობას.
თუ მე მოგპარავთ რაიმეს, თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ პოლიციელს, რომელიც დამაპატიმრებს. კანონი დასჯის ქურდს, სახელმწიფო კი დაგიბრუნებთ მოპარულ საკუთრებას (თუ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია), რადგან კანონი კრძალავს ქურდობას. ის ამბობს, რომ არავის აქვს უფლება ხელჰყოს შენი ქონება შენი ნებართვის გარეშე.

თუმცა, შენი დამქირავებელი იღებს შენი შრომის პროდუქტს. შრომით წარმოებულ მთელ სიდიდრეს კაპიტალისტები თავიანთ საკუთრებად აქცევენ.

კანონი ამბობს, რომ დამქირავებელს არაფერი მოუპარავს, ვინაიდან მისთვის პროდუქტის გადაცემა, შენი თანხმობით მოხდა. შენ თავად დათანხმდი შენს ბოსთან გარკვეულ საფასურად მუშაობას, იმ პირობით, რომ ის შრომის პროდუქტს მიიღებდა. ვინაიდან შენ დათანხმდი ამას, კანონის თქმით, შენი დამქირავებელი ქურდი არ არის.

მაგრამ, ნუთუ მართლა დათანხმდი?

როდესაც მძარცველი შუბლზე იარაღს მოგადებს, მას ყველაფერ ღირებულს მისცემ. დიახ, შენ დათანხმდი, მაგრამ იმ მიზეზით, რომ თავის შველა არ შეგიძლია, მისმა იარაღმა გაიძულა ასე მოქცეულიყავი.

ხარ თუ არა იძულებული დათანხმდე დამქირავებლის პირობებს? შენი მოთხოვნილებანი გაიძულებს, ისევე, როგორც მძარცველის იარაღი. შენ უნდა იცოცხლო, ისევე, როგორც შენმა ცოლმა და შვილებმა. შენ არ შეგიძლია იმუშავო შენთვის, კაპიტალისტური ინდუსტრიალიზაციის პირობებში, ვალდებული ხარ იმუშაო დამქირავებლისთვის. ქარხნები, საწარმოები და სამუშაო იარაღები დამქირავებელთა კლასს ეკუთვნის, შესაბამისად სიცოცხლის გასაგრძელებლად, შენ ვალდებული ხარ თავი დაუმორჩილო მას. რა სფეროშიც არ უნდა მუშაობდე, ვინც არ უნდა იყოს შენი დამქირავებელი: შენ ვალდებული ხარ იმუშაო მისთვის. შენ არ შეგიძლია თავის შველა, შენ იძულებული ხარ.

ამ გაგებით, მთელი მშრომელთა კლასი იძულებულია იმუშაოს კაპიტალისტთა კლასისათვის. იმავე წესით, მშრომელები ვალდებულნი არიან გასცენ მთელი სიმდიდრე, რომელსაც ისინი აწარმოებენ. დამქირავებელი ინახავს სიმდიდრეს, მოგებას, მაშინ როდესაც მშრომელი იღებს მხოლოდ ხელფასს, რომელიც მხოლოდ სიცოცხლის გასახანგრძლივებლადაა საჭირო, რათა მან კვლავ შეძლოს მისი დამქირავებლისთვის პროდუქტის წარმოება. არის თუ არა ეს ძარცვა, ყაჩაღობა?

კანონი ამბობს, რომ ეს “თავისუფალი შეთანხმებაა”. ასეთივე წარმატებით მძარცველს შეუძლია თქვას, რომ შენ დათანხმდი, მიგეცა მისთვის ფული და ღირებული ნივთები. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ მძარცველის მეთოდს ქურდობა ჰქვია და კანონი კრძალავს, მაშინ როდესაც კაპიტალისტის მეთოდს ბიზნესსა და ინდუსტრიას უწოდებენ და კანონი-იცავს.

თუმცა, განურჩევლად იმისა, თუ რომელი მეთოდით ხდება ეს, შენ იცი – გაგძარცვეს.

მთელი კაპიტალისტური სისტემა აგებულია ამ ძარცვაზე.

მთელი საკანონმდებლო და სახელმწიფო სისტემა მხარს უჭერს და ამართლებს ამ ძარცვას.

ასეთია წესრიგი, რომელსაც კაპიტალიზმი ჰქვია, კანონი და სახელმწიფო კი ამ წესრიგის შესანარჩუნებლად არსებობენ.

არ გიკვირს, რომ კანონი დამქირავებლების, კაპიტალისტებისა და ყველას მიმართ, ვინც მოგებას იღებს ასეთი წესრიგისგან, უფრო ლმობიერია?

მაგრამ სად არის აქ შენი ადგილი? რა სარგებელს გაძლევს ასეთი კანონი და წესრიგი? ნუთუ ვერ ხედავ, რომ კანონი მხოლოდ გძარცვავს, გთელავს და მონად გაქცევს?

“მიმონებს? – შეიცხადებ შენ – მე თავისუფალი მოქალაქე ვარ!”

მართლა თავისუფალი ხარ? თავისუფალი, რაში? შეგიძლია იცხორვო ისე, როგორც გინდა? შეგიძლია აკეთო ის, რაც გინდა?

როგორ ცხოვრობ შენ, რაც მოიცავს შენი თავისუფლება?

შენ დამოკიდებული ხარ შენს დამქირავებელსა და ხელფასზე, არა? და შენი შემოსავლები განსაზღვრავს შენი ცხოვრების წესს, არა? შენი ცხოვრების პირობები, შენი ჭამის, სმისა და გადაადგილების გრაფიკიც კი, დამოკიდებულია შენს შემოსავლებზე.

არა, შენ არ ხარ თავისუფალი ადამიანი. შენ დამოკიდებული ხარ შენს დამქირავებელსა და შემოსავლებზე. რეალურად, შენ ხელფასის მონა ხარ.

მთელი მშრომელთა კლასი, კაპიტალისტურ სისტემაში, დამოკიდებულია კაპიტალისტებზე. მუშები, ხელფასის მონები არიან.

მაშ, რა არის შენი თავისუფლება? რაში შეგიძლია მისი გამოყენება? შეგიძლია მისგან მეტის მიღება, ვიდრე შენი ხელფასი გიშვებს?

ნუთუ ვერ ამჩნევ, რომ შენი ხელფასი, არის მთელი თავისუფლება, რომელიც შენ გაგაჩნია? შენი თავისუფლება, შენი ნება, ერთ ნაბიჯსაც კი ვერ დგამს იმაზე მეტს, რის უფლებასაც შენი ხელფასი აძლევს.

თავისუფლება, რომელიც შენ ფურცელზე გეძლევა, რომელიც კანონთა წიგნებსა და კონსტიტუციაში წერია, შენ არაფერს გაძლევს. ასეთი თავისუფლება, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შენ გაქვს უფლება გააკეთო კონკრეტული რამ, მაგრამ ეს არ ნისშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია გააკეთო ის. იმისათვის, რომ შენ შეძლო ამის გაკეთება, უნდა მოგეცეს ამის შანში, შესაძლებლობა. შენ გაქვს უფლება, რომ დღეში ხუთჯერ კარგად ისადილო, მაგრამ შენ არ გაქვს საშუალება მიიღო საკმარისი საკვები სადილის მოსამზადებლად, მაშინ რა ღირებულება აქვს ასეთ უფლებას?

ამრიგად, თავისუფლება რეალურად ნიშნავს შესაძლებლობას, დაიკმაყოფილო საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები. თუ შენ გაქვს თავისუფლება, რომელიც არ გაძლევს ამ შესაძლებლობას, ეს თავისუფლება არაფერს ნიშნავს.

შენ ხედავ, რომ ყველაფერი აქამდე მიდის: კაპიტალიზმი გძარცვავს და ხელფასის მონად გაქცევს, კანონი კი მხარს უჭერს და იცავს ამ ძარცვას.

სახელმწიფო ცდილობს გაგასულელოს და დაგაჯეროს, რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი ხარ. ამით ის თავს გიტენის მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ როგორ მოხდა, რომ ეს აქამდე ვერ შეამჩნიე? როგორ ხდება, რომ ადამიანების უმრავლესობა ამას ვერ ხედავს?

ამის მიზეზი ისაა, რომ შენ და ყველა სხვას, ყოველთვის გატყუებდნენ ამის შესაღებ, ღრმა ბავშვობიდან.

შენ გეუბნებიან, რომ იყო პატიოსანი, მაშინ, როდესაც მთელი ცხოვრება გძარცვავენ.

შენ გიბრძანებენ რომ პატივი სცე კანონს, რომელიც იცავს შენს მძარცველ კაპიტალიზმს.

შენ გეუბნებიან რომ მკვლელობა არ შეიძლება, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ახრჩობს, ელექტრო სკამზე სვამს და ომში უშვებს ათასობით ადამიანს.

შენ გეუბნებიან, რომ უნდა ემსახურო კანონსა და სახელმწიფოს, მაშინ, როდესაც ისინი მკვლელობისა და ძარცვის მხარეს არიან.

ყოველივე ეს შენს გონებაში ღრმა ბავშვობიდან იბეჭდება, რათა ადვილის იყოს შენგან მოგების მიღება, ექსპლოატირება.

ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შენით არამხოლოდ კაპიტალისტები იგებენ. მთავრობა, ეკლესია, სკოლა, – ყველა მათგანი შენი შრომის ხარჯზე ცხოვრობს. შენ ამარაგებ მათ.

“ნუთუ მართლა მე ვამარაგებ მათ? – გაოცებით იკითხავ შენ.

ისინი ჭამენ, სვამენ და იცვამენ (სხვა ფუფუნების საგნებზე რომ არაფერი ვთქვათ), მიუხედავად იმისა, რომ არაფერს აწარმოებენ, თესავენ, ხნავენ, აშენებენ და ა.შ.

“მაგრამ ისინი იხდიან ამ ყველაფერისთვის – აღნიშნავს შენი მეგობარი.”

დიახ, ისინი იხდიან. დავუშვათ, ვიღაცამ მოგპარა ორმოცდაათი დოლარი, შემდეგ კი ამ ფულით ტანსაცმელი იყიდა თავისთვის. ნუთუ ეს ტანსაცმელი მას ეკუთვნის? მაგრამ ხომ გადაიხადა? ასეთივე ფასი აქვს იმ ადამიანების გადახდილ ფულს, რომლებიც არაფერს აწარმოებენ ან არ ასრულებენ არანაირ სასარგებლო სამუშაოს. მათი ფული წარმოადგენს იმ მოგებას, რომელიც მათ ან მათმა მშობლებმა შენგან და სხვა მშრომელებისაგან გამოწურეს.

“გამოდის, რომ მე ვამარაგებ ჩემს ბოსს, და არა ის მე?”

რა თქმა უნდა. ის შენ გაძლევს ნებართვას იმუშაო საწარმოსა თუ ფაბრიკაში, რომელიც არა მან, არამედ შენმა მსგავსმა მუშებმა ააშენეს. ამ ნებართვის სანაცვლოდ კი შენ ამარაგებ მაშ სიცოცხლის ბოლომდე, ან მანამ, სანამ ის არ გაგათავისუფლებს. შენ ამარაგებ მას იმდენად გულუხვად, რომ ის ყიდულობს აპარტამენტს ქალაქში, რამდენიმე სახლს ქალაქგარეთ, ახერხებს დაიქირაოს მოსამსახურეები მისი სურვილების შესასრულებლად, მოაწყოს გასართობი საღამოები თავისი ოჯახისა და მეგობრებისათვის და ა.შ. მაგრამ როგორც ვთქვით, შენ არა მხოლოდ მის მიმართ ხარ ასეთი გულუხვი: შენ ასავე პირდაპირი თუ ირიბი გზებით, უზრუნველყოფ მთავრობას, ლოკალურს, სახელმწიფოსა და ნაციონალურს, სკოლებსა და ეკლესიებს, ინსტიტუციებს, რომელთა ერთდერთი საქმიანობა იმაზე ზრუნვაა, რომ არ გამოფხიზლდე. შენ და შენი ამხანაგი მშრომელები, შრომა მთლიანად, უზრუნველყოფთ მათ. არ გიკვირს, რომ ყველა მათგანი ყოველთვის ცდილობს დაგარწმუნოს, რომ ყველაფერი კარგადაა, შენ კი კანონმორჩილი და მშვიდი უნდა დარჩე?

მათ აწყობთ შენი სიმშვიდე, ვინაიდან ისინი ვეღარ შეძლებენ შენს გასულელებასა და ძარცვას, თუ თვალებს გაახელ და დაინახავ, რა ხდება შენს თავს.

სწორედ ამიტომ დგანან ასე მყარად კაპიტალიზმის, კანონისა და წესრიგის სადარაჯოზე.

მაგრამ ნუთუ ასეთი სისტემა შენთვის კარგია? ნუთუ ფიქრობ რომ ის სწორი და სამართიანია? თუ არა, რატომ იტან ამ ყველაფერს? რატომ აგრძელებ მათ უზრუნველყოფას? “რისი გაკეთება შემიძლია? – ამბობ შენ – მე ხო მარტო ვარ.”

მარტო? შენ ერთ-ერთი ხარ იმ ათასობით, მილიონობით მშრომელთაგან, რომელიც შენსავით ექსპლოატირებული და დამონებულია. მაგრამ მათ არ იციან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მხარს არ დაუჭერდნენ. საჭიროა ვაცნობოთ მათ.

ყოველი მუშა და დამლაგებელი შენს ქალაქსა და მსოფლიოში, დამონებული და დაჩაგრულია, ისევე, როგორც შენ.

ფერმერებიც იგივე მეთოდებით იჩაგრებიან.

ისევე როგორც მუშა, ფერმერიც დამოკიდებულია კაპიტალისტთა კლასზე. ის მძიმედ მუშაობს მთელი ცხოვრება, მისი შრომის პროდუქტის უმეტესი ნაწილი კი მიწის მფლობელებს ერგებათ, ადამიანებს, რომელთაც იმდენადვე ეკუთვნით ეს მიწა, რამდენადაც მთვარე.

ფერმერი აწარმოებს საკვებს მსოფლიოსთვის. ის ყველა ჩვენგანს კვებავს. მაგრამ, მანამ სანამ მას პროდუქტის შექმნის საშუალება ექნება, ის იძულებულია ხარკი გადაუხადოს კლასს, რომელიც სხვა ადამიანების ხარჯზე ცხოვრობს, მოგებაზე ორიენტირებულ კაპიტალისტებს. ფერმერს ერთმევა თავისი შრომის უდიდესი ნაწილი, ისევე, როგორც მუშას. მას ხშირად ერთდროულად ადევს მიწის მფლობელისა და იპოთეკარის ხარკი. ბანკირი, გადამყიდველი და კიდევ უამრავი შუამავალი იღებს მოგებას, სანამ ფერმერი შენამდე საჭმელს მოიტანს.

სახელმწიფო და ბანკირი ანმტკიცებს ამ ძარცვას და აცხადებს, რომ მიწა, რომელიც ადამიანს არ შეუქმნია, მიწათმფლობელს ეკუთვნის. რკინიგზა, რომელსაც მუშები აშენებენ, რკინიგზის მყიდველ მაგნატებს ეკუთვნით. მარცვლეულისა და ხილის საწყობები, რომლებიც მშრომელებმა შექმნეს, ასევე კაპიტალისტთა საკუთრებაშია. ყველა ამ მონოპოლისტსა და კაპიტალისტს ეძლევა უფლება წაართვას ფერმერს თავისი შრომის პროდუქტის ნაწილი რკინიგზის ან სხვა საშუალებების გამოყენების გამო, რომლებიც მას პროდუქტის შენამდე მოსატანად დასჭირდა.

შენ ალბათ ხედავ, როგორ იძარცვება ფერმერი მსხვილი კაპიტალისა და ბიზნესის მიერ და როგორ ეხმარება მას კანონი და სახელმწიფო, ისევე როგორც მუშის შემთხვევაში.

არამხოლოდ მუშა და ფერმერია იძულებული მისცეს საკუთარი შრომის პროდუქტის დიდი ნაწილი კაპიტალისტებს, ადამიანებს რომლებსაც მონოპოლია აქვთ მიწაზე, რკინიგზაზე, ქარხნებზე, ტექნიკასა და ბუნებრივ რესურსებზე. მთელი ქვეყანა, მთელი მსოფლიო იძულებულია ხარკი უხადოს ფინანსური ინდუსტრიის მეფეებს.

მცირე ბიზნესის მფლობელი დამოკიდებულია გადამყიდველზე; გადამყიდველი დამოკიდებულია მწარმოებელზე; მწარმოებელი დამოკიდებულია თავის სფეროში გაბატონებულ მაგნატზე; და ყველა მათგანი დამოკიდებულია ფინანსურ ლორდებსა და ბანკებზე, კრედიტების გამო. მსხვილ ბანკირებსა და ფინანსისტებს, შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი გააქრონ ბიზნესიდან, უბრალოდ მათთვის კრედიტის წართმევით. ისინი ასეც იქცევიან, საჭიროების შემთხვევაში. ბიზნესმენი მათზეა დამოკიდებული. თუ ის არ თამაშობს ისე, როგორც მათ უნდათ, მას უბრალოდ დაატოვებინებენ თამაშს.

ამრიგად, მთელი მსოფლიო დაიმონა ადამიანთა მცირე ჯგუფმა, რომელსაც მონოპოლიზებული აქვს მსოფლიოს თითქმის მთელი სიმდიდრე, თავად კი არასოდეს არაფერი შეუქმნია.

“მაგრამ ეს ადამიანები ბევრს შრომობენ – იტყვი შენ”

ბევრი მათგანი საერთოდაც არ შრომობს. ზოგი მათგანი უბრალოდ უსაქმურია, რომელთა ბიზნესსაც დაქირავებულნი უვლიან, განკარგავენ. ზოგიერთი მათგანი შრომობს. მაგრამ რა სახის სამუშაოს ასრულებენ ისინი? აწარმოებენ თუ არა ისინი რამეს, როგორც მუშა და ფერმერი? არა, ისინი არაფერს ქმნიან, მიუხედავად იმისა რომ მუშაობენ. ისინი მუშაობენ ხალხის ძარცვაზე, მათგან მოგების მიღებაზე. მაგრამ რა სარგებელს გაძლევს მისი შრომა შენ? მძარცველიც მძიმედ შრომობს და დიდ რისკზე მიდის. მისი “სამუშაო”, ისევე როგორც კაპიტალისტისა, აჩენს საქმეს ადვოკატთათვის, ჯალათთავის, მეციხოვნეებისთვის და მთავრობისთვის, რომელთაც მთლიანად შენ უზრუნველყოფ.

შემზარავია, რომ მთელი მსოფლიო ვალდებულია იყოს მონა, მდიდარი მონოპოლისტების სარგებლისთვის, რომელთაც უნდა მოგვცენ უფლება რომ ვიცოცხლოთ,მაგრამ ეს ფაქტია. ამაზე უფრო შემზარავი კი ისაა, რომ შენი აზრით, ფერმერები და მუშები, რომლებიც მარტონი ქმნიან მთელ დოვლათს, ყველაზე დამოკიდებული და ღარიბი კლასი უნდა იყოს მთელ საზოგადოებაში, რადგან “კაპიტალისტებიც მძიმედ შრომობენ”.

ეს ნამდვილი საშინელებაა და ძალიან საწყენია. რა თქმა უნდა, შენი საღი აზრი გეუბნება, რომ ამ სიტუაციას, არაფერი აშორებს სიგიჟისგან. ნუთუ იმ შემთხვევაში, თუ მილიონობით მუშა მსოფლიოში, დაინახავს როგორ ასულელებნ და ჩაგრავენ, ისივე როგორც ახლა ამას შენ ხედავ, ისინი უმოქმედოდ დარჩებიან? რა თქმა უნდა, არა!

კაპიტალისტებმაც იციან, რომ არა. სწორედ ამიტომ სჭირდებათ მას სახელმწიფო, რომელიჩ ლეგალურად ცნობს მათ მძარცველურ მეთოდებს და იცავს კაპიტალისტურ სისტემას.

სწორედ ამიტომ სჭირდება სახელმწიფოს კანონები, პოლიცია და ჯარი, სასამართლოები და ციხეები კაპიტალიზმის დასაცავად.

მაგრამ ვინ არიან პოლიციელები და ჯარისკაცები, რომლებიც იცავენ კაპიტალიზმს, ხალხის საწინააღმდეგოდ?

ისინიც რომ კაპიტალისტები ყოფილიყვნენ, გასაგები იქნებოდა, რატომ სურთ დაიცვან თავიანდი ნაქურდალი ძალის გამოყენებითაც კი, დაეცვათ სისტემა, რომელიც მათ აძლევს საშუალებას გააგრძელონ ძარცვა.

მაგრამ ისინი, კანონისა და წესრიგის დამცველები, არ არიან კაპიტალისტური კლასიდან. ისინი ღარიბი ადამიანები არიან, რომლებიც იცავენ სისტემას, რომელიც მათ აღარიბებს. დაუჯერებელია, არა? დიახ, ასეა. ყველაფერი ასე ჟღერს: ზოგიერთი მონა იცავს ბატონებს რათა მათ შეინაარჩუნონ მათიც და დანარჩენი ხალხის მონობაც. იმავე მიზეზით დიდი ბრიტანეთი ინდოელებით აკომპლექტებს პოლიციურ ძალებს ინდოეთში. იგივეს აკეთებს ბელგია კონგოში. აი რა გამოდის ჯამში: კაპიტალიზმი იმონებს და ჩაგრავს ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას; კანონი მხარს უჭერს და აძლიერებს ამ ძარცვასა და ჩაგვრას. სახელმწიფო იყენებს ადამიანთა ერთ ნაწილს იმ სისტემის დასაცავად რომელიც მათ და დანარჩენ ადამიანებს ძარცვავს. მთელი ეს კონსტრუქცია კი მდგრადობას ინარჩუნებს ხალხისათვის ცრუ განათლების მიცემით, რომ კაპიტალიზმი მართებულია, რომ კანონი სამართალია, რომ სახელმწიფოს უნდა ემსახურო. ახლა გესმის ამ თმაშის წესები?

თარგმანი: ვლადიმერ ხურციძე